ევროკავშირის საინტეგრაციო პოლიტიკა და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია

ანა მიყორაშვილი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ana.mikorashvili805@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

დღესდღეობით ეკონომიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოში.ის გულისხმობს ქვეყნებს შორის შეთანხმებას, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს სავაჭრო ბარიერების შემცირებას ან აღმოფხვრას და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინაციას. იგი სამეურნეო მექანიზმებს ერთმანეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე აახლოვებს. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ინდუსტრიული ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფამ წარმოების ფაქტორთა საერთაშორისო მოძრაობის ინტენსიფიკაციას შეუწყო ხელი. ეკონომიკური ინტეგრაციის მიზანს წარმოადგენს ხარჯების შემცირება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მწარმოებლებისთვის, და იგი ხელს უწყობს  ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას.  [1] მოცემული სტატიის მიზანია, განვიხილოთ ზოგადად ევროკავშირის საინტეგრაციო პოლიტიკა, მისი როლი საქართველოს განვითარებაში  და ჩვენი ქვეყნის ჩართულობა ევროკავშირის მიმდინარე ჩარჩო პროგრამებში.

Annotation

Today, economic integration is one of the most pressing and important issues in the world. Economic integration is an arrangement among nations that typically includes the reduction or elimination of trade barriers and the coordination of monetary and fiscal policies. It brings economic mechanisms closer together through intergovernmental agreements. Since the second half of the twentieth century, the rapid economic growth of industrialized countries and the improvement of means of transport and communication have contributed to the intensification of the international movement of factors of production. Economic integration aims to reduce costs for both consumers and producers and to increase trade between the countries involved in the agreement.   The purpose of this article is to discuss the EU integration policy in general,along with its role in the development of Georgia and our country’s involvement in the current EU framework programs.

ევროკავშირი

ევროკავშირის ინტეგრაციის პოლიტიკა, მხარს უჭერს რეგიონალურ და კონკრეტულ სექტორზე გათვლილ ინვესტიციას ეკონომიკური განვითარების მხრივ.იგი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შედარებით ღარიბი რეგიონების დახმარების საკითხში, იმისათვის, რომ დახმარებოდა მათ გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანები ერთიან ევროპულ ბაზარზე და დაწეოდნენ შედარებით შეძლებულ რეგიონებს. [3]

დღეისათვის ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა. ის მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 508 მილიონი მოქალაქისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მშვიდობაც საკმაოდ მყიფე იყო. ნათელი გახდა, რომ ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გზით იქნებოდა შესაძლებელი. [7]

ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა სტრუქტურას, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას  წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი სხვადასხვა ხელშეკრულება წარმოადგენს, რომელიც საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას და აფუძნებს მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს. ასეთი ხელშეკრულებებია, მაგალითად: ერთიანი ევროპული აქტი, მაასტრიხტის, ამსტერდამისა და ლისაბონის ხელშეკრულებები, რომის ხელშეკრულება.

დღესდღეობით, ევროპის რეგიონალურ პოლიტიკას სამი ძირითადი მიმართულება გააჩნია. პირველი ეხება ეკონომიკური კონვერგენციის ხელშეწყობას, რომელიც  ნაკლებად განვითარებული რეგიონების დახმარებისკენაა მიმართული. მეორე  არსებულ ფართომასშტაბურ ღონისძიებებს აღნიშნავს, რომლებიც გამიზნულია რეგიონალური კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების ხელშესაწყობად. ხოლო პოლიტიკის მესამე კატეგორია მიზნად ისახავს რეგიონებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და ამ გზით ნაციონალური საზღვრების ეკონომიკური მნიშვნელობის შემცირებას.

გარდა ამისა, არსებობს ფინანსების სამი ძირითადი წყარო, რომელიც ევროკავშირის ჩამოყალიბების პერიოდში, დროის სხვადასხვა მომენტში შეიქმნა. პირველი, ეს არის ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდი (ERDF), რომელიც ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ინიციატივებზე, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასთან, დასაქმებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთანაა დაკავშირებული (მაგ: ინფრასტრუქტურის ინვესტირება) . შემდეგი არის ინტეგრაციის ფონდი, რომლის ყურადღების ცენტრშიც სატრანსპორტო და გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურაა, მათ შორის ენერგიის აღდგენის წყაროები. მესამე საკითხი, ევროპული სოციალური ფონდის დაფინანსებაა, იგი მიმართულია ინვესტიციებზე ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად საგანმანათლებლო და სასწავლო სფეროში. [3]

საქართველო და ევროკავშირი

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის უმთავრესი მიზანია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების გაღრმავება.  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ, ისტორიულად უპრეცედენტო დონეზე გადადის და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ის ითვალისწინებს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის და ინსტიტუტების დაახლოებას ევროკავშირის რეგულაციებსა და ინსტიტუტებთან.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს:

· ევროკავშირის ბაზართან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას;

· საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გაზრდასა და უცხოური ინვესტიციების წახალისებას;

 · ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უცხოური ინვესტიციების სტიმულირების შედეგად;

· ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას;

· ქართული ექსპორტის ზრდას;

 · ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას;

 · ეკონომიკის ზრდის სტიმულირებასა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას; [4]

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის გამოჩენის შედეგად გამოწვეულმა პანდემიამ ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. რა თქმა უნდა, მოცემულ სიტუაციაში დაზარალდა საქართველოც და შეფერხდა ევროპული ინტეგრაციის პროცესი. დღეისათვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პანდემია  საბოლოოდ ცალკეულ სფეროებზე, თუმცა ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს არ შეაფერხოს განვითარების პროცესი და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის კეთილდღეობა.

მიზნები

 · ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო და კერძო სექტორების ინფორმირება, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, სამეწარმეო გარემოსა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე;

 · ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმოჩენა;

· ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ პარტნიორ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარება;

· აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ტენდენციების განხილვა;

· საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გაფართოების ხელშეწყობა;

 · ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნეს-წრეებს შორის გამოცდილების გაზიარება;

 · ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული განზომილების გაძლიერება. [4]

ევროკავშირის დახმარების მიმოხილვა

საქართველოსათვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება და ხელს უწყობს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ევროკავშირი ძირითადი დონორი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ევროკავშირის დახმარების ძირითად პროგრამებს, რომლებიც ორმხრივ ფორმატში ხორციელდება, წარმოადგენს სექტორული მხარდაჭერის პროგრამები (საბიუჯეტო დახმარების კომპონენტით) და საექსპერტო მხარდაჭერის პროგრამები.

ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) ფარგლებში, 2014 – 2016 წლებში საქართველომ 350 მლნ. ევრომდე დახმარება მიიღო.ხოლო 2017-2020 წლებში გათვალისწინებული 371-დან 453 მლნ. ევრომდე დახმარება, შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იყო გადანაწილებული: ეკონომიკური განვითარება, კარგი მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების კუთხით; ენერგო ეფექტურობა, გარემოს დაცვა და კავშირების მხარდაჭერა; მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა; პროფესიული განათლება; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და სტრატეგიული კომუნიკაცია.

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც 2014 წლიდან, წარმატებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირის „მეტი-მეტისათვის“ (More for More) ინიციატივის ფარგლებში რეგულარულად იღებს დამატებით ფინანსურ დახმარებას, რომელმაც მთლიანობაში 121 მლნ. ევრო შეადგინა. [5]

საქართველოს ჩართულობა ევროკავშირის მიმდინარე ჩარჩო პროგრამებში

· ჩარჩო პროგრამა – „ERASMUS +“

საქართველო წარმატებით არის ჩართული Erasmus+ პროგრამაში და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. 131 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ათეულშია (მერვე ადგილზე) პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მიღწეული შედეგებითა და მიღებული სტიპენდიების რაოდენობით.

2018 წლის მონაცემებით, Erasmus+ პროგრამის Credit Mobility კომპონენტის ფარგლებში, 1105-მა სტუდენტმა და უნივერსიტეტების სამეცნიერო და ადმინისტრაციულმა პერსონალმა საქართველოდან ისწავლა/გაიარა გადამზადება ევროპულ უნივერსიტეტებში, ხოლო საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა 697 სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Erasmus+ პროგრამის Degree Mobility კომპონენტის ფარგლებში, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე ერაზმუსის სტიპენდია საქართველოს 21 მოქალაქემ მოიპოვა.

· ჩარჩო პროგრამა – „ჰორიზონტი 2020“ (HORIZON 2020)

„ჰორიზონტი 2020“ წარმოადგენს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში ევროკავშირის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამას, რომლის საერთო ბიუჯეტმა 2014-2020 წლების პერიოდისთვის 79 მილიარდი ევრო შეადგინა.

2016 წელს საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რის საფუძველზეც პროგრამის ფარგლებში მას დამატებითი შესაძლებლობები მიეცა. ასოცირებული წევრის სტატუსის მიღების დღიდან, საქართველოს მონაწილეობით დაფინანსებულია 21 პროექტი, რომლებშიც ჩართულია 26 ქართული ორგანიზაცია და სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი მეცნიერ-მკვლევარები. მთლიანობაში საქართველოს მიერ პროექტებში მონაწილეობის ფარგლებში ათვისებული დაფინანსება 2,220,610 ევროს შეადგენს.

“ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ევროპულ პროგრამა ”COST“-ში მონაწილეობა, რომელიც წარმოადგენს ევროპის კვლევითი სფეროს (ERA) ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს, ჩამოაყალიბონ სპეციალური კვლევითი ქსელები როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ის ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით მკვლევარებს, ინჟინრებსა და მეცნიერ-მუშაკებს (scholars) შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათ მობილობას. პროგრამაში სრულფასოვანი ჩართვა მოითხოვს მონაწილე ქვეყნების მხრიდან გარკვეული ხარჯების გაღებას, რაც საქართველოსთან მიმართებით 200.000 ევროს შეადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს შესაძლო სარგებელი და მის საფუძველზე მოხდეს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

· ჩარჩო პროგრამა – „შემოქმედებითი ევროპა“ (“Creative Europe”)

„შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წარმოადგენს კულტურის, აუდიოვიზუალურ და შემოქმედებით სფეროებში თანამშრომლობის მხარდამჭერ პროგრამას, რომლის ბიუჯეტმა 2014-2020 წლების პერიოდისთვის 1.46 მლრდ. ევრო შეადგინა. აღნიშნული ჩარჩო პროგრამის მიზანია კულტურული და შემოქმედებითი პროფილის ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ დონეზე ოპერირებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისა და ნაშრომების/მიღწევების საზღვრებს მიღმა პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ასევე კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მხარდაჭერა. მედიის კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება ევროკავშირის კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის განვითარების, გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

2015 წელს, საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ხელი მოაწერა შეთანხმებას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამავე წელს საქართველოში ჩამოყალიბდა „შემოქმედებითი ევროპის“ წარმომადგენლობა (Desk), რომლის მიზანია პროგრამის ბენეფიციართა მხარდაჭერა და პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მონაწილეობით წარდგენილი და კონკურსებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანიზაციები ჩართვის დღიდან წარმატებით მონაწილეობენ პროგრამაში, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარ ორგანიზაციებთან, რათა მათ მიეწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, კონკურსებისა და მათში მონაწილეობის პირობების შესახებ. [6]

დასკვნა

ჩვენს მიერ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე ნათელია,რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის უმთავრესი სამართლებრივი საფუძველი ასოცირების შეთანხმებაა, რომელიც ცნობს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს. შეთანხმება აღიარებს მხარეებს შორის საერთო ღირებულებებს და ღიას ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო პროგრესული განვითარების გზას. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, საკუთარი ეკონომიკისა და ინსტიტუტების მზაობას. ევროკავშირის წევრობით საქართველოს ეზრდება შანსი, მიიღოს ევროპული პერსპექტივები. [8]

გამოყენებული ლიტერატურა

  1. What Is Economic Integration?
https://www.investopedia.com/terms/e/economic-integration.asp
  1. რიდერი სასწავლო კურსში: „საერთაშორისო  ეკონომიკური ინტეგრაცია.“
  2. საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა. http://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/15302.pdf