საერთაშორისო მიგრაცია და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი 

aniotarashvili17@gmail.com

რეზიუმე

მოცემულ სტატიაში განხილულია საერთაშორისო მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შრომითი მიგრაცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიგა პოზიტიურ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე. ამით ხდება საერთაშორისო შრომის ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება და შედარებით სწორდება ის დისბალანსი, რასაც მსოფლიოს უთანაბრო ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარება იწვევს. მიგრაციის ხელშეწყობით უფრო დაბალანსებული, უფრო დასაქმებული ხდება მთელი მსოფლიო, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე.

ცნობილია, რომ უცხოელი მუშაკები არსებითად უწყობენ ხელს წარმოების მთელი რიგი დარგების განვითარებას, რომელიც საერთოდ არ მოხდებოდა მათი მონაწილეობის გარეშე. მაგალითად, პოლონელი მეშახტეების მასობრივმა დასაქმებამ რურის აუზში განაპირობა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მთელი დასავლეთ ევროპის ქვეყნების ქვანახშირით უზრუნველყოფის საკითხი ან ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ქვეყნებში უცხო სამუშაო ძალის მიზიდვის გარეშე წარმოუდგენელია ის განვითარება, რაც ამ ქვეყნებს ამჟამად აქვთ. მარტო დუბაის მაგალითი კმარა ამის დასადასტურებლად, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე პირველხარისხოვან კომუნიკაციებზე (აეროპორტები, გზები, საზღვაო პორტები), ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებზე. მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში ჩასული მუშახელი ითვისებს ახალ ცოდნას და გამოცდილებას როგორც ტექნოლოგიურ, ისე ორგანიზაციულ სფეროში, სწავლობენ მენეჯმენტს, შრომის კარგ ორგანიზაციას და, საერთოდ, წარმოების და შრომის კულტურას და იგი შემდგომ გადააქვთ თავის სამშობლოში. ეკონომიკურთან ერთად შეუძლებელია, არ განვიხილოთ სრულყოფილი სოციალური ყოფა და მაღალი კულტურა, რასაც ბევრი ქვეყნის იმიგრანტი იძენს შრომითი მიგრაციის დროს. შრომითი მიგრაცია თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Resume

The article discusses the impact of international migration economics. It should be noted at the outset that labor migration, both internationally and internally, has a positive impact on the development of the world economy. This balances the demand-supply in the international labor markets and rightly imbalances it as the world undergoes unequal economic and demographic development. Promoting migration is making the world more balanced, more employed, which naturally has a significant impact on the growth of the world economy.

It is known that foreign workers substantially contribute to the development of a number of industries, which would not have happened at all without their participation. For example: Dubai alone is an example of acknowledging that there is nothing left for modern high-quality communications (airports, roads, seaports), oil refineries and chemical plants. On the other hand, the workers in developed countries acquire new knowledge and experience in both technological and organizational fields, learning management, good labor organization and, in general, production and labor culture, and it continues to operate in the homeland. Along with the economic it is impossible, there is no perfect social presence and high culture as immigrants from many countries acquire during labor migration. Labor migration is an important part of the processes of modern globalization.

საერთაშორისო მიგრაცია

მოგვეხსენება, საერთაშორისო მიგრიცია წარმოადგენს მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას სახელმწიფოებს შორის, რომელიც საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათსა და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, სოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. საერთაშორისო მიგრიცია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, მათ შორის ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ისე ეკონომიკური – მატერიალური პირობების გაუმჯობესება, რელიგიური, სოციალურ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა. განხორციელების ფორმის მიხედვით გამოყოფენ ნებაყოფლობით და იძულებით მიგრაციებს, ხოლო დროითი განზომილებით – მუდმივსა და დროებითს. [3]

გლობალიზაციის ეპოქაში, როცა კომპლექსურმა ურთიერთდამოკიდებულებამ და ტრანსნაციონალიზაციამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, საერთაშორისო მიგრიცია  მასობრივ მოვლენად იქცა. მიგრაციისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებაა და ადამინის უფლებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავის მოქალაქეებს აუკრძალოს ემიგრაციაში წასვლა. მეორე მხრივ, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმწვავესი პრობლემა გახდა უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რამაც უამრავი სიძნელე შექმნა და იძულებული გახადა აღნიშნული ქვეყნები, მკვეთრად შეეზღუდათ იმიგრაცია. [8]

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია. წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი უწევთ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, რათა მოიპოვონ საუკეთესო კადრები და მიაღწიონ მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეს. [1]

გრაფიკი1. მიგრაციული სალდო და კოეფიციენტი

წყარო: საქსტატ

აღნიშნულ გრაფიკზე მოცემულია მიგრაციის სალდო საქართველოში, როგორც ვხედავთ მიგრაციის სალდო დადებითია. 2020 წლის მონაცემებით მიგრაციული სალდო, 1000 კაცზე შეადგენს 4.2-ს,  2019 წელს ეს მაჩვენებელი 1000 კაცზე შეადგენდა  -2.2-ს. მოგვეხსენება, მიგრაცია გარკვეულწილად საჭიროა, რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ეს ყოველივე მანამ, სანამ ადგილი ექნება ქვეყნიდან მაღალ უნარებიანი კადრების გასვლას, ე.წ. ტვინების გადინებას. ვინაიდან სწორედ მაღალ უნარებიანი კადრები არიან ის მაღალი მწარმოებლურურობის მქონე ადამიანური კაპიტალი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საწინდარია. [1]

შრომითი მიგრაციის გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე

პირველ რიგში უნდა შევეხოთ სამუშაო ძალის იმპორტის იმ მხარეს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადებითია მიმღები ქვეყნის ეკონომიკისათვის. სამუშაო ძალის იმპორტით ხდება სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრა. ეს თვალნათლივ ჩანს სპარსეთის ყურის ქვეყნების მაგალითზე. სადაც წარმოუდგენილი იყო 1970–იან წლებში უცხო სამუშაო ძალის გარეშე ეროვნული ეკონომიკის განვითარება. თითქმის მთლიანად უცხო სამუშაო ძალით იქნა ნავთობის ტერმინალები აშენებული. მოხდა პორტების მოწყობა, თანამედროვე საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების, უმაღლესი სასწავლებლების ამოქმედება. მეორე, უცხოელი მუშების მეოხებით ხდება ერთობლივი პროდუქტის დაჩქარებული ზრდა. თუ განვიხილავთ, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკას. მრავალი მეცნიერის აზრით, 60–70–იან წლებში ე.წ. გერმანული სასწაულის შემოქმედი არა მარტო გერმანელი ხალხია, არამედ იქ სამუშაოდ ჩასული სამუშაო ძალაც. მაგალითად, მრავალი გერმანელი ეკონომისტის მიერ გამოთვლილია, რომ 1970–იან წლებში გერმანიის ერთობლივ პროდუქტში სამუშაო ძალის წილი 40%–მდე აღწევს. [8]

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში ჩასული მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს იმ ქვეყნისთვის ის მოგებაც მოაქვთ, რომ იმიგრაციის ქვეყანას არ უხდება მათ განათლებაზე ხარჯების გაწევა, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითისათვის განვიხილოთ აშშ, სადაც საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერთა 40% საზღვარგარეთიდან არის ჩასული. უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგთა 25% იმიგრანტია. ეს უდიდესი ეკონომიკური სარგებელია.

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი მუშების დიდი ნაწილი მიმღებ ქვეყანაში დასაქმებულია ყველაზე მძიმე, დაბალკვალიფიციურ, სრულიად არაპრესტიჟულ სამუშაოებზე. ეს ადგილობრივ სამუშაო ძალას საშუალებას აძლევს გადაადგილდეს უფრო მაღალკვალიფიციურ და მეტად ანაზღაურებად სამუშაოებზე. მიმღები ქვეყნების მსხვილ ქალაქებში მოხდა შრომის ბაზრის ისეთი დანაწილება, როცა ყველაზე დაბალი საფეხური (ქუჩებისა და შენობების დასუფთავება, ნაგვის გატანა, მშენებლობასა და საგზაო დამხმარე სამუშაოები, შინამოსამსახურედ მუშაობა) იმიგრანტ სამუშაო ძალას ხვდა წილად.  მსოფლიო ბაზარი მიმღებ ქვეყნებს ამარაგებს სამუშაო ძალით, რომელიც აუცილებელია მოცემულ მომენტში ამ ქვეყნისათვის, და რომელსაც ყოველთვის შეუძლიათ უარი უთხრან, თუ მათზე მოთხოვნა აღარ იქნება. ეს გარემოება კი საბაზრო მეურნეობის ციკლური განვითარების მნიშვნელოვანი სტაბილიზატორია. [3]

შრომითი მიგრაციის გავლენა დონორი ქვეყნის ეკონომიკაზე

შრომით მიგრანტთა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის არიან ისეთები, რომელთა სამუშაო ძალის ექსპორტისათვის სპეციალური, გამიზნული პოლიტიკა აქვთ შემუშავებული და ცდილობენ, შრომითი ემიგრაცია მომგებიან „სახელმწიფო ბიზნესად“ გადააქციონ. ეს ქვეყნებია: პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი, მაროკო, ბანგლადეში, ტაილანდი, ფილიპინები, შრი–ლანკა. წარსულში (1950–1970–იანი წლები) თვით ევროპის ბევრი ქვეყანა (იტალია, საბერძნეთი, პორტუგალია, ირლანდია) ასევე ხელს უწყობდნენ თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში. საინტერესოა, რაში ხედავენ სარგებელს ემიგრაციის აქტიური პოლიტიკის მქონე ქვეყნები, პასუხი შემდეგია:

1. მოსახლეობის საზღვარგარეთ ემიგრაცია დაბლა სწევს უმუშევრობის დონეს;

2. მათი მოქალაქეები საზღვარგარეთ მუშაობით იმაღლებენ კვალიფიკაციას, იღებენ იქაურ გამოცდილებას, რაც შემდეგ ჩამოაქვთ თავის ქვეყანაში;

3. ემიგრანტთა ფულადი გზავნილები მკვეთრად ამაღლებენ ცხოვრების დონეს, როგორც საკუთარი ოჯახებისას, ისე მთელი ქვეყნისას. [8]

ფულადი გზავნილების სტატისტიკ

საზოგადოებასა და ეკონომიკაზე საერთაშორისო მიგრაციის გავლენაზე მსჯელობისას, მკვლევარები ხშირად სწორედ რომ მიგრანტთა ფულად გზავნილებს განიხილავენ ამ კონტექსტში. ბევრი მიმღები ქვეყნისთვის, ფულადი გზავნილები წარმოადგენს უცხოური ვალუტის შემოდინების საკმაოდ სტაბილურ წყაროს, რომელიც ზოგჯერ უფრო სანდოა, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რა მასშტაბის გავლენა აქვს ფულად გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, გზავნილების მიმღებ შინამეურნეობათა დონეზე, მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. [2]

ადრეული 1990-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა აქტიური საერთაშორისო მიგრაცია დაიწყეს, ფულადი გზავნილების შემოდინების ზრდაც დაიწყო.

გრაფიკი 2. საქართველოს ფულადი გზავნილების ჩარიცხვების და გადარიცხვების სტატისტიკა

წყარო: საქსტატ

მოყვანილ გრაფიკზე მოცემულია საქართველოში ფულადი გზავნილების ჩარიცხვების და გადარიცხვების სტატისტიკა. 2021 წლის მაისში ჩვენს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. [7]

2021 მაისი უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია. [4]

მიგრაცია და განვითარებ

როგორც მოგვეხსენება, მიგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემწყობ პროცესად მისი ფართო ეკონომიკური და სოციალური ეფექტის გამო განიხილება. ე.წ. „განვითარების აგენტები“ შეიძლება იყვნენ, როგორც ქართველი ემიგრანტები და მათი წარმოშობის ქვეყანაში მყოფი ოჯახის წევრები, ისე იმიგრანტები, რომლებსაც მიმღებ ქვეყანაში ჩააქვთ საერთაშორისო გამოცდილება, უნარები და რიგ შემთხვევებში, ფინანსური კაპიტალიც. მიგრანტების წარმოშობის ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკურ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს რეგულარული ფულადი გზავნილები, ემიგრანტების ინვესტიციები (პირდაპირი დიასპორული ინვესტიციები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და პორტფოლიო ინვესტიციები) და ქველმოქმედება, მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის წახალისებული სავაჭრო და სხვა ურთიერთობები. დაბრუნებულ მიგრანტებს წარმოშობის ქვეყანაში ჩამოაქვთ ახალი ცოდნა და უნარები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ღირებულებები, იდეები და ინოვაციები, რაც ფინანსურ კაპიტალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. [2]

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ პირდაპირ არ საუბრობს მიგრაციის განვითარების პოტენციალზე, თუმცა მის ფუნდამენტურ ამოცანებს შორისაა ქვეყანაში ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საინვესტიციო რესურსების მობილიზება და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება. ამ მიზნების მიღწევა კი, პირდაპირ კავშირშია ემიგრანტების და დიასპორის, ასევე იმიგრანტების და დაბრუნებული მიგრანტების ფინანსური რესურსების მობილიზებასთან და ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ეკონომიკურ განვითარებაში ჩართვასთან. [6]

გრაფიკი 3. ემიგრანტებისა და იმიგრანტების განაწილება ასაკის მიხედვით, საქართველო

წყარო: საქსტატ

მესამე გრაფიკზე გამოსახულია, ემიგრანტებისა და იმიგრანტბის განაწილება ასაკის მიხედვით, საქართველოში, მოცემულია 2020 წლის მონაცემები, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2020 წელს, იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

მიგრაციის პოტენციალის გამოყენებ

საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და უკრაინაა. 2014 წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული. კლების ტენდენცია 2015 წელშიც გრძელდება (იხილეთ გრაფიკი 3), რაც ძირითადად რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ფულადი გზავნილების ოდენობა 2014 წელს 1.440 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7% პროცენტი შეადგინა.  მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ელექტრონულად განხორციელებული გადმორიცხვები მთლიანად შემოსული გზავნილების დაახლოებით 60-70 პროცენტს შეადგენს. [2]

ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი, როგორც წესი, არამწარმოებლურ მოხმარებაზე (პირველადი მოხმარების საქონელზე) იხარჯება. თუმცა ემიგრანტები და გზავნილების მიმღები ოჯახები ინვესტირებას უძრავ ქონებაში, განათლებასა და ჯანდაცვაშიც ახდენენ. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიღარიბის დონის შემცირების კუთხით. თუმცა საქართველოში ძალიან დაბალია ფულადი გზავნილების დაგროვების და სამეწარმეო საქმიანობაში ინვესტირების წილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების პოტენციალის სოციალურეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა და გზავნილების მიმღები პირების ფინანსურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. [2]

ინტელექტის გადინება აფერხებს წარმოშობის ქვეყნების განვითარებას. თუმცა, ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ მიღებული განათლების და კვალიფიკაციის წარმოშობის ქვეყნისკენ მიმართვა და ამ პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ანალოგიურად, ქვეყანაში შემოსული უცხოელები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ადამიანურ, ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსს მიმღები ქვეყნის ეკონომიკისთვის. მსოფლიოს არაერთი იმიგრაციული ქვეყანა სწორედ იმიგრანტების რესურსის გამოყენებით ახერხებს შრომის ბაზრის და მზარდი ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კვლევები აჩვენებს, რომ მიგრანტები, როგორც მიმღებ, ისე წარმოშობის ქვეყანაში უფრო მეტი ინიციატივით და მეწარმეობისადმი ინტერესით ხასიათდებიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა.

ემიგრაციის დადებითი ეფექტის გაზრდა შესაძლებელია ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარებით. მსგავსი სქემები ხელს უწყობს მიგრაციული ნაკადების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, ერგება სხვა ქვეყნების ბაზრების მოთხოვნებს და უადვილებს მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას. ცირკულარული მიგრაციის შედეგად უმჯობესდება საქართველოს მოქალაქეების, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობები, ასევე პროფესიული უნარები და მიგრაციული გამოცდილება.

დასკვნა

ამგვარად, მიგრაცია ახდენს გავლენას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე სხვადასხვა დონეზე – ეროვნულ, რეგიონულ და სხვადასხვა სფეროში – ბიზნესი, კულტურა, განათლება. მიგრაციის დადებითი ეფექტების გამოყენებისთვის სპეციფიკური სახელმწიფო პროგრამების და პოლიტიკის შემუშავება სულ უფრო აქტუალური ხდება საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ორგანიზაციები და ფორუმები, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი, გაერო-ს გლობალური განვითარების დღის წესრიგი 2030 და სხვები, მოუწოდებენ და ეხმარებიან ქვეყნებს, რომ გაითვალისწინონ მიგრაციის პოტენციალი მიგრაციის თუ სხვა პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას.

მიგრაციის პოტენციალის გამოყენება სხვადასხვა სექტორში და სხვადასხვა უწყებების მიერ კოორდინირებულ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც გაამარტივებს კოორდინაციას, მათ შორის მუნიციპალიტეტებთან. საქართველოში მიგრაციის პოტენციალის საფუძვლიანი შეფასების და ეფექტიანი გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია მიგრაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებული კავშირების და გავლენების შესწავლა და კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციების მიზანშეწონილობის შემთხვევაში გათვალისწინება.

ასევე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიგრაცია გარკვეულ წილად საჭიროა, რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ეს ყოველივე მანამ, სანამ ადგილი ექნება ქვეყნიდან მაღალ უნარებიანი კადრების გასვლას, ე.წ. ტვინების გადინებას. ვინაიდან სწორედ მაღალ უნარებიანი კადრები არიან ის მაღალი მწარმოებლურურობის მქონე ადამიანური კაპიტალი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Forbes. July 15, 2015. https://forbes.ge (accessed June 28, 2021).
  2. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია. თბილისი, ნოემბერი 30, 2015.
  3. მიგრაციის სახელმძღვანელო. თბილისი: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, 2017.
  4. საქართველოს ეროვნული ბანკი. 2021. https://www.nbg.gov.ge (accessed ივნისი 29, 2021).
  5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები. n.d. http://mra.gov.ge (accessed ივნისი 29, 2021).   
  6. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. 2021. https://matsne.gov.ge/ka (accessed ივნისი 29, 2021).
  7. https://www.geostat.ge/ka
  8. შრომითი მიგრაცია. თბილისი: მიგრაციის კვლევის ცენტრი, 2017.