შრომითი მიგრაცია საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ გაჩავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
mariam.gachava503@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ბოლო წლებში საქართველოს ჩართულობა გლობალურ მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად გაიზარდა და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიგრაციის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და დემოგრაფიულ ჭრილში. მიგრაციის ეფექტიანი მართვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის საწინდარია. სწორედ ამიტომ, მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში განხილულია საქართველოდან შრომითი ემიგრაციის ძირითადი მიზეზები და გამოყოფილია ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც ამ პროცესს თან ახლავს. ასევე, მკითხველი გაიგებს თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით.

Annotation

Georgia’s involvement in global migration processes has increased significantly over the years. The role of migration in the socio-economic, cultural and demographic context of the country is becoming increasingly important. The efficient management of migration flows is a precondition for the country’s security and long-term stability. This is why proper planning of Migration Policy is one of the top priorities of the government of Georgia. This article discusses the main reasons for labor migration from Georgia and highlights the positive and negative consequences that accompany this process. The reader will also learn with what policies Georgia is pursuing to regulate labor migration.

შრომითი მიგრაციის არსი და მისი გამომწვევი მიზეზები

შრომითი მიგრაცია რთული გლობალურ-დემოგრაფიული პროცესია, რომელიც წარმოადგენს ცივილიზებული საზოგადოების განუყოფელ ნაწილს და თანამედროვეობის გამოწვევას. იგი გულისხმობს ადამიანების გადაადგილებას თავიანთი მშობლიური ქვეყნებიდან უცხო ქვეყნებში დასაქმების მიზნით.

მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაციის აქტუალურობა. გლობალიზაციის შედეგად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. დასაქმების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ბაზრის პირობების გათვალისწინებით. შრომითი მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. დამსაქმებლებს  უწევთ აქტიური  კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს    საუკეთესო კადრების მოსაპოვებლად.  [1]

რა თქმა უნდა, შრომითი მიგრაცია უმიზეზოდ არ ხდება. მრავალმა კრიზისმა და ცხოვრების დონის კატასტროფულმა ცვლილებებმა მოსახლეობის ნაწილი აიძულა, გამოსავალი ეპოვათ ქვეყნის სამუდამოდ ან დროებით დატოვებაში. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სხვა მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის მასობრივ გადადგილებას:

  • უმუშევრობა, არასრული დასაქმება;
  • მცირე შემოსავალი;
  • ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება;
  • სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები;
  • ქვვეყნის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე;
  • დემოგრაფიულად დაბერებულ ქვეყნებში მუშახელზე მოთხოვნის ზრდა;
  • გაუმჯობესებული კომუნიკაციები და სატრანსპორტო მომსახურების ფინანსურად ხელმისაწვდომობა და  ა.შ.  [3]

შრომითი მიგრაცია ზოგადად შეფასებულია დადებით მოვლენად, როგორც მიმღები ასევე დონორი ქვეყნებისათვის, თუმცა მას დადებითთან ერთად გააჩნია უარყოფითი შედეგიც. მთავარია ის, თუ როგორ მიგრაციულ პოლიტიკას გაატარებს სახელმწიფო და როგორ დაარეგულირებს ამ პროცესს ისე, რომ მისგან საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღოს მეტი ეფექტი.  [2]

უმუშევრობა – შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი საქართველოში

ცნობილია, რომ შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. განსაკუთრებით მწვავედ უმუშევრობა რეცესიის დროს ვლინდება, ანუ მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი იკლებს. სამწუხაროდ, რეცესიის ტიპის მოკლევადიანი ეკონომიკური რყევა საქართველოსათვის გრძელვადიან მოვლენად იქცა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს სამუშაოს გარეშე;
  • მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისთვის;
  • ეძებდეს სამუშაოს.

საქართველოს სინამდვილეში კი სიტყვა უმუშევარი განსხვავებული კრიტერიუმით ფასდება. თავს უმუშევარს უწოდებენ ისინიც, ვინც არ ინტერესდებიან არსებული ვაკანსიებით, ანუ სურთ იყვენენ დასაქმებულები, მაგრამ ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს ძიებაზე. იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი საქართველოში დიდია და ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს მათ დასაქმებას, ისინი სამუშაო ადგილებს საზღვარგარეთ ეძებენ და ტოვებენ სამშობლოს.  [4]

ნახაზი 1

წყარო:  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ნახაზი 1-ზე მოცემულია უმუშევრობის დონე საქართველოში 2010 წლიდან 2020 წლამდე. საქსტატის მონაცემებით ბოლო წლებში უმუშევრობის დონე კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.9%-ით გაიზარდა (2019 წელს – 17.6%, 2020 წელს – 18.5%). დღესდღეისობით საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.447.2 მილიონი კაცია, მათ შორის დასაქმებულია 1.129.7 მილიონი, ხოლო 317.5 ათასი უმუშევარია. სწორედ ასეთი მაჩვენებლების გამო ხდება მასობრივი ემიგრაცია საქართველოდან.

შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები საქართველოში

შრომით მიგრაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. საქართველოში შეინიშნება მუშახელის სიჭარბე და ამასთან უმუშევრობის მაღალი დონე. ადამიანები მოცემულ პირობებეში ვერ ახერხებენ ოჯახების უზრუნველყოფას და ცდილობენ წავიდნენ იქ, სადაც სამუშაო ძალაზე მაღალი მოთხოვნა და ანაზღაურებაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შრომითი მიგრაცია ხელს უწყობს უმუშევრობის დონის შემცირებას. შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზს წარმოადგენს უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების სურვილი. შესაბამისად მის დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის სტრატეგია, რომელიც გამოიხატება იმ ფულად გზავნილებში, რომელსაც შრომითი მიგრანტები თავიანთ ოჯახებში გზავნიან. რომ არ ყოფილიყო შრომითი ემიგრაცია, ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით გაუსაძლისი იქნებოდა. [5]  2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.   [6]

დადებით მხარესთან ერთად შრომით მიგრაციას აქვს მრავალი უარყოფითი მხარეც, მაგალითად, როდესაც ქვეყანაში არის მიგრაციის უარყოფითი სალდო. საქართველოს მაგალითის განხილვისას, დავინახავთ, რომ შრომითი მიგრაციის უარყოფითი სალდო გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა.
ნახაზი 2

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

მიგრაციის სალდო არის ქვეყნიდან გასული და შემოსული ადამიანების რაოდენობის თანაფარდობა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ემიგრანტების რაოდენობა აღემატება მიგრანტებს, მიგრაციის სალდო უარყოფითია. ნახაზი 2-ზე სწორედ ასეთი ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოში 1994 წლიდან 2019 წლამდე. ამ დროს გაუარესდა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა და ბაზარს დააკლდა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა. ამ პირობებში, თითქოს შემცირდა ქვეყნის მოსახლეობის უმუშევართა წილი, მაგრამ მეორე მხრივ, გაუარესდა შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ხარიხსი. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წელს შრომითი მიგრაციის სალდო დადებითია.

შრომითი მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში

ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა. საქართველოში შრომითი მიგრაციის პრობლემა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებობს და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დღემდე ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1997 წელს, როცა პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფცია.

მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიმართლებით შემდეგი ეტაპი იყო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შედეგად მიგრაციის მართვის, მიგრაციული პროცესების წარმართვის ერთიანი ხედვის შესამუშავებელი პლატფორის შექმნა (2010 წელს), რომლის ფარგლებშიც მიგრაციის მართვის პროცესში მონაწილე უწყებების ჩართულობით მომზადდა მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2013-2015 წლის მიგრაციის სტრატეგიამ და მისმა სამოქმედო გეგმამ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა მიგრაციის მართვის მექანიზმების ინსტიტუციურ განვითარებას.

საქართველოში შრომითი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ბოლო ეტაპი უკავშირდება 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებას. ეს დოკუმენტი წარმოადგენს მიგრაციის მართვის მექანიზმების ინსტიტუციური განვითარების და მათი ფუნქცია-მოვალეობების უფრო ყოვლისმომცველ სტრატეგიას. 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს მიგრანტთა შრომითი უფლებების დაცვას, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, შრომითი მიგრაციის დადებითი ეკონომიკური ასპექტების გამოყენებას ქვეყნის განვითარებისათვის და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდას. სტრატეგიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში არსებული მიგრაციული პოლიტიკა დაუახლოვოს ევროპულ სტანდარტებს და შექმნას სრულყოფილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცე.

დღესდღეობით საქართველოში შრომითი მიგრაციის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამი ძირითადი დოკუმენტი არსებობს:

  1. 2015 წლის კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“;
  2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2013 – 2015 წლის მიგრაციის სტრატეგია;
  3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2016-2020 წლის მიგრაციის სტრატეგია.

ეს ის დოკუმენტებია, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ცდილობს მართოს ქვეყანაში არსებული მიგრაციული პროცესები და შეიმუშაოს შრომითი მიგრაციის რეგულირების და ლეგალიზების გზები. თუმცა, საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შრომითი მიგრაციის ლეგალიზაცია და რეგულირება კვლავაც უმწვავეს და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს მიგრაციული პოლიტიკის გაანალიზება, შეფასება და გამოვლენილ იქნას ხარვეზები და ნაკლოვანებები.   [2]

ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობა პანდებიის პირობებში

მსოფლიო პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანის დაბრუნება მოხდა თავიანთ სამშობლოში, ათასობით ქართველი იმიგრანტი დაუცველი დარჩა Covid -19-ის გამო. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 21 მაისის მონაცემებით საზღვარგარეთიდან სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით ორგანიზებულად – 12,409 მოქალაქე დაბრუნდა. Covid -19 – ის დაძლევისთვის ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების შეთანხმებას. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კრიზისის დაწყებიდან მობილიზებული მხარდაჭერა სხვადასხვა ქმედებებს მოიცავდა/მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარებას პანდემიის შედეგების დაძლევასა და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. იგი ასევე ითვალისწინებს სამედიცინო აღჭურვილობით  უზრუნველყოფას, დაუცველი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, ბიზნესებისთვის და ფერმერებისთვის ქვეყნის მასშტაბით სესხებისა და გრანტების გაცემას, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას.

Covid-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისი ძალიან მძიმედ აისახა საქართველოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებზე. მიგრაცია და პანდემია არ შეიძლება აღქმულ იქნას ორ სხვადასხვა ბრძოლის ველად. ეს ერთი ბრძოლის ველია, სადაც შედეგი მაშინ იქნება მიღწეული, როცა ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.  [9]

დასკვნა

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიგრაციული პროცესები გარდაუვალია ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახდენს თვითრეალიზაციას და ვერ ახერხებს დასაქმებას სასურველი პროფესიით, პირობებით თუ ანაზღაურებით.

შრომითი ემიგრაცია დღესაც საქართველოს უმწვავეს პრობლემად რჩება, რადგან გატარებული პოლიტიკა სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს იმ საკითხების გადაჭრას, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს თან სდევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი დრო დაეთმოს მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებას, გაანალიზებასა და გამოვლენილი ხარვეზებისა თუ ნაკლოვანებების საბოლოოდ აღმოფხვრას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://sustainability.ge/shromiti-migratsia/
  2. https://openscience.ge/bitstream/1/1283/1/MA%20Thesis.%20Saralidze%20%20evroint.pdf
  3. https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/m-i-g-r-a-ts-i-a/migratsia-sakartveloshi/shromiti-migratsia
  4. https://www.gfsis.org/media/download/EJSEF/ZazaChitanava.pdf
  5. https://openscience.ge/bitstream/1/919/1/samagistro%20jangveladze%20gvantsa.pdf?fbclid=IwAR0D6x92pn_dMxNncbkopGrSVMBVrQm2OwXuVHAMeskhS7qtRJgQgv54s6g
  6. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=728
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
  9. http://articles.yata.ge/?p=386