ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

მარიამ სამხარაძე

mariamsamkharadze16@gmail.com

ანოტაცია

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. ფასიანი ქაღალდების ბაზარი უზრუნველყოფს კაპიტალის მოზიდვას. კომპანიებს შეუძლიათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა აქციები და ობლიგაციები, რათა მოიძიონ სახსრები მათი გაფართოებისთვის, კვლევისა და განვითარებისთვის და სხვა ბიზნეს საქმიანობისთვის. ეს ხელს უწყობს დანაზოგების მობილიზებას და მათ პროდუქტიულ ინვესტიციებში გადატანას, ასევე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

ნაშრომში ვისაუბრებ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მნიშნველობაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის. განვიხილავ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებას და ისტორიულ განვითარებას საქართველოში. ბოლოს, ვისაუბრებ საქართველოს საფონდო ბირჟაზე და მის თავისებურებებზე.

Annotation

The development of the country is significantly dependent on the development of the securities market. The securities market provides a platform for raising capital. Companies can issue securities such as stocks and bonds to raise funds for their expansion, research and development, and other business activities. This helps to mobilize savings and transfer them to productive investments, as well as stimulate economic growth.

In the paper, I will talk about the significance of the securities market for the country’s economy. I will discuss the formation and historical development of the securities market in Georgia. Finally, I will talk about the Georgian stock exchange and its features.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მნიშვნელობა

კარგად განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი სთავაზობს ინვესტიციების ფართო სპექტრს ინდივიდებსა და ინსტიტუტებს. ინვესტორებს შეუძლიათ თავიანთი პორტფელების დივერსიფიკაცია და სახსრების განაწილება სხვადასხვა აქტივების კლასებში ფინანსური მიზნებიდან გამომდინარე. ეს ზრდის კაპიტალის განაწილების საერთო ეფექტურობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ინვესტიციებს. [2]

ფასიანი ქაღალდების ძლიერი ბაზარი ხელს უწყობს ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ის იზიდავს როგორც შიდა, ისე უცხოურ ინვესტიციებს, რაც იწვევს სამუშაო ადგილების შექმნას, პროდუქტიულობის გაზრდას და ტექნოლოგიურ წინსვლას. გარდა ამისა, ეფექტური ფასიანი ქაღალდების ბაზარი ხელს უწყობს მეწარმეობას და ინოვაციებს დამწყები და განვითარებადი ბიზნესების დაფინანსების მექანიზმით.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი უზრუნველყოფს სიმდიდრის შექმნის გზას, როგორც კომპანიებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ის ხელს უწყობს კაპიტალის ფორმირებას, სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სიმდიდრის შექმნას და განაწილებას. ის ასევე აძლიერებს კორპორატიულ მმართველობას, ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და ლიკვიდობის ზრდას.

დიაგრამა 1: მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟები 2023 წლის მონაცემებით (ტრლნ. აშშ დოლარი)

წყარო: https://www.statista.com/statistics/270126/largest-stock-exchange-operators-by-market-capitalization-of-listed-companies/

დიაგრამაზე ასახულია უმსხვილესი საფონდო ბირჟები. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქვეყნების უმეტესობა არის მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ  საფონდო ბირჟებისა და, ზოგადად, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში

საქართველოს საფონდო ბირჟა დაფუძნდა 1999 წლის დასაწყისში, ხოლო საბირჟო ვაჭრობები დაიწყო 2000 წლიდან. საქართველოს საფონდო ბირჟის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად: „საქართველოს საფონდო ბირჟა  არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს. იგი სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. [1][3]

2000 წელს საქართველოში არსებობდა ლიცენზირებული საფონდო ბირჟა, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, 38 ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 8 ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. ანუ ყველაფერი ის, რაც საჭიროა ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. შედეგი ვაჭრობის თვალსაზრისითაც იყო: ბაზარმა თანდათან დაიწყო ნდობის მოპოვება.

2007 წელს საფონდო ბაზარმა პიკს მიაღწია. მაგრამ 2007 წლის შემდეგ ბაზარი იწყებს კლებას, ქრება ლიკვიდურობა და მცირდება ბირჟაზე დადებული გარიგებების რაოდენობა. ამ დროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკი.

წლების განმავლობაში გაზრდილი საწესდებო მოთხოვნების კვალდაკვალ მათი რიცხვი მცირდებოდა. თუ დასაწყისში არსებობდა 42 საბროკერო კომპანია (რაც საქართველოს კანონმდებლობით საინვესტიციო ბანკის ექვივალენტური ინსტიტუტია) – 2014 წლიდან დღემდე მათი რიცხვი 7  ერთეულს ითვლიდა, აქედან დამოუკიდებელი ერთეულია 3, ხოლო 4  -კომერციული ბანკის ფილიალია.

დიაგრამა 2: საქართველოს საფონდო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია (2015-2023 წლები)

წყარო: https://www.gse.ge/capitalizations

როგორც ვხედავთ, საქართველოს საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია 2015 წლიდან მკვეთრად იზრდება და 2017 წელს ისტორიულ პიკს აღწევს. საინტერესოა ის, რომ 2017 წელი ზუსტად ის პერიოდია, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ბუმს განიცდიდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, პუი-ის მოცულობა იმ პერიოდში 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც, 2023 წლამდე ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენდა. [7]

აქ დაგვებადება კითხვა: რა კავშირი არსებობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ბაზრის კაპიტალიზაციას შორის? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  1. პირდაპირი ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს ბირჟაზე ჩამოთვლილ კომპანიებში. ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა კომპანიის აქციებზე, გაიზრდება აქციების ფასები და შესაბამისად, კაპიტალიზაცია.
  2. არაპირდაპირი გავლენა საბაზრო განწყობაზე. პუი-ის შემოდინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინვესტორების განწყობასა და ქვეყნის ეკონომიკისადმი ნდობაზე. როდესაც ქვეყანა იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, ეს ხშირად განიხილება, როგორც დადებითი სიგნალი მისი ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ. ამას შეუძლია გაზარდოს საფონდო ბირჟაზე შესყიდვების აქტივობა და საბაზრო კაპიტალიზაციაც.
  3. ეკონომიკური ზრდა და ბაზრების განვითარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხშირად ასოცირდება ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან. როდესაც უცხოური კომპანიები ინვესტიციებს აბანდებენ ქვეყანაში, მას შეუძლია მთლიანი ეკონომიკის სტიმულირება, ბიზნეს აქტივობის ზრდა და დამატებით, დასაქმების ხელშეწყობა. ეს ფაქტორები ხელს უწყობს კორპორატიული მოგებისა და მომგებიანობის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება საბაზრო კაპიტალიზაციაზე.

მაშასადამე, ამით შეიძლება აიხსნას 2017 წელს კაპიტალიზაციის ამგვარი ზრდა. შევნიშნოთ ასევე ისიც, რომ 2019-2020 პერიოდში კაპიტალიზაცია სერიოზულად შემცირდა. პოსტპანდემიურ პერიოდში მაჩვენებელი გაიზარდა და სტაბილურია.

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილის თვეში – 21 ლარი.

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 7 საბროკერო კომპანია. [6] ესენია:

  • სს “გალტ ენდ თაგარტი”
  • სს “საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი”
  • სს “სილქ ბანკი”
  • სს “ჰერითიჯ სიქიურითიზ”
  • შპს “აბბი ასეტ მენეჯმენტი”
  • შპს “თიბისი კაპიტალი”
  • შპს “ქართუ ბროკერი”

2008 წლიდან დღემდე უამრავი დაბრკოლება შეექმნა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარების პროცესს. აგვისტოს ომმა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და პანდემიამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა მის განვითარებაზე. ეს რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. ფასიანი ქაღალდების აყვავებული ბაზარი ხშირად ასოცირდება ძლიერ და ენერგიულ ეკონომიკასთან. როდესაც კომპანიებს შეუძლიათ კაპიტალზე წვდომა საფონდო ბაზრის მეშვეობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ინვესტიციების გაზრდა კვლევასა და განვითარებაში, ოპერაციების გაფართოებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთო ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

ცხრილი 1: დადებული გარიგებების კრებსითი ინფორმაცია (2016-2023 წლები)

წელი20162017201820192020202120222023*
საშუალო საპროცენტო განაკვეთი8.219.17.447.558.598.99108.85
ღირებულება (მლნ. ლარი)32232.412305.364792.224786.4151808.58725.237553.882

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი – www.nbg.gov.ge

* 2023 წლის მონაცემები აღებულია მაისის ჩათვლით

ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით, აშკარად გამოკვეთილია, რომ 2017 წელს საგრძნობლად გაიზარდა გარიგებების ღირებულება. ეს, როგორც უკვე აღვნიშნე, დაკავშირებულია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მოცემულ პერიოდში.

დამატებით, აღვნიშნოთ, რომ პოსტპანდემიურ პირობებშიც კი, გარიგებების ღირებულება იზრდებოდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია. სამწუხაროდ, 2022 წელს ის დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის ბოლოს იგი კვლავ მილიარდის ნიშნულს გადააბიჯებს.

დასკვნა

ფასიანი ქაღალდების კარგად ფუნქციონირებადი ბაზარი ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობას. ის უზრუნველყოფს კომპანიებს სახსრების მოზიდვის ალტერნატიულ გზას, ამცირებს მათ დამოკიდებულებას ბანკებზე და ამცირებს რისკების კონცენტრაციას საბანკო სექტორში.

ინვესტორებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ფასიანი ქაღალდები მათი საინვესტიციო პრეფერენციებისა და ბაზრის პირობებიდან გამომდინარე. აქტიური მყიდველებისა და გამყიდველების არსებობა უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების შედარებით სწრაფად გადაქცევას ნაღდი ფულად, რაც ზრდის ბაზრის ეფექტურობას.

კარგად განვითარებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარს შეუძლია მიიზიდოს უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, განახორციელონ ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში. მათ მონაწილეობას შეუძლია ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი  და ტექნოლოგია მოიტანოს, რაც კიდევ უფრო ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ფუნქციონირება ხდებოდეს სრულყოფილად და რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოიწვიოს ინვესტორებში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ასლანიშვილი დ., „საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები“, თბ., ივერიონი, 2015
  2. ბარბაქაძე ხ., ასლანიშვილი დ. „ფასიანი ქაღალდების ბაზარი“, თბ., თსუ, 2015
  3. https://www.gse.ge  
  4. https://idfi.ge/ge/securities-market-georgia
  5. https://www.gse.ge/trades
  6. https://www.gse.ge/broker-companies
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi