ყიდვა-გაყიდვის საგაზაფხულო სეზონის ფავორიტები

რედაქციისაგან

ეკონომიკის სამინისტრო იწყებს სამი მსხვილი ობიექტის – სს “აზოტის”, თბილისის “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” და აჭარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებას.

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას და ნავთობბაზას განსაკუთრებით ბევრი პოტენციური მყიდველი ჰყავს – მათი ყიდვის სურვილს 14 კომპანია გამოთქვამს. მათ შორის ყველაზე დიდ თანხას ქართულ მხარეს ნორვეგიული კომპანია MBI სთავაზობს. იგი მზადაა ორივეში ერთად 165 მლნ დოლარი გადაიხადოს. აჭარის ნავთობაქტივების ყიდვა უნდა აგრეთვე იან ბოდეს “გრინოუქსაც”. დანიურმა კომპანიამ, რომელსაც საქართველოს მთავრობამ სანაოსნოს გაყიდვაზე უარი უთხრა, ყველაზე დიდი პაკეტი გამოაგზავნა, თუმცა კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.

ბრიტანული კომპანია “ვიტოლი” ბათუმის ნავთობბაზაში 7 მლნ დოლარს იხდის. იგი ამავე დროს ნავთობბაზის მსხვილი კლიენტია. ქართული კომპანიებიდან შპს “გაზ ოილ იმპექსი” სახელმწიფოს 20 მლნ დოლარს სთავაზობს და 260 მლნ-იან ინვესტიციას ჰპირდება. ნავთობაქტივების ყიდვის სურვილს გამოთქვამენ ასევე: თურქული კომპანია “კორეატი”, (12 მლნ დოლარი), “სილქ როუდ გრუპი” (17 მლნ დოლარი), შპს “ქართული შაქარი” (1,5 მლნ დოლარი და 5-მლნ-ანი ინვესტიცია), ყაზახური კომპანია “სატ კო” (ამ კომპანიას ყაზახეთIს პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვაჟი ხელმძღვანელობს).

სს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” 51,6% აქციების ყიდვის სურვილს ოთხი კომპანია გამოთქვამს. ესენია: შპს ბელიზური კომპანია “ევრაზია ტრანს ექსპედიშენი” (8,5 მლნ დოლარი), თურქული შპს “თ.ჯ. თრეიდი” (2,5 მლნ დოლარი), ქართული შპს “ტრანს ლოჯისტიკი” (3,115 მლნ დოლარი), ბოიკოს კომპანია, რუსეთი, უკრაინა (1,5-დან 2 მლნ დოლარამდე), “აზოტის” შესყიდვა შვიდ კომპანიას უნდა. მათ შორის რუსული “იტერაა”, რომელსაც “აზოტის” აქციების 90% სახელმწიფომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჩამოართვა. ამჯერად, “იტერა” მზადაა “აზოტის” ყველა საგადასახადო ვალები გაისტუმროს და 5 მლნ დოლარიც დაამატოს. ამასთან ერთად, სახელმწიფოს “იტერას” 105 მლნ დოლარი ვალი აქვს. აქედან 46,5 მლნ სახელმწიფო გარანტიითაა გაცემული. ამ ვალის გადახდა სახელმწიფოს ჯერ არ დაუწყია.

აზოტის მომავალმა მფლობელმა ბუნებრივი აირი ისევ რუსული კომპანიებისგან – “გაზპრომის” ან “იტერასგან” უნდა შეიძინოს. ამასთან ერთად “იტერას” ვალის გადახდაც მოუწევს. “აზოტის” მიმართ ინტერესი “გაზპრომსაც” აქვს. მან თავისი ინტერესი საქართველოში “ვნეშტორგბანკის” მხარდაჭერით მოქმედი სს “ენერჯი ინვესტის” მეშვეობით დააფიქსირა. “ენერჯი ინვესტი” მზადაა “აზოტში” 20 მლნ დოლარი გადაიხადოს.

ბრიტანულ შპს “ფრანკ ოილს” “აზოტთან” ერთად ბათუმის ნავთობბაზის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყიდვა უნდა. ერთიან პაკეტში მზადაა 120 მლნ დოლარი გადაიხადოს. “აზოტის” ყიდვის სურვილს გამოთქვამს, აგრეთვე, საზოგადოებრივი მოძრაობა “შევუნარჩუნოთ აზოტი საქართველოს”, რომელსაც საწარმოს ყოფილი დირექტორი მურმან არჯევანიძე ხელმძღვანელობს. ეს ორგანიზაცია “აზოტში” 100 მლნ ლარს იხდის.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზება ეკონომიკის სამინისტრომ 2 ივნისამდე გადადო. ოფიციალურად ქარხნის ოთხი მყიდველია დაფიქსირებული: “აზიის გლობალური შესაძლებლობის ფონდი” (ჰონგ-კონგი), შპს “გლობალ სტელ ჰოლდინგი” (დუბაი), კორპორაცია “ინდუსტრიალნი სოიუზ დონბასა” (უკრაინა) და იტალიური “მეტალ ჯეო”. იტალიელ ინვესტორებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაუუქმდათ. ეკონომიკის სამინისტროს ისინი ოფიციალურ სიაში არ შეუყვანია.

მთავრობამ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ საწარმოთა აქციებს საფონდო ბირჟაზე არ გაიტანდა (ობიექტების ნაწილი შპს-ს და მათ აქციებს ბირჟაზე ვერ გაიტანენ). ხელისუფლებამ ყველა მსხვილი ობიექტი მის მფლობელს პირდაპირი წესით მიჰყიდა. ასეთი პროცედურა არც ახლაა გამორიცხული.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, ობიექტის ინვესტორისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმა დასაშვებია, რადგან ეს არის პრივატიზების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. კანონით დასაშვებია, რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის აუცილებელია. ხოლო, ძირითადი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მყიდველი გამოვლინდება, მაღალი ფასი და საუკეთესო პირობები იქნება.