მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების სტატისტიკური ანალიზი

ნინო აბესაძე, რუსუდან ქინქლაძე, ქეთევან ჩიტალაძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა.

მოსახლეობის ჯანმრთელობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია და არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას შეესაბამება. ადამიანის სიცოცხლის ჯანსაღი წესი, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ამოცანის გადაწყვეტა განსაკუთრებულ პირობებში აყენებს საზოგადოებას, განსაზღვრავს მისი განვითარების დონეს.
ნებისმიერი სახლმწიფო იქმნება ადამიანის მიერ, ადამიანისთვის და მის ძირითად სიმდიდრესაც ადამიანი წარმოადგენს. ადამიანის სიცოცხლის ჯანსაღი საწყისი, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების და განმტკიცების ამოცანების გადაწყვეტა განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას და განსაზღვრავს მისი განვითარების დონეს, რადგან საზოგადოების უმთავრესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა. თავის მხრივ, ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კეთილდღეობის ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა პირადი უსაფრთხოება, ადექვატური შემოსავალი, საცხოვრებელი, სოციალური მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და სხვა. ამ ფაქტორებს შორის ურთიერთობები ძალიან რთულია და მათ უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, ტრავმატიზმი და წამალთდამოკიდებულება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მოსახლეობის დემოგრაფიული ქცევა, ცხოვრების წესი, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. მათი გადაწყვეტისათვის მარტო სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არ არის და აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური მონაწილეობა. ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგია მიმართული უნდა იყოს მოსახლეობისათვის მინიმალურად აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისკენ, რისთვისაც საჭიროა დაავადებათა პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის, ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების, აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამების პრიორიტეტული განხორციელება.
ბოლო ათწლეულში მიმდინარე რთული და მრავალმხრივი პოლიტიკური კატაკლიზმები შეეხო მოსახლეობის თითქმის 40%-ს და მოიცვა დედამიწის ტერიტორიის 30%. შეიცვალა დარგობრივი და დარგთაშორისი სტრუქტურები, დაირღვა ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური ინტეგრაციის საზღვრები, რამაც ურთულესი ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა სფეროში.
სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისების, ეკოლოგიური კატასტროფების, ტერორიზმის, დემოგრაფიული და ეთნიკური პრობლემების ფონზე, რომელთა მოსალოდნელი მაშტაბური შედეგები გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, განსაკუთრებით კი ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელზე. ამავე დროს, ასეთ ქვეყნებს ახასიათებს ჯანმრთელობის ყველაზე დაბალი ძირითადი მაჩვენებლები. ავადმყოფ ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს გაღარიბდეს და ღარიბ ადამიანს – დაავადდეს, დაკარგოს შრომისუნარიანობა და პირიქით: ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი განათლება მიიღონ, იყვნენ უფრო პროდუქტიულები თავიანთ საქმეში და მეტი დოვლათი შექმნან.
უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე საქართველოში, ისევე როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გარდმავალი ეკონომიკის ქვეყნებში, აღინიშნება სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ახლანდელი მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გარადამავალ პერიოდამდე არსებულს, რაც ძირითადად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა.
მედიცინის მთავარი ამოცანაა პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
ცხოვრების ჯანსაღი წესი -48-50%;
გარემო – 20-22%;
გენეტიკური ფაქტორები-18-20%;
ჯანმრთელობის დაცვის წილი-12-14%.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
მატერიალური კეთილდღეობის დონე უეჭველად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით, მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალ ანაზღაურებად ფენებთან შეადრებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკურ დახმარებას, ახასიათებთ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლი.
ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარების დროს ჩანს, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1.5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს პროგრესს მაშინ, როდესაც ჯანმრთელობისათვის ზრუნვა, როგორც ადამიანის განვითარების აუცილებელი ასპექტი, გულისხმობს საზოგადოებრივ პროგრესს. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას, გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, სოციალური სტრესების მოხსნას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსახლეობის აღზრდას და წრთვნას პირველადი სამედიცინო ცოდნისა და ჩვევების მისაღებად.
სიღარიბე და ცუდი ჯანმრთელობა, როგორც ცნობილია, ერთგვარ მანკიერ წრეს კრავს. ღარიბი მოსახლეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების, დაბალკალორიული კვების რაციონის, ჯანდაცვის სამსახურებისადმი ეკონომიკური ხელმიუწვდომლობისა და ყოველივე აქედან გამომდინარე, არსებული ფსიქოლოგიური სტრესების გამო ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკის მატარებელია. თავის მხრივ, ოჯახის ერთი წევრის ავადმყოფობასაც კი შეუძლია სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფი ოჯახის გაღარიბება, ვინაიდან მნიშვნელოვნად ამცირებს საოჯახო მეურნეობის შემოსავალს.
შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალების მოცულობა ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2006 წელს შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ თვეში 385,4 ლარია, ხოლო ერთ სულზე (ფულადი და არა ფულადი სახსრები სულ), საშუალოდ თვეში არის 102,7 ლარი, რომელიც 2001 წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა. მათ შორის ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები 68,5 ლარია.
2006 წელს შინამეურნეობების მთლიანმა ხარჯებმა თვეში ერთ შინამეურნეობაზე 415,8 მლნ. ლარი შეადგინა (სამომხმარებლო ხარჯები 291,3 მლნ. ლარი), ერთ სულზე კი 110,1 ლარია. ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ თვეში ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯები 23,4 ლარია, ანუ მთლიანი ხარჯების 5,6%. ერთი შინამეურნე საშუალოდ თვეში სურსათზე ხარჯავს 146,6 ლარს, რაც სამომხმარებლო ხარჯების თითქმის 51 %-ია და მთლიანი ხარჯების – 35,3%.
2008 წლის მაისის მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა 127,9 ლარი შეადგინა, რაც განსხვავებულია სხვადასხვა სულადობის ოჯახებისათვის, კერძოდ, ერთსულიანი ოჯახისთვის – 113,3 ლარი, ორსულიანი ოჯახისთვის – 181,3 ლარი, სამსულიანი ოჯახისთვის – 204,0 ლარი, ოთხსულიანი ოჯახისთვის – 226,6 ლარი, ხუთსულიანი ოჯახისთვის – 255,0 ლარი, ექვს და მეტსულიანი ოჯახისათვის – 301,4 ლარი. ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონე 2008 წელს უდრის 37%, 1994 წელს სიღარიბის დონე 80% იყო, 1995 წელს კი -60%. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2006 წელს – 113,3 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 214,6 ლარი, მინიმალური ნორმატიული ხელფასი – 48-6 ლარ-ს.
სიღარიბის დონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსზაღვრელი ფაქტორი უმუშევრობაა, ამის გამო შინამეურნეობების სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკი უფრო მეტია. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი შინამეურნეობების თითქმის 40%-ში არცერთი წყარო არ არის დასაქმებული. ღარიბი შინამეურნეობების თითქმის 45%-ში ერთ მომუშავეს საშუალოდ 2 ან მეტი სული ჰყავს სარჩენი, თავის ჩათვლით. შინამეურნეობაში, რომელთა ყველა წევრი უმუშევარია, სიღარიბის დონე საშუალოდ თითქმის 3-ჯერ მაღალია.
სიღარიბის მაჩვენებლები არაერთგვაროვანია რეგიონების მიხედვით. დაახლოებით ერთნაირი ტენდენციაა თბილისში, შიდა ქართლსა და აჭარაში, თითქმის ასეთივე მდგომარეობაა სამეგრელოსა და იმერეთში, მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში სიღარიბის დონე მაღალია სამეგრელოსთან შედარებით. სიღარიბის გავრცელება დაახლოებით ერთნაირია სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში. სიღარიბის განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა აღინიშნება კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, შედარებით კლება – თბილისსა და იმერეთში.
სიღარიბე ქალაქად და სოფლად მნიშვნელოვნად განსხვავებული მოვლენაა. სიღარიბე ქალაქად ძირითადად დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან, რაც საერთო ჯამში უფრო მწვავე და ღრმა სიღარიბის მაჩვენებელია, სოფლად კი კვებასთან იშვიათ შემთხვევაშია დაკავშირებული, თუმცა ეს მხოლოდ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ სოფლად კვების პროდუქტების მოხმარებას ძირითადად საკუთარი წარმოების სურსათი განსაზღვრავს. სოფლად მოსახლეობის უმთავრესი პრობლემას ფულადი რესურსების დეფიციტი და ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება განაპირობა, რაც შესაბამისად ამცირებს ხელმისაწვდომობას მომსახურების ძირითად სახეებზე.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ბიოლოგიურად სრულფასოვანი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტებით მოსახლეობის რაციონალური კვება, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იკვებება სათანადოდ, რის გამოც მოსახლეობის კვების სტრუქტურა უკანასკნელ წლებში ხასიათდება ისეთი ბიოლოგიურად სრულფასოვანი საკვები პროდუქტების მოხმარების შემცირების ტენდენციით, როგორიცაა ხორცი და ხორცის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები და სხვა. ამასთანავე მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პურისა და პურ-პროდუქტების მოხმარება.
საკვები პროდუქტების არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ძირითადი მიზეზს წარმოადგენდა მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების არასათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვების პროდუქტების წარმოების მოძველებული ტექნოლოგიური სქემები, ინოვაციური პოლიტიკის დაბალი ტემპი, უაღრესად დაბალი სანიტარული კულტურა, ხშირ შემთხვევაში უხარისხო ნედლეულისა და კომპონენტების გამოყენება, ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების წარმოება, ტექნოლოგიური რეჟიმის, ნედლეულისა და პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევა. ხარისხის კონტროლის საუწყებო ლაბორატორიების არარსებობა და სხვა.
ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების ნებართვის გარეშე ობიექტების ფუნქციონირებას, პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენისადმი მოთხოვნებისა და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების უგულებელყოფას.
ქვეყნის მსხვილ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ კერძო პირების მიერ არაორგანიზებულ ვაჭრობაზე სათანადო წესრიგისა და კონტროლის დაუმყარებლობის გამო ადგილი ჰქონდა სანიტარიული და ვეტერინარიული წესების უხეშ დარღვევებს, ცხოველების იძულებით დაკვლის და შეუმოწმებელი ხორცის რეალიზაციის ფაქტებს ავტომაგისტრალებსა და ქუჩებში, ბაზრებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე. განსაკუთრებით მოისუსტებდა იმ საკვები ნედლეულისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი, რომლის შესყიდვა მიმდინარეობდა კერძო პირების მიერ არაორგანიზებული ბაზრობებიდან.
მოსახლეობის ხარისხიანი საკვები პროდუქციის უზრუნველყოფის სფეროს არსებული სიტუაციის გამო ეპიზოდური პროცესების გამწვავების ფონზე მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ადგილი ჰქონდა ალიმენტარული დამოკიდებული დაავადებების, კვებითი მოშხამვებისა და მწვავე ნაწლავური ინფექციების, ციმბირის წყლულისა და დაავადებების აღმოცენება-გავრცელების შემთხვევებს.
უკანასკნელ წლებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო სამრეწველო და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა არ განხორციელებულა.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და დასაქმებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების გამო უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად შემცირდა პროფესიულ დაავადებათა გამოვლენის დონე.
მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სახლმწიფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დონეც.
სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა დამაჯერებლად დაადასტურა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკით განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებების აქტუალობა და პრიორიტეტულობა ჩვენი ქვეყნისათვის.
საქართველოში არსებული მწვავე დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. მიუხედავად დედათა და 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლებისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში.
როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს პირველი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობის სტრუქტურაში. სისხლის მიმოქცევის დაავადებათა მაჩვენებლები მომატებულია ყველა ნოზოლოგიის მიხედვით. ამიტომ ამ დაავადებათა პრევენციასა და ავადმყოფთა მოვლას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებასა და საერთო გაჯანსაღებაში.
ონკოლოგიური დაავადებანი გამოსავლის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ავადობის თავიდან აცილება შესაძლებელია შემთხვევათა 1/3-ში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ხოლო დროული გამოვლინების ორგანიზაცია ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებას 30%-ით.
ტრავმატიზმით გამოწვეული ინვალიდობა და შრომისუუნარობა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს. ამიტომ უბედურ შემთხვევათა და ძალადობით გამოწვეულ დასახიჩრებათა, ინვალიდობის, სიკვდილიანობის და სხვა ფსიქიკური და ფსიქოლოგიური შედეგების საწინააღმდეგო ღონისძიებათა დანერგვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
საზოგადოებრივი ყოფის რადიკალური ცვლილებების ფონზე, ეკონომიკური პრობლემების პირობებში და დარგში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის შედეგად მკვეთრად გაიზარდა ინფექციური და მათ შორის სოციალურად საშიში დაავადებების სიხშირე. მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციურ სნეულობათა გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლას, პროფილაქტიკას, დროულ დიაგნოსტიკას და ავადმყოფების კვალიფიციურ დახმარებას, ვინაიდან სწორედ ინფექციური სნეულებებით ავადობის მაჩვენებელი ასახავს ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის რეალურ დონეს.
როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მატერიალური მდგომარეობა განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ისეთ სპეციფიკურ დარგზე, როგორიც არის ფსიქიატრია. ამიტომ ფსიქიატრიული დახმარება კვლავ რჩება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად.
მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჯანმრთელობის ხელშემწყობ ღონისძიებებს ენიჭება, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის, სადაც ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინასება დეფიციტური და არასტაბილურია. მრავალი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და მოსახლეობაში ფართოდ დანერგვის გზით, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზემოაღნიშნული სტრატეგიული მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებს და შეამცირებს “ავადობის ტვირთს”.
ადამიანის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა. გარემო ფაქტორების ზეგავლენა 20-22%-ით განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობებზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, ვინაიდან უკანასკნელ წლებში ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მთელ რიგ რაიონებში გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედება კვლავ მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული, შესაბამისად წინ წამოიწია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პრობლემამ, პირველ რიგში უსაფრთხო სასმელი წყლითა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფამ.
ღარიბი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, ფასდება ეპიდემიებისა და ინფექციურ სნეულებათა წინააღმდეგ ბრძოლის უნარით. საქართველოში სხვადასხვა ეპიდემიებისათვის უაღრესად ხელსაყრელი პირობებია (ნარკომანიის ფართოდ გავრცელება, მოსახლეობის მზარდი მიგრაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, პრობლემები წყლის, კანალიზაციის და ელექტრომომარაგების სისტემაში და სხვა).
ადამიანის ჯანმრთელობის ფორმირება ხდება ერთმანეთთან დაკავშირებული ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენით, რომელთაც მიეკუთვნება ჰაერი, წყალი, ნიადაგი, კლიმატური ფაქტორები, საცხოვრებელი პირობები და სხვა. გარემოს ნებისმიერ ფაქტორს აქვს თავისი ოპტიმალური ან ზღვრული დასაშვები სიდიდე, რომელთა დაცვა ხელს უწყობს ჯანმთელობის შენარჩუნებას, რადგან როგორც აღვნიშნეთ, გარემო ფაქტორების ზეგავლენა 20-22%-ით განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას.
გარემოს დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც მოსახლეობისათვისაც, ისე სახელმწიფოთა ხელისუფლებისთვისაც. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობებზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების პრობლემა დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოშიც, ვინაიდან უკანასკნელ წლებში ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ფონზე მთელ რიგ რაიონებში მოსახლეობის ჯანმთელობის მდგომარეობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედება კვლავ მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ატმოსფერულ ჰაერზე გლობალურად აღინიშნება მნიშვნელოვანი ანთროპოგენური დატვირთვა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: გლობალური კლიმატური სისტემის რღვევა, დათბობა, ოზონის შრის დაშლა, სხვადასხვა აიროვანი ნივთიერებების ცირკულაციური პროცესების გაუარესება და სხვა. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში წინა პლანზე წამოიწია გარემოს ობიექტების, მ.შ. ატმოსფერული ჰაერის მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების პრობლემამ. შეასაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გარემოს ფაქტორების, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის სანიტარულ მდგომარეობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ხოლო მისი ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის პრობლემას ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის შეძენის, მოსახლეობის მიგრაციული პროცესებისა და სხვათა გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქალაქებში და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში ადგილი აქვს მოსახლეობის მიერ ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივ აირზე მომუშავე ინდივიდუალური გათბობის საშუალებების ინტესიურ გამოყენებას, რაც თავის მხრივ, უპირველეს ყოვლისა, იწვევს ადამიანის მოქმედების არეალში ჩაკეტილი გარემოსა და შემდეგ ატმოსფერული ჰაერის ქვედა ფენების მავნე ნივთიერებებით მნიშვნელოვან დაბინძურებას და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას.
სოფლად ადგილი აქვს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების გამოყენებას გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შორ მანძილზე გავრცელებას, ხოლო აზოტოვანი სასუქების გამოყენების დროს აორთქლების შედეგად მათი დანაკარგები 30-35% აღწევს.
უკანასკნელ წლებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი არასრული მოცულობით ხორციელდება 7 ქალაქის 20-მდე სტაციონარული დაკვირვების პუნქტის მეშვეობით, რის გამოც ქვეყნის მაშტაბით ცალკეული ქალაქების, რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მთლიანობაში სრული სურათის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მიუხედავდ ზემოაღნიშნულისა, დღეისათვის ერთადერთ ხელმისაწვდომ მონაცემს ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ იძლევა სამრეწველო საწარმოებისა და ავტოტრანსპორტის მიერ გამოყენებული და ქვეყანაში რეალიზებული საწვავის რაოდენობის მიხედვით გამოთვლილი მავნე ნივთიერებების გაფრქვევები, ასევე უკანასაკნელ წლებში ჩატარებული ცალკეული მეცნიერული გამოკვლევები და სხვადასხვა უწყებების მიერ შესაძლებლობების ფარგლებში ფრაგმენტულად ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია მსჯელობა ატმოსფერული ჰაერის სანიტარული და მისი ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებების ტენდენციებზე და იმ ღონისძიებების გატარებაზე, რაც აუცილებელია მისი ხარისხობრივი მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხანდაზმულობა და პარკის სიძველე მნიშვნელოვნად ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას მავნე გამონაბოლქვებით, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს დაბალი ხარისხის საწვავის მოხმარება და ავტომაგისტარლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია განხორციელდეს ქვეყნის დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის სანიტარული დაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის, გამონაბოლქვების, საწვავის ხარისხის კონტროლისა და გარემოს დაბინძურების ფონური მონიტორინგის სფეროში საქმიანობა, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე, სახელმწიფო ინვესტიციების გაუმჯობესების აუცილებლობა, ასევე შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
მიუხედავდ იმისა, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სფეროში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა და ხშირ შემთხვევაში ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორის უკანასკნელ წლებში მუდმივად არსებობის გამო, ეს პრობლემა აქტუალურია ქვეყნის ყველა რეგიონისათვის. აღნიშნულს ხელს უწყობს ასევე წყლის რესურსების ბუნებრივად არათანაბარი განაწილება, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის მოსახლეობა ტრადიციულად მის მწვავე ნაკლებობას განიცდის.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-ჯერ მეტი წყალი იხარჯება, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. წყლის რესურსების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებას და სოფლის მეურნეობაში, ხოლო გამოყენებული წყლის რესურსებიდან გარემოს უბრუნდება მხოლოდ 20-25%.
სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებად ძირითადად გამოყენებულია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომლებიც გამწმენდი ნაგებობების უმოქმედობისა და ან არქონის გამო ბინძურდება სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტების ჩამდენი წყლებით, პესტიციდებით, მინერალური სასუქებითა და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამონადენებით, დასახლებული ადგილების საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით, ხოლო წყლის რესურსების დაბინძურების დიფუზურ დეპოს წარმოადგენს დასახლებული ადგილების ნაგავსაყრელები.
დაკარგულ საკაპტაჟე და სხვა ნაგებობებში ადვილად აღწევს ზედაპირული წყლები და ატმოსფერული ნალექები. ამგვარად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდებოდა დაუქლორავი და დადგენილი გრაფიკების უხეში დარღვევებით, რაც არ შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
მწვავე ნაწლავური ინფექციებისა და ეპიდაფეთქების რეალურ საფრთხეს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური ჩასახლების უმრავლესობაში არსებული არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა, კერძოდ, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების პრობლემები, განსაკუთრებით იმერეთსა და სამეგრელოში.
საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც დაბინძურების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. მომავლში ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის შეძენის, სატრანსპორტო ობიექტებისა და “აბრეშუმის გზის” პროექტების რეალიზაცია კიდევ უფრო გაზრდის მის ანთროპოგენულ დატვირთვას.
ქვეყნის დასახლებული ადგილების ნიადაგების დაბინძურების ძირითადი წყაროებია სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტები და მათი ნარჩენები, დასახლებული ადგილების ნაგავსაყრელები, ნავთობპროდუქტები მათი მოპოვების, გადამუშავების და ტრანსპორტირების დროს, პესტიციდები, მინერალური სასუქები და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებები, ჩამდინარე წყლები და დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამონადენები, აგრეთვე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დასახლებული ადგილების ნიადაგების სანიტარულ-ეკოლოგიური მდგომარეობისა და მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის თავისებურებების, რისკის დონეების დასადგენად და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, ასევე ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით დასახლებული ადგილების ნიადაგების სანიტარული მდგომარეობის შესახებ სრული სურათის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული ფონური დაბინძურების მონიტორინგი ხორციელდება მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერში. რადიაციულ ფონს განსაზღვრავს ბუნებრივი რადიაციული გამოსხივება და ტექნოლოგიური ხასიათის დაბინძურება.
ქვეყანაში გაიზარდა ამორტიზებული და ტექნიკურად გაუმართავი აპარატურის რაოდენობა, რენტგენის კაბინეტი არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინდივიდუალური და სტაციონალური დამცავი საშუალებებით. ტექნიკურად გაუმართავი, ამორტიზებული აპარატურა, დამცავი საშუალებების უკმარისობა, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში არაკვალიფიციური რენტგენოლოგები და ლაბორანტები მოსახლეობის გაუმართლებელი დასხივების საშიშროებას ქმნის.