ჩინეთმა რუსეთს ნავთობის იმპორტში გაასწრო, რა ელის რუსულ ნედლეულს?

ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა ისტორიული, მაგრამ საკმაოდ პროგნოზირებადი მოვლენა: აშშ აღარ არის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, მან პირველობა ჩინეთს დაუთმო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ნავთობის იმპორტში პირველობის შემდეგ დაახლოებით 20 წელიადში ჩინეთი მის მოხმარებაშიც პირველი გახდება. სექტემბერში ჩინეთმა ქვეყანაში შეიტანა 6 მილიონი ბარელი ნავთობით მეტი, ვიდრე ამერიკამ. რუსეთისთვის ეს ერთდროულად სასიამოვნო და საგანგაშო მოვლენაა.

სასიამოვნოა იმიტომ, რომ წლიდან წლამდე ჩინეთს მეტი ნახშირწყალბადი სჭირდება, მოსკოვს შეუძლია კარგი ფული იშოვოს ამ მოთხოვნის ზრდაზე, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ სიახლოვეს.
საგანგაშოა იმიტომ, რომ აშშ-ში იზრდება საკუთარი მოპოვება ფიქლის გაზის მოპოვების ზრდით, რასაც დროთა განმავლობაში შეუძლია ნედლეულზე მსოფლიო ფასები შეამციროს.

ნედლეულზე ფასების შემცირება რომ მოსალოდნელია, ისიც მიგვანიშნებს, რომ ”შავი ოქროს” მოპოვება მთელ მსოფლიოში უკვე აჭარბებს მოთხოვნას დაახლოებით 260 ათასი ბარელით დღეში და 2014 წლის დასაწყისშიც მოსალოდნელია წარმოების გადაჭარბების ტენდენციის გაგრძელება, ამას თითქმის ყველა ექსპერტი პროგნოზირებს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იმპორტში პირველი ადგილი არ ნიშნავს მოხმარებაში პირველ ადგილს. მაგალითად, ამერიკელი მწარმოებლები საკუთარ ნავთობს აწარმოებენ და წვავენ ბევრად მეტს, ვიდრე ჩინელები. თუმცა, BP-ის ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2030 წლისთვის ამ მაჩვენებელშიც გადაასწრებს ჩინეთი აშშ-ს.

ნავთობის ჩინური იმპორტის სტრუქტურაში რუსეთს მეოთხე ადგილი უჭირავს საუდის არაბეთის, ანგოლისა და ირანის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, რუსული იმპორტის წილმა შეტანილი ნავთობის საერთო მოცულობის (253 მილიონი ტონა) 7,7% შეადგინა.

ამერიკის ენერგეტიკული ინფრომაციის სამმართველოს მონაცემებით, სექტემბერში ჩინეთმა დღეში 200 ათასი ბარელი ნავთობით მეტის იმპორტირება მოახდინა, ვიდრე აშშ-მ. ასეთი ფაქტი პირველად 1970-იან წლებში დაფიქსირდა, როცა ამერიკა ნავთობის იმპორტში მსოფლიო ლიდერი გახდა, რომელმაც იაპონია ჩამოიტოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი წლის შედეგებით ლიდერი იქნება, ვინაიდან სექტემბრამდე აშშ დომინირებდა. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ტენდენცია, რომელიც შემოდგომის დასაწყისში შეინიშნა, სამომავლოდ გაძლიერდება.

ეს მარტივად აიხსნება. მაშინ როცა აშშ-ში ნედლეულზე მოთხოვნა მცირდება (4%-ით ბოლო ხუთი წლის მანძილზე), ხოლო მოპოვება იზრდება (2012 წლის განმავლობაში 20%-ით), ჩინეთში შეინიშნება ფაქტობრივად საწინააღმდეგო სიტუაცია: მოხმარება იზრდება (40%-ით ხუთი წლის მანძილზე), ხოლო საკუთარი ნავთობის წარმოება ძალიან ნელა იზრდება (რამდენიმე პროცენტით წელიწადში). გარდა ამისა, კანადელები და მექსიკელებიც ახდენენ ინვესტირებას ნავთობის მოპოვებაში, მათგან ნედლეულის ქვეყანაში შეტანა ბევრად ახლო და იაფია. ამ პირობებში ნავთობის ექსპორტის ჩრდილოამერიკული და ევროპული მიმართულებები რუსეთისთვის მეორე პლანზე გადადის – აქცენტი კეთდება აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონზე. აქ რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს ჩინეთთან გეოგრაფიული და პოლიტიკური სიახლოვე, ასევე ინფრასტრუქტურის არსებობა.
დღეს რუსულ-ჩინური საქონელბრუნვის მოცულობის ორ მესამედს, რომელმაც 2012 წელს 85,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, შეადგენს ენერგორესურსები. ყოველ წელს მოსკოვი პეკინს დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს მიაწოდებს და დაგეგმილია მიწოდების 24 მილიონ ტონამდე გაზრდა. ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია (ჩინეთისთვის კი რუსეთი საქონლებრუნვაში მეათეა).

თუმცა, ბაზრის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის მიწოდების მიმართულებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფასი და ნავთობის მოპოვების მოცულობის შენარჩუნება და იმის გამო, რომ ჩინეთში მოთხოვნა იზრდება, არანაირი მოკლევადიანი მოგება არ არის და ვერც იქნება. ექსპერტების თქმით, ყველაზე დიდი ყურადღება ნავთობის გადამუშავების რისკს უნდა დაეთმოს. მოპოვების ტექნოლოგია დღითი დღე იხვეწება, მცირდება მისი ღირებულება მაშინ, როცა მსოფლიოში ენერგოეფექტურობა იზრდება. შედეგად, ახლანდელი ფასი 110 დოლარი ბარელზე შესაძლოა შემცირდეს. ამიტომ, რუსეთის ნავთობ-კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ფასები ადრე თუ გვიან – შემცირდება.