„თანამედროვე ტექნოლოგიებით“ განხორციელებული ინფასტრუქტურული პროექტები და გასული საუკუნის პრობლემები

მაკა ღანიაშვილი

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება/ვერ შესრულების თემა ხდება. ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ წლის ბოლოს ქვეყანა აუთვისებელი ფულადი სახსრებით ხვდება, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი ხდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ეს უწყება მაინც ვერ ახერხებს თანხების სრულად ათვისებას.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის თემაა. მაგალითისათვის, მხოლოდ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ვიზიტორთა რიცხვის მკვეთრად იზრდება. თუ 2014 წლის იანვარში საზღვარი 33,5 ათასმა კაცმა გადაკვეთა, 2013 წლის იანვარში ეს რიცხვი 14,4 ათასს შეადგენდა, 2012-ის იანვარში კი 7 674-ს.

საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდა და განვითარება დიდწილადაა დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე. 1990-იანი წლებიდან საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსგავსი საერთაშორისო ფუნქცია აძლიერებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოების ინტერესს საქართველოს – როგორც სატრანსპორტო ღერძზე მდებარე ქვეყნის – სტაბილური განვითარების მიმართ, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოში ხარისხიანი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობას. რა ინფრასტრუქტურა გვაქვს ჩვენ, როგორ ვუვლით მათ და რას ვაკეთებთ მისი განვითარებისთვის.

სატრანზიტო ფუნქციის რეალიზების კონტექსტში სატვირთო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის. აქედან გამომდინარე, საავტომობილო გზები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახეობას წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საავტომობილო გადაზიდვების მოცულობების ზრდას და მის მდგრადობას მეტწილად განსაზღვრავს საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი, გზების რეკონსტრუქცია და, ზოგ შემთხვევაში, ახალი უსაფრთხო მონაკვეთების მშენებლობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას იძენს. ამ პრიორიტეტულობას საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის მიერ 2 თვის წინ გაკეთებული განცხადებაც უსვამს ხაზს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა აშენდება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. საუბარია, დაღესტნიდან კახეთის მიმართულებით გამოსაყვან ახალ გზაზე,
რომელსაც ავარეთ-კახეთის გზად მოიხსენიებენ და რომელმაც კიდევ ერთ სასაზღვრო მონაკვეთში ოფიციალურად უნდა დააკავშიროს რუსეთი და საქართველო. ეკონომიკის მინისტრი ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შემადგენლებს: „როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი, ურიგო არ იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს ალტერნატივა, რომ საქონელმა იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არავის არ მოუხსნია, არის და ეს პრობლემები გადაწყვეტას საჭიროებს“.

მანამდე კი, 2013 წლის ნოემბერში, კობი-გუდაურის 20-კილომეტრიანი, რეაბილიტირებული გზა საზეიმოდ გაიხსნა. გზის რეაბილიტაციაზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. „წელს ჩვენ ადრე დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები. ძირითადი სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ შეასრულა, ხოლო გვირაბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გვყავდა ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც გზების, ასევე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 20-კილომეტრიანი მონაკვეთი ფუნდამენტურად გაკეთდა, საკმაოდ სქელი გზის საფარი დაიგო და უფრო მედეგია ყინვასთან მიმართებაში. ამ გზის დაგება სპეციალური ტექნოლოგიით მოხდა. ამასთან, ცალკეულ მონაკვეთებში გავაფართოვეთ გზა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა დავით ნარმანიამ.

გაზაფხულზე, როდესაც გზის საფარი გამოჩნება, ნათელი გახდება როგორ იმუშავეს სპეციალურმა ტექნოლოგიებმა, თუმცა მანამდე 2-მეტრიანი თოვლს გამო გზების დაკეტვა გახდა საჭირო. 2015 წელს საქართველოს მთიანი რეგიონები დიდთოვლობით შეხვდნენ, რასაც ბევრი პრობლემა მოჰყვა. გარკვეული პერიოდით დაიკეტა გზები, გართულდა ტრანსპორტის მოძრაობა, ბევრ ტურისტს უამინდობის გამო კურორტებზე იმაზე დიდი ხნით მოუწია დარჩენა, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა, შესაბამისად, ზარალი მიადგათ ტურისტებსაც და სასტუმროებსაც, რომლებიც იძულებულნი გახდნენ კლიენტებს შეღავათებით მომსახურებოდნენ. უცხოელ ტურისტთა ნაწილს ავიაბილეთების გადაცვლა მოუწია იმის გამო, რომ მათ დედაქალაქში დროულად დაბრუნება ვერ მოახერხეს.

ყველაზე რთული ვითარება გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით 15-კილომეტრიან მონაკვეთზე შეიქმნა. ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც დაწესდა. კერძოდ, ახალციხე-ნინონწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მომედებდა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე. უგზოობის გამო, მიმოსვლა დროებით შეიზღუდა დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილისთვის. ასევე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სამებამდე“. მოძრაობა აგრეთვე აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხებების აღმოსაფხვრელად მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში თითქმის ყოველ ზამთარს იგივე მეორდება და მაღალმთიანი

რეგიონები ხშირად ზარალდებიან დიდთოვლობის გამო, რატომ ხდება გზის გაწმენდა მარილითად და ტექნიკით, მაშინ როცა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდთოვლობას პოსტფაქტუმ კი არ ვებრძოლოთ, არამედ ცივილიზებული მეთოდებით თადარიგი დავიჭიროთ.

პირველ ორ სურათზე ასახულია დიდთოვლობა იაპონიასა და ნორვეგიაში, მესამე სურათზე კი – საქართველოში
4

4

4

ჩვენ დავინტერესდით იმ ტექნოლოგიებით, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები თვლის საფარის დნობისთვის იყენებენ და მკაცრ ზამთარს მომზადებული ხვდებიან. არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის წყალობითაც არც ტურისტული სეზონის ჩატარებას ექმნება საფრთხე და არც საკვანძო მნიშვნელობის მქონე გზებზე თავისუფალ მოძრაობას. 2-მეტრიან თოვლთან გამკლავება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყნის მთავრობები ახერხებენ. ქვემოთ მოცემულია ფოტოები, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზას გვიჩვენებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია და ნორვეგია, რომელთაც საქართველოზე ბევრდა მკაცრი კლიმატური პირობები აქვთ.
არსებობს სპეციალური გამათბობელი საშუალებები, რომელიც ასფალტის საფარის ქვეშ მონტაჟდება და თოვლის დნობას უწყობს ხელს. სწორედ მსგავს ტექნოლოგიებს იყენებენ ქვყენების უმეტესობაში.

გზებზე თოვლის დნობის ტექნოლოგიები
4

4

მაშინ როცა ზამთარში ქვეყანას ამხელა ინფრასტრუქტურული პრობლემები ექმნება, განსაკუთრებით არალოგიკურია, რომ წლიდან წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისება პრობლემა ხდება. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაგეგმილზე მინიმუმ ნახევარი მილიარდი ლარით ნაკლები ხარჯი გაწია, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე. 2013 წლის აუთვისებელი ნახევარი მილიარდი ლარის დაახლოებით 45% (220 მილიონი ლარი) რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზეზით ვერ დაიხარჯა. 2014 წლის 6 თვის მდგომარეობით, უმთავრეს პრობლემად, წინა წლის მსგავსად, სახსრების ათვისება რჩებოდა. 2014 წლის პირველ 6 თვეში მთავრობამ გეგმაზე დაახლოებით 401,5 მილიონი ლარით (9.22%) ნაკლები აითვისა.

უწყებებს შორის ყველაზე მეტი ასათვისებელი თანხა კვლავ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა 114 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. სერიოზული პრობლემებია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებული გრანტების და კრედიტების ათვისებაში: I-II კვარტლებში აუთვისებელი დარჩა 150 მილიონ ლარზე მეტი (გეგმის 37.48%).

დიაგრამა N1. სახსრების ათვისებაში ჩავარდნა ყველაზე მსხვილი ხარჯავების მიხედვით (მილიონი ლარი, 2014 წლის პირველი ორი კვარტალი)
4

დიაგრამა N2. 2011-2014 წლებში I-II კვარტლებში აუთვისებელი თანხები (მილიონი ლარი)
4

კობი-გუდაურის მონაკვეთის თემა, უბრალოდ, სუსხიან ზამთარში აქტიურდება, თორემ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სერიოზულად დგას, მეორე მხრივ, გვაქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც უზარმაზარი თანხები აუთვისებელი რჩება. მრავალი კითხვა კი პასუხგაუცემელი რჩება და მათ შორის მთავარი – რატომ არ ფინანსდება პრიორიტეტული პროექტები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial