WTO-თვითმიზანი თუ ჩიხი

მაია რაზმაძე

1999 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლით საქართველომ გარკვეული ეკონომიკური პასუხისმგებლობა და მათი “თამაშის წესების” მიღება ივალდებულა. ამას წინ უძღვოდა საქართველოდან წარგზავნილი დელეგაციის ერთწლიანი მუშაობა. 2000 წელს პარლამენტში ამ ხელშეკრულების 135 ხმით 12-ის წინააღმდეგ რატიფიცირება მოხდა. ასე რომ, 2005 წლამდე ჩვენი საბაჟო ტარიფები ნელ-ნელა მსო-ს ტარიფებს უნდა მივუსადაგოთ.

აქართველოში დღეს მოქმედი 5 და 12 – პროცენტიანი საბაჟო ტარიფების ნაცვლად მსო-ს ხელშეკრულება ითვალისწინებს 0 და 30 – პროცენტიანი საბაჟო ტარიფების შემოღებას, 26 დასახელების ალკოჰოლურ სასმელზე (ლუდის გარდა) ფიქსირებული გადასახადის დაწესებას.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, საბაჟო ტარიფი 5982 დასახელების პროდუქტზე უნდა შეიცვალოს. 30 – პროცენტიანი საბოლოო ბმული ტარიფით დაიბეგრება მხოლოდ 12 დასახელების საქონელი. დღეს იმპორტულ საქონელზე დაწესებული 12 – პროცენტიანი საბაჟო გადასახადი შეიცვლება და სხვადასხვა დასახელების პროდუქცია 0-დან 30%-მდე განაკვეთში მოექცევა.

ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ მსო-ში გაწევრიანებისას ქართული მხარის დათმობისა და მოჭარბებული, იაფი იმპორტისგან დაცვის მექანიზმების უქონლობის გამო ცალკეული დასახელების საქონელზე ზედმეტად დაბალმა საბაჟო ტარიფებმა, შესაძლოა, ზოგიერთი ადგილობრივი საქონლის წარმოების ინტერესები დააზარალოს.

თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, სანამ ქვეყნის საზღვრები დაუცველია კონტრაბანდული საქონლის შემოტევისაგან, ტარიფების შეცვლა-არშეცვლა ეკონომიკურ ამინდს დიდად ვერ შეცვლის. და მაინც, რას მოგვიტანს ახალი საბაჟო ტარიფები და ახლა მაინც თუ მოხერხდება ქვეყნის თუ ადგილობრივი მეწარმეების ინტერესების მაქსიმალურად დაცვა?

რომან გოცირიძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი: “საქართველო მსო-ში გაწევრიანდა. პარლამენტმა ცხრილებს, რომლითაც ტარიფები დადგინდა, თითქმის ერთხმად უყარა კენჭი. ახლა კი გაახსენდათ, რომ რაღაც პრობლემები ყოფილა. თუმცა, ჩვენ თავის დროზე 170-გვერდიანი მოხსენება და ძალინ ბევრი შენიშვნა გვქონდა ამის შესახებ, რომელიც, მთავრობამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა. დღეს უკვე გვიანია “ჩხუბის მერე ხელების ქნევა” – ამ ტარიფებს ვეღარ შევცვლით. ახლა საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება, როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად არსებული ვითარება და როგორ დავიცვათ შიდა მექანიზმებით. ამის საშუალება კი არსებობს. თუნდაც ეს მექანიზმი – ამა თუ იმ საქონელზე საბაჟო გადასახადი 0 პროცენტი რომ იყოს, როდესაც საზღვარზე ერთბაშად ახდევინებ იგივე 20%-იან დღგ-ს, იმპორტისთვის ეს საკმაოდ სერიოზული შემაფერხებელი ბარიერია, ასევე ადგილობრივი წარმოებისათვის.

დღეს ზოგიერთებს ძალიან გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ეკონომიკის განვითარება მხოლოდ ტარიფებზე და პროტექციონისტულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

მსო-ს ტარიფები 2005 წლიდან ამოქმედდება, ძალიან ბევრი უფრო გვიანაც, ვინაიდან, საბაჟო გადასახადების შემცირება თანდათანობით მოხდება. მაგრამ დღეს რომ ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ვართ, განა ეს ტარიფების ბრალია? თუმცა, დღემდეც ვინ იყო ხელისშემშლელი, რომ საქართველოში სხვადასხვა საქონელზე უფრო მაღალი ტარიფი დაწესებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი, მომხმარებელი ზარალობს, რადგან საქონელი უფრო ძვირდება თუ მისი ჩანაცვლების საშუალება არ არის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. ადგილობრივი წარმოების განვითარებას კი მრავალი პირობა სჭირდება, მათ შორის ინვესტიციები.

მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ ქვეყანა კონტრაბანდას აქვს წალეკილი და მის წინააღმდეგ უსუსურია. ტარიფი მუშაობს იქ, სადაც არსებობს დაცული საზღვარი. თუ საზღვარი დაცული არ არის, როგორი ტარიფიც არ უნდა დააწესო, სხვადასხვა ხვრელიდან უამრავი სახის კონტრაბანდული საქონელი შემოდის. ამიტომ სატარიფო პოლიტიკაზე საუბარი დაცული საზღვრების გარეშე, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება.

რაც შეეხება, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის ტარიფი – თუ რაღაც უარყოფითი მომენტია, რომ შიდა ბაზარს ვერ ვიცავთ, არის თუ არა უფრო დადებითი მომენტი, რომ სხვის ბაზარში შეღწევის შესაძლებლობა გვეძლევა. ანუ ყველაფერს აქვს თავის პლუსი და მინუსი. სწორედ ასეთმა პრაგმატულმა მიდგომამ გადაწონა, როცა მსო-ს წევრი გავხდით. გარდა ამისა, როცა ვამბობთ, რომ ესა თუ ის ტარიფი არ მოგვწონს, აქვე უნდა ითქვას, შეიძლებოდა თუ არა უკეთესი შეღავათის მიღწევა. როგორც წესი, მსო-სთან, როგორც იურიდიულ პირთან, მოლაპარაკებები არ ხდება, მოლაპარაკებები წარმოებს მასში გაწევრიანებულ თითოეულ სახელმწიფოსთან. ცხადია, საქართველოს მთავრობას შეეძლო ბევრ საკითხზე უკეთ ემუშავა, უფრო კვალიფიციურად, მეტი მონდომებით, ლობისტური ელემენტებიც გამოეყენებინა და ა.შ. ამ სატარიფო პოლიტიკაში არაპროფესიონალიზმიც იგრძნობა.

გასათვალისწინებლია ერთი მომენტიც – რაც უფრო გვიან შევიდოდით მსო-ში, მით უფრო მძიმე პირობებით მოგვიწევდა შესვლა. მსო-ში შესულ სახელმწიფოებს – სომხეთი იქნება ეს, მოლდოვა თუ აზერბაიჯანი, გაცილებით მძიმე სასტარტო პირობებში მოუწევთ ურთიერთობა, რადგან მსოფლიო ტენდენცია ტარიფების დაწევისაკენ მიდის და ამას ვერავინ შეაჩერებს. ჩემი აზრით, მთლიანობაში ჩვენი შესვლა მსო-ში დროული იყო.

რაც შეეხება სატარიფო პოლიტიკის ხარვეზებს, ეს უკვე სხვა ეკონომიკური ბერკეტებით უნდა გამოსწორდეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ტარიფები გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის ადგილობრივ მეწარმეებს.

ჩვენ გვაქვს უფლება ძალიან მაღალი ტარიფი დავაწესოთ ჩაიზე – 30%-იანი. თუმცა, რატომღაც, ეს ასე არ არის. ამ შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, მთავრობა ამას არ იყენებს. როგორც ჩანს, მხოლოდ ტარიფში არ გახლავთ საქმე. გარდა ამისა, 30%-იანი ტარიფი რომ დავაწესოთ, იმ პირობებში, როცა ადგილობრივი ჩაის ხარისხი არ არის მაღალი, ეს ნიშნავს, რომ უცხოური ჩაი, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს, გავაძვიროთ. მაგრამ, რომ არსებობდეს ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, ინვესტიციები მისი რეაბილიტაციისა და მსოფლიო ბაზარზე შეღწევისათვის, ეს სხვაა. ასე რომ, ეკონომიკის ბედი მხოლოდ ტარიფზე არ არის დამოკიდებული.

ქვეყანას, რომ გამართული საბაჟო სამსახური ჰყავდეს, ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა. თუ ისეთი წარმოება გვექნება, რომ უცხოურ ბაზარზე საქონლის გაყიდვას შევძლებთ, ეს ძალიან დიდი სტიმული გახდება ჩვენთვის. კიდევ ერთი მომენტი – მსო-ს წევრობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოთი მეტად დაინტერესდებიან უცხოური ფირმები, რადგან მისი მეშვეობით სხვა ქვეყნებშიც შეაღწევენ. საქართველოს რუსეთთან უბაჟო სავაჭრო რეჟიმი აქვს. ვთქვათ, ჰოლანდიურმა ფირმამ საქართველოში რომ გახსნას საწარმო, აქედან უფრო გაუადვილდება შესვლა”.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას შეიძლება ქვეყნის ბევრმა დარგმა უცხოელი კონკურენტების წინაშე პოზიციები დათმოს. მაღალპროდუქტიული ნაწარმი ქვეყნიდან იმიტომ გადის, რომ აქაური გარემო არასაკმარისია წარმატებული საქმიანობისათვის. უკანასკნელი 5-7 წლის განმავლობაში საქართველოდან ჯართის თუ ჩარხ-დანადგარების სახით დიდი რაოდენობის პროდუქცია გაიტანეს. ამის მიზეზი შესაბამისი დარგის დაბალი პროდუქტიულობა და, აქედან გამომდინარე, არა ეფექტიანი და არასაქმიანი გარემოდან თავის დაღწევის სურვილი იყო.

დემურ გიორხელიძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე: “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ცხადია, დიდი და დადებითი მოვლენა იყო, რადგან თუ გინდა ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი გახდე, ნელ-ნელა უნდა აითვისო, ფილტრში გაატარო და საკუთარ ეროვნულ ნიადაგს მიუსადაგო მსოფლიო ტენდენციები. ამის გარეშე პერსპექტივა არ არსებობს. მაგრამ ეს არ გახლავთ ორგანიზაცია, სადაც ძალზე მშვიდად შეიძლება იყო, არაფერი იღონო და მხოლოდ გაწევრიანების შედეგად მიიღო სიამე. მსო-ში გაწევრიანება უზარმაზარ კონკურენტულ გარემოში შესვლას ნიშნავს. ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი სწორედ ამ კონკურენციის სიმძაფრის, სახელმწიფოთა საგარეო-ეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების შერბილება, დარეგულირება და ერთიანი მიდგომების შემუშავება იყო. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსო-ში შესვლა უზარმაზარი ვალდებულების აღებაა მომავლის წინაშე და თუ ადეკვატურად, დროის დაკარგვის გარეშე, სისტემურად არ დაიწყება ქართული ეკონომიკის მოდერნიზაცია, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არის, თავისთავად არაფერი გამოვა.

როცა ამ უზარმაზარ ოკეანეში შედიხარ, თუკი შესაბამისი მართვის და მანევრირების ხომალდი არ გყავს, საკუთარ არსებობას საფრთხეს უქმნი. მოლაპარაკებების შემდეგ ტარიფების შესახებ ვალდებულება რომ ავიღეთ, ხელისუფლებას, აღმასრულებელი რგოლის შესაბამის სტრუქტურებს უმძლავრესი ტემპით უნდა დაეწყოთ მოდერნიზაციის პროცესი. არადა, ორი წელიწადი გავიდა. ეს საქართველოს ეკონომიკის ადაპტაციის თვალსაზრისით დაკარგული წლებია, რადგან რეალურად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ამ შემთხვევაში, ჩვენს ეკონომიკურ აგენტებს, სუბიექტებს, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში მუშაობენ, ბუნებრივია, საფრთხე შეექმნათ. მათ არ გაუუმჯობესებიათ სამეწარმეო გარემო; როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს მეწარმე, ხელისუფლებამ გარკვეული ობიექტური, სამეწარმეო საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოებში მოაქციოს და, შესაძლოა, უფრო მეტი სუბიექტური მიზეზის გამო ის ამით ვერ უზრუნველყოს. გაუთავებლად საუბრობენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შემადგენელი ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომენტი სწორი საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბება იქნება, მაგრამ, ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სწორედ ამ საერთო ფონიდან გამომდინარე, არეგულირებდეს მართვის ბერკეტებს და ამა თუ იმ სექტორში აქტივობის ხელშემწყობი იყოს.

დღეს ასპროცენტიანი, ორასპროცენტიანი, თუნდაც ათასპროცენტიანი ტარიფებიც რომ შემოვიღოთ, იმ დარგებს ვერ გადავარჩენთ, რომლებსაც პერსპექტივა არა აქვთ.

მსო-ში გაწევრიანება ამას თავისთავად გულისხმობდა და განმარტება სჭირდებოდა. საერთო კონკურენტულ გარემოში შესვლისას წინასწარ უნდა გვცოდნოდა, რომ საბჭოთა ეკონომიკიდან შემორჩენილი ეკონომიკის სექტორების დიდი უმრავლესობის დათმობა იქნებოდა საჭირო მათი არაპროდუქტიულობის, არაეფექტურობის გამო. მთელი ჩვენი შეზღუდული რესურსი მაღალ პროდუქტიულ სფეროებში უნდა გადაგვეჯგუფებინა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით სტატისტიკაც ვერ გვპასუხობს, ვერ გვაწვდის ინფორმაციას, ეროვნული უპირატესობიდან გამომდინარე რომელია ეკონომიკის ის სექტორები, სადაც ქართული თავისებურებები, ქართველი კაცის ნიჭი, უნარი, შესაძლებლობა მაქსიმალური ეფექტურობით შეიძლება გამომჟღავნდეს.

ადამიანები დასაქმებულნი არიან იმ სექტორებში, რომლებიც ინერციით შემოგვრჩა. აქტიური ადამიანების გადაჯგუფება სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას უნდა განესაზღვრა. ეს კი არ მომხდარა. ამ პირობებში კი მას ისღა აქვს სათქმელი, რადგან სახელმწიფო აღარაფერს მიკეთებს, მე მრჩება ჩემი საქმე, ვარ გადამხდელი, ქვეყნის მოქალაქე, შემიწყვეთ ხელი და დაიცავით ჩემი წარმოებაო. და ძნელი ასახსნელია, რომ ტარიფით მისი დაცვა შეუძლებებლია.

მსო-ში უკვე გავწევრიანდით, გამოსვლა ძნელია. რომ გამოხვიდე კიდეც, რა ალტერნატივა არსებობს? ამიტომ დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებს მაქსიმალურად მოვარგოთ ტარიფები. რესურსულ და გადამამუშავებელ წარმოებაში მთელი რიგი სექტორებია, სადაც ტარიფებმა, შესაძლოა, მძიმე ასახვა ჰპოვოს. უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ, შეიძლება ეს სფეროები ვერ გახდეს კონკურენტუნარიანი, მაგრამ, საკუთარ ეკონომიკურ სუბიექტს ის მაინც უნდა უთხრა, რომ ეს სფერო საქართველოსთვის არაკონკურენტუნარიანია და სახელმწიფომ პრიორიტეტებისკენ წასვლა შესთავაზა, აუხსნა, რომ თუ მაინც იმ სფეროში დარჩება, თავად მოუწევს რენტაბელობის მისთვის მისაღები დონის უზრუნველყოფა. ამერიკაში, იაპონიაში, ინგლისში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში არა ერთი სექტორია, რომლებიც სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ნორმალური ეკონომიკური გარემო ინდივიდს თავად აკეთებინებს არჩევანს, იყოს ამ სექტორში, გარკვეული ნიშა დაიკავოს და თვითონვე განსაზღვროს რენტაბელობის დონე. ცხადია, დიდ სტრატეგიას ვერ ააგებს, მაგრამ ყველა იქ ვერ იქნება. ნიშები ასათვისებელია და ღია ნიშს, უბრალოდ ვერც ეკონომიკა იტანს და ვერც ადამიანი. ჩვენთან ამგვარი ხედვა არ არის და ესაა საშიში. როცა ყველანაირი საშეღავათო რეჟიმი ამოიწურება, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება ელემენტარული საყრდენების გარეშე დარჩეს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, შესაბამისი ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებმა ინტენსიურად უნდა იფიქრონ, დროის დაკარგვა კატასტროფაა. აღებული ვალდებულებების Fფარგლებში ისინი, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახორციელებენ გამიზნულ, გააზრებულ სტრატეგიას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის.

როცა ამა თუ იმ დარგზე ვსაუბრობთ და მიგვაჩნია, რომ ის ქართული რეალობისთვის აუცილებელია, გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ. ვერც წმინდა სოციალურ მოსაზრებებს ავუვლით გვერდს. ამიტომ, შესაბამისი ბერკეტების ჩადებაც აუცილებელია, აქ მრავალი მექანიზმი არსებობს. თუნდაც დიფერენცირებული საგადასახადო რეჟიმი. შეღავათები უნდა დავივიწყოთ. ნორმალურ ეკონომიკაში შეღავათებზე საუბარიც არ ხდება. გარდა ამისა, გარემო უნდა გასუფთავდეს და ყველა ეკონომიკურად აქტიურ ადამიანს ბიუროკრატია არ უნდა ახრჩობდეს. ბიუროკრატია კი, ვფიქრობ, მალე ლეგარულ საქმიანობას საერთოდ უპერსპექტივოს გახდის ჩვენს ქვეყანაში.

მეწარმესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტი უნდა არსებობდეს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. შეიძლება ხელისუფლებამ პერსპექტიულ სფეროებში განსხვავებული სტიმული, რეჟიმი დააწესოს, რათა ბუნებრივი გადალაგება მოხდეს და აქცენტი ხვალინდელ დღეზე გაკეთდეს. ადამიანებმა, რომლებსაც თავს უფლება მისცეს ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, დღედაღამ, 24 საათი უნდა იფიქრონ ქვეყნის ტრანსფორმაციაზე.

დღეს საქართველოსთვის არის მთელი რიგი რეჟიმები, რომლებიც ევროპის და ამერიკის ბაზარზე შეღწევის საოცარ კარგ საშუალებას იძლევა, თუ ჩვენ ამას დროულად ვერ მოვისაზრებთ, მერწმუნეთ, გონიერი ხალხი შესანიშნავად გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისათვის საქართველოს გავლით.

მსო-ში ბევრი რაღაც საქართველოს ტრადიციულ სექტორებში მართალია შეზღუდულია, მაგრამ, სამაგიეროდ, ახალი შესაძლებლობები, ნიშები გამოჩნდა. არ არსებობს ცალსახა მოვლენა. პროგრესი არ არის ერთმნიშვნელოვანი. ის მაშინ გაძლევს სასურველ შედეგს, როცა სწორად იყენებ, თორემ შეიძლება და ამის უამრავი მაგალითია, ცუდად დასრულდეს. დღევანდელობისადმი საღი დამოკიდებულება ხვალინდელი დღის დადგომის აუცილებელი პირობაა”.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ასამდე ქვეყანაა გაერთიანებული, რაც მათ ბევრ შეღავათს აძლევს. ჩვენ, სამწუხაროდ, ამის გამოყენება ჯერ ვერ შევძელით. ექსპერტთა აზრით, მსო-ს წევრობით ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ გლობალურ სავაჭრო პროცესებში და გავხდეთ ნორმალური სატრანზიტო ქვეყანა.

სანდრო თვალჭრელიძე, ეკონომიკური ექსპერტი: “ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მეწარმეებისათვის, როცა სხვა ქვეყნების ბაზრებზე გადიან, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვაა. მოგეხსენებათ, რა ცუდ პირობებშია იგივე “ბორჯომი”. მოსკოვში დაახლოებით 17 საამქრო მოქმედებს, რომლებიც ფალსიფიცირებულ ნაწარმს უშვებენ. იგივე ითქმის ქართულ ღვინოებზე. იყენებენ საფირმო ნიშანს, სასაქონლო მარკას და ამ ნიშნით უშვებენ ფალსიფიცირებულ პროდუქციას.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ თავი დავიზღვიოთ ფალსიფიკაციისგან. ეს ერთი, მაგრამ ჩვენ ამ მექანიზმებს არ ვიყენებთ, ყოველთვის წამგებიან პოზიციაში ვართ – ყველა მათ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, მაგრამ აქედან გამომდინარე, ჩვენს უფლებებს არ ვიცავთ. ეს ყველაზე მთავარია. ეს თამაშის სხვა წესებია. როგორც ფეხბურთში არ შეიძლება ხელით თამაში, ისე საგარეო საერთაშორისო ვაჭრობაში არ შეიძლება რაღაც დემპინგური მეთოდების გამოყენება.

თუ გვინდა, რომ ერთიან სისტემაში მოვექცეთ, ერთიან საფინანსო ნაკადებში მოვხვდეთ, ამისთვის სავაჭრო ორგანიზაცია უნდა გამოვიყენოთ. მეორე, რასაც ჩვენ აბსოლუტურად არ ვიყენებთ, ეს არის ჩვენი კარგად ცნობილი ფირმების, სამეწარმეო სუბიექტების აქციების გატანა კაპიტალის ბაზარზე. ამ მეთოდს ქართველი მეწარმე საერთოდ არ იცნობს და ამის გაკეთებაც შესაძლებელია მსო-ს მეშვეობით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ სამეწარმეო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა ჩამოვაყალიბოთ. უნდა ვასწავლოთ ჩვენს მეწარმეებს, რა არის საერთაშორისო ბიზნესი და როგორ იწარმოება იგი. ჩვენ ისევ ველური მეთოდებით გვინდა თანამედროვე საუკუნეში შევიდეთ. ეს კი შეუძლებელია.

რაც შეეხება ტარიფებს, ანალიზი თითოეული პროდუქციისთვის უნდა გაკეთდეს. ეს ტარიფები, როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ისე შემოტანილ პროდუქციაზეც ვრცელდება. ამიტომ, შიდა ბაზარზე ჩვენი პროდუქცია დაცულია. ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია, მოსახლეობას მეტი მყიდველობითუნარიანობა არა აქვს. ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეობის განვითარებისა სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებაა. ამის საშუალებას კი მხოლოდ მსო გვაძლევს.

ხშირად გვესმის, რომ ქართული ბაზარი უცხოურმა პროდუქციამ წალეკა – ასე არ არის. მაგალითად, გოგი თოფაძის ლუდმა მთლიანად გამოაგდო ბაზრიდან უცხოური ლუდი. ასევეა ქართული ღვინო, მინერალური წყლები. ქართული “ვიჩინა” უკეთ იყიდება, ვიდრე უცხოური. საქმე ისაა, ჩვენ თუ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც უცხოური პროდუქციის შესაბამისი ხარისხისა იქნება, მომხმარებელი ქართულ პროდუქციას იყიდის მისი სიიაფის გამო”.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველომ ტარიფებზე მუშაობის პროცესში სრულად ვერ გამოიყენა ის მეთოდები, რომლებიც ტარიფების დაწევით გაანეიტრალებდა ეროვნული ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს. საბაჟო ტარიფის შემცირებით მცირდება იმპორტული საქონლის ფასიც, რაც ადგილობრივ ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს.

ჩვენი ვალდებულებით, 12 – პროცენტს ქვემოთ ნულამდე დაიბეგრება მთლიანი პროდუქციის უმეტესობა. სასაქონლო ნომენკლატურის 34% ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება – ეს დაახლოებით 4900 დასახელების პროდუქციაა. აქედან, 800 სასოფლო-საემურნეო დასახელებისაა, დანარჩენი კი სამრეწველო.

თითქმის ყველა ქვეყანაში კარტოფილის იმპორტზე დაწესებულია მაღალი საბაჟო გადასახადი. ამ პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებს (ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი) იმპორტისგან თავის დასაცავად აღმართული აქვთ 25 – პროცენტიანი საგადასახადო ბარიერი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია საკუთარი კარტოფილით დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნილება, მარტო 1999 წელს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების თურქულმა კარტოფილმა ადვილად გადმოლახა ჩვენი 12 – პროცენტიანი ზღვარი.

ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველები”. “ჩვენ ხმაური ავტეხეთ ორი წლის წინაც, როცა მსო-ში გაწევრიანებისთვის მუშაობა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ხდებოდა, მაშინ, როცა პარლამენტში ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა.

ცხადია, ნებისმიერ ცივილურ გაერთიანებაში გაწევრიანება, მათ შორის მსო-ში, რაც თავისუფალ ბაზრებს გულისხმობს, დადებითი მოვლენაა. ჩვენი ექსპორტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს – ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, ამაზე უარის თქმა ნამდვილად არ შეიძლება და მისკენ ყველა განვითარებული ქვეყანა უნდა ისწრაფვოდეს. მაგრამ, ამავე დროს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკურად და ჩვენი პოტენციალის მიხედვით საკმაოდ დაბალ დონეზე ვართ, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს და ძნელად საღიარებელიც.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მიუხედავად ზოგიერთ დარგებში გარკვეული პროგრესისა, (ეს ძალიან მცირე პროგრესია) ადგილობრივი მრეწველობა, ადგილობრივი წარმოება სტაგნაციას განიცდის. დღეს 60-იანი წლების დონეზეც ვერ მივსულვართ, აღარაფერს ვამბობ 80-იანი წლების დონემდე რამდენი გვიკლია. აქედან გამომდინარე, მსო-ში შესვლით ჩვენი ბაზრის კარს ვუღებთ და ისინიც “გვიღებენ” კარს, ბუნებრივია, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გაუწევს თუ არა ჩვენი პროდუქცია კონკურენციას მათ პროდუქციას? მაგრამ, როცა ამას ვამბობთ, არავინ იფიქროს, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებს ხარისხის ან პოტენციალის შესაძლებლობების მიხედვით. ამ მხრივ კარგ დონეზე ვართ. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია გვაქვს. საწარმოო კულტურა საკმაოდ მაღალი გვქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს, ამ მექანიზმებს ამუშავება, მოძრაობაში მოყვანა სჭირდება, რისთვისაც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პირობებია.

დამანგრეველი საგადასახადო კანონმდებლობისა და რეჟიმის პირობებში, ცნობილია, რომ წარმოება გაჩერებულია, პროდუქციის გამოშვება თითქმის არ ხდება. ასეთი მდგომარეობაა მსუბუქ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში და ა.შ. მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს კვების მრეწველობა, ძალზე დაბალ დონეზეა და დაკნინდა სოფლის მეურნეობა. ამიტონ ჯერ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენმა პროდუქციამ, წარმოებამ კონკურენცია გაუწიოს უცხოურს და მერე გავხსნათ ფართოდ კარი დასავლეთში. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დასავლეთი კარს არც ისე იოლად გვიღებს. ამის მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო, როგორ იბლოკება ჩვენი პროდუქციის უცხოეთში შეტანა მსო-ში გაწევრიანების შემდეგაც. როგორ შეიძლება საქართველოში, რომელიც ოდითგან ყვავილების ქვეყანად იწოდება, დღეს კი ყვავილი ჰოლანდიიდან და დუბაიდან ჩამოჰქონდეთ. ქართული ვარდი გადაგვარდა, აღარ ხარობს. ამას ვუწყობთ ხელს? იგივე ბოსტნეული, კარტოფილი თურქეთიდან შემოაქვთ და მერე უკანა გზაზე სამცხე-ჯავახეთიდან ქართული კარტოფილი მიაქვთ, რომელსაც ძვირად ყიდულობენ. ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. იგივე ქართული ჩაი, რომელიც საბჭოთა კავშირის ბაზრის მოთხოვნილების 95%-ს აკმაყოფილებდა. ეს მაჩვენებელი 10-15%-მდე მაინც ხომ უნდა შეგვენარჩუნებინა. იგივე მდგომარეობაა ღვინოზეც, მსუბუქი მრეწველობის პროდუქციაზეც. განა პოტენციალი არ არსებობს? არის წარმოებები, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდებოდა და დღესაც იყიდება, შესაძლოა, უცხოური იარლიყით, უცხოეთის ბაზარზე. დღეს ჩვენს ბაზარზე თითქმის ნებისმიერი საქონელი – ტრიკოტაჟი, კვების თუ მანქანათმშენებლოოქტომბრის ბოლოს საქართველოსა და ევროკომისიას შორის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ახალი პროექტი ამუშავდა. მისი განხორციელება 850 ათასი ევრო დაჯდება და ამ თანხას ევროსაბჭო გაიღებს. პროექტი ორ მიმართულებას მოიცავს: საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფა და მენეჯმენტი.

ქართული საბაჟო კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციაზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქართველებიც იმუშავებენ. პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა და 2003 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. მისი მიზანი შემოსავლებისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდისათვის პირობების შექმნაა. გვესაუბრება საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი შოთა ქელდიშვილი:

“ტასისის” ამ პროექტს ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც საბაჟო, ისე მთლიანად საგადასახადო სისტემის დახვეწა, რაც ბიუჯეტის შევსებასთან არის დაკავშირებული.
პროგრესი და ევოლუცია შეუქცევადია. ევროკავშირი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და უკვე აუცილებელი ხდება თითოეული ეკონომიკური პარამეტრი თუ მიმართულება ჰარმონიზებული იყო მის სტანდარტებთან. ეს არა მარტო საბაჟო სფეროს ეხება, არამედ სხვა მიმართულებებსაც – სოციალური სფერო, ტრანსპორტი, გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება და ა.შ. უცხოელი ექსპერტები ადგილობრივ კოლეგებთან ერთად უკვე მუშაობენ ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი საკანონმდებლო ბაზის მისაახლოვებლად.

საბაჟოს პროექტის ბიუჯეტი 850 ათასი ევროა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობის გასაუმჯობესებლად ორი მიმართულება აქვს: 1) საბაჟო კანონმდებლობის დახვეწა – საბაჟო კოდექსის შემუშავება და მეორადი დამხმარე კანონმდებლობა; 2) საბაჟოს მართვის სისტემის დახვეწა, რაც მენეჯმენტთანაა მიერთებული.

უფრო კონკრეტულად რა მიმართულებით წავა მუშაობა, როგორ შეიცვლება ტარიფები, ჯერ ძნელი სათქმელია, სამუშაო პროცესში გამოჩნდება.

ეს გახლავთ ერთობლივი სამუშაო. პროექტში იმუშავებენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები. ანუ სამუშაო არ იქნება ცალმხრივად ევროპული ექსპერტიზის საგანი. მოხდება ადგილობრივი სიტუაციის შესწავლა, მისი გათვალისწინება და მასზე მორგება. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელი და, ფაქტობრივად, შეუძლებელია პროექტის მიზნის განხორციელება. პროექტი შესრულდება საბაჟოს მაღალკვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით. თანამშრომლობა იქნება ასევე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც რაიმე შეხებაშია საბაჟო კოდექსთან თუ საბაჟო დეპარტამენტთან. იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო თუ საგადასახადო.

საბაჟო კოდექსი ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. დამუშავების შემდეგ ის გაივლის ყველა საჭირო პროცედურას, წარედგინება აღმასრულებელ ხელისუფლებას, შემდეგ კი პარლამენტს.

პროექტის მთავარი მიზანი საბაჟო შემოსავლების მობილიზებაა.

მსო-ს წევრობამ რა როლი ითამაშა ამ პროექტის დაწყებაში?
ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ მსო-ს წევრი ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და პირიქით. საერთაშორისო ორგანიზაციები ურთიერთთანამშრომლობენ. რაც კეთდება, ერთიან ჭრილში კეთდება. ასე რომ, მსო-ში გაწევრიანებას გადამწყვეტი თუ არა, თუმცა, მასთან თანამშრომლობას ბევრად ნაკლები მნიშვნელობა ნამდვილად არ ენიჭება.

გელა ხანიშვილი: – იდეა ქვეყნის განვითარებისა რაში მდგომარეობს – საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, რა უნდა რომ იყოს ქვეყანაში, რაზე აქვს სერიოზული პრეტენზიები, ყველა ჩამოგითვლით, მაგრამ როგორც კი ჰკითხავთ, როგორ უნდა იქცეს ეს რეალობად, ყველა სხვისკენ იყურება. უნდათ შედეგი, მაგრამ როგორ მოვა ეს შედეგი, არავის აინტერესებს. ქვეყნის განვითარების სტრატეგია აუცილებლად გულისხმობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ მართლა გავხდეთ ინტეგრირებული მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან, ზოგადად, სამყაროსთან, ინტეგრირება არ ნიშნავს იმას, რომ დავფრინავდეთ თბილისი-პარიზი ან თბილისი-ფრანქფურტის რეისით. ჩვენ უნდა გვქონდეს საკანონმდებლო ბაზა, შეხედულებები. სიტყვა სტანდარტები, შეიძლება, მთლად არ მიესადაგებოდეს ამ შემთხვევას, მაგრამ სტანდარტები ყველა მომსახურების, ყველა ურთიერთობის სფეროში ყოველი გადადგმული ნაბიჯი, იმ სამყაროს შესაბამისი უნდა იყოს, რომელში შესვლასაც ვაპირებთ. საქართველოში დღეს არა მარტო მოსახლეობა, არამედ, სამწუხაროდ, პარლამენტის თუ მთავრობის საკმაოდ დიდი ნაწილიც ვერ აცნობიერებს და, ჩემდა სამწუხაროდ, ვფიქრობთ ვერც, ვერასდროს გააცნობიერებს, რას ნიშნავს, ამა თუ იმ სიკეთესთან მიბმა და ურთიერთობა. როცა ვუერთდებით სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციას თუ ხელშეკრულებას, ვიღაცისთვის ეს არის ფორმალურად ვალის მოხდა, მაგრამ ძირითადი არსი ამ შეერთებისა ის არის, რომ ქვეყანა გაიზარდოს – ქვეყნის მოსახლეობამ, სამეწარმეო პოტენციალმა, ნებისმიერმა მოქალაქემ გაიაზროს მუშაობის და პროდუქციის შექმნის ის პრინციპები, რომლითაც დაცული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე მომხმარებლის ინტერესები.
თუკი ჩვენ მოვახდენთ საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ და მსოფლიო კანონმდებლობასთან, რომელიც თვითონ არის უკვე ერთმანეთში ჰარმონიზებული და თუკი ჩვენ მოვახდენთ ამ პროდუქციაზე მოთხოვნების ჰარმონიზაციას, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს და ქვეყნიდან გადიოდეს, ეს იქნება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი. ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს საქარველოში არ შეიძლება ბის პროდუქტი ძალიან იაფია. ეს ყველაფერი ბაზრის დაპყრობის მიზნით ხდება, ადგილობრივი წარმოების გაჩერების მოსაზრებით. ჯერ კიდევ 1994-95 წლებში ვამბობდით, რომ გავა ათი წელიწადი და საერთოდ აღარ გვეყოლება კვალიფიციური მუშა, ინჟინერი, შემდუღებელი თუ სხვა სპეციალისტი. როცა ყველაფერს ვაწარმოებთ, ჩვენს ბაზარზე შემოტანილ დღეს იაფფასიან პროდუქციას ფასს აუწევენ, ჩვენ კი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან საკუთარი არ გაგვაჩნია. ამას აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ.
ხშირად მოჰყავთ ჩინეთის მაგალითი. ჩინეთმა 15 წელიწადი მოანდომა და ვერ შეაღწია მსო-ში. ეს სიცრუეა, ჩინეთს განა ხელშეკრულების გაფორმება გაუჭირდა მსო-სთან, მან უბრალოდ თავისი პოზიციები არ დათმო. ვიდრე ჩინეთმა მართლა არ დაიპყრო მსოფლიო ბაზარი თავისი პროდუქციით – აბრეშუმით, ბამბეულით, არც ჩქარობდა მსო-ში გაწევრიანებას. ჩვენ კი ვტრაბახობთ, რომ მსო-ს წევრები ვართ, რუსეთი კი ჯერ არ მიუღიათ იმიტომ, რომ ის თავის პოზიციებს იცავს – პროდუქცია ექსპორტზე რომ გადის, დანიშნულების ადგილზე მიტანისას უნდა იბეგრებოდეს და არა წარმოშობის ადგილზე. ჩვენთან წამოსასვლელ ნავთობს, გაზს, ის თავისთან ბეგრავს, რადგან თავის სიმდიდრეს უფრთხილდება. ამას არ თმობს მსო-ში გაწევრიანებისთვის, როცა თავის პოზიციებს დააფიქსირებს, მერე გააფორმებს მსო-სთან ხელშეკრულებას.
წარმოუდგენელია, მაგრამ რუსეთიდან შემოტანილი ხილი უფრო იაფია ჩვენთან, ვიდრე საქართველოში დამზადებული ხილის წვენი. არადა, მეხილეობის ქვეყანა ვართ, მით უფრო, რუსეთთან შედარებით. ისინი ხილს ან კონცენტრატს ყიდულობენ, გარედან შეაქვთ და იქიდან, ამხელა გზიდან შემოტანილი ნაწარმი ჩვენზე იაფია. ადრე 12%-იანი ბარიერი იყო და ახლა ისიც აღარ გვჭირდება. თუნდაც, ეს 12%-იანი ბარიერი განა სწორი არ იყო? ჩვენთან საკრედიტო რესურსი 20-24%-ია, რუსეთში 6-7%. მხოლოდ ამ მაჩვენებლებითაც გვჯობნის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომელსაც ჩვენ მოკლებული ვართ და მთელ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჩვენთან მოუწესრიგებელია, მათთან კი მოწესრიგებული. ჩვენთან ერთიდან მეორე ადგილზე გადატანას გზების მოუწესრიგებლობის გამო განსაკუთრებული სატრანსპორტო საშუალებებია საჭირო. გარდა ამისა, ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვაც შეუძლებელია, რადგან სტანდარტულ ელექტროენერგიას ვერ გვაწვდიან. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ბმულ ტარიფებში ცოტა მაღალი განაკვეთებია შეტანილი. საქართველოს შეუძლია ასწიოს ეს განაკვეთი და შემდეგ, გარდამავალ პერიოდში 5-6 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ქვევით წამოვიდეს, ზოგიერთ პოზიციაზე ნულამდე დავიდეს, ზოგიერთ შემთხვევაში 12-10%-ზე გაჩერდეს. სამი წელიწადი გავიდა და ჩვენ ეს მექანიზმი არ გამოგვიყენებია. გარკვეულ ნომენკლატურაზე ორი თვის წინათ მოვახერხეთ და საბაჟო გადასახადი ავწიეთ. რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ ეს ადრე, როცა შეიძლებოდა 30%-იანი ბარიერის დაწესება 3 წლის წინათ. დღეს 30%-იან ბარიერს ვეღარ დააწესებ, მაქსიმუმ 15% შეიძლება დაწესდეს და ნელ-ნელა შემცირდეს. ვინ და რატომ დაგვაკარგვინა სამი წელიწადი? ამაზე ხომ უნდა აგონ პასუხი. და მეორე – იმ ხალხის ქმედებასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია, ვინც არასწორად წარმართა მოლაპარაკებები მსო-სთან და არ დაიცვა საქართველოს ინტერესები.

ამას წინათ დაისვა კითხვა – დაუშვათ, მსო-ში გაწევრიანებულ ქვეყნებთან შევთანხმდით და ორივე მხარეს ნულ პროცენტზე შევუთანხმდით, მაგრამ როგორ მოვიქცეთ ქვეყნებთან, ვინც არ არის მსო-ს წევრი, იგნორირებას უკეთებს მას და დაწესებული აქვს 30% ან 10%-იანი საბაჟო? ჩვენ ხომ მათთანაც ნულ პროცენტამდე დაგვყავს ტარიფი და ის დიფერენცირებული არ გვაქვს. ეს ვინმემ იანგარიშა? – არა.

მას შემდეგ რაც მსო-ში გავწევრიანდით, ევროპაში, მაგ. გერმანიაში ღვინის პორდუქციის შეტანა ძალიან გაძნელებულია, ვერ შეგვაქვს. მათ სპეციალური სერტიფიკატი მოითხოვეს, ჩვენმა ქვეყანამ კი განაცხადა, რომ ასეთ სერტიფიკატს ვერ გასცემს. ერთ-ერთ ქართულ კომპანიას უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია გერმანიასთან გაფორმებული აქვს ნახევარი მილიონი დოლარის კონტრაქტი და ბარიერი ვერ გაარღვიეს, რომ პროდუქცია შეიტანონ. არადა, ასეთი არა ერთი ორგანო გაგვაჩნია, რომელსაც სერტიფიკატის გაცემა შეუძლია, მაგრამ ხელოვნურად ქმნიან ბარიერს, მეწარმე კი იჩაგრება.

მსო-ს წევრობას მივესალმები, თუ საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი, ჩვენი ქვეყნის და მეწარმეების ინტერესები – დაცული”.

გთავაზობთ იმ საქონლის ცალკეულ ჩამონათვალს, რომელიც სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ უნდა განისაზღვროს. საბაჟო ტარიფები სულ 5982 დასახელების საქონელზე დაწესდეს:
30 – პროცენტიანი ბმული ტარიფით დაიბეგრება მხოლოდ 12 დასახელების საქონელი, მათ შორის მსხალი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი, მარწყვი, ხენდრო, ასევე საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტი;
20 – პროცენტიანით – ჩაის, ბოსტნეულის, ჯემების, ცემენტის იმპორტი;
18 – პროცენტიანით – მაკარონის ნაწარმის, ბოსტნეულის კონსერვების, კარტოფილის (გაყინული), ლობიოს;
12 – პროცენტიანით – ყურძნის, წიწაკის, სანელებლების, რძის ნაწარმის, მარცვლეულის, ტრიკოტაჟის ნაწარმისა და ფეხსაცმლის;
8 – პროცენტიანით – გამდნარი ყველის, ქსოვილების, ხალიჩების, სანთლების, სანთებელების;
7 – პროცენტიანით – ქიმიური ძაფით ნაქსოვი ზოგიერთი ტანსაცმლის;
6,5 – პროცენტიანით – ეთეროვანი ზეთების, ღვინის მჟავას, კოსმეტიკური საშუალებების, ბეტონის, ცეცხლგამძლე ცემენტის;
6 – პროცენტიანით – შალის, არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალებების;
5,5 – პროცენტიანით – ქიმიური პროდუქციის;
5 – პროცენტიანით – ყველის, ხაჭოს, შაქრის;
4 – პროცენტიანით – მსუბუქი მრეწველობისთვის საჭირო ნედლეულის;
0 – პროცენტიანით – საკვები ზეთების, ქატოს, ქაღალდის, ნაბეჭდი პროდუქციის, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების იმპორტი. გავიღვიძოთ და ხვალვე დავიწყოთ მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის წარმოება, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული მოთხოვნა, რა გვინდა ვაწარმოოთ და შემდგომ სწორად განისაზღვროს ის საინვესტიციო მოთხოვნები თუ კლიმატი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის შექმნის პირობას უზრუნველყოფს. საქმე იმაშია, რომ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოს უფრო მეტი პრეტენზიაც, მოთხოვნაც და დაცვაც აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, სამწუხაროდ, ჩვენი სამეწარმეო პოტენციალი თავისი აზროვნებით დარჩა იქ, სადაც იყო – თუ უშვებენ ქართულ ღვინოს, მსოფლიოში ამაზე კარგი ღვინო არ შეიძლება არსებობდეს – ეს არის მენტალობა, თუ უშვებენ “ასტრას”, რომელიც ადამიანს არ ჰკლავს, თუმცა არც არაფერს აკლებს, არ უნდა შეუცვალო სტანდარტი და მოთხოვნა, არ უნდა დაბეგრო – ამგვარად აზროვნება არის უბედურება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ევროკავშირს, რომელიც გვაფინანსებს და იდეით შემოდის, რა თქმა უნდა, უნდა ვთხოვოთ, რომ თავისი ექსპერტები მოავლინოს, რათა გარდამავალი ეტაპი, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალურ დონეს მიიყვანს იმ მოთხოვნებამდე, რომელიც აუცილებელია, სწორედ გაიწეროს და სწორედ დაიგეგმოს და არ მოხდეს ისე, რომ რაღაც ეტაპების გავლის გარეშე უცბად ჩვენ მხოლოდ ხისტი მოთხოვნა დავაყენოთ.

დღეს დებატებია მსო-სთან დაკავშირებით. იმდენად სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურებიან ჩვენი პარლამენტარები, იმდენად მწირია მათი ზოგადი თუ ეკონომიკური განათლება, ისე მწირად წარმოუდგენიათ სავაჭრო ორგანიზაციის სიკეთე, რომ ხედავენ მხოლოდ ცალკეულ, მათი კონკრეტული ინტერესის ქვეშ მდგომი პროდუქციის ბედ-იღბალს და ქვეყანა არც აინტერესებთ. ჩვენ უკვე გადავდგით ის ნაბიჯი, რის შემდგომაც ევროკავშირთან ჰარმონიზაცია აუცილებელია, რადგან ვართ მსო-ს წევრი. მსო ითვალისწინებს ერთიან სტანდარტებს, ერთიან გარემოს, მოთხოვნებს, ღია რეჟიმს ჩვენი ქვეყნისათვის. შემოგვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში დეკლარირება. რატომ შემოგვაქვს ბევრი რამე, მაგრამ არ ვდგამთ ნაბიჯს, როგორ განვითარდეს ქვეყანა, რომ გახდეს საექსპორტო პოტენციალის მქონე. დიდ ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ ჩვენთან წარმოებული პროდუქცია ვერ დატოვებს ქვეყნის ფარგლებს, იმიტომ რომ უმეტესობას აწარმოებენ, ალბათ, მეფის რუსეთის დროინდელი სტანდარტებით, იმ დროინდელი აზროვნებით, და თუ სადმე ქართული პროდუქცია, რომელიმე მწარმოებელმა გამოუშვა იმ ჰარმონიზებული სტანდარტებით და მოთხოვნების შესაბამისად, ყველამ დაიპყრო ბაზარი, ყველა შევიდა მსოფლიო ბაზარზე. რატომ შევიდა “ბორჯომი”, სხვადასხვა სახეობის ღვინო, თუნდაც ტანსაცმელი თუ ნებისმიერი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე? იმიტომ, რომ ადამიანს, რომელმაც დაიწყო ამ პროდუქციის წარმოება, ეყო ცოდნა, განათლება და მოითხოვა საერთაშორისო სტანდარტის პროდუქცია დაამზადა, ინვესტორი მოიწვია, თვითონ გადააიარაღა წარმოება და არ “ჩაიციკლა” ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მხოლოდ იმ პროდუქციაში, რომელიც ჰქონდა გამოშვებული. “ყაზბეგი” საიდან წარმოიშვა – როგორც კი ბატონმა გოგი თოფაძემ უზრუნველყო იმ სტანდარტის ლუდის წარმოება, რომელიც იყო არა საბჭოთა, არამედ ნორმალური, ცივილური საზოგადოებისთვის მისაღები, მან ბაზარი დაიპყრო. მაგრამ, როცა იმავე იარაღით, სხვადასხვა, მრავალი პროდუქციის გამოშვების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ არ მოხდა იმ ძირითადი პოსტულატების დაცვა, ვერც ერთმა ვერ მოიპოვა პოპულარობა ბაზარზე. ამიტომ, არ შეიძლება, არ მივესალმოთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება დადებითი ტენდენციების გაძლიერებისკენ. არ შეიძლება ვიყურებოდეთ უკან. და არ შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს ასეთი მიდგომა – როგორიც ჩვენ გვაქვს, ეს უნდა იყოს ერთადერთი და ხელშეუხებელი. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ამ ლოგიკით არ შეიძლება ებრძოლო ყველას და ყველაფერს. უნდა გაიაზრო, იცოდე, რომ დაიცვა ბაზარი. გარდამავალ პერიოდს, გამოყენება სჭირდება. უნდა იცოდეს ადამიანმა, მიკროფონთან რომ იტყვის რაღაცას, თუნდაც მართლა გენიალურ აზრს, მერეც უნდა იზრუნოს ერთი ნაბიჯის გადადგმაზე.

როცა მსო-ში შევედით, ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი იყო საბაჟო ტარიფების შესაცვლელად. დღეს ლაპარაკობენ ამაზე, როცა ვადა თითქმის იწურება, რადგან ახლა გამოფხიზლდნენ. – დღეს უკვე გვიანია. თუმცა, ბაზარი ბოლომდე უნდა გაიხსნას, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თავი მოწინააღმდეგის წინაშე – არის ასეთი მაგალითი, მგლები გაწყვიტეს, რომ ირმები გაემრავლებინათ, ირემი კი ავადმყოფობისგან განადგურდა. ჩემთვის ეკონომიკა მაშინ არის ჯანსაღი, თავისუფალი და მაშინ ვაღიარებ საბაზრო პრინციპებს, როცა ვიქნებით ჯანსაღ კონკურენციაში, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ წინაპირობები. წინაპირობებს ვერ ქმნიან ისინი, ვინც ასე აზროვნებს – თქვენ ფული მომეცით და საქმის გაკეთებას რა უნდაო. ფული დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრია, საქმის გამკეთებელი ადამიანები კი – ცოტა. აკვირდებით, რომ ყოფილი წარმოებები დღეს აღარ ჩანან. მათ ფულიც ჰქონდათ, ავტორიტეტიც, მენტალობა კი დარჩათ ძველი. მათ აზროვნება გაიყინა მოპარვაზე და გუშინდელ დღეზე – დამზადებაზე და გაყიდვაზე. ვის არ უნდა მაღალი გადასახადი ქვეყანაში – ვისი აზროვნებაც მოპარვაზეა ორიენტირებული, ვის არ უნდა, რომ იყოს დღგ, აქციზი ამა თუ იმ პროდუქციაზე. განა შეიძლება ღვინოზე იყოს თუნდაც 10 თეთრი აქციზი, როცა ღვინო ბაზარზე უკვე ღირს 15, 20, 30 ლარი. მათ აღარ ადარდებთ სახელმწიფო, ვიწრო აზროვნება აქვთ. არ შეიძლება ასე – ამგვარადაა ყველა სფეროში – მსუბუქი მრეწველობა იქნება თუ მძიმე მრეწველობის ცალკეული დარგები. მოდის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და დახმარებას გვთავაზობს, ჩვენ კი არ გვინდა. ეს მაგონებს იმას, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სკოლებს როცა ხსნიდა, იყო ბევრი მშობელი, რომელსაც ეს არ უნდოდა. ლუარსაბ თათქარიძე ამბობდა, მას შემდეგ, რაც სწავლა-განათლება შემოვიდა, ჩვენი შვილები დაჭკნენ და განადგურდნენო. დღეს შეგვიძლია ანალოგია გავაკეთოთ. მას შემდეგ, რაც შემოდის ევროპა, ცივილიზაცია ქვეყანაში, ცალკეული ლუარსაბებისთვის, მათი აზროვნებისთვის, მცონარობისთვის ეს მიუღებელია. ისინი ვერასოდეს ვერაფერს შექმნიან, მაგრამ მოდის ახალი თაობაც, რომელიც ხვდება, რომ ასეთი პორდუქტი არ უნდა გამოდიოდეს. რუსთაველზე განლაგებული უამრავი მაღაზია რომ ნახოთ, პირობას გაძლევთ, სადაც ნახავთ თანამედროვე დიზაინით კარგად გაკეთებულს, მესაკუთრე აუცილებლად შეცვლილი ჰყავს იმ ობიექტს, შემოსულია ახალი აზროვნება, დამოკიდებულება, თუ ნახავთ ჭუჭყიან, მოუვლელს, – ძველი მესაკუთრეა დარჩენილი. მნიშვნელობა არა აქვს პრივატიზება ორივემ გააკეთა, იყიდა, მაგრამ ერთმა იყიდა ძველი ფულით და მას მერე ვეღარ გაიგო, რა გააკეთოს, მეორემ კი, შესაძლოა, ნასესხები, ბანკისგან აღებული კრედიტით გააკეთა, მაგრამ მისმა აზროვნებამ აჯობა, თუნდაც ჯიხურიდან რომ დაიწყო ადამიანმა და სუპერმარკეტამდე მივიდა, მისი აზროვნება ათასჯერ უკეთესია თავისუფალი ეკონომიკისთვის. ვერ დამისახელებთ საქართველოში თუნდაც ერთ დიდ “გასტრონომს”, რომელიც დღეს სუპერმარკეტად თავად გარდაიქმნა, ასეთი არც ერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა უზარმაზარი შემოსავალი, ყველა მათგანი მუშაობდა მხოლოდ მოპარვასა და “ლევ” პროდუქციაზე. იმას კი არ უნდა დაველოდოთ, ევროკავშირი ჩვენამდე როდის დაეცემა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ავმაღლდეთ, გავიზარდოთ როგორც ქვეყანა, თუნდაც ეს პროცესი მტკივნეული იყოს. ამ პროცესში ხან ხელს დავიზიანებთ, ხან ფეხს მოვიტეხთ, მაგრამ თუ გვეყოლება კარგი პატრონი – მთავრობა თუ პარლამენტი, მაშინ ნაკლებად დავშავდებით და უფრო მალეც მივალთ იქამდე. თუმცა, როგორი ცუდებიც არ უნდა გვყავდეს ისინი, გარწმუნებთ, ქვეყანა მაინც გაიზრდება, უბრალოდ, უფრო მტკივნეული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მსო-ში შესვლა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისათვის, რასაც უნდა ამბობდნენ და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ქვეყანას უკან სწევს. პრობლემა ის კი არ არის, შევედით თუ არა მსო-ში, ევროკავშირთან ჰარმონიზება გვექნება თუ არა, პრობლემა ის გახლავთ, რომ სწრაფად ვერ ვახერხებთ ამას, მოკლე დროში, და მეორე უბედურება კი ისაა, რა მექანიზმებიც ხელთ გვაქვს ვერ ვიყენებთ. ვამტვრევთ ღია კარს. საქმის კეთებას შრომა უნდა, დემაგოგია კი იოლია.

რაც შეეხება ტარიფებს, მსო არ არის მხოლოდ სატარიფო პოლიტიკა და მხოლოდ ზოგადად იმპორტის დაცვა. მსო-ს სიკეთე რომ გაიაზრო, უნდა კითხულობდე რა არის მსო და რას შევუერთდით. მხოლოდ 15 და 30 პროცენტს არ უნდა ვადარებდეთ ერთმანეთს. როცა სავაჭრო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ადამიანები ამის შესახებ მსჯელობენ საკუთარი პროდუქციიდან გამომდინარე. თუ კალმისტარს ამზადებს, აინტერესებს როგორ შემოდის კალმისტარი ქვეყანაში, მაგრამ იმავე კალმისტრის დამამზადებელ ნედლეულზე რომ ნულია ტარიფი, ამის შესახებ ყველა ჩუმადაა. ანუ მე თუ ვუშვებ ღვინოს, ბაზარზე ღვინო არ უნდა შემოვიდეს დაბალი ტარიფით, მაგრამ ნედლეული დაბალი ტარიფით უნდა შემოდიოდეს, მაგრამ ნედლეულის მწარმოებელმა რაღა ქნას? თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს კონკურენციის შექმნას პროდუქციის წარმოების დროს ჭკუით, გონებით, ფინანსური და შრომითი რესურსით. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ რესურსი ძვირი ღირს. ფინანსური რესურსი ძვირია, მაგრამ შრომითი რესურსი, ენერგომატარებლები, ბუნებრივი რესურსი ხომ იაფია. ეს რა არ არის საპირწონე? 30%-იანი საბაჟო ტარიფი იყო დაწესებული და რითვის? რომ “ასტრა” გამოუშვან? ქარხანა აღორძინდა და უშვებენ მშვენიერ პროდუქციას – “პირველი” მაქვს მხედველობაში, მაგრამ რა არის იმ პროდუქციაში ადგილობრივი წარმოების. ძალიან კარგად ვიცნობ თამბაქოს, კონიაკის, ალკოჰოლის მრეწველობას და არ შეიძლება კონიაკზე გვინდოდეს 5 დოლარიანი ბარიერი, მაგრამ საკონიაკე სპირტი შემოდიოდეს 0-ით, მაშინ გლეხმა რა ქნას? ჩვენ გავხსენით ჩვენი 5 მილიონიანი ბაზარი და მივიღეთ 6 მილიარდიანი მსოფლიო ბაზარი. შეიძლება მწარმოებელმა ეს ორი პარამეტრი შეადაროს? ჩვენი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველოს პროდუქცია, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგზოტიკურია, ისე შედის ბაზარზე. ვიღაცისთვის ეს უკვე სიკეთეა, რომ სიახლის გამო ყიდულობს მსოფლიო ამა თუ იმ პროდუქციას. ჩვენ თუ წარმოება არ გვინდა, არ გვინდა ინვესტორი, გვინდა ჩვენს საწარმოში 100%-იანი კაპიტალი გვქონდეს, მესაკუთრეც და დირექტორიც თავად ვიყოთ, არავინ დავიქირავოთ და პრეტენზია გაგვაჩნდეს, ბაზარი დაკეტოს სახელმწიფომ ისე, რომ მარტო თავად იყოს კარგად, ეს არასდროს იქნება სიკეთის მომტანი! ეს უკვე აზროვნების დეფიციტია და, ხშირ შემთხვევაში, უბედურება ისაა, რომ ფინანსური არა, მაგრამ აზროვნების დეფიციტის გამო ცდილობს ადამიანი ძველი ტრადიციისამებრ ფინანსური მაქინაციებით შეინარჩუნოს მდგომარეობა და საზოგადოებას თავს მოახვიოს თავისი აზრი. არ შეიძლება ქვეყანა გამოდიოდეს 2-3 ადამიანის ინტერესებიდან. არ შეიძლება პოზიციას არგუმენტად დაურთო საკუთარი წარმოება, ეს ნიშნავს პრობლემის ძალზე ვიწრო ხედვას.

ქვეყანაში საბაჟო ტარიფები არ მუშაობს არც 0, არც 12%-იანი და 52%-იანი. რომელი საბაჟო პოლიტიკის განხორციელებაზეა საუბარი, სანამ გვაქვს ერგნეთი, ვიდრე იქნება აფხაზეთის პრობლემა თუ წითელი ხიდი, დაუცველი ეკონომიკური სივრცე, პოლიტიკურად მოუგვარებელი საკითხები. განა 5%-იან საბაჟო გადასახადს იხდის ვინმე? 99% ხორბლის პროდუქციისა კონტრაბანდული რომ არის, ამას საბაჟო ტარიფების დარეგულირება უშველის მხოლოდ? პირიქით, ბოლომდე უნდა გახსნა სივრცე, როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, უნდა გაიხსნას საზღვარი, რომ ხელი შეეშალოს კორუფციას, არაკონკურენტულ მდგომარეობას და ქვეყნის შიგნით დარეგულირდეს ბაზარი, რაც უფრო იოლია, საკუთარ ქვეყანაში მაინც დავამყაროთ წესრიგი. თუ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდი დიდი სახელმწიფოების მხრიდან, “დიდი ძმის” გამო ვერ ახერხებ პოზიციის დაცვას – შეიძლება, რომ რუსეთიდან თავისუფალი ვაჭრობის გამო ხორბალი შემოდიოდეს ნულოვანი რეჟიმით, მაგრამ რუმინეთიდან შემოდიოდეს 12%-იანი გადასახადით? ამერიკაზე აღარაფერს ვამბობთ. თანაც რუსეთიდან შემოდის 20 ტონიანი მანქანით, იქიდან კი 20 ათას ტონიანი გემით, რაც ბევრად უფრო იაფი გამოდის.

ჩვენ ემოციებს ვაფრქვევთ, ძირითადად, კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. არ შეიძლება სოფლის მეურნეობა გლეხის მიერ მოყვანილ მოსავალზე დაიყვანო. სასუქები არ უნდა შემოვიდეს გათავისუფლებული რეჟიმით? იგივე შხამქიმიკატები თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გვირჩევნია რომ ტრაქტორზე იყოს 12%-იანი გადასახადი, მაგრამ ამავე დროს, ღვინოზე გვქონდეს 5 დოლარიანი ბარიერი. როგორ შეიძლება ასე მსჯელობა და აზროვნება. იგივე ლუდს რომ ვაწარმოებთ, ყველა ძირითადი კომპონენტი უცხოეთიდან შემოდის და გვინდა, რომ იქიდან შემოტანილ მასალაზე ნულოვანი გადასახადი იყო და ლუდის შემოტანის დროს იყოს, ვთქვათ, 100%-იანი? რატომ? ადგილობრივი წარმოება ისედაც გამარჯვებულია თუ ხარისხიანია. მომხმარებელი შენს მხარესაა, თუ მის ინტერესებს ითვალისწინებ. ბევრს ეზარება ფულის დახარჯვა მოსახლეობისთვის განმარტებების გაკეთებაში, მაგრამ დღეს “ბორჯომი” არავის ეშლება და კარგად არჩევს ნამდვილს ფალსიფიცირებულისგან. სოციალური პოლიტიკით დემაგოგია კიდევ სულ სხვა რამეა. “ნაბეღლავი” საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ დაიკავა ბაზარი, რადგან ახალგაზრდა ხალხია, სხვაგვარად მუშაობენ. თბილისშიც არ ისხმევა, მაგრამ თბილისის ბაზარზე სერიოზული ადგილი მოიპოვა.

ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი ჩვენვე ვართ. არ შეიძლება ასე ვაზროვნებდეთ, რომ ჩამოსასხმელი კონიაკი იყიდებოდეს მაღაზიაში და ამგვარი მოვლენების დაკანონებას ცდილობდე იმ მიზნით, რომ არ შემოვიდეს თავისუფალ ბაზარზე კონკურენტი. კონკურენცია უნდა იყოს.

მსო-ში შესვლა იყო სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ინვესტორების მოსაზიდად. ზოგს კი ჰგონია, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი დამოკიდებულია მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. სინამდვილეში ის დამოკიდებულია მსოფლიო ინტეგრაციაზე, როცა ჩამოვა ამერიკელი ინვესტორი, კახეთში მეღვინეობაში ჩადებს თანხას, დაამზადებს ღვინოს და გაიტანს. ის, რომ ჩამოვიდეს და ჩვენს 5 მილიონიან ბაზარს უყუროს, არ მოხდება. ზოგადად ფული საქართველოშო სხვანაირად არ შექმნილა. ინტეგრირებული უნდა იყო მსოფლიოსთან საერთაშორისო ვალდებულებებით და ხელშეკრულებებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ მოგინდეს (როგორც ჩვენს არაერთ თანამემამულეს გაუკეთებია) და გააგდო ინვესტორი. გვავიწყდება, რომ ლონდონის უმთავრესი გაზეთის მფლობელები იაპონელები არიან, როკფელერ-ცენტრი იაპონელებს აქვთ ნაყიდი.

როცა საბაჟო კოდექსი მივიღეთ, თვითონ კოდექსში იყო ჩაწერილი, რომ დაახლოებით 53 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა ყოფილიყო. დღემდე არის სულ 7 თუ 8. სამინისტროში მუშაობის დროს ბევრს ვცდილობდი კოლეგებთან ერთად, რომ შეგვემუშავებინა, რამდენიმე მაინც, მაგრამ იყო ობიექტური თუ სუბიექტური სირთულეები. სანამ საბაჟო პროცედურები არ გამარტივდება, სანამ საბაჟოს თანამშრომელს ექნება საშუალება, რომ თავისი განწყობით შექმნას ბარიერი, ყოველთვის Gგვექნება სირთულეები. დღეს საბაჟო პროცედურების გამარტივების ყველა ბერკეტი არსებობს. არ შეიძლება ბიზნესმენი დარბოდეს თბილისს, ფოთსს და ქუთაისს შორის. ავტომატურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს პროცედურები. მაგრამ დღეს ჩვენ თუ გვაქვს სირთულე, მის აღმოფხვრას კი არ ვცდილობთ, ვეძებთ მეორე სირთულეს, ვითომ მის დასარეგულირებლად. დღგ-ის ანგარიშფაქტურა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. გაუმართლებელი იყო მისი შემოღება 1997 წელს, ჩვენ თანდათან გავართულეთ და საბოლოოდ მივიღეთ მონსტრი, რომელიც აქცევს ბიუჯეტს. იგივე ითქმის საბაჟო პროცედურებზე, რეჟიმებზე. ჩვენ გვაქვს ადამიანური ინტერესებიდან გამომდინარე უამრავი კანონდარღვევა და ვითომ მათ დასაფარად ვიღებთ უამრავ სულელურ დოკუმენტს, რითაც უფრო და უფრო ვართულებთ პროცედურებს.

პოლიტიკა, რომელიც იქნება საგადასახადო კანონმდებლობაში, არ შეიძლება შექმნას აღმასრულებელმა ანუ საგადასახადო დეპარტამენტის არც ერთმა თანამშრომელმა. ისინი, შესაძლოა, უნდა გამოიყენო კიდეც ექსპერტებად. ასევე მეწარმეებიც, მაგრამ ამ დოკუმენტებს უნდა ქმნიდნენ აბსოლუტურად თავისუფალი და მხოლოდ ცოდნით შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც უყურებენ ქვეყნის სტრატეგიას და არ არიან დატვირთულნი ფულის ამოღების მექანიზმებით. როგორც კი კანონს ბარიერის შესაქმნელად ვქმნით, იქ მაშინვე ჩნდება ფულის ამოღების მექანიზმი ან ჯიბისთვის, ან სახელმწიფოსთვის. ეს არ არის პოლიტიკა. საზოგადოების ინტერესია – გამარტივება, რომ ადამიანს ჰქონდეს გადახდის სურვილი და ფიქრობდეს ბიზნესის აწყობაზე და არა ბიზნესის მოგვარებაზე. ჩვენთან დღეს სახელმწიფოც და ბიზნესმენიც პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს და არა პრობლემის გაუქმებაზე, რაც გარიგების საფუძველია. სწორედ ეს საფუძველი უნდა მოისპოს. ჩვენ იმიტომ არ მოგვწონს მსოფლიო ინსტიტუტების დავალებები და რეკომენდაციები, რომ სწორედ გარიგების ელემენტი არ არის მასში.

ბალტიმორის საბაჟოში მუშაობს 15 ადამიანი და იმ საბაჟოდან სახელმწიფო შემოსავალს წელიწადში 300-350 მლნ. დოლარს ღებულობს. და ეს 15 ადამიანი მუშაობს კონტრაბანდაზე, ნარკოტიკზე და ყველაფერზე, რადგან აპარატი არის გამართული.

ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მისდევს მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს მეტ-ნაკლები სერიოზული ალბათობით და თუ ვერ მისდევს, მთავრობა უშლის ხელს, ეს არის ეროვნული ბანკი. ამიტომაც გვაქვს ეკონომიკის ადეკვატური კურსი, ამიტომაც არის ლარი სტაბილური.