რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

საქართველოში გაუთავებელი და ყოვლისმომცველი კამათის ხანაა. კამათობენ ეკონომისტები, ეს კოდექსი ჯობია საგასახადო სისტემის გასაუმჯობესებლად თუ ის, ეს მოდელი ჯობია ეკონომიკისათვის თუ ის, ეს ექსპერტი უფრო კომპეტენტურია, თუ მეორე და ა.შ.

ანალოგიურადაა პოლიტიკაშიც – ნამდვილი გაგანიაა. კამათობენ ყველაფერზე. კამათობს ყველა და თანაც ყველგან – პარლამენტში, მთავრობაში, ქუჩაში, სამზარეულოში, ბორდელში და თქვენ წარმოიდგინეთ, კამათი იმიტომ კი არ ბატონობს, რომ ბერძენი ფილოსოფოსების ნოსტალგია მოგვეძალა და ჭეშმარიტების ძიების წყურვილი გვკლავს, არამედ ხშირად შური და მერკანტილიზმი გვამოძრავეებს, სასმელების კონტრაბანდისტი ვითომ თვითონ ებრძვის კონტრაბანდას, არჩევნების ოსტატური გამყალბებელი ფალსიფიკაციას, სეპარატისტი – სეპარატიზმს, დემაგოგი თითქოს დემაგოგიას უმკლავდება და კურტიზანი ილაშქრებს პროსტიტუციის წინააღმდეგ. ნამდვილად მეორედ მოსვლაა!

ერთი იდეა დამებადა: ქიმიკოსი რომ ვიყო, მასობრივი განადგურების იარაღს გამოვიგონებდი და რადგან არა ვარ, სამეზობლოში უნდა მოვიპარო, რათა ჩემს ქვეყანას ყურადღება მიაქციონ და ისე გვეშველოს, როგორც ერაყს ეშველა, ასე უცებ, სამ კვირაში ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა, ჩვენ კი…

ჩვენ, ღვთის წყალობით, აღდგომას ვხვდებით და იმედი გვაქვს, საქართველოში გაიმარჯვებს განათლება, კომპეტენტურობა, პროფესიოინალიზმი და არ მოგვიწევს რეგვენებთან კამათი.

ღმერთო, შენ გაანათე და გაანათლე ჩემი ღუღუნა ქვეყანა!