რატომ ბრალდება კეინსს თბილისში გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა

ემზარ ჯგერენაია

“სპინოზას ღმერთი განწირულია მუდმივი ცვლილებებისათვის”
“სამკუთხედისათვის სრულიად შემთხვევითია, რომ ის მართკუთხაა”
იმანუელ კანტი, მეტაფიზიკა, გვ. 356, 367.
“როგორ გინდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქს დააღირა მახვილი”
ბიბლია, სიბრძნე ზირაქისა, თავი 46, გვ. 645.
“წყალივით იდინოს სიმათლემ და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადად”
მოსე წინასწარმეტყველი, თავი 5, გვ. 833.

გაზაფხულთან ერთად ახალი თავსატკივარი და საფიქრალი გაუჩნდათ თბილისელებს, რატომ გადაიქცა სამკუთხედი წრედ? ვინ არის დამნაშავე? რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ? ერთნი ამბობენ, მერია საარჩევნოდ რეკალამას იკეთებსო (ისე, კაი ბილბორდი იქნებოდა ჩემმა მზემ), სხვები სამკუთხედს აბრალებენ, მოსწყინდა სამკუთხედობა და წრედ გარდაიქმნაო (არადა, როგორც კანტი ამბობს, ეს სულაც არა არის სამკუთხედის ბრალი, სრულიად შემთხვევითობაა და თანაც, მეტაფიზიკის კანონების დაცვით შესაძლებელია თურმე) ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ სულაც ჯონ მეინარდ კეინსის ბრალი ყოფილა, მას ეკუთვნის იდეა და ახალგაზრდა ნეოკეინსენიალებმა განახორციელეს.
მესმის, ეს საპირველაპრილო ხუმრობა ეგონება ჩემს ძვირფას მკითხველს, არადა, სხვა საფიქრალი არ აქვთ ქალაქელებს. ბევრი მათგანი ამბობს, ეს ხევი სულია თბილისის და თქვენ შეიძლება სხეული გეკუთვნოდეთ, მაგრამ არა სულიო. ყველაზე მეტად კეინსის ხსენებამ დაბნია ხალხი, რას გვერჩოდა ეს კეინსიო (აცხონოს ღმერთმა), იქ მთელი მსოფლო გადარია, ახლა ჩვენამდეც მოვიდაო! საქმე იმაში გახლავთ, იმ ცხონებულმა ანდერძი დატოვა თურმე, რომლის მიხედვითაც ხიდებზე, ესტაკადებზე და მაგისთანა სარეკლამო “რაღაცეებზე”” დახარჯული თანხა ერთი ხუთად ბრუნდება ეკონომიკაში. წარმოიდგინეთ, 2010 წელს მასეთ საქმეზე 750 მილიონია გადადებული და ეს რომ 5-ზე გავამრავლოთ, 3,5 მილიარდს მივიღებთ, რაც ჩვენი ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედია!!! მაგარი ფორმულაა!!! ღირს ამისთვის ტანს დასჯერდე და სამკუთხედი წრედ გადააქციო. ამბობენ, ავადსახსენებელი დიდი დეპრესიის დროს ასე დაუწყიათ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზის მშენებლობა შტატებში და პრერიების სული კი ვერ დაიპყრეს, მაგრამ ამერიკა გადაარჩინეს.არ გჯერათ? ჰკითხეთ ამერიკლებს!
თქვენს თვალებში ვხედავ, რომ არ გჯერათ ჩემი, არც კეინსისა და კანტის – უნებლიედ რომ მოუვიდა სამკუთხედს და არც მეტაფიზიკის კანონების, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ხიდის მშენებლობის შემდეგ ერთ-ორად გამძაფრდა თბილისის მერობისთვის ომი.
ყველა მოადგა ქალაქს და იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკის 2/3-ია, აპირებენ მერის არჩევნების შემდგომ კანონი შეცვალონ და ქვეყანაში მერი გახდება ძირითადი პოლიტ-ეკონომიკური ფიგურა. იგი გადასახადებს შეცვლის, წყალს უფასოდ მოგცემთ და შუქს – 5 თეთრად და სსრკ-სა და ანაბრებს დააბრუნებს – ეს ხომ გჯერათ? აბა, კეინსმა რა დააშავა, იმისი რატომ არ გჯერათ. კი ბატონო, სული თქვენი იყოს და მეტაფიზიკა, ეს ხიდი, სხეული და მულტიპლიკატორი დათმეთ, თუნდაც სარეკლამო ბილბორდად უნდოდეთ. წარმოგიდგენიათ, რამდენი არჩევნებიც იქნება საქართველოში თითომ თითო ესტაკდა რომ აიღოს, რას აშენდება ეს ქვეყანა?
ისე, ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ხიდის ტანი არ მოეწონა, მეორეს – სული, ხიდსაც აქვს სული? – ალბათ, რადგან ამბობენ, სულიცა აქვს, ნამეტანი დახვეწილი, სრიალა ტანი აქვსო, შორენა ბეგაშვილივით პლასტიკური ექნება გაკეთებულიო, მეორემ, მაგ ხიდის სული არ იქნება სუფთა – ცირკის მიმდებარე ტერიტორიის თავზე ტრიალებსო.
ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მაგ მშენებლობას ცირკის მიმდებარე ტერიტორიის ბინადრები ლობირებენ, წვიმის დროს რომ არ დასველდნენო, ამის შემდეგ ხიდის ქვეშ კომფორტულად იქნებიანო, რა ვიცი, შეიძლება სიმართლეა. გამოდის, ხიდს სოციალური ფუნქციაც ჰქონია! ახლა ხიდის ქვეშ დამწკრივდებიან და აქამდე თუ ვმღეროდით “მდინარე ხიდს ქვეშო”… დღეის იქით ვიმღერებთ, “ქალები ხიდს ქვეშ”…
ღმეთმა აცხონოს კეისნის სული, მაგათზეც იზრუნა! მიხვდით მისტიურობას მეტამორფოზისა – წრე, ქალები და მარადიულობა, ისე, როგორც კეინსისა და მისი მულტიპლიკატორის?მიხვდით, რა შუაშია კეინსი და გმირთა მოედანზე ხიდი? მგონი უტყუარი არგუმენტია, ეკონომიკურის გარდა, სოციალურიცაა და ამას წყალი არ გუავა.
ამ გაზაფხულზე ყველა მოადგა ქალაქს და “როგორ გინდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქს დააღირა მახვილი”.
ხიდი კი შენდება თავისთვის, აღსდგა აღდგომის ჟამს, სული არ ვიცი, მაგრამ მისი ტანი, როგორც ცირკის მიმდებარე ტერიტორიის ქალებისა, ყველა თბილისელის იქნება და ასევე, კარგი მაგალითი საარჩევნო პროპაგანდისა და მეტამორფოზის, რომელსაც ყველა გაზაფხულივით ველოდებით!
ასე რომ, ნურავის გაკიცხავთ, ყველაფერი კეინსის ბრალია!