გიორგი ჩოგოვაძე ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ისა და კომპანია TAV-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ავიაკომპანია El Al Israel Airlines ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. რეისების შესრულების დეტალები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ის და კომპანია TAV-ის წარმომადგენლებთან განიხილა. საჰაერო მიმოსვლა თელ-ავივსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელ-ავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 737-900“ ტიპის ლაინერებით შესრულდება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2014 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ-ათეულში ისრაელი მე-6 ადგილს იკავებს.
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში აქტიური მედია კამპანია ჩაატარა. მისი თქმით, მარკეტინგული კამპანია წელსაც გაგრძელდება.
აღმოსავლეთ ევროპაში El Al Israel Airlines-ის რეგიონალური მენეჯერის იგორ ვაისბურგის განცხადებით, პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დიდი იმპულსი იქნება საქართველოსა და ისრაელის ტურიზმის განვითარებისათვის.