სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირების წესებზე მუშაობს
უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგებასა და დრონების მფლობელთა პოზიციების გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პირველი ღია შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სააგენტომ დაიწყო დრონების მფლობელების/ოპერატორების იდენტიფიცირება, რაც საავიაციო სისტემაში მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ამასთან მარეგულირებელი ნორმების მიღებამდე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამართავს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ პირთან თუ კერძო ჯგუფთან მათთვის მისაღებ ფორმატში.
საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირების მიზნით, რეკომენდაციები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2015 წლის სექტემბერში გამოსცა.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების მიღება სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს. ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების რეგულირების აუცილებლობა განაპირობა, დრონების იაფი და მარტივი ხელმისაწვდომობის გამო მფლობელთა რიცხვის სწრაფმა ზრდამ, რომლებიც არ არიან ინფორმირებული იმ შესაძლო რისკების შესახებ, რაც თან ახლავს აპარატების გამოყენებას, ასევე ბოლო წლებში შემაშფოთებლად გაიზარდა თვითმფრინავების პილოტების მხრიდან, დრონების სახიფათო მიახლოვებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რიცხვი.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების სამართლებრივი რეგულირება ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის უფრო ფართო სპექტრით გამოყენებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა, ნავთობის, ელექტრო და ბუნებრივი აირის მილსადენების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის შემოწმება, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მომსახურება, სარელეო უკაბელო კავშირის და სატელიტური სისტემების მხარდაჭერა, ბუნებრივი რესურსების მონიტორინგი და ა.შ.
წესების შემუშავების პროცესში, სააგენტოს სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა. ანალიზის შედეგად, ყველაზე ოპტიმალურად ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს კონცეფცია („EASA Regulatory Framework for the Operation of Drones“) იქნა მიჩნეული, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივ რეგულირებას გულისხმობს.
აღნიშნული მოდელი დრონების ღია, სფეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას ითვალისწინებს, რაც ვალდებულებების პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.
ღია კატეგორიაში მოიაზრება დრონები, რომელთა ექსპლუატაცია უნდა მოხდეს წესით დადგენილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში. აღნიშნული კატეგორიის უპილოტო საჰაერო ხომალდებს სააგენტოს ავტორიზაცია არ ესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში, თუ დრონების ოპერატორებს, საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ექნებათ დადგენილი ლიმიტების მიღმა ოპერირების სურვილი, ისინი მოხვდებიან სფეციფიკურ კატეგორიაში, რაც გულისხმობს უსაფრთხოების დონის შეფასებასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს, ცოდნასა და სააგენტოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს.
რაც შეეხება სერტიფიცირებული კატეგორიის დრონებს, ისინი წარმოადგენენ როგორ წონით, ისე ოპერაციების ხასიათით მაღალი რისკის კატეგორიას და საჭიროებენ ყველა იმ პროცედურების დაცვას, რაც ვრცელდება პილოტირებად საჰაერო ხომალდებზე.