ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა
2016 წელს საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა პირველად ჩატარდა. კვლევა თიბისი ბანკის ინიციატივითა და კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია თიბისი ბანკის სათაო ოფისში 22 აპრილს გაიმართა.
როგორც თიბისი ბანკში განაცხადეს, კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.
კვლევა საქართველოს 7 დიდ ქალაქში ჩატარდა და მასში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS-მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ ADB-ს და OECD-ის მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადდა.
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, კვლევის 4 ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე:ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომლებიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით. კვლევის შედეგად დადგინდა ფინანსური განათლების სამი ინდექსი: დაბალი, საშუალო და მაღალი.
როგორც კვლევის შედეგებით ირკვევა, გამოკითხულთა 79% არ ზრუნავს საკუთარ სიბერეზე. გამოკითხულთა 45% თანხას ზოგავს ნაღდი ფულის სახით. რაც შეეხება საბანკო სექტორის მიმართ ნდობას ის 29%-ით მაღალია მაღალშემოსავლიან სეგმენტში (2000-3000 ლარი), ვიდრე დაბალშემოსავლიან სეგმენტში (0-500 ლარი). რაც შეეხება ფინანსური განათლების ინდექსს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 52%-ის ფინანსური განათლების დონე დაბალია, 42%-ის საშუალო, ხოლო 6%-ის მაღალი.