ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა
,,ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობა“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის,აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. “არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება. რესურსების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას, ასევე რესურსების სამართლიან გადანაწილებას თაობებს შორის“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება განათლება. მომდევნო წლებში გაიზრდება განათლების დაფინანსებაზე მიმართული სახსრები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული განათლების ხელშეწყობას.