დიმიტრი ქუმსიშვილი: „მთავრობის ხედვაა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქციოს“
EuroDIG 2018 ფორუმის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ ძირითად ხედვებზე და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობას აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის გასავითარებლად მთავრობის ხედვაა, აქციოს ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად, სადაც იქნება მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა.“ ამ კონტექსტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა როგორც სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ცენზურის, საავტორო უფლებების დაცვის და მავნე ზემოქმედებისაგან ბავშვთა დაცვის საკითხებს, ასევე სასწავლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით „ფორუმზე განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც არის ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, ინტერნეტის ცოდნის გაღრმავება, ბავშვების უფლებების დაცვა ინტერნეტში, კიბერ უსაფრთხოების საკითხები“. ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, რომლებიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარეობს. „ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას და პროექტი ყველასთვის ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენ შერჩეული გვაქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ეს არის რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მიმართულება, სადაც ამ წუთში არის ღია ტენდერები გამოცხადებული და რეალურად მათი დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობის პროცესი“ – აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ისაუბრა ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ელექტრონული მმართველობის პლატფორმების შექმნის მნიშვნელობაზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების თვალსაზრისით: „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო სრულად ჰარმონიზებულია ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის სტანდარტებთან. ელექტრონული მმართველობის პლატფორმები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამსახურების ერთმანეთთან ინფორმაციის უსაფრთხო და დაჩქარებული გზით გაცვლას და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების რაოდენობის ზრდას. ჩვენი ამოცანა მარტივია – ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ და ყველას მივცეთ შესაძლებლობა ამ ქვეყანაში ისარგებლოს ინტერნეტის საშუალებით მომსახურების უპირატესობით.“
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიზნებიდან გამოდინარე, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ინიციატივით შემუშავებულ სასწავლო პროგრამებზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით IT სპეციალისტებისთვის ტარდება სასწავლო პროგრამები ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრულ წიგნიერებაში. „ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით. ტარდება საქართველოს ეროვნული დიალოგი ინტერნეტ მმართველობაზე – GeoIGF, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში არსებულ ყველა მონაწილეს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გახსნილია სხვადასხვა ფორმატში ყველა დაინტერსებული მხარის მონაწილეობით დისკუსიისთვის. GeoIGF-მა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ჩემი აზრით, სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა ის, რომ დღეს EuroDIG 2018-ს თბილისი მასპინძლობს.“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.