საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს
2018 წლის 27 ივნისს, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღნიშნული პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ითვალისწინებს 210.4 მლნ SDR-ის (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფას ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 30 მილიონ SDR-ს (42.25 მილიონი აშშ დოლარი). დარჩენილი თანხას ქვეყანა მიიღებს პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი წლის მანძილზე, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
სხდომის დასასრულს, ბატონმა ტაო ჟანგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა:
“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სსფ-ს პროგრამის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოსთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი შესრულდა, ამასთან, მათი უმეტესობა გადაჭარბებით. ასევე შესრულდა სტრუქტურული ორიენტირების უმეტესი ნაწილი.
ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პოზიციები გაუმჯობესდა, ხოლო სახელმწიფო ვალი განაგრძობს შემცირებას. მნიშვენელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საბაზრო მერყეობის მიმართ. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარჩენილი მოწყვლადობების მოსაგვარებლად და უფრო მაღალი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ფრიად გამოადგა საქართველოს და არსებული რეჟიმის გაძლიერებაზე ზრუნვა კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა განაგრძოს დაკვირვება ფასებსა და ხელფასებზე მოქმედ ფაქტორებზე ისევე, როგორც მონეტარულ და ფინანსურ პირობებზე, რათა კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის გატარება.
პროგრამის ფარგლებში გატარებულმა ფინანსური სექტორის რეფორმებმა გააძლიერა ფინანსური ზედამხედველობა და რეგულირება. თუმცა, კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც, მათ შორის მოიცავს სტრესის მართვის პროცედურების დახვეწას და ბანკების რეზოლუციისა და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების ჩარჩოების შექმნას.
ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა დაჩქარდეს, რათა საშუალოვადიან პერიოდში კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა. იმ რეფორმების გატარება, რომლებიც გაზრდის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და გააუმჯობესებს განათლებასა და კონკურენტუნარიანობას, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა”.
წყარო: www.nbg.gov.ge