FED-ის ჯადოსნური სიტყვები
მოამზადა ლინა ეპიშევამ
გასულ თვეს წინანდელი ტენდენციების განვითარება გრძელდებოდა. მსოფლიოში ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა, მაგრამ ამას უკვე არსებულ ტენდენციებში რაიმე კარდინალური გარდატეხა არ მოჰყოლია. გეოპოლიტიკური რისკი ახალი ამბების ფონად კვლავ პრევალირებდა, რამაც ბაზრის მონაწილეები ამერიკულ აქტივებში ფულის დაბანდებისადმი სკეპტიკურად განაწყო. დოუ ჯონსის ინდექსმა 10,000 პუნქტი გადალახა. დოლარმა კვლავ განაგრძო ვარდნა და სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ისტორიული მინიმუმი აჩვენა.
ამხედრო-პოლიტიკური მოვლენები ჩვეული რიტმით ვითარდებოდა. მართალია, მასმედიის მიერ მათი გაშუქების ინტენსიურობა დაეცა, მაგრამ შტატების ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა ცხელი წერტილების საინფორმაციო ბლოკადა მოეწყო. ამიტომ, ფრონტიდან ინფორმაცია არასრული ხასიათის იყო: ხან კენიის და საუდის არაბეთის მხრიდან ტერაქტების საშიშროება იზრდებოდა, ხან ამერიკელები ავღანეთში ბავშვებს ბომბავდნენ, ხანაც ერაყში მორიგი აფეთქებების სერია იყო.
აგიტაციური პროპაგანდის მანქანამ არჩევნების მოახლოვების გამო სრული დატვირთვით უნდა იმუშავოს. ამ დროს კი, პრეზიდენტმა ბუშმა მადლიერების დღე სრული პროგრამით აღნიშნა, მოაწყო ბრწინვალე ვოიაჟი ბაღდადში, რომლის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი: “გამარჯვებულების” კოალიციის მეთაური ფარულად ჩაფრინდა ბაღდადში მაშინ, როდესაც ამერიკული მასმედია გულაჩუყებული საუბრობდა იმაზე, რომ ბუში თავის რანჩოზე ტეხასში ინდაურს მიირთმევდა. საზეიმო ვიზიტი ორსაათნახევარი გრძელდებოდა. ამერიკის პრეზიდენტს ბაღდადის აეროპორტის საზღვარი არ გადაუკვეთია: მან მოულოცა ამერიკელ ჯარისკაცებს მადლიერების დღე და შემდგომ სასწრაფოდ დაბრუნდა ამერიკაში, რაზეც ბუშის ერთგულმა ხალხმა დიდი აურზაური ატეხა, ცოტა ხანში ნისლი გაიფანტა და არც თუ ისე დადებითი ხასიათის კომენტარები გაკეთდა: ერაყის დროებითმა მთავრობამ ამ ვიზიტის შესახებ მწუხარება გამოთქვა, ხოლო საღად მოაზრონვე დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ ბატონ ბუშს ამით წინასაარჩევნო მარათონისთვის ქულების დაგროვება სურდა – უნდოდა დაესწრო ჰილარი კლინტონისათვის, რომელიც ერაყში ვიზიტს მომდევნო დღეს გეგმავდა. როგორც ჩანს, ბუშისგან გმირი არ გამოვიდა, ხოლო მისი მცდელობა, ეჯობნა რუზველტისთვის, რომელმაც 1941 წლის მადლიერების დღე ოჯახურ წრეში გაატარა, ძალიან უფერული აღმოჩნდა. საერთოდ, ეს ყველაფერი ახლანდელი აშშ-ის ადმინისტრაციის ნებისმიერი ხმაურიანი ღონისძიების ჩვეული შედეგია.
კიდევ ერთი პატარა შტრიხი თემაზე. როგორც ცნობილია, იაპონია აპირებდა ერაყში 1200 ჯარისკაცის გაგზავნას. საპასუხოდ ალ-ქაიდას გაფრთხილება გაისმა, რამაც ტოკიოს ბირჟაზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. იაპონელებმა მდგომარეობა გააანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა ერაყში ჯარისკაცების გასაგზავნად შეუფერებელი დროა. ამის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ერაყში გაეგზავნათ არა ჯარისკაცები, არამედ… ფეხბურთის ბურთები. მოტივირება ბრწინვალე იყო: უბრალოდ ერაყელებისთვის მშვიდობა საუკეთესო საჩუქარია, ხოლო სადაც მშვიდობაა, იქ ფეხბურთიცაა – გაერთონ ბავშვები! საყოველთაო სურეალიზმი ნელ-ნელა გლობალურ საგიჟეთს ჰქმნის.
ფეხბურთი ფეხბურთია, მაგრამ იაპონიის რეაქცია მოსალოდნელი იყო: მდგომარეობა ტოკიოს ბირჟაზე გამოსწორდა და Nikkei-მ 10000 პუნქტს გადააჭარბა.
ამ თვის ეკონომიკურ მონაცემებში არსებობს ორი მნივნელოვანი ფაქტორი – ჰუსეინის დაპატიმრება და ამ ამბავზე ბაზრის რეაგირება. სადამის დაპატიმრებამ ერაყში და მთელ მსოფლიოშიც ეიფორიის ტალღა გამოიწვია. მაგრამ, გუშინ, როცა შეწყდა ჰაერში სროლა და გაიფანტა საზეიმო ფეიერვერკი, აღმოჩნდა, რომ დიქტატორის დაპატიმრება უფრო მეტ კითხვებს ტოვებს, ვიდრე პასუხებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ მოხდა ერაყელების ყოფილი ბელადი უცნაურ 2,5-მეტრიან ჭაში, იმოქმედებს თუ არა მისი დაპატიმრება ერაყში პარტიზანულ ომზე. დაბოლოს, რა მოელის ამ #1 მსჯავრდებულს. სავარაუდოდ, აშშ ყველა ღონეს იხმარს, რათა სასამართლო ერაყში ჩატარდეს. საერთაშორისო ტრიბუნალზე შეიძლება ბევრი რამ გაირკვეს, მაგალითად, 1963 წლის გადატრიალება, რომლის შედეგად, როგორც ამბობენ, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ჩარევით, “ბაასის” პარტიამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აგრეთვე ვაშინგტონის სავარაუდო მხარდაჭერა ჰუსეინის მიერ ჰომენისტური ირანის წინააღმდეგ ომის გაჩაღების დროს, ანდა 1980 წლებში ერაყის მიერ ამერიკული იარაღის შესყიდვა. მაშინ მოწმის სახით დონალდ რამსფელდს მოუწევს გამოსვლა, რომელიც ბაღდადში ჰუსეინთან მოსალაპარაკებლად პირადად ჩამოვიდა. სავარაუდოა, რომ ერაყის სასამართლო სადამს ამაზე არაფერს ჰკითხავს.
ჰუსენის დაპატიმრებას ნავთობის მსოფლიო ბირჟებზე რაიმე გრძელვადიანი კლების ტენდენცია არ გამოუწვევია. ეს მოვლენა ერაყში ნავთობინდუსტრიის აღდგენის ტემპებზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს. ამერიკულ “მჩატ” ნავთობზე ფიუჩერსული კონტრაქტები იანვრის მიწოდების ვადით NYMEX-ის ბირჟაზე ბარელზე 33,18 დოლარამდე გაიზარდა (+0,14 დოლარი). IPE-ზე Brent მარკის ნავთობის თებერვლის კონტრაქტი ბარელზე 30,25 დოლარს აღწევდა (+0,08 დოლარი).
საინტერესოა, თუ რა რეაქცია მოჰყვება ამ მოვლენას მსოფლიო ბაზარზე. სავარაუდოა, რომ აქციათა კურსი უფრო აქტიურ რეაგირებას მოახდენს, ვიდრე დოლარი, რომლისთვისაც ეს, უბრალოდ, მოკლევადიანი კორექციის მიზეზი გახდება. “მიუხედავად იმისა, რომ ჰუსეინის დაკავება მთავარ პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს, ის ვერ შეცვლის შეხედულებებს 2004 წლის ეკონომიკაზე და მოგებებზე და ტერორიზმის რისკსაც ვერ შეამცირებს,” – განაცხადა First Albany Corp.-ის მთავარმა საინვესტიციო მენეჯერმა.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზრებზე ახლანდელ მოვლენებს, აქ მთავარ ინტრიგად ამერიკული დოლარი რჩებოდა. მაგალითად, მისი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება რუსეთის ბანკისთვის ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა: ბანკმა ინტერვენციებზე რუბლი საკმაოდ დახარჯა, ასე რომ, კომერციული ბანკების ლიკვიდობა მკვეთრად გაიზარდა. ამის შედეგად, ბანკთაშორისო კრედიტების განაკვეთები თითქმის ნულამდე დაეცა, ხოლო ბაზრის მონაწილეები სიამოვნებით ყიდულობდნენ რუბლებში ნომინირებულ სხვადასხვა აქტივებს. ლიდერობენ ობლიგაციები და აქციები: კორპორაციული ვალდებულებების შემოსავლიანობა 0,3%-ით დაეცა, ხოლო აქციებში უმნიშვნელო ზრდა აღინიშნებოდა. აქციათა კურსის ზრდა მთელ მსოფლიოშიც აღინიშნებოდა, ერთდაერთი გამონაკლისი nasdaQ-ი იყო, რომელმაც 2000 პუნქტს მიაღწია და შემდგომ მკვეთრად დაეცა.
რუსეთის აქციების კორექციას ხელი შეუწყო აგრეთვე ოპეკის გადაწყვეტილებამ წევრი ქვეყნებისთვის ნავთობის მოპოვების ქვოტები წინანდელ დონეზე დაეტოვებინა. ამის შემდეგ ნავთობის ფასმა ოდნავ იკლო. სამაგიეროდ, ფულის ღირებულება ზოგიერთ ქვეყანაში გაიზარდა: ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა თავისი საბაზისო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ახლა 5,25%-ს შეადგენს, კვლავ გაზარდა და ამჟამად ყველა დანარჩენი მოწინავე ქვეყნის მაჩვენებელს უსწრებს. ევრო კავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ცენტრობანკებს განაკვეთები არ შეუცვლიათ. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალურმა სისტემამ ამავე ზომას მიმართოს. ფედერალური სარეზერვო სისტემის მომდევნო სხდომის მთავარი ინტრიგა მემორანდუმის ტექსტია: იყო ასეთი ფრაზა – “ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში” დაბალი განაკვეთების შენარჩუნება. ახლა კი დადის ხმები, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ტექსტიდან ამ ბოლო სიტყვების ამოღებას აპირებს. სიტყვები კი მართლა ჯადოსნურია. მის გარეშე ბაზარი გადაწყვეტს, რომ განაკვეთები მალე გაიზრდება, რაც ბონდებისა და აქციების სწრაფ ვარდნას გამოიწვევს.
ყველაფერი მარტივია, მაგრამ ალან გრინსპენმა ტრადიციული სიფრთხილე კვლავ გამოიჩინა. ზემოთაღნიშნული ფრაზა მემორანდუმის ტექსტში დარჩა, მაგრამ FED-მა განაცხადა, რომ დეფლაციის საშიშროება შემცირდა და ინფლაციის საშიშროებას “თითქმის გაუთანაბრდა”. ეს ნიშნავს ე.წ. “ნეიტრალურ” მონეტარულ პოლიტიკას, რომლის დროს განაკვეთების ვარდნის და ზრდის შანსები თითქმის თანაბარია. მანამდე პოლიტიკა იყო “რბილი” და განაკვეთების გაზრდაზე საუბარიც კი არ იყო. ამ გადაწყვეტილებამ ბაზრის მონაწილეები ჩააფიქრა. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რას გულისხმობდნენ FED-ის ჩინოვნიკები, მაგრამ რამდენიმე დღეში კონსენსუსი მიღწეული იყო: განაკვეთები დაბალი დარჩება 2004 წლის გაზაფხულამდე, ამიტომ ობლიგაციათა და აქციათა კურსმა ზრდა, ხოლო დოლარმა ვარდნა განაგრძო.
აშშ-ში დოლარის კურსი დაბალი განაკვეთების გამო კვლავ ეცემა, რაც გასაგებიც არის: შტატებში შემოსავლიანობა ორწლიან ობლიგაციებზე 1,86%-ს შეადგენს, გერმანიაში – 2,65%-ს, კანადაში – 3,17%-ს, დიდ ბრიტანეთში – 4,42%-ს და ავსტრალიაში – 5,51%-ს. ამის შედეგად, ევრომ მორიგი ისტორიული მაქსიმუმი – 1.2185 აჩვენა, ავსტრალიური დოლარი 14 კვირის განმავლობაში იზრდებოდა და 1997 წლის შემდეგ პირველად 0.74 პუნქტს მიაღწია, ხოლო ბრიტანულმა ფუნტმა ხუთწლიანი მაქსიმუმი – 1.75 აჩვენა. მან 1998 წლის მაქსიმუმი ბოლოს და ბოლოს გადალახა. ასეთ დონეს ბრიტანულ ვალუტას ცნობილი “სოროსის ფონდის ინტერვენციების” დროიდან (1992 წლის სექტემბერი) ჯერ არ მიუღწევია. ზრდის ტენდენციამ შეიძლება ბრიტანული ვალუტა 1990 და 1992 წლის მაქსიმუმებადე მიიყვანოს (2.00-იან კურსზე მაღლა ავიდეს). წინანდელი მაქსიმუმები კანადის ბანკის უკმაყოფილობის და ქვეყნის სავაჭრო ბალანსის პროფიციტის ვარდნის გამო მხოლოდ კანადის დოლარმა ვერ გადალახა.
იზრდება ოქროს კურსიც – 412,60 დოლარი ტროის უნციაზე, ხოლო პლატინამ აჩვენა ახალი 23-წლიანი მაქსიმუმი – 900 დოლარი უნციაზე. დაბოლოს, 1997 წლის შემდეგ პირველად ამერიკული დოლარის ინდექსი 90-ზე დაეცა, თანაც ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ევრო 1,24-ის ფარგლებში იქნება, ამის შემდეგ რეალურია კურსის კორექცია 1,19-1,21-ის ფარგლებში დეკემბრის ბოლო კვირამდე. ახალ წლამდე ევრო კვლავ გაიზრდება და ახალ მაქსიმუმს მიაღწევს – დაახლოებით 1,30-1,35.
ევროს ზრდამ ოფიციალური პირების წინააღმდგეგობრივი კომენტარები გამოიწვია. ევროპული ცენტრალური ბანკის ახალმა მეთაურმა, ჟან კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ იგი ძლიერი და სტაბილური ევროს მომხრეა, ხოლო გერმანიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მწუხარება ევროს სიძვირის გამო. სამაგიეროდ, გერმანიის ეკონომიკისა და შრომის სამინისტროს მეთაურმა, ვოლფგან კლემენტმა განაცხადა, რომ ევროს კურსის ზრდაში რაიმე პრობლემას ვერ ხედავს. დაბოლოს, აშშ-ის ხაზინის უფროსმა, ჯონ სნოუმ კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება დოლარის ვარდნის გამო, ხოლო პრეზიდენტ ბუშის მიერ გამოთქმული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შტატების ხელისუფლება ძლიერი დოლარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ბაზრის მონაწილეებს სასაცილოდ მოეჩვენა.
მაგრამ, მსოფლიოს ფინანსური ხელისუფლების ასეთი ანტი-დოლარიანი კონსენსუსი მსოფლიო ეკონომიკის სხვა მსხვილ მოთამაშეებს არ აწყობთ. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა, ალ-ნაიმმა გადაწყვიტა, რომ თუ დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან და ძვირფას ლითონებთან მიმართებაში ვარდება, მაშინ ის ენერგომატარებლების მიმართაც უნდა დაეცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი აზრით, ფასები ნავთობზე და გაზზე დოლარის კურსის ვარდნის გამო იზრდება. ოპეკის ზეგავლენიანმა წევრმა იგულისხმა, რომ შესაძლებელია ფასების ევროში ან სხვა ვალუტაში გადაყვანა, რათა ამით მათი სტაბილურობა შეინარჩუნოს. რასაკვირველია, ასეთი პერსპექტივა აშშ-ს არ აწყობს, ამიტომ, მოსალოდნელია რთული კოლიზიები. სხვათა შორის, დოლარის ვარდნაში თვით ნავთობის კარტელმაც შეიტანა წვლილი: როგორც ცნობილია, ოპეკის ბევრმა ქვეყანამ დოლარის მარაგის რეპატრიაცია სხვა ვალუტებში ნომინირებულ აქტივებში დაიწყო – უპირველეს ყოვლისა, ევროსა და ფუნტში.
ბოროტი ენების შემოთავაზებით, ევროში უნდა დაანგარიშდეს არა მხოლოდ ძვირფასი ლითონი და ენერგომატარებლები, არამედ ამერიკის საფონდო ინდექსებიც. მათი აზრით, აქციათა კურსი იზრდება დოლარის გაუფასურების ხარჯზე. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხუმრობაა, მაგრამ საფონდო ინდექსების და დოლარის საპირისპირო მოძრაობა საკმაოდ შთამბეჭდავია. გასულ კვირას დოუ ჯონსმა 10,000 პუნქტი გადალახა. ამერიკულ მასმედიაში ამის შესახებ ისტერიული აურზაური ატყდა, მაგრამ ამ დროს გამოქვეყნდა რამოდენიმე შემაშფოთებელი სტატია, რომლის ავტორები არიან მსხვილი ინვესტბანკების რესპექტაბელური ბატონები. მათ იწინასწარმეტყველეს, რომ 2004 წლისათვის აშშ-ში მოსალოდნელია დიდი პრობლემები.
ანალიტიკოსების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სტატისტიკური სიგიჟე: როგორც ჩანს, მოწინავე ქვეყნების ოფიციალურმა მეთაურებმა გადაწყვიტეს ყველა დაებნიათ. აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ გამოუშვა ახალი მეთოდიკის მიხედვით გაანგარიშებული ამერიკული სისტემის ეროვნული ანგარიშების (მშპ-ის ჩათვლით) მთავარი მაჩვენებლების პირველი შეფასებები. არსებობს ბევრი ცვლილებები, ასე რომ, შედარება წინანდელ შედეგებთან შეუძლებელი გახდა: აქ არის 2000 წლის (არა 1996 წლის, როგორც ეს ადრე იყო) “ჯაჭვური დოლარები”, თვითნებური “ფასთა ინდექსები”, რომლებიც სუბიექტურად აფასებენ არა მხოლოდ ფასებს და რაოდენობას, არამედ საქონლის “ხარისხსაც” (კომპიუტერებზე ცნობილი “ფასთა გედონისტური ინდექსის” მსგავსად) და სხვ. ამის შესახებ ბევრი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ “სტატისტიკური ტყუილი” არა მხოლოდ შტატებში, არამედ ბრიტანეთშიც გავრცელდა: ახლა აქ ინფლაციას ზომავენ არა ძველი RPI-X-ის (საცალო ფასების ინდექსი იპოტეკურ კრედიტებზე პროცენტების გათვალისწინების გარეშე) მაჩვენებლის, არამედ HICPPინდექსის მიხედვით (სამრეწველო ფასების “ჰორმონიზირებული” ინდექსი), რომელიც ბევრად ნაკლებია.
რამდენიმე დღეა აშშ-ის ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გააუქმა წელიწადნახევრის წინ შემოღებული საბაჟო გადასახადები იმპორტირებულ ფოლადზე, სანამ ევროპული კავშირი, იაპონია და ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების შემოღებას დააპირებდა. თუმცა, ბევრი გადასახადი მაინც შენარჩუნებულია – მაგალითად, ჩინურ ტექსტილზე, ასე რომ, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე შტატების პოლიტიკის კონტექსტში საუბარი საჭირო არ არის. ასეთი პოლიტიკა ზოგჯერ მოტივირებულია აშშ-ში შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებებით: დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატი, რიჩარდ გეპჰერდი ითვლება თავისუფალი ვაჭრობის პრინციპულ მოწინააღმდეგედ, რისთვისაც მან პროფკავშირებში მუშების სიმპატიები დაიმსახურა, ასე რომ, ალბათ, ბუშიც მიიღებს ამ მიმართულებით რაიმე ზომებს.
რაც შეეხება კორპორაციულ მონაცემებს, ამ მხრივ საინტერესოა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც აღწერილია ნახევარგამტარი სექტორის მძიმე მდგომარეობა დინამიური საოპერაციო მეხსიერების (DRAM)მიკროსქემებზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის გამო. “ფასების ომი” ამცირებს კომპანიების ისედაც მწირ შემოსავლებს და მთელ სექტორზე ძლიერ დეფლაციურ ზეგავლენას ახდენს. მაგრამ, ეს რეალობაშია, ოფიციალურ სტატისტიკაში კი ყველაფერი პირიქითაა. “ფასების გედონისტური ინდექსის” გამო იქმნება შტაბეჭდილება, რომ ამერიკული ეკონომიკის კომპიუტერულ დარგში ძლიერი ინფლაციური ექსპანსიაა. სხვათა შორის, ამ დარგში რეალური მდგომარეობა კიდევ ერთ საშიშროებას მოიცავს – ადგილი აქვს დეფლაციას ამ და ფინანსურ სექტორში (დაბალი საპროცენტო განაკვეთების და ამერიკული აქტივებიდან სახსრების უკუდენის გამო), ვარდება ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფასი საექსპორტო საქონელზე, მაგრამ ამავე დროს შეიმჩნევა სამრეწველო სექტორის ინფლაცია (განსაკუთრებით, მომსახურეობის სფეროში, უპირველეს ყოვლისა სამედიცინო სფეროში, სადაც ფასები რეკორდული ტემპებით იზრდება). ფასების ასეთი განვითარება ძირს უთხრის კერძო სამრეწველო მოთხოვნას და საფინანსო სისტემის დისბალანს იწვევს, რაზეც უკვე მოწმობს შუა აგვისტოს დაწყებული “ფართო” ფულადი მასის უპრეცენდენტო “შეკუმშვა”. თუ თანმიმდევრულად შევადარებთ ფულადი მასის (M3) ყოველკვირეულ მონაცემებს წინა კვარტლის მონაცემებთან, ვნახავთ, რომ მდგომარეობა უარესია, ვიდრე 1970 წლებში აშშ-ის ბრეტონ-ვუდის სისტემის გამოსვლის შემდეგ.
რამდენიმე ხნის წინ ამერიკელმა ძალოვანებმა აშშ-ის საფონდო ბაზარი შეარყიეს – აშშ-ში ფედერალურმა საგამომძიებლო ბიურომ თაღლითობის ბრალდებით 48 ბროკერი დააპატიმრა. მოგეხსენებათ, რომ J.P. Morgan-ის,UBS Warburg-ის და სხვა მსხვილი ბანკების თანამშრომლებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი კლიენტებისგან ქრთამს იღებდნენ და კომპანიების საზიანოდ გარიგებებს აწარმოებდნენ. გარდა ამისა, ტრეიდერები ატყუებდნენ კლიენტებს და არწმუნებდნენ მათ, რომ თითქოს მონაწილეობას იღებდნენ უცხოურ ბირჟებზე მრავალმილიონიან გარიგებებში. დამამშვიდებელი არ არის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგებიც. ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, “ნებისმიერ ბაზარზე არსებობს მაქინაციების შესაძლებლობა”. კომპანია “ფინამის” გენერალური დირექტორი თვლის, რომ მაქინაციების შესაძლებლობა რუსეთის ბაზარზეც არსებობს. მით უმეტეს, ასეთი პრეცენდენტები უკვე არსებობს, მაგრამ საქმე იმით რთულდება, რომ შეუძლებელია ბროკერების მოქმედებებში ბოროტი განზრახვის დანახვა. ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო სისტემა. ჯერჯერობით, არაკეთილსინდისიერ ბროკერებს თვით კომპანიები ებრძვიან, რომლებიც მაქინაციებში ეჭვმიტანილ თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. თუმცა, ჯერჯერობით რუსეთის ფინანსური თაღლითები უპირატესობას დასავლეთის საფონდო ბაზრებზე მუშაობას ანიჭებენ, სადაც ბრუნვა და მოგება უფრო მეტია. ასე, მაგალითად 2003 წლის ივნისში ბრუკლინის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ანდრეი კუდაშევის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში ფიქტიური საბროკერო კომპანია დაარსეს და 1,5 ათასი ამერიკელი ინვესტორი გაძარცვეს (თანხა 100 მილიონ დოლარს აჭარბებს). თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამერიკული სიტუაცია შეიძლება რუსეთშიც შეიქმნას, მაგრამ მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ნაკლებმოსალოდნელია. “მეტროპოლის” საბირჟო ოპერაციების განყოფილების უფროსის აზრით, ეს ლოკალური სკანდალია, რომელიც რუსეთის საფონდო და სავალუტო ბაზრებზე არ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ მუშაობენ ამავე J.P. Morgan-ის, UBS Warburg-ის და Societe Generale-ს წარმომადგენლობები.
ამ თვის მაკროეკონომიკური მონაცემებიც საინტერესო იყო – განსაკუთრებით სასიხარულო მონაცემები გერმანიიდან მოვიდა. აქ უმუშევართა რიცხვი კვლავ მცირდება და სამრეწველო საწარმოების შეკვეთების რიცხვი კი შტატებთან შედარებით სწრაფად იზრდება, ხოლო საქმიანი აქტიურობის ინდექსები (PMI) 2-3-წლიან მაქსიმუმებს აჩვენებენ (როგორც ყველგან, ევროკავშირში).
საქმიანი აქტიურობის ინდექსები აშშ-იც იზრდება. ოდნავ იკლო მხოლოდ მომსახურეობის სფეროს ინდექსმა. სამაგიეროდ, სამრეწველო ინდექსმა 20-წლიანი მაქსიმუმი აჩვენა. შრომის ანგარიშებისაგან განსხვავებით, რეალობა აშშ-ის შრომის ბაზარზე არც ისე სახარბიელო ჩანს: ამერიკულ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა მხოლოდ 57 000-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 150 000-იან ზრდას ელოდებოდნენ. დაბოლოს, ექსპერტების მცდელობების მიუხედავად, დასაქმება სამრეწველო სექტორში კვლავ შემცირდა და ეს ყოველთვიური ვარდნა უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება. ბაზრის იმედგაცრუება იმდენად ძლიერი იყო, რომ 2-წლიანი აქციების შემოსავლიანობა მკვეთრად დაეცა (0,20%-ით).
გასულ თვეს ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია “მოგება და დათხოვნა”. სტატიის ავტორმა, გერი შილინგმა, ჟურნალის მუდმივმა ავტორმა და საინვესტიციო-კონსალტინგური კომპანიის პრეზიდენტმა, სკეპტიკურად შეაფასა აშშ-ის ეკონომიკის ბრავუალური მარში ე.წ. ბრწყინვალე ზრდის გამო. მისი არგუმენტები ჩვეულებრივია: მოგების ზრდა პერსონალის მასობრივი დათხოვნის ხარჯზე მიიღწევა, რაც ერთობლივ მოთხოვნას უთხრის ძირს. თუმცა საგადასახადო და ფულადმა სტიმულმა გარკვეული ეფექტი გამოიწვია, მათი მოქმედება უკვე იწურება, ხოლო დათხოვნის ნაკადი არ მცირდება. შრომის ბაზრის ანალიზის შემდეგ ავტორი არასახარბიელო დასკვნამდე მივიდა: 2004 წელს შტატებში კორპორაციული მოგების ვარდნა და ეკონომიკური რეცესია მოსალოდნელი.
იმაზე, რომ ეს მოსაზრება დასაბუთებულია, მოწმობენ გასული თვის მონაცემები. მესამე კვარტალში შრომის ნაყოფიერებამ 9,4%-ს მიაღწია (ე.ი. რეალურად 2,3%), მაგრამ სიხარული ამასთან დაკავშირებით უადგილოა: ამ ზრდის დიდი წილი სამუშაო ძალის ღირებულების შემცირებაზე მოდის, რომელიც უკვე ერთი წელია გრძელდება. ეს არ არის შემთხვევეთი ფაქტი, არამედ ტენდენცია. თუ სამუშაო ძალის რეალური (ინფლაციისაგნ დამოუკიდებელი) ღირებულების ინდექსის დინამიკას გავაანალიზებთ, გამოჩნდება სამწუხარო სურათი – მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში ამ ინდექსმა მინიმუმი აჩვენა, რაც უეჭველად გამოიწვევს კერძო მოთხოვნის შევიწროებას. თუ გავითვალისწინებთ უზარმაზარ საბიუჯეტო დეფიციტს და კორპორაციების თავშეკავებას აქტიური ინვესტირებისაგან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალური ერთობლივი მოთხოვნა დაეცემა. აქამდე ეს მოთხოვნა ფისკალურ-მონეტარულ სტიმულებს ეყრდნობოდა, მაგრამ მათი ეფექტი, როგორც ჩანს, უკვე იწურება.
დაბოლოს, არსებობს აგრეთვე სასიხარულო მომენტები. როგორც ცნობილია, ახლანდელი ამერიკული ადმინისტრაცია გამოირჩევა მაღალინტელექტუალური პერსონაჟების იშვიათი თავმოყრით, თანაც ყველა მათგანი დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭით. თუ ბუშის ბევრი ღრმააზროვანი სენტენციები უკვე დიდი ხანია, რაც პოპულარული გახდა, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ყურადღების გარეშე სრულიად დაუმსახურებლად დარჩნენ. bbC-ის ერთ-ერთი საინფორმაციო მასალა იმაზე მოწმობს, რომ ეს აღმაშფოთებელი უსამართლობა გამოსწორებული იყო. სტატიის შინაარსი მოცემულია ქვემოთ ყოველი კომენტარიების გარეშე:
“აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მიიღო პრემია 2003 წლის ყველაზე ენაბრგვნილი ფრაზის გამო. ბი-ბი-სის თანახმად, ბრიტანულმა ორგანიზაციამ – “კამპანია სწორი ინგლისური ენისათვის” მინისტრს მიანიჭა პრემია 2003 წლის თებერვლის პრეს-კონფერენციის დროს გამოთქმული ფრაზისათვის, რომელიც ქვეყნის საზოგადო მოღვაწის ყველაზე აბსურდულ ფრაზად იყო მიჩნეული. ეს ფრაზა ასე ჟღერდა: “ცნობები იმის შესახებ, რომ არაფერი არ მოხდა, ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, რადგან, როგორც ვიცით, არსებობს ცნობილი ცოდნა (known knows): არსებობს ამბები, რომლებიც ვიცით, რომ ვიცით. აგრეთვე ვიცით, რომ არსებობს ცნობილი არცოდნა, ესე იგი ვიცით, რომ რაღაც არ ვიცით, მაგრამ არსებობს აგრეთვე უცნობი არცოდნა – როცა არ ვიცით, რომ რაღაც არ ვიცით”.
ბრძოლა პირველი ადგილისათვის დაძაბული იყო. რამსფელდის მთავარი მოწინააღმდეგე იყო კალიფორნიის გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი თავისი ცნობილი ფრაზით: “ვფიქრობ, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ის, რაც კაცთა და ქალს შორის უნდა იყოს”. პრიზისთვის იბრძოდა აგრეთვე ევრო კავშირის კომისარი, კრის პატტენი, რომელმაც განაცხადა, რომ “დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა და ახლა იმას მოესწრო, რომ ამას ნანობს”.