პალმებით შევსებული აფხაზეთის ბიუჯეტი
ეკა რაზმაძე
საკუთარი პრობლემებით გათანგულებს, ხშირად ნათესავებიც გვავიწყდება და მეზობლებიც. მით უმეტეს, გაბუტულები ვართ ენგურსგადაღმელებზე და არ გვინდა ვილაპარაკოთ, როგორ ეკონომიკურ სამყაროში ცხოვრობენ ისინი.
აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ ზარ-ზეიმით აღნიშნა 2000 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება, მიღწეულით თავდაჯერებულებმა და კმაყოფილებმა 2001 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლებით დაგეგმეს და დარწმუნებულნი არიან, რომ მას გაცილებით მეტი წარმატებით აღასრულებენ. ითი ცხოვრობს დღეს აფხაზეთი და რამდენად სერიოზულად გამოიყურება მის ეკონომიკაზე საუბარი. არძინბა და მისი მთავრობა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და წინსვლაზე, სახელფასო ფონდის გაორმაგებაზე, მაგრამ რის საფუძველზე იგეგმება მსგავსი ნაბიჯები, ძნელი ასახსნელია.
მართალია, საქართველოს მოსახლეობას სოციალური პრობლემები არ აკვირვებს, მაგრამ ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ჩვენებურ “ქვეყანაშია ფერები მუქის” საზღვრებსაც კი მნიშვნელოვნად სცილდება. ხალხი უმძიმეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს და ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ისეთი ძალისხმევა სჭირდება, რაც 1993-94 წლებს – პურის ტალონებს და უსაშველო რიგებს მოგვაგონებს.
აფხაზები ბიუჯეტს, რომლითაც ასე ამაყობენ, ექსპორტით ავსებენ და სამომავლოდაც ასე გეგმავენ. თუმცა, ბიუჯეტის შევსებისა და ქვეყნის მოღონიერების მიმართულება სულაც არ არის გათვლილი რაიმე დარგის აღორძინებასა და შემოსავლის შექმნაზე. საექსპორტო საქონელს კი ბუნებრივი სიმდიდრე წარმოადგენს და ის დოვლათი, რაც ათეული წლების მანძილზე გროვდებოდა და ქართველების წამოსვლის შემდეგ იქ დარჩა. რეალურად აფხაზეთის ბიუჯეტს, ძირითადად, ჯართისა და ხე-ტყის გაზიდვიდან შემოსული თანხები ავსებს.
ვახტანგ ყოლბაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: “სოხუმის ხელისუფლებამ სპეციალური დადგენილება მიიღო – ჯართის დამზადება 600 ათასი ტონა ყოფილიყო. თუკი სადმე ჯართი მოიძებნებოდა, ყველაფერი გაიტანეს. აფხაზეთიდან გადის რკინა, ფერადი და შავი ლითონები”.
თამაზ ნადარეიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტარი: “წარმოიდგინეთ, ექვსი წლის მანძილზე ყოველდღიურად ზიდავენ ჯართს და ჯერ ვერ გაზიდეს. ჯართის სახით გადის უნიკალური დანადგარები, რაც ათეული წლების მანძილზე გროვდებოდა, შენდებოდა. გააქვთ და ყიდიან უამრავ სხვა რამეს. მათ შორის, მარმარილოს, რომლითაც სასტუმროები და სანატორიუმები იყო მოპირკეთებული. ის კი არა, სასაფლაოებიდანაც კი მოხსნეს ქვები და ისიც გაზიდეს – ნამდვილ ბარბაროსობას, ვანდალიზმს აქვს ადგილი. ეს ყველაფერი ბიზნესის სახეს ატარებს. რაც შეეხება ხე-ტყის გატანას, ჩვენი მონაცემებით, იქ თურქეთიდან თითქმის ყოველ კვირა სამი-ოთხი გემი შემოდის პროდუქტით დატვირთული, რაც ხე-ტყეზე იცვლება. ტყეები – ეს უზარმაზარი სიმდიდრე, პრაქტიკულად, მთლიანად გაჩეხილია – საუბარია 100-200 წლოვან ნარგავებზე, რომლებიც წითელ წიგნში იყო შესული, სათითაოდ იყო დანომრილი და თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდით. ის კი არა, აფხაზები იქამდეც მივიდნენ, რომ გაგრაში უნიკალური ჯიშის პალმები ამოთხარეს და თითო 500 დოლარად გაყიდეს თურქეთში. თურქული გემები უკან უნიკალური ჯიშის ხეებით დატვირთული ბრუნდება, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. გაგრასა და სოხუმში მოისპო უნიკალური პარკები, ბოტანიკური ბაღები, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა მსოფლიოში. ამიტომ ვაყენებთ საკითხს, რომ ადამიანთა ფიზიკურ განადგურებასთან ერთად, იქ ეკოლოგიური გენოციდიც ხდება, რისი გამოსწორებაც ერთ-ორ, თუნდაც ათეული წლების მანძილზეც ვეღარ მოხდება”.
ეს ის უნიკალური ჯიშებია, რომელიც საქართველოს სხვა რომელიმე მხარეში არ იზრდება. სუბტროპიკები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-სა და აფხაზეთშია. სეპარატისტული ხელისუფლება კი კრიმინალური რეჟიმის შესანარჩუნებლად არაფერს “იშურებს”. ტყის მასიურმა ჩეხვამ, საფარის განადგურებამ ქარსაცავი ზოლების მოშლა გამოიწვია. როგორც ამბობენ, ზღვა უკვე გალის შუაგულიდან, 28 კილომეტრის მოშორებიდან, ჩანს. ტყის გაჩეხვამ ფლორის და ფაუნის განადგურებასთან ერთად კლიმატის სერიოზული ცვლილებაც გამოიწვია. აფხაზეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და ამის შესახებ თვით აფხაზური პრესა და ადგილობრივი ეკოპოლიციაც განგაშის ზარს სცემს. მაგრამ ხელისუფლება იძულებულია ერთი დღის ცხოვრებით იცხოვროს, პერსპექტივაში მოსალოდნელი კატასტროფა გაცილებით ნაკლებად ადარდებს, ვიდრე რეჟიმის დათმობა.
აფხაზეთის 2000 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი 116 მლნ 214 ათასი რუბლი იყო, რაც 38 მლნ-ით აღემატებოდა 1999 წლის მონაცემებს. ჯართის, ხე-ტყის, თევზის რეწვის, ციტრუსებისა და თხილის რეალიზაციიდან ამონაგების გარდა, აფხაზები ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან პუნქტად საკურორტო სეზონისას, სანატორიუმებიდან შემოსულ თანხებსაც ასახელებენ. თუმცა, ციფრები, რომელსაც ისინი დამსვენებლებისაგან შემოსულად ასაღებენ, აშკარად გადამეტებულია. ორმაგად ასახელებენ დამსვენებელთაA რაოდენობასაც. აფხაზეთში, ძირითადად, რუს სამხედროთა ოჯახები თუ ჩადიან სანუკვარი შავი ზღვისპირეთის მზისთვის მისაფიცხებლად.
თამაზ ნადარეიშვილი: “დამსვენებელთაგან შემოსული თანხებით ბიუჯეტის გარკვეულწილად შევსებაზე საუბარი, აფხაზების მხრიდან აბსოლუტური სიყალბეა. ჩვენი მონაცემებით, ამ წლების მანძილზე აფხაზეთში დამსვენებლები ჩადიან, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც ისინი ასახელებენ და თანაც ჩადიან სამაუწყებლო დასასვენებელ სახლებში – რუსეთის სამხედრო სანატორიუმებში. ეს იგივე რუს სამხედროთა ოჯახის წევრები არიან. ამ სანატორიუმთა დაფინანსება კი მოსკოვიდან ხდება. გაგრის ზონაში არის რამდენიმე ე.წ. სანატორიუმი, სადაც საგზურის ფასი დაახლოებით ათი დოლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბომჟებისა და კრიმინალების გარდა იქ ვერავის მიიწვევენ. ასე რომ, საკურორტო სეზონიდან შემოსავალი, რაზეც ისინი ძალიან ხშირად საუბრობენ, სრული ფიქციაა. ასეთი რამ, პრაქტიკულად, არ არსებობს. მათ არც მომსახურე პერსონალი ჰყავთ და, ბუნებრივია, ვერც ამ დაწესებულებებს ინახავენ, რომ ტურისტებს მოემსახურონ”.
დღეს არავისთვის არ არის უცნობი, რომ აფხაზეთის ტერიტორია ნარკოტიკების ერთ-ერთ სატრანზიტო გზას წარმოადგენს. ნარკოტიკების გარდა იქ იარაღის კონტრაბანდაც ყვავის. ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთში და, როგორც ამბობენ, საქართველოშიც შემოედინება, ნაწილი კი თავად აფხაზეთში რჩება და ამით იქაური კრიმინალური სფეროს გაძლიერება ხდება, რაც სეპარატისტული ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენს.
აფხაზები თანდათან რწმუნდებიან, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ ჩამოყალიბდება. დაპირება, რომ აფხაზეთი ხუთ წელიწადში მეორე შვეიცარიად გადაიქცეოდა, უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ილუზიას. არადა, აფხაზეთში ქართველი, აფხაზი, სომეხი, რუსი და ბერძენი – ყველა კარგად ცხოვრობდა – დიდი, ფეშენებელური სახლი და კარ-მიდამო, ოჯახში ორი-სამი მანქანა, არავის გაკვირვებას არ იწვევდა. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ვისაც შრომა არ ეზარებოდა, შეეძლო ეკონომიურად მძლავრი ოჯახი ჰქონოდა. დღეს კი აფხაზეთში უკიდურესი გაჭირვებაა, იქ არაფერი იქმნება და, საერთოდაც, დადგა საკითხი მათი გენოფონდის არსებობის შესახებ. აფხაზთა უდიდესი ნაწილი წასულია აფხაზეთიდან. სოხუმსა და გაგრაში დევნილთა სახლებს, ძირითადად, სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა დაეპატრონა.
დღეს ბევრი აფხაზი მიიჩნევს და არც მალავს საკუთარ მოსაზრებას, რომ არა კონფლიქტი ქართველებთან, აფხაზეთი დღეს განსაკუთრებულად განვითარებული კუთხე იქნებოდა.
აფხაზეთში დახმარებების და ინვესტიციების 80-90% საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით შედის. პირველ წლებში თუ ჭირდა თხილის, ციტრუსების, სოფლის მეურნეობების პროდუქციის გასაღების ბაზარი და მის რეალიზაციას მალულად, გაჭირვებით ახერხებდნენ, რუსეთის მხრიდან მიღებული ორი-სამი განკარგულების შემდეგ აფხაზეთში მოწეული მოსავლის რუსეთში გაყიდვის ლეგალიზება მოხდა. ამის გარდა, აფხაზეთში აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ წლების განმავლობაში მარტო “წითელი ჯვარი” აფხაზეთში ყოველწლიურად 7-10 მილიონ ფრანკს ხარჯავს, მაგრამ “წითელი ჯვრის” გარდა იქ კიდევ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოღვაწეობს.
ვახტანგ ყოლბაია: “აფხაზები ხშირად საუბრობენ საბოტაჟსა და ეკონომიკურ შეზღუდვებზე საქართველოს მხრიდან. ამ დროს კი დაუფარავად მიდის რუსეთიდან მარცვლეულის შემოტანა, დაუფარავად გადის აფხაზეთიდან ციტრუსები, ჩაი, ჯართი, ხე-ტყე. შარშან აფხაზებმა უცხოური დანადგარი დაამონტაჟეს, რომელიც მილიონ კოლოფ “ვაისროის” უშვებს. ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოდის და ჩვენი ეკონომიკის დანგრევას უწყობს ხელს. ჩვენი მონაცემებით, კიდევ ერთი ასეთი დანადგარის შემატებას გეგმავენ.
ბოლო მონაცემებით, იქ სამშობიარო სახლი შეკეთდა და აპარატურით აღიჭურვა, ბიბლიოთეკებში წიგნები შედის, ახალგაზრდობა საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. ეს ყველაფერი ჩვენი დახმარებით კეთდება. საუბედუროდ, აფხაზეთის მოსახლეობამ არ იცის, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების და ხალხის კეთილი ნების საფუძველზე ხდება. გაეროს ინიციატივით და ხარჯებით შესანიშნავი გზები გაკეთდა, უკვე 8 თუ 9 ხიდია აღდგენილი.”
მაგრამ ქართული მხარის ლოიალური დამოკიდებულების მიუხედავად, აფხაზები მაინც აცხადებენ, რომ ეკონომიკურ ბლოკადას განიცდიან. გარდა პოლიტიკური კონიუნქტურით დაშვებული დახმარებებისა, არიან რისკიანი ბიზნესმენებიც, რომლებიც, ამავდროულად, ფულის გათეთრებითაც არიან დაინტერესებული და არსებული მდგომარეობის მიუხედავად გარკვეულ ინვესტიციებს სდებენ – აფხაზეთში თევზის რეწვით თურქები არან დაკავებული, გარკვეული მაღაროების აღდგენა ტყვარჩელში ასევე თურქების ინვესტიციებით ხდება, ღვინოების წარმოებაში იტალიური ინვესტიციები ჩაიდო. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ იტალიელებს ზურგს უკან რუსი ბიზნესმენები არიან ამოფარებული, რომელთა შორის აფხაზებიც არიან.
ამდენად, აფხაზების ბიუჯეტი საკმაოდ სიმბოლურია – მასში იმ დახმარებებსაც ითვლიან, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ – ზოგს საქართველოს ნებართვით, ზოგსაც ასეთი ნებართვის გარეშე. აფხაზები თავდაუზოგავად ცდილობენ, ეკონომიკური კონტაქტები დაამყარონ და ამას, ძირითადად, რუსულ მხარესთან ახერხებენ. რუსები, მართალია, გარკვეულ თანხებს, ინვესტიციებს დებენ, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანს, რომ აფხაზეთში რაიმე ამუშავდეს და აეწყოს.
ოფიციალური ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა არ უნდა მოექცეს დისკრიმინაციის ქვეშ და იქ არსებული პოლიტიკური რეჟიმის გამო ადამიანებმა არ უნდა განიცადონ დისკომფორტი სოციალურ საკითხებში. მაგრამ აფხაზები საკუთარ (და სხვის უკეთეს) სახლებში მაინც ცხოვრობენ. რა ქნას დევნილმა მოსახლეობამ, რომელიც უსახლკაროდ დარჩა?
აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და მარტო სახალხო დიპლომატიისათვის შარშან შვიდ მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.
და მაინც, უნდა გამოიყენოს თუ არა ქართულმა ხელისუფლებამ ეკონომიკური ბერკეტები. უნდა არსებობდეს თუ არა ეკონომიკური შეზღუდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომელიც, პრაქტიკულად არ ხორციელდება, მხოლოდ ქაღალდზე რჩება, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში საქართველოს მკაცრი დამსჯელის იმიჯს უქმნის, სინამდვილეში კი აფხაზებს “ჩაგრულობით” სპეკულირების საშუალების გარდა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.
ვახტანგ ყოლბაია: “მივაყენეთ თუ არა რაიმე ზიანი ამ ეკონომიკური ბლოკადით სეპარატისტებს? არა და ვერა. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უნდა დაგვეხმაროს და იქ მცხოვრებ აფხაზურ მოსახლეობას გააგებინონ, რომ ყველაფერი ქართველი ხალხის, ხელისუფლების ნებით კეთდება, რომ იქ დაუცველი მოსახლეობა შიმშილით არ გაწყდეს. ეკონომიკური ბლოკადა, როგორც ასეთი, დღეს იქ არ არსებობს და ეკონომიკური ბლოკადის დაბრალება ქართული მხარისათვის უსამართლობაა. აქ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მათ, ვისაც სიცხადის შეტანა ევალება ამ საკითხში. არის კი საჭირო ამ ბლოკადის გამოცხადება საერთოდ? ბლოკადა, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩვენ კი მის დეკლარირებას ვაკეთებთ – იგივე 1996 წლის 18 იანვრის დსთ-ს სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც, პრაქტიკულად, არ ხორციელდება. ზოგჯერ მიჩნდება აზრი – ხომ არ გამოვაცხადოთ ხმამაღლა, რომ ბლოკადა არ არის და საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. ამით აფხაზებს ამ საკითხის სპეკულირების საშუალებას მოვუსპობთ. “რესპუბლიკა აფხაზიაში” ყუბანის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით წერდა, რომ მისი შემოღებით იმ ურთიერთობებს, რომელიც შეუზღუდავად გვაქვს აფხაზეთთან, გავართულებთო. ანუ, ისინი თავად აღიარებენ, რომ არანაირი შეზღუდვები სინამდვილეში არ არსებობს და ეკონომიკური სანქციების დეკლარირება რუსეთს უფრო აწყობს, ვიდრე ჩვენ, რათა გარკვეული კონტროლი დააწესოს და ეკონომიკური ბერკეტები იქონიოს”.
თამაზ ნადარეიშვილი: “ჩემი აზრით, სჯობს ასეთი ხელშეკრულებები არ არსებობდეს, ვიდრე არსებობდეს და არ სრულდებოდეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებ, რადგან ისინი არა მარტო არ სრულდება, არამედ იდება, როგორც “ახლად შექმნილი აფხაზეთის” უახლესი ისტორია. ასეთი დადგენილებების უკვე საკმაოდ დიდი დასტა დაგროვდა. მსგავსი სანქციები კი, უპირველესად, რუსეთის მხრიდან ირღვევა, სხვაგვარად ვერც დაირღვევა.
გაეროს წესდების მე-6 თავში წერია, რომ კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანი პოლიტიკური გზით – სახალხო დიპლომატიით, ნათესაური კავშირებით, შუამავლობებით, შეხვედრებით და ა.შ. მაგრამ როცა ყველაფერ ამას შედეგი არ მოჰყვება, იქვე მე-7 თავის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ გაფრთხილებასთან ერთად შესაძლებელია ეკონომიკური სანქციების და ბლოკადის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაიძულებთ სეპარატისტულ რეჟიმს სრულ იზოლაციაში მოხვდეს და იძულებული გახდეს გადახედოს თავის მიდგომას – საქართველოს ედავოს უფლებამოსილების გამიჯვნასა და გარკვეული სტატუსის შესახებ. თუკი ვერც ხსენებული მუხლის ეს ნაწილი სრულდება, მაშინ მოქმედებს გაეროს წესდების მე-7 თავის მეორე ნაწილი, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებას ითვალისწინებს. ჩვენ დღეს ესღა დაგვრჩენია”.
ომამდე აფხაზეთის ბიუჯეტი 565 მილიონს შეადგენდა. თავისი მაჩვენებლებით მას ვერც არძინბას ბიუჯეტი და ვერც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების ბიუჯეტი შებედავს შედარებას, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც ორჯერ აღემატება სეპარატისტების საამაყო, გადაჭარბებით შესრულებულ ბიუჯეტს.
დევნილი ხელისუფლების ბიუჯეტი 5 მლნ ლარია, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებაში 6 მლნ ლარი შეაქვთ. აქედან, მილიონი ცენტრალურ ხელისუფლებას რჩება. დევნილი ხელისუფლების სტრუქტურებში დაახლოებით 50 ათასი ადამიანია დასაქმებული, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მათი 54 საშუალო სკოლა, 33 სამედიცინო დაწესებულება, ოთხი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, თეატრი, ტელევიზია, საზღვაო სანაოსნო, რამდენიმე ქარხანა და 108 კომერციული სტრუქტურა.
განსხვავება იმაშია, რომ დევნილ ხელისუფლებას არა აქვს ტერიტორია, მაგრამ ჰყავს ხალხი, აფხაზებს კი ტერიტორია აქვთ, მაგრამ არ ჰყავთ ხალხი. სარწმუნო წყაროთა მონაცემებით, იქ მხოლოდ 40 ათასი აფხაზი და დაახლოებით 100 ათასი მოსახლე ცხოვრობს და არა 300 ათასი, როგორც ამას არძინბას ხელისუფლება აცხადებს საკუთარი ლეგიტიმურობის გასამყარებლად.
აფხაზეთში მეტ-ნაკლებად მხოლოდ გალის რაიონში ცხოვრობს და მუშაობს ხალხი შედარებით ნორმალური ცხოვრების წესით. თუმცა, მოსახლეობა აქ, ძირითადად, შიდა-ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული. არადა, გალის რაიონი თავის დროზე აფხაზეთის ბეღელს წარმოადგენდა – მასზე მოდიოდა ციტრუსების მოსავლის 60-70% – ყოველწლიურად აქ 45-50 ათასი ტონა ციტრუსი მოჰყავდათ, რვა ათას ჰექტარზე 52 ათასი ტონა ჩაი მოდიოდა, მუშაობდა 14 ჩაის ფაბრიკა და 42 მეურნეობა. 120 ათასი სული მარტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო.
დღეს, ვინც გალის რაიონს დაუბრუნდა, ნატურალურ მეურნეობაში შრომობს. 1999 წელს იქ წარმოებული მეცხოველეობის პროდუქცია ნათესავებსა და ახლობლებში – ზუგდიდში, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიდიოდა და ბზიფამდე, ტყვარჩელამდე, გულრიფშამდე და გაგრამდე აღწევდა.
როგორ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში, რითი ირჩენს თავს, რა განწყობაა იქ და რა სახის პრობლემებია ყველაზე აქტუალური. “მმე”-ს რედაქციაში სოხუმიდან ახლად დაბრუნებული ჟურნალისტი გვეწვია და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა: “სოხუმი, ადრე რომ მახსოვს ხალხით სავსე ქუჩებით, ახლა ერთი-ორ გამვლელს თუ წააწყდებით. მანქანებიც კანტი-კუნტად დადის. მანქანის ყოლის ფუფუნება მხოლოდ ბობოლებს – სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – აქვთ. აფხაზებს ჩვენი სტუმრობისა ეშინოდათ. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი ის, რომ იქ უსაფრთხოების დაცვის გარანტიები არ არსებობს და მეორეც – ამის თქმა უჭირდათ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ სტუმრის გამასპინძლების საშუალება არ გვაქვსო. ჩაცმაზე საერთოდ აღარ არის საუბარი, იქ ნორმალური კვებაც მივიწყებული ფუფუნებაა. მე საშუალო ფენაზე მოგახსენებთ, რომელიც ძირითადი მასაა და სიღატაკის ზღვარზეა მისული. ქალაქში არა თუ რესტორნები და ბარები, ჩვეულებრივი მაღაზიებიც არ არის, სუპერმარკეტებზე და ფეშენებელურ შენობებზე რომ არაფერი ვთქვათ. იქ ჩასულს თბილისის ომისდროინდელი მდგომარეობა მახსენდებოდა. როგორც გავიგეთ, იქაურ მოსახლეობას პროდუქტს საქართველოს მთავრობა უგზავნის. ყველაფერი განაწილებით არის. იციან, პური რა დროს ცხვება და რა დროს უნდა მივიდნენ, რომ შეხვდეთ.
გალის მოსახლეობა შედარებით უკეთესად ცხოვრობს – იქ პროდუქტი არა მარტო ოჯახისათვის, გასაყიდად, სტუმრის გასამასპინძლებლად და ნათესავებისათვის გასაგზავნადაც რჩებათ.
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ მთავრობა და ხალხი მოწყვეტილია ერთმანეთს. მთავრობისათვის მთავარი რეჟიმის შენარჩუნებაა, ხალხის მთავარი საზრუნავი კი თავის გადარჩენაა. ყველაზე მეტად იმის დანახვამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, რომ მათ ახსოვთ ქართული სითბო და არაერთი მათგანისაგან გავიგე ფრაზა – “ანა აააუ ე იან?ანოეყ იო ?ონნეეო”… ვისაც ვეკონტაქტებოდი, ახალგაზრდა თაობის აფხაზებმა აფხაზური არ იციან. აღმოჩნდა, რომ ისინი თვითკმაყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის კი არა, რუსიფიკაციისათვის იბრძოდნენ. იქ, ძირითადად, სოფლებიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს, სეპარატისტებს ოჯახები უცხოეთში ჰყავთ გაგზავნილი. კარგად იქ, ჩემი აზრით, არავინ ცხოვრობს, თვით არძინბაც კი. ქალაქი ჩამკვდარია, ბუნება კი ჩქეფს, კივის, საზღვრებში ვერ ეტევა და გაპარტახებულ სახლებსა და მიდამოს ფარავს. სოხუმში ყვავილების საოცარი სუნი იდგა…
საზღვარზე ისეთ სურათს შევესწარი, ვერ ვივიწყებ – ქალები, ბავშვები, ჭუჭყიან ტანსაცმელში, “რეიტუზებში ჩაცმულები” მიათრევდნენ დაფნის ფოთლით, თხილით, მანდარინით, ყველანაირი საკვებად ვარგისი ბალახეულით დატვირთულ ხელის ურიკებს და ტომრებს სოჩის მიმართულებით, რომ იქიდან თითო-ორი კილო ფქვილი შემოიტანონ. საზღვარზე საშინელება ხდება, ეს არის ნამდვილი ბრძოლა არსებობისათვის. გაგრის მხარეს მოსახლეობას უკიდურესად უჭირს”.
ვახტანგ ყოლბაია: “ის ეკონომიკა, რომელიც მათ თავისი განვითარების საფუძვლად გამოაცხადეს, კომუნისტებისდროინდელ სახალხო მეურნეობის განვითარების პროექტებს ჰგავს, სინანულის გარდა სხვა გრძნობას არ იწვევს. ხალხი, ძალა, რომელიც ეკონომიკაში ახლებურად აზროვნებდა, ყველა გაიქცა იქიდან. აფხაზეთში ეკონომიკისადმი ძველი მიდგომა, ძველი მენტალიტეტი, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდები მძვინვარებს. ამიტომ, მათი მცდელობები უსუსურია, ეკონომიკა კი – მკვდარი და უპერსპექტივო. საერთოდ, აფხაზეთის ეკონომიკაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, უხერხულიცაა ლაპარაკი. მაგრამ ისინი ახერხებენ, ჩვენი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, იარსებონ.”