ახალგაზრდობის დასაქმების ტენდენციები საქართველოში
მანანა ლობჟანიძე ‘
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ და ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებებმა მიგვიყვანა ქვეყანაში ადრე მოქმედი ახალგაზრდობის დასაქმების მოდელის ტრანსფორმაციამდე. არსებითად შეიცვალა შრომითი ურთიერთობები, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა ახალგაზრდობის დასაქმებაზე. ‘
ახალგაზრდობა ქვეყნის შრომითი პოტენციალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული რესურსია. ახალგაზრდობის წილი მოსახლეობაში შესამჩნევად ცვლის არა მხოლოდ მის სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას, არამედ შრომითი პოტენციალის პროფესიულ-კვალიფიციურ შემადგენლობას.
ახალგაზრდობის დასაქმების ნებისმიერი ასპექტით შესწავლისას აუცილებელია ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მახასიათებლებების ურთიერთკავშირში განხილვა, განათლების და პროფესიული მომზადების სახელმწიფო რეგულირების პოლიტიკის გათვალისწინება. ახალგაზრდობის დასაქმებასთან მიმართებით, განსაკუთრებით აშკარად ვლინდება ეკონომიკური და დემოგრაფიული მხარეების მჭიდრო ურთიერთკავშირი. როგორც პროფ. მ. ტუხაშვილი აღნიშნავს, “ეკონომიკის განვითარებით დეტერმინირებული დემოგრაფიული პროცესების განვითარება, თავის მხრივ, ზემოქმედებს ეკონომიკაზე. ეს ზემოქმედება, სხვებთან ერთად, შრომითი პოტენციალის რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებების მეოხებითაც ხდება. სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილება უფრო მეტად ამ პროცესის რაოდენობრივ მხარეზე ზემოქმედებს, რადგან მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობა დამოკიდებულია სქესსა და ასაკზე. როგორც ცნობილია, ახალგაზრდობას, ხნიერ თაობასთან შედარებით, ახალი ცოდნის ათვისების და ახალი ეკოლოგიური გარემოსადმი შეგუების მეტი უნარი ახასიათებს.”1
ახალგაზრდობის რაოდენობა და წილი მოსახლეობის რიცხოვნობაში უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2000 წელს საქართველოს მოსახლეობა 4435,2 ათასი კაცი იყო, აქედან ქალი – 2342,4 ათასი ანუ 52,8%, ხოლო მამაკაცი – 2092,8 ათასი ანუ 47,2%. მოსახლეობის საერთო რიცხოვნობიდან 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდები 1015,7 ათასი, ანუ 22,9% იყო. მათ შორის ქალი – 511,6 ათასი, ანუ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის 11,5%, კაცი – 504,1 ათასი, ანუ 11,4%. 2003 წლის მდგომარეობით, შემდეგი სურათი გვაქვს: საქართველოს მოსახლეობა სულ 4342,6 ათასი კაცია, მათ შორის, 15-29 წლის ახალგაზრდები – 1002,9 ათასი, აქედან ქალი – 504,3 ათასი, ანუ მოსახლეობის 11,6% ხოლო კაცი – 498,6 ათასი, ანუ 11,5%.
ახალგაზრდობის ეკონომიკურ აქტიურობასა და დასაქმებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს მათი ქორწინების მდგომარეობა. 2000 წელს დაქორწინებული 25215 კაციდან 16-29 წლის ასაკში იყო 18670, ანუ 74,0%. მომდევნო ორ წელიწადში შემცირდა დაქორწინებულთა რაოდენობაც და 16-29 წლის ახალგაზრდების წილიც. 2003 წელს დაქორწინდა 24516 ადამიანი, მათ შორის, 16-29 წლის ასაკში იყო -17448 ანუ 71,2%.
ახალგაზრდობის დასაქმებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების ტემპები, სახელდობრ, ინვესტიციური და ინოვაციური აქტიურობა საგრძნობლად ცვლის ახალგაზრდობის სამუშაო ძალაზე მოთხოვნას.
საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში ახალგაზრდების როლის სრული და დეტალური დახასიათებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მათი ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების მდგომარეობის განხილვა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა კლასიფიცირდება როგორც დასაქმებულები, უმუშევრები (სამუშაო ძალა) და ეკონომიკურად არააქტიური. ‘
აღნიშნული კლასიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან ცალკე გამოვყოთ ახალგაზრდობა, ე.ი. 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი. 2000-2004 წლებში სამუშაო ძალის სტრუქტურა და მასში ახალგაზრდების წილი შემდეგნაირად იცვლებოდა. 2000 წელს 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა 3152,0 ათასი კაცი იყო, მათ შორის, 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდობა 806,6 ათასი, ანუ მთლიანად 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 25,6%. 2004 წლისათვის აღნიშნული ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობა და მასში 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის ხვედრითი წილი ფაქტობრივად, არ შეცვლილა.
2000 წელს საქართველოში სამუშაო ძალის რიცხოვნობა 2052,9 ათასი კაცი იყო, მათგან 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდები 390,1 ათასი, ანუ 19,0%. 2004 წელს, 2000 წელთან შედარებით, 15-29 წლის ახალგაზრდების რიცხოვნობა 34,9 ათასი კაცით შემცირდა და სამუშაო ძალის მხოლოდ 17,4% შეადგინა. დიდად განსხვავებული მდგომარეობა არც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შერბილებული კრიტერიუმის მიხედვით გვაქვს. 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდობა 2000 და 2004 წელს, შესაბამისად, სამუშაო ძალის 19,8% და 17,9% შეადგენდა.
საინტერესოა ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდების განაწილება დასაქმებულებისა და უმუშევრების მიხედვით. 2000 წელს ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდებიდან (390,1 ათასი კაცი) დასაქმებული იყო 314,8 ათასი, ანუ 80,7%. ამავე წელს უმუშევრობის დონე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში 19,3% იყო. 2004 წელს 15-დან 29 წლამდე ასაკის 355,2 ათასი ახალგაზრდიდან დასაქმებული იყო 262,3 ათასი, ანუ 73,8%, უმუშევრობის დონემ კი 26,2% შეადგინა. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე ორჯერ და მეტჯერ მაღალია ქვეყანაში უმუშევრობის საშუალო დონესთან შედარებით.
დასაქმებული ახალგაზრდების გაანალიზება დასაქმების სტატუსის მიხედვით შემდეგ სურათს გვაძლევს: 2000 წელს დაქირავებული შრომით დაკავებული იყო მათი 33,0%, თვითდასაქმებული იყო 58,0%, ხოლო გაურკვეველი სტატუსით მომუშავე- 8,0%. 2004 წელს კი დაქირავებული იყო დასაქმებული ახალგაზრდების 28,0%, ხოლო თვითდასაქმებული -71,0%. ქვეყნის მასშტაბით, იმავე წელს დასაქმებული მოსახლეობიდან დაქირავებული იყო 33,0%, თვითდასაქმებული – 66,0%, ხოლო გაურკვეველი სტატუსით მომუშავე – დაახლოებით ერთი პროცენტი.
2004 წელს, 2000 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდობის საერთო რიცხოვნობისა და დასაქმების შემცირების ფონზე, შეინიშნება მათი აქტიურობის ზრდა თვითდასაქმების მიმართულებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი საქმის წამოწყებას.
ახალგაზრდობის დასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა ეკონომიკურად აქტიურია – მუშაობს ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, ერთი ნაწილი კი ეკონომიკურად არააქტიურია, ანუ მიეკუთვნება სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობას. 2004 წლის მდგომარეობით, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის 40,8%-ს სწორედ 15-29 წლის ახალგაზრდები შეადგენდნენ.
ახალგაზრდების ეკონომიკური აქტიურობის შედარებით დაბალი დონე იმითაც არის განპირობებული, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლითაა დაკავებული. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სწავლას აგრძელებს სხვადასხვა, ძირითადად სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, რის საშუალებასაც მათ სასწავლებელთა ფართო ქსელი აძლევთ.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას აგრძელებს უმაღლეს სასწავლებელში. ამასთან, მათი ძირითადი ნაწილი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია. 2003-2004 სასწავლო წელს, 2001-2002 სასწავლო წელთან შედარებით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა 8320 კაცით გაიზარდა. რამდენადმე შემცირდა არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა კონტინგენტი, კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა დაწყებითი პროფესიული და სახელობო სასაწავლებლების მოსწავლეთა რიცხოვნობა.
ახალგაზრდების არასწორი პროფესიული ორიენტაცია, რაც გამოიხატება ძირითადად უმაღლესი განათლების მიღებაში, მნიშვნელოვნად ართულებს მათ დასაქმებას. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები გამოდიან. ქვეყანაში მოშლილია პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ის, რომ 1995-1996 სასწავლო წელთან შედარებით, 2003-2004 სასწავლო წელს დაწყებითი პროფესიული და სახელობო სასწავლებლების რაოდენობა 40 ერთეულით შემცირდა.2
ახალგაზრდობის დასაქმების ერთ-ერთი თავისებურებაა მათი მისწრაფება მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამუშაოებისადმი, რასაც ადასტურებს შემდეგი მონაცემებიც: 2002 წელს დასაქმებული 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 7,4% ვაჭრობის სფეროში იყო ჩაბმული, 2003 წელს – 8,8%, ხოლო 2004 წელს -7,9%. სახელმწიფო მართვასა და თავდაცვაში 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების წილი, წლების მიხედვით შესაბამისად, ასეთია: 2002 წელს – 7,4%, 2003 წელს – 5%, 2004 წელს – 5,1%. ახალგაზრდების – 2,8% მშენებლობაში, 1,1%, – საფინანსო შუამავლობაში, ხოლო 3% ტრანსპორტის სფეროშია დასაქმებული. მიუხედავად ახალგაზრდების დიდი სურვილისა, ზემოაღნიშნულ სფეროებში შედარებით მცირე ნაწილი ახერხებს დასაქმებას, რაც იმით აიხსნება, რომ ამ სფეროებში სამუშაო ადგილები შედარებით მცირეა და საქმიანობასაც მეტი პროფესიული გამოცდილება ესაჭიროება.
როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისათვის, ახალგაზრდებისთვისაც პრობლემატურია ეფექტიანი დასაქმება – დასაქმება მიღებული პროფესიის მიხედვით და შესაბამისი ანაზღაურების პირობებით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. 2004 წელს დასაქმებულთა 53,0% სოფლის მეურნეობაში იყო ჩაბმული. რაც შეეხება 15-29 წლის ახალგაზრდებს, მათი 61,0% აღნიშნულ სფეროშია დასაქმებული, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ამ სფეროში საქმიანობის სურვილი ჰქონდეთ, მით უმეტეს, რომ შემოსავალიც მცირეა. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობაში დასაქმება, კერძოდ, თვითდასაქმება “იძულებით” ხასიათს ატარებს.
ახალგაზრდობის დასაქმების მდგომარეობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია. მაღალი ეკონომიკური აქტიურობა განპირობებულია, ერთი მხრივ, ახალგაზრდობის მისწრაფებით, დაიკმაყოფილონ ინტერესები, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი საზოგადოებაში. მეორე მხრივ, მათი აქტიურობა შრომის ბაზარზე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბალია შემოსავლების დონე და ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ შვილების განათლებასა და სხვა ხარჯებს.
ახალგაზრდობის დასაქმება განსაკუთრებულ დახმარებასა და ხელშეწყობას მოითხოვს. ისინი მოსახლეობის სხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისაგან გამოირჩევიან ჯანმრთელობით, განათლების მაღალი დონით, პროფესიული მომზადებით, მობილურობით, სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნებით და ა.შ. ყოველივე ეს განსაზღვრავს მათ ქცევას შრომის ბაზარზე.
ახალგაზრდობის დასაქმება უმწვავესი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისათვის და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოშლილია პროფესიული განათლების სისტემასა და ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის მექანიზმი, ყოველგვარი მოთხოვნის გაუთვალისწინებლად ხდება სპეციალისტების მომზადება. მართალია, საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების პროფესიულ-კვალიფიციური შემადგენლობის სრული შესაბამისობის მიღწევა ეკონომიკის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან, მაგრამ მიღებული განათლება შრომითი მოწყობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიას უნდა იძლეოდეს.
საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაუსაქმებლობა სერიოზულ “სოციალური ბოროტებად” უნდა ჩაითვალოს. უპირველესად იმის გამო, რომ უფასურდება ადამიანური კაპიტალი, რომელიც ინვესტირებულია სახელმწიფოს ან ოჯახის მიერ; ადამიანი მორალურად ტრავმირებულია; საზოგადოება კარგავს იმ ეკონომიკურ დოვლათს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით.