საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ორგანიზაციის სრულყოფა პრობლემური ბანკების რესტრუქტურიზაციის პროცესში
ი. მექვაბიშვილი
საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი, ისე, როგორც ეკონომიკის განუყოფელი ნაწილის – საბანკო სექტორის განვითარება, რთული, წინააღმდეგობრივი მოვლენებით ხასიათდება. მხედველობაში გვაქვს არა მარტო ის, რომ იგი საერთო ჯამში, ერთი მხრივ, ემსახურება კაპიტალის აკუმულირებას და განაწილებას, სამეურნეო სუბიექტებს შორის ფულის მიმოქცევის, დაგროვებისა და გადახდის ურთიერთობებს, არამედ, მეორე მხრივ, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, მ. ფრიდმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, საბანკო სისტემა ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში თვით გამოდის ეკონომიკის არასტაბილურობის წყარო.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა, რომელიც ამჟამად განვითარების სრულყოფის პროცესშია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ფულად-საკრედიტო სისტემის რეფორმირების დაჩქარება ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა ჩაითვალოს. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ საქართველოში საბანკო სისტემის ჩამოყალიბება-სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს ეკონომიკაში ნეგატიური მოვლენების პირობებში. სწორედ აღნიშნული ნეგატიური მოვლენების შეჩერებას და თავიდან აცილებას ემსახურება ეფექტური საბანკო ზედამხედველობის სისტემის არსებობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სახელმწიფო პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს:
სტაბილური და ეფექტიანი საბანკო სისტემის შექმნა;
საფინანსო-საკრედიტო სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობის გზების ძიება;
პარალელურად საბანკო სექტორის შიგნით ახალი ურთიერთობების წარმოშობა, სახელმწიფოს მხრიდან საბანკო სისტემის მართვისა და ზედამხედველობის პრინციპების განმტკიცება.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში შეინიშნება მნიშვნელოვანი ძვრები. კერძოდ, ქართული კომერციული ბანკები განვითარებული ქვეყნების ბანკების მიერ დამუშავებულ ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებს სულ უფრო ითვისებენ.
სწორედ აღნიშნული არის მიზეზი იმისა, რომ 2004 წლის განმავლობაში საბანკო სისტემის აქტივები შიდა პროდუქტთან მიმართებაში 15,7%-დან 18%-მდე გაიზარდა. საბანკო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდის ტემპებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო აქტივები ყოველწლიურად არანაკლებ 20%-თ იზრდებოდა. ასეთივე მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა საბანკო სექტორის განვითარება. კერძოდ, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები გაიზარდა 28%-ით, წმინდა სესხები – 24%-ით, ვალდებულებები – 35%-ით, დეპოზიტები – 34%-ით, ნასესხები სახსრები – 40%-ით, კაპიტალი – 7%-ით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცირდებოდა საბაზრო საპროცენტო განაკვეთები. საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია უფრო მეტად ახასიათებდა სასესხო საპროცენტო განაკვეთს, რაც ბანკების მიერ ბიზნესის დაკრედიტების ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა და ამით ხელსაყრელი გარემო იქმნებოდა ეკონომიკის განვითარებისათვის. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობას თუ შევადარებთ წინა წლის პერიოდს, ბანკებმა გაზარდეს მთლიანი სესხების მოცულობა 184,2 მილიონი ლარით. სტანდარტული სესხების ზრდამ 79,2 მილიონი ლარი შეადგინა.1 ამასთან, კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობის 91% სტანდარტულ, ანუ საიმედოობის მქონე სესხებზე მოდის (საანალიზო პერიოდში სტანდარტული სესხების მოცულობა – 299,4 მილიონი ლარი დაახლოებით 34% გაიზარდა). თავის მხრივ, კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო დაბანდებების ზრდის ტემპი საბანკო სექტორის კომპლექსურ და დინამიკურ განვითარებაზე მეტყველებს.2
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 73%-ით გაიზარდა და 1,4 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცემული სესხების მოცულობაში ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული თანხები მნიშვნელოვნად უსწრებს უცხოური ვალუტით გაცემულ თანხებს. ჯერ კიდევ მაღალია ვაჭრობის და მომსახურების სფეროზე გაცემული კრედიტების მოცულობა (მათი წილი ეკონომიკის დაკრედიტების 35% შეადგენს).3
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საბანკო სისტემის ბოლოდროინდელი სტატისტიკა ლარში დეპოზიტების მატების ტენდენციას (ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა, რაც 2005 წლის 7 თვეში რეკორდულად მაღალია) და, შესაბამისად, ეროვნულ ვალუტისადმი ნდობის ამაღლებას ადასტურებს.4
საბანკო სექტორში კონკურენციის გააქტიურებამ განაპირობა ბანკებში კონსოლიდაციის პროცესის დაჩქარება. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს საბანკო ბაზარზე უცხოური ბანკების შემოსვლის ინტერესიც. საბანკო პრაქტიკაში მიღწეული დადებითი შედეგები გვარწმუნებს, რომ საჭიროა, საბანკო სექტორის განმტკიცებისათვის საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურაში განხორციელდეს ხარისხობრივი სრულყოფა, საბანკო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებისათვის კომპლექსური მექანიზმების შემუშავება, რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, გამოვიმუშაოთ პრაქტიკულად მოქმედი ინსტრუმენტები ცალკეულ ბანკებში კრიზისული სიტუაციის თავიდან აცილებისათვის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბანკო ზედამხედველობა ყოველთვის არ იძლევა გარანტიას საკრედიტო ორგანიზაციებში ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ამიტომ სათანადო საბანკო ზედამხედველობის სისტემასთან ერთად აუცილებელია ბანკების მხრიდან წინასწარი ღონისძიებების დამუშავება მოკლე დროში კრიზისული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად.
საბანკო სისტემის ეფექტიანი მუშაობა მთლიანად ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღევანდელ პირობებში საბანკო სექტორის მაკრო და მიკრო დონეზე პრობლემური ბანკების რესტრუქტურიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.5 მაკროეკონომიკურ დონეზე საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციაში იგულისხმება მთელი ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და სხვა ორგანიზაციების მიერ ზედამხედველობის განხორციელება, საბანკო სექტორის მიმართ ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგება.
მიკროეკონომიკურ დონეზე ქვეყნის საბანკო სისტემის სრულყოფა გულისხმობს საბანკო მენეჯმენტის გარდაქმნას უცხოეთის მდიდარი გამოცდილების და დღევანდელი ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით. რასაკვირველია, მუშაობის ყველა პროგრესული მეთოდის კოპირება და არაადაპტირებული სახით საქართველოში გადმოტანა არ შეიძლება, თუ არ იქნება გათვალისწინებული ქვეყნის ეკონომიკის თავისებურებებთან ერთად სახელმწიფოებრივი ინტერესებიც.
სისტემური საბანკო კრიზისის თავიდან აცილებისათვის ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ამოცანის გადაწყვეტა: პირველი, საჭიროა, საქართველოს მთავრობა აღიჭურვოს საბანკო სისტემაზე ზემოქმედების რეალური მექანიზმით; მეორე, აუცილებელია პრობლემური ბანკების რესტრუქტურიზაციის უზრუნველყოფის შესაბამისი ღონისძიებების დამუშავება; ამ ურთიერთდაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტაში მთავარი საკითხია საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის კონცეფციის შემუშავება და მის საფუძველზე ამ კონცეფციის პრაქტიკული გატარებისათვის სპეციალური პასუხისმგებელი ორგანოს შექმნის დასაბუთება.
შეიძლება მოვიყვანოთ მეზობელი ქვეყნის – რუსეთის მაგალითი. ამ ქვეყანაში საკრედიტო ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციის სააგენტოს შექმნამ განაპირობა მოქმედ კანონმდებლობასთან კრიზისების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების დაკავშირება. სხვაგვარად რუსეთის ცენტრალურ ბანკს დამოუკიდებლად არ შეეძლო ღონისძიებების შემუშავება საკრედიტო ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციის განხორციელების თვალსაზრისით, ვინაიდან მას კანონმდებლობით არა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საკრედიტო ორგანიზაციების კაპიტალებში, მაშინ, როდესაც ბანკების საკონტროლო პაკეტის შეძენა წარმოადგენს ბანკების კრედიტუნარიანობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას. საკრედიტო ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციის სააგენტოს შექმნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისის შემდგომ პერიოდში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევაში7.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაცია არის მთლიანად საბანკო სისტემის სანაცია (გამოჯანმრთელება) და მისი საქმიანობის ქმედითუნარიანობის განმტკიცება. საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციაში იგულისხმება როგორც ცალკეული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სისტემის საფინანსო მდგომარეობის განმტკიცება. იგი მიიღწევა ისეთი საბანკო ოპერაციების სახეების ერთობლივი განხორციელებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს: 1. საბანკო სისტემის ფუნქციობის პროცესში ის არაკეთილსასურველი ეკონომიკურ-პოლიტიკური და სხვა ნეგატიური მოვლენები გადავლახოთ, რომლებიც საბანკო სისტემის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; 2. ეფექტიანი და ცივილიზებული კონკურენციის პირობების შექმნის საფუძველზე საბანკო საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფას მივაღწიოთ; 3. აუცილებელია ასევე, სამართლებრივი ბაზისა და ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფის მეშვეობით საკრედიტო ორგანიზაციებსა და მათ კლიენტებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა განმტკიცდეს; და ბოლოს, 4. როგორც მთლიანად საბანკო სისტემის, ასევე მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების მართვის ხარისხის ამაღლებით საბანკო სექტორის საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესებას მივაღწიოთ.
ამრიგად, საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაცია – ეს არის არა მარტო კომერციული ბანკების სტრუქტურებში ცვლილებები, არამედ იგი გულისხმობს მთლიანად ეროვნული საბანკო სისტემის ხარისხობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს, სახელმწიფოს მხრიდან საბანკო სისტემის მართვის ეფექტიან რეგულირებას. საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის პროცესში სახელმწიფოს როლის ამაღლება მოითხოვს: ა) რესტრუქტურიზაციის შესაბამისი წესების, პროცედურებისა და რეგლამენტის ჩამოყალიბებას; ბ) რესტრუქტურიზაციის ეფექტიანობის კრიტერიუმების განსაზღვრასთან ერთად კონკრეტული ვადების მითითებით კონკრეტულ ღონისძიებათა გატარებას; გ) ფულადი რესურსების დაბანდებათა მიმართულებების განსაზღვრას, მათი ეფექტურად გამოყენების კრიტერიუმების დამუშავებას.
დეპოზიტების დაზღვევის ნორმატიული ბაზის შექმნის დროს კვლავ დარჩება საბანკო სისტემის ფუნქციობაში ორსაფეხურიანი სისტემა. მეორე საფეხურს, კომერციული ბანკების საქმიანობას ცენტრალურ ბანკთან ერთად გააკონტროლებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. ცენტრალური ბანკი ზედამხედველობას გაუწევს მთლიანად საბანკო სისტემის საქმიანობას, ხოლო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში დეპოზიტების დაზღვევის საშუალებით უზრუნველყოფს საბანკო სისტემის ფინანსურ საიმედოობასა და მდგრადობას.
ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთავარ ამოცანად დარჩება, როგორც ადრე იყო, ეროვნული ვალუტის მდგრადობის უზრუნველყოფა ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორის ფუნქციების გატარებით; ცენტრალური ბანკის საზედამხედველო ორგანოს მთავარი ამოცანა კი იქნება საბანკო სისტემაში მუდმივი მონიტორინგის გატარების საფუძველზე კრიზისული სიტუაციის არ დაშვება, ხოლო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დაამთავრებს რა საბანკო ზედამხედველობის მართვის პროცესს, იგი შეასრულებს შენატანების სანდოობის უზრუნველყოფის, პრობლემური საკრედიტო ორგანიზაციების გამოვლენისა და სანირების საკითხების გადაწყვეტის ფუნქციებს.
ამრიგად, საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ორგანიზაციის სრულყოფა ბანკების რესტრუქტურიზაციის პროცესში გულისხმობს: პირველი, კომერციული ბანკებისათვის პრობლემების არ დაშვებას; მეორე, საბანკო საქმიანობის ფულად-საკრედიტო რეგულირებას, და მესამე, ბანკების პრობლემების გადაწყვეტას არა წმინდა “საბანკო საქმის” თეორიიდან გამომდინარე, არამედ ბაზარზე წარმოშობილი გაუთვალისწინებელი მოვლენების წარმოშობის საფუძველზე, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ორგანიზაციის თანამედროვე პირობებში არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს ოპერატიულ გადაწყვეტას. კერძოდ, აუცილებელია ბანკებში ისეთი პოლიტიკის და პროცედურების ჩამოყალიბება, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, ადეკვატურად შეაფასონ საბანკო რისკები8. ყოველივე, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია საქართველოს საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზების ძიების პროცესში.