ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის განვითარების პერსპექტივები
თ. შ. ჯოლბორდი, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ნ. აბესაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, რ. ქინქლაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
საქართველოში საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებამ, მასობრივმა პრივატიზაციამ, საკუთრების სხვადასხვა ფორმის წარმოქმნამ, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებამ, ბიზნესის ინტერნაციონალიზაციამ მოითხოვა ფინანსური ინფორმაციის სათანადო საერთაშორისო ბაზის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციის ყველა მომხმარებლისათვის. კერძოდ, გაჩნდა მზარდი მოთხოვნა ბუღალტრულ ინფორმაციაზე.
ბუღალტრულ აღრიცხვას “ბიზნესის ენას” უწოდებენ, რადგან მას ყველა სამეურნეო ფაქტი თუ კომერციული გარიგება გადაჰყავს ერთ საერთო ენაზე – ფულის ენაზე; იგი აფიქსირებს სამეურნეო სუბიექტის ფინანსური შედეგების და ფინანსური მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას. საერთაშორისო ბიზნესის განვითარებამ და კაპიტალის თავისუფალმა გადადინებამ ერთი ქვეყნიდან მეორეში მოითხოვა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, ამიტომ ბუღალტრული აღრიცხვა გასცდა ნაციონალურ ჩარჩოებს და საერთაშორისო სახე მიიღო; კერძოდ, საჭირო გახდა ერთიანი ნორმატიული აქტების შემუშავება, რათა ნაციონალური სააღრიცხვო სისტემები არ ყოფილიყო ხელის შემშლელი საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისათვის. ამრიგად, პრაქტიკამ მოითხოვა საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის განვითარება, რომლის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი (ბასსკ-ი). ეს სტანდარტები სავალდებულოა იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც აღიარეს იგი. მათ შორისაა საქართველოც.
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შემოტანამ მრავალი ცვლილება გამოიწვია ეკონომიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ეკონომიკურ ანალიზში. ბევრი საკითხი საჭიროებს გადამუშავებას და ახლებურ მიდგომას, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს წინდახედულად და იგი არ უნდა იყოს ზუსტი ანალოგი საზღვარგარეთული მოდელისა. აუცილებელია ჩვენში არსებული გამოცდილების გათვალისწინებაც ამ საკითხში, რათა მათგან პოზიტიური შენარჩუნდეს და შეივსოს პროგრესული სიახლეებით. მეცნიერ – ეკონომისტებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია, ბუღალტრული აღრიცხვის რომელი მოდელია მისაღები საქართველოს ეკონომიკისათვის – ამერიკული, ინგლისური, რუსული თუ სხვა. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა უცხოელი ავტორების აზრი. კერძოდ, ცნობილმა ფრანგმა ეკონომისტმა, პარიზი – ლოფინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟაკ რიშარმა გამოსცა წიგნი “საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ანალიზი და აუდიტი”, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ მეტად კარგად ცნობილ დისციპლინას – ფინანსურ ანალიზსა და ჩვენთან დღემდე არსებულ დისციპლინას-საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის ანალიზს. იგი სათანადო არგუმენტაციით ასაბუთებს, რომ ეს ორივე დისციპლინა აუცილებელი, საჭირო და სასარგებლოა და შესწავლილი უნდა იქნეს ერთობლივად. ჟ. რიშარის მოსაზრებით, ეკონომიკური ანალიზის განვითარება უნდა ითვალისწინებდეს შემდგომ მიმართულებებს:
1. გაფართოვდეს ფინანსური საქმიანობის ანალიზის სფერო;
2. არ გამიჯნოს ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის შეფასებითი მაჩვენებლები;
3. გათვალისწინებული იქნეს საერთაშორისო კონტექსტი;
4. პატივი ვცეთ მართვის ფორმების მრავალსახეობას;
5. გადმოვცეთ სხვადასხვა სახის კონკრეტული გამოცდილება;
ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისტორიულად ანალიზი წარმოიშვა ბალანსის ანალიზის საფუძველზე საწარმოს გადახდისუნარიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზის სახით. შემდგომში მისი განვითარება მიმდინარეობდა მესაკუთრის ინტერესიდან გამომდინარე. კერძოდ, მას აინტერესებდა კაპიტალის სტრუქტურისა და შეფასების ანალიზი, თუ რამდენად სწრაფად ბრუნავდა კაპიტალი და მისი ფულადი ნაკადები, მიიღებოდა თუ არა მაქსიმალური მოგება და იყო თუ არა საწარმოს ფინანსური მდგომარეობა მყარი. შესაბამისად, აღნიშნული, დისციპლინა მოიცავს ამ საკითხების ანალიზს, იგი განიხილავს საწარმოს საქმიანობის მხოლოდ ფინანსურ ნაწილს. ამიტომაც მიიჩნევს ზოგიერთი ეკონომისტი, რომ ასეთი მიდგომა ზღუდავს ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობებს. მისგან განსხვავებით, საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის ანალიზი მოიცავს ტექნიკურ – ეკონომიკურ ანალიზს კაპიტალის წრებრუნვის სამივე სტადიაზე: მომარაგება – დამზადების, წარმოების და რეალიზაციის, ანუ იგი შეისწავლის კაპიტალის წრებრუნვის პროცესს მთლიანობაში. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ანალიზის ორივე სახის შერწყმა გამოიწვევს ერთი და იმავე რესურსების ანალიზს ორი ასპექტით: ფინანსურით და ტექნიკურ-ეკონომიკურით, ანუ შეისწავლება, რამდენად ეფექტურად გამოიყენება ერთი და იგივე ეკონომიკური რესურსები, რომლებიც შეფასდება ფინანსური და ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებით, რაც უფრო ეფექტიანს გახდის ანალიზს და შექმნის მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას. ამ ფაქტს ადასტურებს ჟ. რიშარი. იგი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ეკონომიკურ ლიტერატურაში საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ანალიზი იზღუდება მხოლოდ ფინანსური ანალიზით, კერძოდ, გადახდისუნარიანობის და რენტაბელობის შესწავლით, სამეურნეო საქმიანობის შედეგების სხვა მაჩვენებლებს კი ძალზე მოკრძალებული ადგილი უკავია. ანალიზის სფეროს ასეთი შევიწროება კი ზღუდავს მის შესაძლებლობებს. ასეთ შეზღუდულობაზე მიუთითებენ დასავლეთის სხვა სპეციალისტებიც. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის აღრიცხვისა და მართვის ინდუსტრიული მეთოდების პროფესორი რ. ს. კაპლანი აღნიშნავს, რომ დროის მიკლე პერიოდში პროდუქციის გამოშვების რენტაბელობა შეიძლება განპირობებული იყოს უფრო მეტად მისი ფასის შეფარდებითი ცვლილებებით, ვიდრე წარმოების პროცესების სტრუქტურის სრულყოფით: “ერთის მხრივ, კონკურენცია მსოფლიოში დღეს მოითხოვს, გაითვალისწინონ არაფინანსური ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან, მარაგების დონესთან, ეფექტიანობასთან, მოქნილობასთან, მიწოდების საიმედოობასთან, კადრების საკითხთან.”1
ჟ. რიშარი ეთანხმება ამ შენიშვნას. იგი ადასტურებს, რომ მას, როგორც პრაქტიკოსს, პარიზის ანალიტიკური კაბინეტის, “ალფას” ექსპერტს, ხშირად ესაჭიროება არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის, არამედ არაფინანსური ინფორმაციაც, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას საწარმოს ფინანსურ შედეგებსა და მდგომარეობაზე. ასეთი ინფორმაციის გარეშე არასრულყოფილია ანალიტიკური ექსპერტიზა, ეს ინფორმაცია კი ასახულია არა ფინანსური ანალიზის, არამედ სამეურნეო საქმიანობის ანალიზის წიგნებში. ის ადასტურებს, რომ “საწარმოს, რომელსაც აქვს ფინანსური საქმიანობის სრულიად ნორმალური მაჩვენებლები, მაგრამ შეჩერების, ან დაცემის პოზიციაზეა, უმცირესი შანსი აქვს, გახდეს ან დიდხანს დარჩეს საერთაშორისო საწარმოდ. ამ პირობებში სწავლება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ფინანსურ ანალიზს და იმავდროულად ზღუდავს საწარმოს სამეურნეო შედეგების შესწავლას რენტაბელობის საკითხებში (მათ შორის ფინანსური), არა მხოლოდ არამდგრადი, არამედ საშიშიცაა.
ვფიქრობთ, რომ საწარმოს მართვის ახალ საერთაშორისო კონტექსტში აუცილებელია, უპირატესობა მიენიჭოს ამ საკითხისადმი მრავალმხრივ მიდგომას, რომლის დროსაც ფინანსური საქმიანობის ანალიზი არ იქნება გამოყოფილი ეკონომიკური ანალიზის სხვა ასპექტებისგან და მათთან ერთად შეადგენს ჰარმონიულ მთლიანობას.
ეს არის ნაშრომის მთავარი ამოცანა, რომლის სახელწოდება გამომდინარეობს ფართო ცნებიდან “საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ანალიზი” და მჭიდროდაა დაკავშირებული საწარმოს არაფინანსურ – ეფექტიანობის მაჩვენებლებთან.2
“მე უკეთ ვიცი, დასავლეთის სხვა კოლეგებთან შედარებით, რომ რუსეთში არიან კომპეტენტური ავტორები საწარმოს სამეურნეო საქმიანობის, ეკონომიკური ანალიზის შესწავლის საკითხებში და რომ მათი სამეცნიერო პოტენციალი გამოვლინდა, ან ჯერ კიდევ არ გამოვლენილა შრომებში, სტატიებში, რუსული ეკონომიკის სასარგებლო მიღწევების საფუძველზე. ( მე თაყვანისმცემელი ვარ პროფ. ა. შერემეტის შრომებისა ეკონომიკურ ანალიზში)”3
ჩვენი აზრით, საკითხის ასეთი ასპექტით განხილვა მართებულია და მისაღები ჩვენთან არსებული სიტუაციისათვის. ჯერ ერთი, საერთაშორისო ბუღალტერია მოითხოვს ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის განხილვას საერთაშორისო კონტექსტში. მეორეც, საერთაშორისო კონტექსტი გულისხმობს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის (ამერიკა, ინგლისი და სხვა), არამედ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებასაც ( ამერიკული, ევროპული, ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები). მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნებში ყოველივე პოზიტიური და სასარგებლო გამოცდილება უნდა შენარჩუნდეს და მასზე მოხდეს ახალი, პროგრესული ცოდნის კონსტრუირება.
პრაქტიკამ მოითხოვა საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის ნორმების შემუშავება. პრაქტიკა ასევე მოითხოვს ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის განხილვას საერთაშორისო კონტექსტში, რათა მომზადდეს კარგი ექსპერტ-ანალიტიკოსი. ამასვე ადასტურებს ჟ. რიშარი, როგორც პრაქტიკოს – ანალიტიკოსი-ექსპერტი: “მივდევდი რა ყოველმხრივი განხილვის პრინციპს, მე ვამჯობინე, მეხელმძღვანელა ანალიზის ორივე სახისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით;
ვფიქრობდი, რომ საგარეო ექსპერტის კარგი მომზადება მდგომარეობს იმაში, რომ ვუჩვენოთ მას შიდა ექსპერტიზის ყველა შესაძლებლობა, თუ ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში იგი იძულებული იქნება, უარი თქვას ანალიზის ამა თუ იმ ასპექტზე”
მიგვაჩნია, რომ ქართველი მეცნიერ – ეკონომისტები უნდა ჩაერთონ ამგვარ კვლევაში, რათა დაახლოვდეს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მაჩვენებელთა ერთიანი სისტემები, რაც უახლოეს ხანში ახალ დატვირთვას მიიღებს; კერძოდ, უფრო ფართოდ მოხდება საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობასა და გადახდისუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა, ფინანსურთან ერთად განიხილავენ არაფინანსურ ფაქტორებსაც, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ საწარმოს ეფექტიანობასა და რენტაბელობაზე და რომელსაც შეისწავლის სამეურნეო საქმიანობის ანალიზი.
ამრიგად, დროული და აქტუალურია პრობლემის დაყენება – საწარმოთა მართვა განხილული უნდა იქნეს საერთაშორისო კონტექსტში, როცა ფინანსური ანალიზი არ იქნება გამიჯნული ეკონომიკური ანალიზის სხვა ასპექტებისგან და მათთან ერთად შეადგენს ერთიანს, მთლიანს. ამ მხრივ, ჟ. რიშარის წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებას, სადაც გადმოცემულია საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ყოველმხრივი ანალიზის მეთოდოლოგია და მისი საერთაშორისო ასპექტი.
ავტორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად სოციალისტური სისტემის ნგრევისა, მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი მუშაობა მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს მეცნიერებას. იგი გულისხმობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური ანალიზის მეთოდიკა და მეთოდოლოგია განსხვავებულია, გამომდინარე ნაციონალური აღრიცხვის შეზღუდულობიდან და გვთავაზობს გამოსავალს:
“ამ შემთხვევაში საჭიროა კი უპირატესობა მივანიჭოთ ანალიზის განსაზღვრულ სახეებს, რომლებიც დაკავშირებულია რომელიღაც ერთ ქვეყანასთან? უკეთესი არ იქნება, გავაფართოოთ მკითხველის ცოდნა, გავაცნოთ მას ანალიზის მეთოდების მრავალსახეობა, რომლებიც გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყანაში?”
“ამ მეთოდის უპირატესობაა, რომ ის უჩვენებს ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტის ფართო შესაძლებლობას, რაც ვლინდება მისადმი მიდგომის სხვადასხვა ფორმაში, ან მისი ამოხსნის სხვადასხვა ვარიანტში”4 მიგვაჩნია, ასეთი წინადადება მისაღებია, რადგან, თანამედროვე ეკონომიკის სწავლება მეტად მოიგებდა, თუ იგი მიმართული იქნება ცოდნის გაფართოებაზე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლაზე, ანალიზის სხვადასხვა მეთოდების გაცნობაზე, ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების სწავლებაზე. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა, კერძოდ, პროექტი “კრიტიკული აზროვნება და აქტიური სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში “(კაასუს), რომელიც ეფუძნება სტუდენტის მიერ ცოდნის აქტიური გზით მიღებას, როცა იგი მასალის არჩევის წინაშე უნდა დადგეს, რათა პრობლემის შერჩევა, საკუთარი მოსაზრების შემუშავება და დაცვა შეძლოს, ანუ მას უნდა შევთავაზოთ ალტერნატივები და თავად გააკეთოს არჩევანი. ასეთი სწავლების ფორმა განსაკუთრებით მისაღებია მაგისტრანტებისათვის. თუ ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის ლიტერატურაში წარმოვადგენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, უპირატესობას არ მივანიჭებთ რომელიმეს და არსებულ მოდელებს შორის არჩევანის შესაძლებლობას შევთავაზებთ მაგისტრანსტს, იგი მისაღები ფორმა იქნება როგორც სწავლის, ასევე სწავლების ეფექტიანობისათვის უმაღლეს სკოლაში.
ამ მხრივ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზის ლიტერატურა შეივსოს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურით, ითარგმნოს ქართულ ენაზე და შეიქმნას ერთიანი საიფორმაციო ბაზა, რადსგან საერთაშორისო ასპექტით ეკონომიკური ანალიზის დისციპლინების კურსის დამუშავება დადებითად წაადგება საქართველოს ეკონომიკას და ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს.