რას აზღვევენ ქართველები
ნინო არველაძე
2006 წელი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იყო – გამოიკვეთა ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შერწყმის ტენდენცია, შეიცვალა ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზა და გაღრმავდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. თუ რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, დაზღვევის რომელი პროდუქტი სარგებლობს მოსახლეობაში პოპულარობით, რით არის ის გამორჩეული დსთ-ის სხვა ქვეყნებისგან და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სადაზღვევო კომპანიების მენეჯმენტში, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მოვლენების შესახებ გვესაუბრება საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ცერცვაძე.
– ბატონო არჩილ, როგორ შეაფასებდით სადაზღვევო ბაზრის საქმიანობას გასულ 2006 წელს, ეს ეხება საკანონმდებლო ბაზას, უცხოური ინვესტიციების ზრდას და მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას.
– გასული წელი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მას შეიძლება სადაზღვეო ბაზრის გააქტიურების, სადაზღვევო კომპანიების გამსხვილებისა და შერწყმის წელიც ვუწოდოთ. 2006 წელს კვლავ შეიმჩნეოდა კომერციული ბანკების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებისადმი ინტერესი, საქართველოს ზოგიერთ კომერციულ ბანკს სადაზღვევო სფეროში ჰქონდა განხორციელებული ინვესტიციები, ეს პროცესი გასულ წელსაც გაგრძელდა. მაგალითად, სადაზღვევო კომპანია ევროპეისის 20% საქართველოს ბანკმა შეიძინა, ხოლო BCI-მ – მისი 80%, BCI 100%-ით საქართველოს ბანკის ფლობელობაშია. 2006 წლის დეკემბერში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – BCI-მ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” შეიძინა, ეს მნიშვნელოვანი გამსხვილებაა, რადგან “ალდაგი” და BCI-ც ჩვენს ბაზარზე ლიდერი კომპანიები იყვნენ, ანუ მოხდა ორი ლიდერი კომპანიის გაერთიანება, მათი ერთიანი საქმიანობა 2007 წელს დაიწყება და საქართველოს პირობებისათვის საკმაოდ სოლიდური კომპანია იქნება. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შემოვიდა კომპანია “IC Group””-ი, აქ არის კომერციული ბანკის VთB ბანკი ჯორჯიას მონაწილეობა.
2006 წელი საკანონმდებლო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წელი იყო. ავტომოტო მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის ძირითადმა ნაწილმა, რომელიც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს ეხება, 2009 წლისთვის გადაიწია.
– რამ გამოიწვია გადავადება?
– დარჩენილია კანონი მხოლოდ მაღალრისკიან ავტომობილებზე – 3 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის, სატრანზიტო და სამგზავრო ტრანსპორტზე. საჭიროა მოქმედი კანონის სრულყოფა, ამიტომ მართებულად მიიჩნიეს საბოლოო სრულყოფამდე კანონი მსუბუქ ავტომობილებზე არ გავრცელებულიყო, გათვალისწინებულია სოციალური მომენტიც, რადგან ყველაფერი თანხებს უკავშირდება. პარალელურად კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მომზადდეს, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მის სათანადო დახვეწას შევეცდებით, პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკიც. უნდა აღინიშნოს, რომ ავტო დაზღვევის სისტემის დახვეწაში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ სისტემასა და კანონს მივიღებთ.
ცვლილებები შევიდა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონში, სოციალური დაზღვევის ერთიანმა ფონდმა სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და ის ფუნქციები, რომლებიც მას კერძო ნებაყოფლობით საპენსიო დაზღვევაში ქონდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს გადმოეცა. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეგულირების საკითხში სამი უწყება იყო ჩართული – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ყველა ფუნქცია, რაც კერძო საპენსიო ნაწილს ეკისრებოდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურზე გადმოვიდა – ეს არის კერძო საპენსიო სქემების ექსპერტიზა და ნორმატიული აქტების მიღება. ერთი სიტყვით, ამ ნაწილში ჩვენი ფუნქცია გაიზარდა, ჩვენთან ერთდროულად მოხდება რეგისტრაცია და ლიცენზიის გაცემაც, შესაბამისად სისტემა გამარტივდა, რადგან ყველაფერი ერთ უწყებას დაუკავშირდება.
სერიოზულო სამუშაოები ტარდებოდა “დაზღვევის შესახებ� კანონზე, შეიცვალა ლიცენზირების მთავარი კანონი, წინა წლებში სადაზღვევო კომპანიას სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის 15 ლიცენზიის აღება სჭირდებოდა, ახლა ამისთვის 2 ლიცენზიაც საკმარისია – სიცოცხლის დაზღვევის და “არასიცოცხლის დაზღვევის”, ანუ დაზღვევის გარდა სიცოცხლის დაზღვევისა. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობთ, რომ მთელი სალიცენზიო პროცედურები ლიცენზირების კანონს შეესაბამებოდეს. “დაზღვევის შესახებ� კანონში ცვლილებების შეტანამდე სფეროს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება არეგულირებს, ხოლო კანონში ცვლილებების შემდეგ დაზღვევაში სალიცენზიო საკითხებს თვითონ კანონი დაარეგულირებს. მნიშვნელოვანი იყო სადაზღვევო კანონმდებლობის ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხები, მის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ქვეყნის საერთო გეგმაში საფინანსო ინსტიტუტებს – კომერციულ ბანკებს, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს და სადაზღვევო სფეროს დიდი ადგილი ეთმობა, იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებებიც და სადაზღვევო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის სრულყოფაც. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება მარეგულირებელ ნორმებს, რომელსაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს, გასულ წელს გამოვეცით სადაზღვევო კომპანიებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნის გაზრდა. თუ წინა წლებში “არასიცოცხლის” დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი საწესდებო კაპიტალი 500 000 ლარს შეადგენდა, ხოლო სიცოცხლის დაზღვევისათვის კი – 1 მლნ ლარს, შარშან ჩვენს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 მაისიდან სადაზღვევო კომპანიებს უნდა გააჩნდეთ 1 მლნ ლარი “არასიცოცხლის” დაზღვევის, ხოლო 1,5 მლნ ლარი სიცოცხლის დაზღვევის განხორციელებისათვის.
– რით არის გამოწვეული სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის ზრდის აუცილებლობა?
– სადაზღვევო კომპანიები ვითარდებიან, შესაბამისად იზრდება რისკებიც, ამიტომ მათი საგარანტიო უზრუნველყოფა, ანუ კაპიტალიზაციის დონე, მაღალი უნდა იყოს. სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი მისი საწესდებო კაპიტალია. რა თქმა უნდა, მას სადაზღვევო რეზერვები და სხვა ლიმიტებიც ახლავს. ეს არის საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნის ზრდის მიზეზი, პროცესი არ დასრულდება, იგი სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე განვითარდება და საბოლოო ეტაპი სავარაუდოდ 2010 წელი იქნება. 2006 წელს ცვლილებები შევიტანეთ საზედამხედველო ორგანოსა და სადაზღვეო კომპანიებს შორის ურთიერთობებშიც, გაძლიერდა ანგარიშგება, ანუ ანალიზისათვის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში მათ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია უფრო სრულყოფილი და დეტალური გახდა. საჭირო და აუცილებელი ცვლილებები შევიდა გადახდისუნარიანობის ნორმებშიც, რაც სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სადაზღვევო სფეროში პირველად განახორციელა ინვესტიცია, მან სადაზღვეო კომპანია “იმედი L”-ის საერთო აქციების 34% შეიძინა და აქციონერი გახდა.
– როგორ აისახება ეს პროექტი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე?
– მას აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება, პირველ რიგში, ამ პროექტით მენეჯმენტში ნოუ-ჰაუ დაინერგება, ევროპული სტანდარტები შემოვა “იმედი L””-ის მართვაში. კაპიტალიზაციის თვალსაზრისით კი, ეს არის შემოსული ინვესტიცია, რაც ცხადია, რომ დადებითი მოვლენაა. პარალელურად, EBRD ჩვენთან 2006 წელს თანამშრომლობდა და ვმუშაობდით პროექტზე რაც, მომავალშიც გაგრძელდება.
– თუ შეგიძლიათ მოკლედ გვესაუბროთ ამ პროექტის შესახებ?
– 2006 წელს ხორციელდებოდა EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, იგი სადაზღვევო კანონმდებლობის და დაზღვევის ზედამხედველობის სრულყოფას ითვალისწინებდა. ეს პროექტი ახლაც მოქმედებს და მიმდინარე წლის მარტის დასასრულს დამთავრდება, პროექტის უცხოელი ექსპერტები ჩვენთან ერთად კანონმდებლობის და გადახდისუნარიანობის სრულყოფაზე, ასევე ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხებზე მუშაობენ. დავამატებ, რომ ჟEPLAჩ-თან ერთად სრულვყოფთ ევროპის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხებს, ვითვალისწინებთ ექსპორტიორთა რჩევებს და მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე. ანუ, ამ საკითხს რამდენიმე მხრიდან ვამუშავებთ, რა თქმა უნდა, ჰარმონიზაცია ერთ წელიწადში არ მოხდება, მისი სავარაუდო ეტაპიც 2010 წელია.
– საქართველოში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შერწყმის ტენდენციაა, რამ განაპირობა ეს და როგორ აისახება ის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე?
– სადაზღვევო კომპანიას ფინანსური სიმყარისთვის კაპიტალიზაციის მაღალი დონე სჭირდება. საქართველოში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ხოლო კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისათვის ძლიერი ინვესტორია საჭირო. დღეს საქართველოში რეალური ინვესტორი კომერციული ბანკია, რადგან მას ფული აქვს, ანუ ერთი მიზეზია ინვესტიციის წყარო. ასევე, ბანკებს საქართველოს რეგიონებში კარგად აწყობილი ქსელი აქვთ და მისი გამოყენება სადაზღვევო პროდუქციის რეალიზების დროსაა შესაძლებელი. ბანკებს უკვე ჩამოყალიბებული მუდმივი პარტნიორები – მომხმარებლები ჰყავთ, რომლებიც თავის რისკებს სადაზღვევო კომპანიებში ათავსებენ. კომერციული ბანკების შემოსვლა სადაზღვევო ბაზარს აძლიერებს, მაგრამ არსებობს წინააღმდეგობაც – ყველა ბანკი, სადაზღვევო კომპანიების მსგავსად, რისკის მატარებლია, ერთიანდება ორი რისკის მატარებელი, ამის გამო ჩვენ სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობას ვახორციელებთ, ეროვნული ბანკი კი – კომერციული ბანკებისას, ამიტომ, რეგულატორები მივიჩნევთ, რომ საქმე მეტ რისკთან გვაქვს და საზედამხედველო მიდგომაც და პროცესიც მყარი და სტაბილური უნდა იყოს. თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული ჩვენსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის – კომერციულ ბანკს შვილობილი კომპანიის სახით სადაზღვევო კომპანია ჰყავს, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს აკონტროლებს, ჩვენ კი – სადაზღვევო კომპანიებს, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებისა და მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული მემორანდუმი გავაფორმეთ.
– რას იტყვით დაზღვევის საერთაშორისო ბაზარზე, რა მთავარი მიმართულებები შეინიშნება?
– თუ დასავლეთ ევროპის ბაზარზე ვისაუბრებთ, ცხადია, ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა, იქ დაზღვევის ბაზარს დიდი ისტორია, გამოცდილება და რესურსი გააჩნია, დასავლეთ ევროპაში დაზღვევა ცხოვრების ნაწილად არის ქცეული და ადმიანის ყველა ყოფითი რისკი იზღვევა, ასევე იზღვევა სამეწარმეო რისკიც, შესაბამისად დიდია ბაზარი და გამოცდილება. თუ პარალელს ჩვენსა და აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ბაზრებს შორის გავავლებთ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეს პროცესები ჯერ კიდევ გასავლელია. დსთ-ის ქვეყნებთან შედარებით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ბაზარი სტაბილურობით გამოირჩევა და ჩვენი კანონმდებლობა მათ კანონმდებლობას უსწრებს. ჩვენთან სადაზღვევო ბაზრის სფეროს რეფორმა 1997 წლიდან დაიწყო, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტებისა და მათი მხრიდან დახმარებების დადებითი გავლენაც. თუ დსთ-ის ქვეყნებთან შედარებით განვითარებული სადაზღვევო ბაზარი გვაქვს. მსოფლიო ასოციაციის დაზღვევის ზედამხედველთან საქართველო დსთ-ის ქვეყნებიდან რიგით მეორე გაწევრიანდა 1999 წელს, პირველი რუსეთი იყო, იქ გასაწევრიანებლად აუცილებელია განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვა. დსთ-ის ქვეყნებიდან ამ ასოციაციის წევრი მხოლოდ 4 ქვეყანაა.
– რომელია ეს ქვეყნები?
– რუსეთი, საქართველო, ჩვენს შემდეგ ყაზახეთი და უკრაინა გაწევრიანდნენ. სხვა ქვეყნები კი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ამიტომ ისინი ასოციაციის წევრები ჯერ არ არიან. რაც შეეხება ბაზრის მოცულობას, გეტყვით, რომ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანს ჩვენზე ოდნავ დიდი სადაზღვევო ბაზარი აქვს. სადაზღვევო კომპანიების სტაბილურობის თვალსაზრისით საქართველოს კარგი პოზიციები აქვს, საქართველოში არ ყოფილა სადაზღვევო კომპანიის გაკოტრების ფაქტი, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან სხვა სფეროში გაკოტრება უკიდურესად უარყოფით შედეგს არ იძლევა, სადაზღვევო კომპანიის გაკოტრება კი უამრავი დამზღვევის პრობლემებს იწვევს. გამსხვილება ყოველთვის სტაბილიზაციას განაპირობებს.
– საქართველოს მოსახლეობაში თუ არის ჩამოყალიბებული დაზღვევის კულტურა?
– ყალიბდება, ამ კულტურის დამკვიდრებას წლები, შემეცნებითი საქმიანობა სჭირდება, მასზე გავლენას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო კომპანიები და მედია ახდენენ. სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საუკეთესო რეკლამაა ანაზღაურებული თანხა, ამ დროს სუბიექტი გრძნობს, რომ დაზღვევის თანხა ფუჭად არ გადაუხდია, რაც მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე დადებითად მოქმედებს. სადაზღვევო ბაზრის რეფორმის დაწყების შემდეგ ამ სფეროში საკმაოდ დიდი პროგრესი შეიმჩნევა. საქართველოში ძირითადად არასიცოცხლის დაზღვევაა განვითარებული, მაგრამ არის სხვა პირადი დაზღვევის სახეებიც. ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება ინდივიდუალური, ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა, არის კორპორატიულიც, როდესაც დამსაქმებელი თავის თანამშრომლებს აზღვევს. დაზღვევის სახეებში ლიდერობს სამედიცინო დაზღვევა. დღეს ჩვენს ბაზარზე საკმაოდ მისაღები პროდუქტებია, კომპანიები მომხმარებელს ისეთ პროდუქტს სთავაზობენ, რომელიც მათთვის ფინანსურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა არსებობს ძვირიანი პროდუქტებიც.