ისწავლეთ ფულის გარეცხვა! და აქ არიელი არაფერ შუაშია!
ოთარ ქირია
ოფშორი (Off-shore) – კომპანიები, რომლებიც ფუნქციონირებენ ზონებში (ტერიტორიაზე, მათ შორის სხვა ქვეყანებშიც), სადაც დაშვებულია საგადასახადო შეღავათები ან გადასახადისაგან გათავისუფლებულის სტატუსი; ისინი გარკვეულ პირობებში არ იხდიან მოგების გადასახადს. ამასთან კომპანიების (ფირმების) მფლობელებს მოეთხოვებათ, რომ მოცემული ტერიტორიის რეზიდენტები არ იყვნენ.
ეს რაც შეეხება აკადემიურ განმარტებას
ოფშორისა და ოფშორული ზონების. სინამდვილეში კი – მსოფლიო პრაქტიკამ დაგვანახვა, რომ ოფშორული ცენტრები საგადასახადო სავანეს წარმოადგენენ ბიზნესისთვის და განსაკუთრებით მისი არალეგალური ნაწილისთვის. ეს გახლავთ ფინანსური სამყაროს ის ნაწილი, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. მისი გამჭვირვალობა, დაარსების დღიდან, გადაუჭრელ პრობლემად ევლინება მსოფლიოს ფინანსურ ინსტიტუტებს და არა მარტო მათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოფშორი მეტ წილად ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობას უწყობს ხელს, იგი გაცილებით გლობალური მასშტაბისაა, ვიდრე ეკონომიკური სექტორი. მეორეს მხრივ, ეს არის ინვესტიციების სერიოზული წყარო მსოფლიოში, რადგან აქ ხდება ფულის დაგროვება, კაპიტალიზაცია და მისი დაბრუნება საფინანსო-საინვესტიციო ბაზარზე მძლავრი ნაკადის სახით. ამ კუთხით, ის პროგრესული მოვლენაა და განვითარების სერიოზული წყარო.
ოფშორებისა და მისი არალეგალური უტილიზაციის შესახებ მმე-ს ბევრჯერ წარმოუდგენია მასალა, მაგრამ ამჯერად, მკითხველის ყურადღება გვინდა იმ თანამედროვე ნაბიჯებზე შევაჩეროთ, რომლებიც ოფშორული ცენტრების ლეგალიზაციისათვის გადაიდგა.
მაშ ასე…
ცვლილებები, რომლებიც კარიბის ზღვის ოფშორულ ბიზენეს-სექტორში მიმდინარეობს სულაც არ შეესაბამება იმ მიზნებს, რაც ხელისუფლებას ჰქონდა დასახული. ერთ-ერთი კუნძულის პრემიერ-მინისტრის, არჰიმ ეუსტანსის განცხადებით, გასული წლის პირველ 11 თვეში, საერთაშორისო ბიზნესკომპანიების რეგისტრაცია 20%-ით დაეცა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ანტიგუას ოფშორულ ცენტრში. კუნძული ამჟამად მასპინძლობს 18 ბანკს, ორი წლის უკან ეს მაჩვენებელი 78-ს უდრიდა. ანალიტიკოსების უმეტესობა ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესები აუცილებლად უარყოფით შედეგებს გამოიღებს და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაქინაციურ ოპერაციებს.
კობა დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი: “ამ პროცესის შედეგები უარყოფითად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, სადაც ოფშორული ზონებია განთავსებული, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს სიკეთის მომტანია. ქვეყნებს არ აწყობთ ამ პრინციპის გატარება და უარყოფითი პროგნოზებიც ალბათ ამასთანაა დაკავშირებული. ეს ქვეყნები გლობალურ დანაშაულობებთან ბრძოლისთვის პრიორიტეტად ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებს აყენებენ. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება და დღევანდელი ინტეგრაციის დონე იმდენად მაღალია, რომ თუ დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა მოისურვეს, მათ ძალუძთ შესაბამისი ზეწოლა მოახდინონ იმ ქვეყნებზე, სადაც ოფშორული ზონები არსებობს და ეს პრაქტიკაში გაატაროს”.
რეგისტრაციის შემცირების მიზეზად განვითარებული ქვეყნების ზეწოლას ასახელებენ. უმთავრეს ავტორად კი – ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD), რომლის ცენტრალური ოფისი პარიზში იმყოფება.
კობა დავითაშვილი: “ოფშორების გამჭვირვალობის კონვენცია, რომელსაც საქართველოს დელეგაციამაც მოაწერა ხელი პალერმოში, გახლავთ პირველი ნაბიჯი და ამ მხრივ. ახლო მომავალში მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პარლამენტში შემოიტანს სარატიფიკაციოდ და იმედი მაქვს, ეს ღონისძიება სულ მალე გამოიღებს სასურველ შედეგებს”.
რევერანსი?
რეგიონალური ხელისუფლება აცხადებს, რომ რეაქცია არა აქვს OECD-ის ზეწოლაზე, რომელიც დამსჯელი ოპერაციების გაძლიერებით იმუქრება, თუ იურისდიქციები არ გააუმჯობესებენ ოფშორული ბიზნესსექტორების მარეგულირებელ ზედამხედველობას. თუმცა, მიუხედავად ინდიფერენტულობისა, ბევრი მათგანი კრიტიკის დირექტივებს დაემორჩილა.
ბაჰამის კუნძულების ადმინისტრაციამ, მასში რეგისტრირებულ 100 000 საერთაშორისო ბიზნესკომპანიას უკვე მოსთხოვა ანონიმური საკუთრების გამოაშკარავება, რომლებიც გამოიყენება ფულის გარეცხვის თავშესაფრად. ბარბადოსს ამჟამად ცვლილებები შეაქვს საგადასახადო კანონმდებლობაში, რათა მიაღწიოს თანხვედრას ოფშორული ზონების დაბალ და მაღალ განაკვეთებს შორის. დომინიკა კი ითხოვს, რომ ოფშორული ბანკების ფიზიკური არსებობა კუნძულზე დარჩეს, ხოლო ადმინისტრაციული საკითხები სამთავრობო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ გადავიდეს. ჰოლანდიის ანტილიის კუნძულებმა და მენის კუნძულმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, 2005 წლისთვის მავნე საგადასახადო რეგულირებები გაანადგურონ. იგივე გეზი არჩია კაიმანის კუნძულების, კვიპროსის, მალტის, მავრიტანიკისა და სან-მარინოს ადმინიტრაციებმაც.
ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ თანხებთან შედარებით, რომლებიც ნარკობიზნესისა და იარაღის ვაჭრობისათვის ირეცხება ოფშორებში. თუმცა, ბანკების დადანაშაულება ამაში ნამდვილად არ შეიძლება. ბანკი ზედამხედველობის ორგანო არაა. იგი უბრალოდ ემსახურება “პატიოსან კლიენტებს” და მეტი არაფერი. ამ პროცესის კიდევ ერთი სკანდალური მხარეა საბჭოთა კავშირი და მისი სავაჭრო ორგანიზაციების მაქინაციური ურთიერთობები ოფშორულ ზონებთან.
რუსეთმა, როგორც ჩანს, ჭუჭყიანი ფულის ლეგალიზება მოისურვა. ნებსით თუ უნებლიეთ?
მორიგი უსიამოვნება ფინანსური მსოფლიოსათვის ინგლისურმა ჩიტყგროუპ-მა წარმოშვა წერილით, რომელიც აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო ბუღალტრულ მმართველობას გაეგზავნა. მისი შინაარსის მიხედვით, Citygroup-ის ერთ-ერთი განყოფილება აშშ-ში (Citybank) ახორციელებდა მაქინაციურ საბანკო ოპერაციებს. წერილში ასევე მოცემულია მონანიების მიზეზებიც. თურმე, Citybank-ის მიერ მასზე დაქვემდებარებულ ჩომმერციალ Bank of San Francisco-ში თანხების გადარიცხვამ ეჭვი აღუძრათ, რომ აშშ-ის ფედერალური სისტემა თავად უწყობს ხელს ჭუჭყიანი ფულების გარეცხვას.
ცნობისათვის: ნაწილი ანგარიშებისა, რომელზეც საუბარია, გახსნილია 35 წლის ბიზნესმენის, ირაკლი ყაველაძის მიერ. დანარჩენში კი მონაწილეობას მის მიერ დაარსებული კონსალტინგური კომპანია International Business Creations (შემდგომში Business International) იღებდა. ფირმა რეგისტრირებული იყო ნიუ-ჯერსის შტატში და ფუნქციონირებდა რუსეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
თუ საბანკო ჯგუფთა შორის ყველაზე მსხვილი ასეთი დონის წერილს წერს, ესე იგი საუბარია რაღაც სერიოზულზე. და მაინც, რა სარგებელი ექნება რუსეთს ამისაგან?
ბიზნეს ინტერნაციონალის პირველი მაქინაცია 1991 წლით თარიღდება. ვინ იქნებოდა მაშინ საბჭოთა კავშირის აქტივების მმართველი და ვის შეეძლო თანხების მიმართვა მთავარი იდეოლოგიური მტრების ბანკებში, ადვილი მისახვედრია. რომელი კომპანიები იყენებდნენ 1991 წელში სან-ფრანცისკოს კომერციული ბანკის ანგარიშებს,Business International-ის გარდა?
მესამე ვინ არის?
ერთი თვალსაჩინო მაგალითი: 1991 წლის ოქტომბერში, საკავშირო გაერთიანება, “ნოვოექსპორტი” (რომელიც საკმაოდ ახლო კავშირში იყო სსრკ-ის სპეცსამსახურებთან) აფორმებს კონტრაქტს North American Cornerstone Group-თან, რომელსაც ანგარიშები სანფრანცისკოს კომერციულ ბანკში ჰქონდა გახსნილი. თითქმის ერთ წამში, ამ ხელშეკრულებაში ჩაერთო კერძო კომერციული სტრუქტურა Magic, რომელიც მოსკოვში იყო რეგისტრირებული.
ცნობისათვის: არსებობს მონაცემები, რომ სუკ-ის პროტექციით, კომპანია Magic დაშვებული იყო სამხედრო ქონების რეალიზაციასთან, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანასთან.
თავის მხრივ, უცხოურმა კომპანიებმა “ნოვოექსპორტთან” ერთად, კიდევ რამოდენიმე “მესამე პირი” ჩართეს საქმეში. შედეგად? ფული, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მის ამერიკელ პარტნიორთან უნდა გადარიცხულიყო, ოფშორებში დაიკარგა. დღეს კი, რუსეთი, იღებს რა ვალდებულებას სსრკ-ის ვალებზე, მათ რეცხავს.
“ფოთის ოფშორული ცენტრი” – რას ველოდებით?
ეს რაც შეეხება მსოფლიოს. საქართველოს მაგალითზე საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას. დღეისათვის, ოფშორული ზონების და საერთოდ, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა მისთვის პრიორიტეტი უფრო უნდა იყოს, ვიდრე მონსტრი.
დავით გამყრელიძე, პარლამენტარი: “ის, რომ ოფშორული ზონებისგან მტრის ხატს ვქმნით, მცდარია, რადგან ოფშორული ზონები აბსოლუტურად ლეგალური სექტორია და შექმნილია სწორედ იმ მიზნისთვის, რომ ტრანსნაციონალური ბიზნესის არსებობის დროს არ მოხდეს რომელიმე ქვეყნის საგადასახადო სისტემაზე პრიორიტეტის მინიჭება”.
ამავე დროს, არსებობს სხვა პრობლემა. კერძოდ, სამთავრობო სტრუქტურებში მყოფი ადამიანების ბიზნესში მონაწილეობა სწორედ ოფშორული კომპანიების მეშვეობით. მათ წინააღმდეგ ბრძოლამ, რასაც უკვე კორუფციასთან ბრძოლა ჰქვია, შეიძლება საზოგადოდ ოფშორების წინააღმდეგ მიმართოს ღონისძიებები და საინვესტიციო კლიმატი საერთოდ განადგურდეს.
პრობლემა ოფშორულ ზონებთან ბრძოლით არ მოიხსნება, პირიქით, ჩვენ გავართულებთ მდგომარეობას და დაუწყებთ ბრძოლას ისეთ სერიოზულ ბერკეტს, რაც ეკონომიკაში ოფშორული ზონაა.
დავით გამყრელიძე: “დავკარგავთ ელემენტარულად იმ ფორმას ინვესტირებისა, რომელსაც ტრანსნაციონალური პროექტი ჰქვია. პრობლემა ის კი არ არის, საიდან და როგორ შემოვა ეს ინვესტიცია და რამდენად ლეგალურად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებს თვითონ სტრუქტურა”.
ძალაუნებურად ჩნდება კითხვა რა შეღავათებით სარგებლობს ე.წ. ოფშორები. საერთოდ, რატომ არის ეს დელიკატური თემა? საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი საქმიანობისთვის საჭიროა დარეგისტრირდე, როგორც გადასახადის გადამხდელი და დაემორჩილო ყველა იმ კანონს, რაც არსებობს. არანაირი შეღავათი ამ თვალსაზრისით, არც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ან რომელიმე სხვა რეგიონს არა აქვს.
დავით გამყრელიძე: “ის რომ, კომპანია დარეგისტრირებულია ვთქვათ, საფრანგეთში ან ვირჯინიის კუნძულებზე საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად ერთნაირია, გადასახადელი თანხები ყველა შემთხვევაში საქართველოდან გადის. აქ საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება დაბეგვრა ოფშორული ზონის კანონით თუ საფრანგეთის კანონმდებლობით”.
თვალსაჩინოებისთვის ერთი მაგალითი გვინდა შემოგთავაზოთ:
ვთქვათ, ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის დამფუძნებლები არიან საქართველოს, გერმანიის, აშშ-სა და რომელიმე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული, მაგალითად კვიპროსზე, კომპანიები, ფუნქციონირებს საქართველოში. ისინი ყველა სახის გადასახადს იხდიან საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით. დავუშვათ, მათმა მოგებამ შეადგინა 100000 აშშ დოლარი. აქედან კომპანია იხდის მოგების – 200000 დოლარს და რჩება 800000 დოლარი. ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭო წყვეტს, ეს თანხა წავიდეს რეინვესტირებისთვის თუ დივიდენდების სახით. თუ თანხა მთლიანად დივიდენდების სახით გადანაწილდება, მაშინ კომპანიას მოუწევს 800000-იდან, კოდექსის მიხედვით, კიდევ 10%-ის გადახდა, ანუ ფიქსირებული გადასახადი დივიდენდებზე. საბოლოოდ დარჩება 720000 დოლარი. სწორედ ის თანხა, რაც უნდა გადანაწილდეს თანაბრად დამფუძნებლებს შორის. ქართული მხარის თანხა, რა თქმა უნდა, რჩება საქართველოში, დანარჩენი კი მიემართება აშშ-ში, გერმანიასა და კვიპროსში შესაბამისად. სწორედ უკვე აქ, პრიორიტეტი ენიჭება კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანიას, რადგან ოფშორული პრინციპის თანახმად, მიღებული შემოსავალი გაცილებით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ვიდრე ჩვეულებრივ გერმანიის ან აშშ-ის კოდექსით.
ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქართველო არაფერს არ კარგავს. იმიტომ, რომ ორივე არარეზიდენტის შემოსავლები და დივიდენდი ჩვეულებრივ 10%-ით იბეგრება. მანამდე კი მოგებას საწარმო ბეგრავს ჩვეულებრივ 20%-ით. ასე რომ, აქ რაიმე დამალვაზე საუბარი არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენთვის პრობლემა გახდეს ის არის, რომ დამფუძნებლად შეიძლება მოგვევლინოს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი ისე, რომ ჩვენ ეს ვერ გამოვავლინოთ.
კობა დავითაშვილი, პარლამენტარი: “საქართველოს ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსება საკმაოდ გავრცელებულია. სამწუხაროა, უბრალოდ, ის, რომ ამ დამფუძნებლებს მეწარმეებს ნაკლებად თუ დაარქმევ. ასეთ ორგანიზაციებს ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები აფუძნებენ. “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია” ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქართული კომპანიაა, რომელიც ოფშორულ (ჰოლანდია) ზონაშია რეგისტრირებული, მაგრამ ამ კომპანიასთან ყველაფერი რიგზეა, რადგან მისი დამფუძნებლები არ იმალებიან და ბიზნესსაც ლეგალურად აწარმოებენ. არსებობს ისეთი კომპანიები, რომლებიც, მართალია, ჯერ მამხილებელი საბუთები არ არსებობს, საქმიანობას ოფშორული პრინციპით ეწევიან, სახელს კი არ აქვეყნებენ. მაგალითად “ბულკომი”, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ინჯია გახლავთ”.
რაღაა მაშინ ფულის გარეცხვა, მით უმეტეს, როცა ასე ვებრძვით.
კობა დავითაშვილი: “გამჭვირვალობა ამ სფეროში ნამდვილად მისასალმებელია. ეს სისტემა აუცილებლად სერიოზულ გადახედვას საჭიროებს მთელი მსოფლიოს მხრიდან, ვინაიდან თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო საზოგადოებას სურს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობასთან და ა.შ. უდავოა, რომ ფულის გარეცხვის საუკეთესო საშუალება, ასეთ შემთხვევაში, არის ოფშორული ზონები, თუ ეს საკითხი ღიად და გადაუწყვეტად დარჩა, მაშინ ფუჭია ყოველგვარი კოორდინირებული ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოებისა ისეთ კრიმინალურ ელემენტებთან, როგორებიცაა იარაღით ვაჭრობა, ნარკობიზნესი და სხვა”.
ფულის გარეცხვა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ფულის ლეგალური მოხმარებაა პრობლემა. უცხოეთში, როდესაც შავ ფულს აკეთებენ, იქნება ეს ნარკობიზნესი, ქრთამი, იარაღით ვაჭრობა თუ სხვა, მათ არა აქვთ საშუალება ეს თანხები გამოიყენონ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, თანხა რეგისტრირდება და დეკლარაციაში იწერება, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიშვას სერიოზული დისბალანსი. სწორედ იმისათვის, რომ ეს დისბალანსი არ წარმოიქმნას, საჭიროა, როგორმე არაოფიციალურად ნაშოვნი თანხა მოხვდეს ლეგალურ შემოსავალში. ეს კეთდება კაზინოების და სხვადასხვა ოპერაციის მეშვეობით.
მაგალითად: ერთი ქვეყანა უკვეთავს მეორეს ავეჯის დამზადებას, მიმღები კი საერთოდ მესამე ქვეყანაა. სინამდვილეში აქ არანაირი ავეჯი არ მზადდება. ოფშორები უბრალოდ თანხას ათეთრებენ ანუ შავი ფული, რომელიც ვითომ ავეჯის შესაძენად იქნა გადახდილი შემდგომ დამამზადებელთან წავა და ლეგალურად დაჯდება შემოსავლების ნაწილში. ხშირად, იმისთვის, რომ გათეთრდეს შავი ფული, 60-70%-საც კი კარგავენ თურმე.
დავით გამყრელიძე: “ფულის გარეცხვის საკითხი ამჟამად რუსეთსაც დაუყენეს. მსოფლიო ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ რუსეთი კედევ ერთ ოაზისად არ იქცეს ფინანსური მაქინაციებისათვის. ანალოგიურს დაგვიყენებენ ჩვენც. საქართველოშიც ბევრი ფული ირეცხება. დღეს ამაზე არავინ საუბრობს. იგივე კაზინოები, უამრავი კომპანია, რომელზეც ასეულათასობით თანხები იწერება იმისათვის, რომ თანხები გაათეთრონ”.
ეს ყველაფერი გასაგებია და ყურადსაღები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გვაქვს გასარკვევი. შეიძლება თუ არა საქართველოში შეიქმნას ე.წ. ოფშორული ზონა, რომელმაც სავსებით შესაძლებელია, მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები მოიზიდოს. მაგალითად “ფოთის ოფშორული ცენტრი” – შესანიშნავად ჟღერს, თანაც ფოთი ხომ კუნძულია. დასავლეთით ზღვა, სხვა დანარჩენ მხარეს კი რიონი. პორტი, საგრძნობლად გაზრდილი იმპორტი, თანამედროვე სტანდარტებისათვის შესაბამისად განვითარებული ტურიზმი და ა.შ. ჩვენი აზრით, ეს აბსოლუტურად არაა მოკლებული რეალობას.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორი ტიპის თვისუფალ ეკონომიკურ ზონაზე. ერთია, სადაც დარეგისტრირებული კომპანია გათავისუფლებულია გასახადებისგან (Tax Free) და მეორე, რომ იქ შემოტანილი საქონელი არ იბეგრება სხვადასხვა გადასახადით (Duty Free). ეს ძალიან დიდი სტიმულია ეკონომიკისა და ინვესტიციების განვითარებისთვის.
დავით გამყრელიძე: “იმისათვის, რომ მაგალითად ფოთი, გამოცხადდეს ოფშორულ ზონად, საჭიროა, მხოლოდ კანონი და შესაბამისი ბაზა. ამას ყველა მიესალმება”.
საინტერესოა რას ველოდებით?!