საქართველოს კიდე 14 მლნ დოლარი ასესხეს
ირმა ებრალიძე
საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციების დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურმე შესაძლოა, ქვეყანა ბიუჯეტის გარეშეც კი დარჩეს, რის შესახებაც არაერთხელ “შეგვაშინა” ფინანსთა მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებისა და პარიზის კლუბში გამგზავრების წინ. რადგანაც საქართველომ სავალუტო ფონდის თითქმის ყველა ძირითადი პირობა შეასრულა, სსფ-მ მწვანე შუქი აგვინთო. სავალუტო ფონდის პარალელურად საქართველოს მნიშვნელოვანი თანხებით მსოფლიო მსოფლიო ბანკიც ეხმარება, თუმცა, სსფ-სგან განსხვავებით, არც ისე მკაცრ პირობებს გვიყენებს.
იანვარში, ჯერ კიდევ “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებამდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საბოლოოდ გადაწყვიტა, საქართველოსთვის დახმარების აღდგენა “სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის” ახალი სამწლიანი პროგრამით, სსფ 141 მლნ-იან მხარდაჭერას დაგვპირდა. პირველი ტრანში 11,5 მლნ. დოლარის ოდენობით იანვარში მივიღეთ, მორიგი დახმარებისთვის კი სსფ-მ გარკვეული მოთხოვნები წამოგვიყენა. მეტიც, თუ მათ შორის რომელიმე არ შესრულდებოდა, დახმარების შეწყვეტით დაგვემუქრა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათ შორის “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება და პარიზის კლუბის გადაწყვეტილება იყო.
ფონდის დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს დიდ ხანს იხილავდა. ბიუჯეტის შესრულების 11 თვის შედეგების საფუძველზე, ქვეყნისთვის პროგრამის აღდგენას მხარი დაუჭირეს ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა, მათ შორის, რუსეთმა. უარყოფითი პოზიცია ეკავა შვეიცარიას, რომელიც სსფ-ს დირექტორთა საბჭოში თურქმენეთის ვალის რესტრუქტურიზების დაყოვნებით იყო გამოწვეული. ამ საკითხში შვეიცარიას გერმანიის წარმომადგენლობაც ეთანხმებოდა. საბოლოოდ კი ამ უკანასკნელმა საქართველოსთვის დახმარების აღდგენას დაუჭირა მხარი. პროგრამის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, საქართველო კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, დროულად მოაგვაროს საგარეო ვალების, შემოსავლების მობილიზებისა და კორუფციასთან ბრძოლის პრობლემები. როგორც სსფ-ის რელიზშია ნათქვამი: “საქართველოს ეკონომიკური პროგრამა მომავალი სამი წლის მანძილზე უნდა მიიმართოს ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, სიღარიბისა და საგარეო დავალიანების შემცირებისაკენ. ამ მიზნების მისაღწევად კი ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, გაატაროს სტრუქტურულ-ინსტიტუციონალური რეფორმები. გადაწყვეტილია საბაჟო-საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და ხარჯების კონტროლი, ვინაიდან ამ სფეროში შექმნილი პრობლემები ძირს უთხრიდა ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატს, ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ პოლიტიკას”.
იანვარში თბილისს სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა ეწვია, რომელსაც ფონდის სამხრეთული დეპარტამენტის დირექტორი, დევიდ ოუენი ხელმძღვანელობდა. ქვეყნის პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებზე ოუენმა ხაზი გაუსვა იმ ვალდებულება-რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან ერთად, ყველაზე მეტი ვნებათაღელვა მათი აქ ყოფნის პერიოდში ორმა საკითხმა გამოიწვია: “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებამ და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდამ. ოუენი აცხადებდა, რომ “ნულოვანი ვარიანტის” მიღება ხელს შეუწყობდა პარიზის კლუბში საქართველოს ვალების დადებითად გადავადების საკითხს”. ოუენის პროგნოზი გამართლდა და საქართველომ პარიზის კლუბში, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტები აცხადებენ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, კრისტოფერ ლეინის თქმით, “ნულოვანი ვარიანტის” ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის მოთხოვნა იყო, რათა რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო ვალის რესტრუქტურიზება მომხდარიყო, რესტრუქტურიზაციის გარეშე საქართველო ვერ შეძლებდა საგარეო ვალის გადახდას და ვერც სსფ-ის მიერ მხარდაჭერილ ეკონომიკურ პროგრამას მიიღებდა.
პარიზის კლუბის წვრილი კრედიტორები (მათ შორის, ავსტრია და რუსეთი) დათანხმდნენ საქართველოს ძირითადი ვალის რესტრუქტურიზაციაზე, რომლის გადახდა 2001-2002 წლებში უნდა განხორციელდეს, შეიძლება მომავალში განიხილონ 2003 წელს გადასახდელი საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციაც. საქართველომ ვალის რესტრუქტურიზაციის საკმაოდ კარგი პირობები მიიღო და მათ ჰიუსტონის პირობები ეწოდებათ. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალის რესტრუქტურიზება მოახდინა პარიზის კლუბში”. – მიაჩნია კრისტოფერ ლეინს.
წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, შემოსავლების მობილიზებაში პრობლემები კვლავ გრძელდება, – აცხადებს ლეინი. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი იყო 2001 წლის დასაწყისში. მისი აზრით, სიტუაციას აუარესებს საგადასახადო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის ინიციატივები, როგორიცაა, სიგარეტზე და საწვავზე განაკვეთების შემცირება. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, სსფ მხარს უჭერს პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებას, რომელიც ეხება რიგ სფეროებში კორუფციასთან ბრძოლას. ამ ეტაპზე კი მთავარია მისი განხორციელება და შესრულება.
და მაინც, საქართველო მარტის ბოლოს 11,5 მლნ. დოლარს მიიღებს – 14 მლნ. დოლარი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი, 12-ს ერთი და იგივე ოდენობის ტრანშის სახით მივიღებთ. თუმცა, როგორც ლეინი აცხადებს, სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაგრძელება დამოკიდებულია ფისკალური ვითარების გაუმჯობესებაზე, კერძოდ, დაცულ მუხლებზე არსებული დავალიანების შემცირებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ ძალისხმევაზე, ანგარიშგების გაუმჯობესებასა და სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალობაზე.
თავის მხრივ, გარკვეული მოთხოვნები საქართველოს მიმართ მსოფლიო ბანკსაც გააჩნია. მათი წინადადებები კონკრეტულ პროგრამებს ეხება, თუ რამდენად მართებულად მოხდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება. 20 მარტს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა საქართველოს განათლების გარდაქმნის და განმტკიცების 60 მლნ-იანი პროგრამის პირველი ფაზა (25,9 მლნ. დოლარი). ეს პირველი ამგვარი პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში ატარებს. პროგრამის მიზანია, მოსწავლეთა სწავლისა და განათლების ეფექტურობის გაზრდა, მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება.
გარდა ამისა, 3 მაისს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა “ელექტროენერგიის ბაზრის ხელშემწყობი” პროექტის (ღირებულება 27,4 მლნ. დოლარი) დაფინანსება. თუმცა, ქართულმა მხარემ დაფინანსების მისაღებად ყველა წინაპირობა შეასრულა. კერძოდ კი, საბითუმო ბაზარი, ელექტროდისპეტჩერიზაცია, და ელექტროგადაცემა 1 ივნისიდან სამართავად უცხოელებს გადაეცემათ. ტენდერში მონაწილე კომპანიები უკვე ცნობილია, ხოლო გამარჯვებულს სატენდერო კომისია აპრილის ბოლომდე გამოაცხადებს. ივნისშივე უნდა მოგვარდეს ენერგეტიკის სფეროში ვალების გადახდის პრობლემა. სსფ-ის რეკომენდაციებით, ელექტროენერგიის ტარიფში უნდა შევიდეს ვალის მომსახურების კომპონენტი, რათა მოხდეს მილიონობით ვალის მომსახურება. “თუ საქართველო ვერ შეძლებს დროულად ვალის მომსახურებას, მაშინ ენერგოსექტორში მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება” – აცხადებს კრისტოფერ ლეინი.
დაბოლოს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ორწლიანი “გაუცხოვების” პერიოდი დასრულდა. როგორც ჩანს, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოსთან პარტნიორობის დათმობას არ აპირებს და ცხადია, მათი მხრიდან ეს მხოლოდ კეთილი ნების გამოვლინება არ არის.