ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობის შესახებ
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ეკ. მეცნ. დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
“ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!… იმ დროთა ჩარხზე გამოჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი… ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა”.
ილია ჭავჭავაძე
კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი ეპოქა ამა თუ იმ ერს ურთულესი სასიცოცხლო პრობლემების გადასაჭრელად თავადვე მოუვლენს “ზეგარდმო მადლით ცხებულ” პიროვნებას, რომელიც იტვირთავს თანამოძმეთა წინამძღოლობის უმძიმეს მისიას. “ისინი, გამორჩეულნი, გვიღვიძებენ ჩვენ, დანარჩენებს სწავლის სურვილს, განგვაწყობენ სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ შექმნის ჟინს და გვიდასტურებენ “უკეთესი ქვეყნის” არსებობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, ისინიც, გამორჩეულნიც, ყოველთვის სამაგალითონი და მისაბაძნი იქნებიან, ხოლო რაც მათ ცალ-ცალკე შეუქმნიათ თავიანთ ქვეყნებში, საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოა, საიდანაც ნებისმიერი მსურველი, უპირველეს ყოვლისა, იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად” (ო. ჭილაძე). ასეთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენთვის სიცოცხლეშივე ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე.
ილია ჭავჭავაძეს გათვითცნობიერებული ჰქონდა ქართველთათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელის აზრობრივი დატვირთვა, როგორიცაა “გიორგი”, “გეორგიანელი”. მიწა ქართველთა ცნობიერებაში “შეურყვნელი”, “შეუბღალავი”, “სუფთა” და “წმიდაა”. “წმიდა ნაკვეთი” გაღვთიურებულია წარმართულ საქართველოში. ქართველთა, ისე როგორც შუმერთა წარმოდგენით, მიწა დედურ საწყისს განასახიერებს. იაფეთური, ქართველური მოდგმის ძირითადი ღვთაება იყო დედა – ქალღმერთი. “ისტორიის ცოცხალი ფესვები,” – ასე ამბობენ მითზე (ჯ. ფხოველი). გა – ქართული მითოლოგიის უმაღლეს რანგში ასული უძველესი ქალღმერთი (ბერძ. გეას შესატყვისი), განასახიერებდა ბუნების მაცოცხლებელ ძალებს. ამ უდიდესი კერპისადმი მიძღვნილი რიტუალები, საგალობელი “გას”, – დღემდეა შემორჩენილი სვანეთში. დედოფლის ველი, პირიმზის ველი, – რამდენს გვეუბნება ეს სიტყვები ქართველებს… ილიამ იცოდა, რომ “გეორგიკა” ქვეყნის ოფიციალური სახელი, ნიშნავს არა მხოლოდ მიწის მუშაკს, არამედ პირველ მიწის მუშაკს – პირველ მიწათმოქმედს. “…ვინც გარდაქმნის გარემოს და დაატყობს მას თავის ბეჭედს” (კ. ზ. გამსახურდია). თეიმურაზ ბატონიშვილი წერს: “უძველესთა შინა, რომელთამე ჩვენთა და ვიეთთამე სხვათაცა მემატიანეთა, აღწერილთა იპოვების მოთხრობანი ეს სახედ, ვინათაგან პირველყოვლისა მუშაკობანი მიწისანი შემოღებულ არიან მათგან”.
ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და ბუნებისათვის ჩვეული ყოფის შინაგანი აუცილებლობა – მიწათმოქმედება, მათთვის არა მხოლოდ უბრალო სამეურნეო საქმიანობა, არამედ ერთგვარი ღვთისმსახურებაა. ყოველივე ამან განაპირობა კიდეც ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები მიწიერ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული დამოკიდებულების თავისებურებებიდან გამომდინარეობს. “ჩვევები ერისათვის იგივე რჯულია, იგივე კანონია, მხოლოდ დაუწერელი” (ილია).
ილია ჭავჭავაძისათვის მამულის სიყვარული ქართველთა ეროვნული რაობის ფსიქოლოგიური საფუძველია. “ჩვენში მამულის სიყვარული სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას. ამ გრძნობაში თავის თავის მეტი არა ურევია რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ არის”.
დიდი მწერლისათვის ცნობილია, რომ ქართველები მამულის ერთგული, მიწაზე დამკვიდრებული ერია. ქართველის მიწასთან უღალატო კავშირშია ქვეყნის სიძლიერე. “ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეა”, – წერდა ილია. ქართველი ერის სპეციფიკა მომდინარე მისი გენეტიკური კოდიდან, აისახება ტრადიციებში, რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებითა და რაციონალიზმით წარმართავს ცხოვრების სამეურნეო სფეროს და რამაც უზრუნველყო ქართველთა უძველესი და უმთავრესი საქმიანობის – სოფლის მეურნეობის გადაქცევა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის საფუძვლად. “ქართველების ძალა ძველის-ძველ დრომდე მიწის შემუშავება, მეურნეობაა, ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყო,”- ბრძანებდა ილია.
მრავალფეროვან ბუნებასთან ჰარმონიულად შეთანასწორებული ქართული ცხოვრების წესი იყო ის ძალა, რომელიც მტრისაგან გავერანებულ საქართველოს კვლავ ფეხზე აყენებდა. ამის შესახებ ილია ჭავჭავაძე წერდა: “საკვირველი ეს არის, რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფას? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლისღვრასა?” და იქვე დასძენდა: “უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყაროებში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია ჩვენი წინანდელი წყობა ისეთი ყოფილა, რომ იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გაძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში”.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ, უპირველესად, ქრისტიანობა გავრცელდა იმ ქვეყნებში, სადაც მევენახეობა იყო განვითარებული, ამიტომ ქართველობამ უყოყმანოდ მიიღო პურითა და ღვინით ქრისტიანული ზიარების საიდუმლო ამასთან მეღვინეობასა და ქართულ სუფრას შეუნარჩუნა განსაკუთრებული დატვირთვა. ქრისტიანობას ჰარმონიულად შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდნენ. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება.
ქართველი ერის ტრადიციული აგრარული კულტურა, როგორც ცნობილია, წინააზიურ კულტურულ სივრცეში ყალიბდებოდა. იგი სამართლიანად ითვლება უძველესი მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების კერად. აქ თავდაპირველად შექმნილი მეურნეობისა და მეურნეობრიობის ფორმები, შემდგომში საფუძვლად დაედო ევრაზიის მთელ ტერიტორიაზე (სამხრეთ-აღმოსავლეთის გამოკლებით), მოგვიანებით წარმოშობილ აგრარულ სამეურნეო-კულტურული კომპლექსების სხვადასხვა ტიპს, რომელიც ძირითადად მარცვლეული მეურნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, სხვადასხვა სახის პირუტყვის მოშენებასა და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტების მოხმარებაზე იყო დაფუძნებული.
მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანა, მათი მოვლა-პატრონობა ქმნის ადამიანის კულტურას. ამასთან, იგი არის არა მხოლოდ ბუნების საგნების დამუშავება და მოპოვება, არამედ ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედება საკუთარ სულიერ უნარზე. სულის გარდაქმნას მიწის დამუშავების მსგავსად, ფ. ბეკონი “სულის გეორგიკას” უწოდებს.
ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხად, ხოლო საქართველოს, მისი ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი მრავალფეროვნების გამო, აგრარულ ქვეყნად მიიჩნევდა: “ამას ეჭვი არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათ-მოქმედი ქვეყანაა და ერთად-ერთი წარმოება, რომელსაც იგი ამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა, ესე იგი – იმისთანა წარმოება, რომელსაც პირდაპირ მიწასთან აქვს საქმე და მიწის-მოქმედებასთან”.
საქართველოს გეოგრაფიული გარემო, მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა განაპირობებდა მთისა და ბარის ეკონომიკური ზონების ფორმირებას, სოფლის მეურნეობის გაძღოლის სპეციფიკურ თავისებურებას, რომელიც ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, ნიადაგდაცვით მიწათმოქმედებასა და ბუნებრივ-კულტურულ მეცხოველეობას ეფუძნებოდა.
თანამედროვე მსოფლიოში გარემოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობა ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე ეწყობა, დღის წესრიგში დგას ბუნებათსარგებლობისა და სურსათის წარმოების ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის ამოცანა. ეს შეხედულება ევროპიდან მოდის და მიმართულია ბუნებრივი გარემოს კატასტროფული ანთროპოგენული ხასიათის ცვლილებების შესაჩერებლად და სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად.
ჩვენ საწარმოო მასშტაბების მქონე ქვეყანას, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია შეაღწიოს და დამკვიდრდეს ევროპულ ბაზარზე, რადგან მისი მცირემიწიანობიდან გამომდინარე, აქცენტი არა წარმოების მასშტაბსა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ, პროდუქციის უსაფრთხოებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებზე უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ აგროეკოლოგიური წარმოების ის ტრადიციები და უნიკალური წესები, რომლებიც თანხვედრაში მოვლენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. რაც ამავე დროს ეკონომიკურად რენტაბელურია და უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირის მოთხოვნებთან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომა გამართლებულია, მით უმეტეს, რომ უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები და გარემო, ხალხის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და სხვა ფაქტორების კომპლექსი ქმნის ქართული აგრარული მეურნეობის შედარებით უპირატესობას. ეს უპირატესობა საქართველოს მთისა და მთისწინეთის ყველა რაიონს აქვს.
ილია ჭავჭავაძემ სწორად გაიაზრა ეროვნული ზნეობრივი ღირებულებებისა და ერის ტრადიციული სამეურნეო მახასიათებლების ერთიანობა. “ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ-მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა-პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით – კი არა, არამედ სულითაც და გულითაც; ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ “მკვიდრია” თავის სოფლისა და სხვა თავ-მოსაწონებელი სახელი არ იცის”, – წერდა ილია. ერის მამის თვალსაზრისით ქართველი გლეხის ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ სახეს მიწათმოქმედების გაძღოლის ეროვნული ტრადიციები და თავისებურებები აყალიბებდა. სწორედ ამიტომ გაიხადა სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს სოფლის მეურნეობის დახასიათება შეუძლებელია ილია ჭავჭავაძის შეხედულებებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლად. პრაქტიკულად არ დარჩენილა სოფლის მეურნეობის განვითარების არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ გამხდარიყო დიდი მოაზროვნის განსჯა-განხილვის საგანი, იქნებოდა ეს:
– თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი;
– კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება;
– ვაზის დაავადებათა წინააღმდეგ მებრძოლი კომისია;
– ბოსტნეულ-ბაღჩეული პროდუქტების კავკასიის გამოფენა;
– კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი;
– ღვინის ვაჭრობის პირველი ამხანაგობა;
– წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა;
– ხილნარობისა და მევენახეობის სასწავლებელი თუ მრავალი სხვა საჭირბოროტო საკითხი.
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის შესწავლისა და ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებათა გაანალიზების შედეგად, ილიამ დაასაბუთა სოფლის მეურნეობის უპირატესი განვითარების როლი და აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში. სოფლის მეურნეობას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიკური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებისა. თავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისა მაგაზედ არის დამყარებული.
დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი წარმმართველი დარგი თავისი პრობლემებით ყოველთვის უკავშირდებოდა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებს. ამიტომ ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისათვის (რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღესაც) ბრძოლაში დიდ ფუნქციას აკისრებდა სოფლის მეურნეობას, დაჟინებით უსაბუთებდა იმდროინდელ ხელისუფლებას გაძლიერებას იმ წარმოებისა, რომელსაც მიწათმოქმედება ჰქვიან, ანუ ერთიანი სახელი – სოფლური მეურნეობა.
ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებას, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გათვალისწინებით სახავდა მისი განვითარების გზებსა და საშუალებებს, იცავდა მიწათმოქმედთა ინტერესებს, ყველა ჯურის უცხოელი ვაისპეციალისტებისაგან – იმხანად მრავლად რომ შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ საქართველოში: “გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ”. მიაჩნდა, რომ “…ეკონომიკური გაძლიერებისათვის ჩვენს სოფელს ბუნებისაგან თითქმის არა აკლია-რა, ზომიერი ნელ-თბილი ჰავა, ნაყოფიერი და თითქმის ყველაფრის უხვად მომცემი მიწა, მომასწავებელნი არიან იმოდენა სიმდიდრისა, რამოდენიც საჭიროა, რომ ერმა უმტკივნეულოდ თავი ირჩინოს და ყოველ სფეროში ღონივრად გაიწივ-გამოიწიოს წარმატებისა და კეთილმდგომარეობისათვის.
ილია ჭავჭავაძემ უპირველესი ზრუნვისა და დაცვის ობიექტად მიწათმოქმედება აღიარა. “ერთი უდიდესი წყარო სიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნა-თესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ რომ ამ მრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისას.” თვლიდა, რომ მიწათმოქმედების სამუდამოდ და მკვიდრად განკარგებისათვის საჭირო იყო ხანგრძლივი პერიოდი. ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი მიწისა და გუთნის მიმართ ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს… ჩვენი ძალღონე, ჩვენი ცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე – მიწა და გუთანია.
დარგის პრობლემებზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძე გამოყოფდა საქართველოში მრავალდარგოვანი, ფართოდ სპეციალიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობას. ილიას აზრით, დარგობრივ სპეციალიზაციას უნდა ეპასუხა საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნილებებისათვის. “ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება ირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არ აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერც-კი გაუსაღებია – სახელმწიფო ინტერესის თვალითაც-კი მეტად სახეიროა რუსეთისთვისაც”. ეს თეზისი უდავოდ დღევანდელი საქართველოსთვისაც აქტუალურია.
ილიას სწამდა, რომ “ჩვენ ქართველები პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ, თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა-თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და აქედან ზნეობითადაც. ერის მოძღვარი ქართველ გლეხს შეახსენებდა იმ მრავალსაუკუნოვან ფუნქციას, რაც ვაზის კულტურას ჰქონდა ქართველი კაცის სამეურნეო საქმიანობასა და ყოფაცხოვრებაში. ილიამ კარგად იცოდა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა იყო ეროვნულობის, ქართველობის დაცვისა და შენარჩუნების მძლავრი სტიმული. ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა-პაპას თავისი ოფლი მოუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ…. ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, ჯერ უნდა გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისი ოჯახის წარსული, თავისი მამა-პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა-პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია.
ერის განმანათლებელი ცდილობდა ევროპული გამოცდილების მაგალითზე ჩვენშიც დანერგილიყო ამხანაგობათა (კოოპერატივების) ჩამოყალიბების ტენდენცია. ილია მიესალმა თელავის თავადაზნაურთა მიერ შექმნილ კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის შექმნას, მოიწონა მისი წესდების პროექტი და გამოთქვა იმედი, რომ კავშირი ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი კავშირების შექმნის გარდუვალობაშიც ღრმად იყო დარწმუნებული და მასში ქართული სოფლის აღორძინებისა და გლეხკაცობის შეკავშირების სასურველ პერსპექტივას ხედავდა. ეს იმისთანა საქმეა, რომელიც საუკუნოდ სახსოვრად გახდის იმის სახელს, ვინც ამ საქმეს მესვეურობას და მეთაურობას გაუწევს. ესეც უნდა იცოდეს თავადაზნაურობამ, რომ აქ მცირეოდენის გაწირვა და გაცემა დიდის სიკეთის მომავლინებელია ყველასათვის ერთად და სათითაოდ ცალკე, და ყოველი დაზოგვა და არგაცემა – დაკარგვაა.
ილია ჭავჭავაძემ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლიბერალურ-დემოკრატიულ ეროვნულ მოძღვრებას, რომელიც მისი და შემდგომი თაობების სამოქმედო პროგრამის ქვაკუთხედად იქცა. არჩილ ჯორჯაძის სიტყვებით: “ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-პოლიტიკურ მოძღვრებას არამც თუ თანავუგრძნობთ, პირიქით, ჩვენს ეროვნულ მოძღვრებადა ვსთვლით”. ამ თვალსაზრისის გამოვლინებაა: “საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო… წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია და იგი დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ, მოსწყდება იმ დიდებულს ისტორიულს სულსაც, რომელიც სამშობლოში ტრიალებს” (იაკ. გოგებაშვილი). “ენასთან და გვარტომობასთან მიწაა ერთი უპირველესთაგანი ფაქტორი ეროვნულის ცხოვრებისა” (არჩ. ჯორჯაძე).
ილია ჭავჭავაძის პარადიგმა, ისტორიული ხედვით განმტკიცებული, მიწისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულების თაობაზე, არა მარტო ქართველი ერისთვისაა აქტუალური, არამედ მთელი განვითარებული კაცობრიობისათვის.
მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის საკითხებს მიეძღვნა დიდი მოაზროვნის არაერთი პუბლიკაცია. ერის მამა მიეკუთვნებოდა ფართო აგრარული რეფორმის იმ მცირერიცხოვან მხარდამჭერთა ჯგუფს, რომელთაც ამოცანად დასახული ჰქონდათ სოფლად თვითმართველობის დამკვიდრება და საგლეხო მიწათმფლობელობის გაფართოება, “ადგილის კაცის” – მკვიდრი მიწათმოქმედის ფუნქციათა და უფლებათა გაძლიერება. ერის მოძღვარი ბრძანებდა: დღეს თუ ხვალე საჭიროება მოითხოვს, რომ გლეხი მიწის პატრონად შეიქმნას. ამასთან ხელისუფალთ შეახსენებდა: “მთელი განათლებული ევროპა, მთელნი დიდებულნი მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა – იღვწიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი, ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველის ადამიანისა, შეძლებისამებრ, თანასწორად მორიგებულ ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა. რომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა, ამ ყუაზედ გასულს ტკივილს ყოველის საზოგადოებისას წამალი ვერ დასდვა, – მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა და მტვრად აიგავა. დიდს ისრაილს, დიდს საბერძნეთს, დიდს რომს ამით მოეღო ბოლო”.
დღეს კი ულტრალიბერალიზმის (რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან) სახელით ზოგიერთები ცდილობენ, ერის შემოქმედების საარსებო სივრცე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ერთდროულად საკუთრების ობიექტი, წარმოების საშუალება და სახელმწიფო ტერიტორიაცაა, – ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებს დაუკანონონ, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ხალხის “სასიკეთოდ” მიღებულ ამგვარ გადაწყვეტილებებს ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.
ქართველ ერში ეროვნული ინსტიტუტების შენარჩუნებისათვის ტერიტორიულ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ სტაბილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქ ერის სპეციფიკურ თავისებურებებთან ერთად არსებით როლს ერის ტრადიციული სამეურნეო ცხოვრების კულტურა ასრულებს. მასზე მსჯელობისას ილია ბრძანებდა: “ვაჭრობა იმისთანა რამ არის, რომ ერთს ბინაზედ არ აყენებს კაცს: საცა გამორჩომაა და ხეირი, იქ არის იმის მამული, იმის მიწა-წყალი. ამიტომაც, ერი, მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული, დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტული. მარტო ვაჭრობაზედ დანდობილნი, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს. ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისათვის იგი ღონემოკლებულია, ერთად ყოფნისთვის ნიადაგი არ აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ჰქონდეს გატენილი. ამისთანა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და, რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი”.
მიწის საკუთრებას იურიდიული და ეკონომიკური აზრის გარდა პოლიტიკური ასპექტიც აქვს – ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი შეუვალობა ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი). ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არცერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული შემეცნება.
საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების შესახებ, რომელიც 1850 წელს იყო დაფუძნებული. მოწინავე ევროპული ქვეყნების (საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, გერმანია, ინგლისი) გამოცდილების მიმოხილვის შემდეგ ილია დაასკვნის, მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით – მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება. დიდი მწერლის სიტყვებით კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოებას წარმატებისათვის რომ მიეღწია, იგი უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტი წარმომადგენელი ადგილობრივთა მიწათმოქმედთა და სასოფლო მეურნეობის მოწარმოეთა, – უნდა ყოფილიყო შუამდგომელი მთავრობის წინაშე, რათა მისი მუდმივი მზრუნველობა და შემწეობა იქით მიემართა, საითაც საჭირო იყო. თუ ეს არ მოხდებოდა, საზოგადოება ისევე ისე მკვდარი იქნებოდა, როგორც აქომამდე იყო.
დღესაც, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დაძლევას, რადგან არ აქვს კავშირი აგრარულ მეცნიერებასთან და აგრომეწარმეებთან. აგროსასურსათო სექტორის საწარმოო პოტენციალის სრული გამოყენებისა და ქვეყნის სასურსათო უშიშროების გადაჭრის მიზნით უნდა შეიქმნას ისეთი საწარმოო-ეკონომიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს:
– სოფლად საქონელმწარმოებელთა მოტივაციის ამაღლებას;
– სასურსათო პროდუქციისა და ნედლეულის წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
– სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გადამმუშავებელი საწარმოების ამოქმედებას.
ამ ამოცანის რეალიზაცია გულისხმობს ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფას და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას. მათგან მთავარია:
– ერთიანი აგრარული სისტემის შექმნა;
– სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების პოლიტიკის შემუშავება, რაც ნიშნავს არა მარტო აგრარული, არამედ, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრას;
– საქონელმწარმოებელთა უზრუნველყოფა ფინანსური რესურსებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს, კრედიტებისა და წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნას;
– ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემების აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება ქვეყნის შესაბამის რეგიონებში;
– გლეხურ მეურნეობათა საკონსულტაციო (სასწავლო) ინფორმაციული მომსახურების, როგორც სისტემის შექმნა და ამოქმედება;
– სოფლად მიწის წვრილმესაკუთრეთა ნებაყოფლობითი საწარმოო და მარკეტინგული კოოპერირება;
– სასოფლო-სამეურნეო და აგროპროდუქციის გადამმუშავებელ საწარმოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია;
– აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება აგროსექტორის განვითარების მიმართულებით;
– მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესების ჰარმონიული შეთანაწყობა, შეზღუდული საწარმოოო რესურსების გამოყენება ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით.
ჩამოთვლილ პრიორიტეტებს ინტერესთა კონფლიქტი ფაქტობრივად არ გააჩნია და ამდენად, მაქსიმალური სინერგიული ეფექტი ყველა მათგანის მხოლოდ სრულად, სისტემურად განხორციელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
სოფლის მეურნეობის სამეურნეო საქმიანობის გონივრული გაძღოლა ილია ჭავჭავაძეს ვერ წარმოედგინა ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ ტექნიკური პროგრესის თანამედროვე მიღწევების ათვისების გარეშე (“დროთა შესაფერი ცოდნა, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა”, – მიწათმოქმედის ცოდნის პროდუქტიულობაა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი ქართული სოფლისათვის). ილიას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს არ ჰყავდა მაღალკვალიფიციური, უმაღლესი განათლების მქონე აგრონომები, რომელთაც უნდა ეზრუნათ ქართული მიწათმოქმედების აღორძინებაზე; მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებზე დაყრდნობა, რაგინდ მაღალკვალიფიციურიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვერ განაპირობებდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღდგენა-განვითარებას; ამიტომაც, დიდი საზოგადო მოღვაწის მიზანი იყო გლეხს შეეგნო ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების შეძენის გარდუვალი აუცილებლობა, ზიარებოდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, განმტკიცებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი პატრონი და გამგებელი წილხვედრი მიწისა. ილია ბრძანებდა: განათლება, სწავლა, ცოდნა – აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას,… მასწავლებელი, ექიმი, ტექნიკი, მიწის დამუშავების მცოდნე, ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ახლა, თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის… ერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა – სამეურნეო სკოლაა. ამგვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა.
ამიტომაც ერის მოძღვარი უმდაბლესი და უმაღლესი სპეციალური სასოფლო-სამეურნეო სკოლების შექმნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1883 წელს, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის გახსნისას, წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნავდა …აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს – სად რა სიმდიდრე სძევს და რა რიგის ხერხით შეიძლება ამ სიმდიდრეს ხელი მივაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენი თავის სადღეგრძელოდ.
ერის მამამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები სჭირდებოდა. ამასთან, უნდა გადაჭრილიყო ერისათვის უმნიშვნელოვანესი – “მიწის ქართველთა ხელში დარჩომის” ამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა. სწამდა, რომ ეს მიწა ქართველთა ერთადერთი საცხოვრისია და ამ მიწაზე მთავარი შემოქმედი და პროდუქციის შემქმნელი ქართველი კაცი უნდა იყოს. საჭირო იყო გლეხკაცობას დახმარებოდნენ მიწის შეძენაში. ამ მიზნით სპეციალური სამიწათმოქმედო ბანკის შექმნა იყო საჭირო. “ილია ჭავჭავაძის ზრუნვა იმაში იყო, რომ ის მიწა, რომელსაც ჰკარგავს თავადაზნაურობა, გლეხკაცობის ხელში დარჩენილიყო და ჩვენს მწერალს ძლიერ აფიქრებდა ის, თუ რა გზით მოხერხდებოდა და მოეწყობოდა ეს საქმე” (ა. ჯორჯაძე). ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე ყველაფერი იღონა საქართველოში მიწათმფლობელობისა და მიწათმოქმედების ასაღორძინებლად: “ქვეყნის ეკონომიური სიმტკიცე და ძლიერება გლეხკაცობის მიწათმფლობელობაზეა დამოკიდებული. რამოდენადაც ეგ მიწათმფლობელობა ფართოა, სხვაზედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მიწათ-მოქმედებისათვის, იმოდენად ქონებითი ძალ-ღონე ქვეყნისა, თუ სახელმწიფოსი მტკიცეა, ძლიერი და მუდმივი…. ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლიან თამამად მოვითხოვოთ უბრალო, ბუნებრივი რამ, რომ ქართველის მიწა ქართველისთვის იყოს, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ კანონები, რომელიც ახლა პეტერბურგში იწერება, აქვე ადგილობრივ იწერებოდეს, რადგან, რაც რუსისთვის სასარგებლოა, ის შეიძლება ქართველისთვის მავნე იყოს”.
დიმიტრი ყიფიანის იდეასა და წამოწყებას სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შექმნის თაობაზე, ილიამ ჭავჭავაძემ ფრთები 1875 წელს შეასხა. ბანკის დაფუძნების დღეს თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “ქართველი ერი სამარადისოდ მადლიერი იქნება ამ საქმის წამომწყებისა და მესაძირკვლის უფალ დიმიტრი ყიფიანისა.”
ერთი წლის შემდეგ ილიას ხელშეწყობით საქმიანობა დაიწყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკმაც.
ილია ჭავჭავაძემ სრული 30 წელი დაჰყო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე და დიდი ენერგია შეალია ქართული საბანკო სისტემის განვითარების საქმეს, რომელიც დიდი ილიას მეცადინეობით გადაიქცა:
– ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების;
– ქართული თეატრის;
– ქართული გიმნაზიის;
– ნიჭიერი ახალგაზრდობის სწავლა-განათლებისათვის ზრუნვისა და მთელი რიგი სხვა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა დამფუძნებლად და დამფინანსებლად.
ბანკი იყო პირველი ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც ქართველთა აქტიურობითა და მონდომებით შეიქმნა. დიდმა მწერალმა 12 წერილი მიუძღვნა საბანკო-საკრედიტო და საფინანსო საკითხს. სტატიებში: ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (1886) და შინაური მიმოხილვა (1883) ილიამ განმარტა საადგილმამულო კრედიტის მნიშვნელობა მიწის და მიწათმოქმედების განკარგებისა და გაძლიერებისათვის. დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა. ჩვენი ქვეყანა მიწათ-მოქმედი ქვეყანაა და ერთადერთი წარმოება, რომელსაც იგი ამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა. ამიტომ საადგილმამულო კრედიტს, როგორც კრედიტს, საგნად მარტო ის უნდა ჰქონდეს, რომ გააძლიეროს სოფლის მეურნეობის წარმოება და რადგან ეს წარმოება განუყოფლად შეერთებულია მიწასთან და მიწათ-მოქმედებასთან, ამიტომაც საადგილმამულო კრედიტი ირჩევა ყოველ სხვა კრედიტისაგან იმ განსაკუთრებული თვისებებით, რომლებიც წარმოსდგებიან თითონ მიწათ-მოქმედების და მიწის ეკონომიური ბუნებისაგან.
დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა დიდი საზოგადო მოღვაწის პუბლიკაციებს ქვეყანაში პურეულისა და ბამბის მოვლა-მოყვანის, ტყის, ტექნიკური კულტურების გაშენების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების, მელიორაციის და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ. სტატიაში “ჩვენი გლეხობა და ტყეებით სარგებლობის საქმე”, ილია ბრძანებდა: “ჩვენებურის გლეხისათვის ტყე ისე საჭიროა, როგორც არსებითი პური. უტყეოდ ჩვენებური გლეხკაცი ვერ დადგება ისე, როგორც უპუროდ”. სააშკარაოზე გამოიტანა სატყეო ხელისუფლების ძალმომრეობა და უკანონო დაუსჯელი საქმიანობა, ასევე ტყით სარგებლობის რუსული წესის ქართული სინამდვილისადმი შეუთავსებლობის საკითხი. პურეულის საკითხთან დაკავშირებით უაღრესად ყურადსაღებია ილია ჭავჭავაძის წერილი: პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში, სადაც ილია დაასკვნის: ჩვენ მარტო, იმას უნდა ვეცადოთ, – პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს.
სოფლის მეურნეობის დარგების სპეციფიკურ თავისებურებათა ცოდნა საშუალებას აძლევდა დიდ მწერალს ნათლად დაესაბუთებინა მევენახეობისა და მეღვინეობის, მეხილეობის, მებოსტნეობა-მებახჩეობის, მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობის, ჩაის, სუბტროპიკული და სხვა ძვირფასი კულტურების განვითარების აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისათვის. ილიამ იცოდა, რომ თითოეული ეს დარგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისა და გლეხის ეკონომიკურად გაძლიერების წყაროს, არამედ ქართველი ერის სამეურნეო ცხოვრების წესისა და კულტურის ორგანულად განუყოფელ ნაწილსაც, ბუნებრივად მისადაგებულს ქვეყნის ისტორიულ მხარეებთან. ამ ფონზე რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს, არც თუ იშვიათად, საუბარი გვიწევს არა თუ ტრადიციული დარგების შემდგომ განვითარებასა და რაციონალურ შეთანაწყობაზე, არამედ რიგი მათგანის (მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მეცხვარეობა და სხვ.) შენარჩუნებასა და გადარჩენაზე.
საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტი ოდითგანვე იყო დამკვიდრებული (8-9 ათასი წლის წინათ). მართალია, ქრისტიანობამ ცეცხლს მისცა ვაზისა და ღვინის წარმართულ ღვთაებათა კულტები, მაგრამ თავად ვაზი ახალი რელიგიის სიმბოლოდ აქცია. წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით ხელში შემოსვლა საქართველოში დასტური იყო იმისა, რომ მან იცოდა რაოდენ მაღალგანვითარებულ (იგულისხმება მევენახეობა) ქვეყანაში შემოდიოდა განმანათლებელი. რაც შეეხება ქართულ საგალობელს – “შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი, ედემში დანერგული… “(მეფე დემეტრე პირველი), მან საუკუნეებს გაუძლო და ურთულესი პოლიფონიური სვლების მიუხედავად, ერის მუსიკალური საგანძურის მშვენებას წარმოადგენს. ქრისტე გვმოძღვრავს: “მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა”, “მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები” (იოან. 15.1.5.6). ვაზი ქართველ კაცს “სიცოცხლის ხედ” მიაჩნდა. აგუნა ნაყოფიერებისა და სიუხვის ქართული ღვთაებაა. ყურძნის წვენს ქართველები მიიჩნევდნენ წმიდა სასმელად. თ. ბაგრატიონი გადმოგვცემს: “შესწივიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან”.
ქართველი მევენახის სინდისი ზედაშეა. “ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა,” – ბრძანებდა ილია, – “ღვინის კეთებას ჩვენში მრავალი ათასი წლების ისტორია აქვს და, მასაშადამე არის რა მიზეზი, რომლის ძალითაც ჩვენი ერი თვისებურ ღვინის კეთებას რჩეობს… ჩვენებური ღვინის კეთება მარტო იმაზეა მიქცეული, რომ ყურძნის წვენს არა რა შეერიოს და ღვინოს თავისი ბუნებური შეურველი თვისება ჰქონდეს.” ქართული ღვინის უმთავრესი ღირსება “ბუნებრიობაა”, მხოლოდ “ნატურალობაა”, ამიტომ განსაკუთრებული სერიოზულობით იბრძოდა დიდი მწერალი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ტრადიციების დაცვისათვის ბრძოლა უშუალოდ უკავშირდებოდა ფალსიფიცირებული ღვინოების მავნეობის გამოვლენასა და ამგვარი ღვინოების დაყენების უარყოფის კამპანიას. ღვინის ფალსიფიცირების ხერხები და მეთოდები ევროპიდან რუსეთის გზით ჩვენში შემოსულ ე.წ. “სიახლეთა” ნაკადს მოსდევდა და ზიანის მეტი არაფერი მოჰქონდა. აქ ილიას მხედველობაში ჰყავდა არა ჭეშმარიტი ევროპელი მეღვინეები, არამედ ისინი, ვინც “გამორჩომისათვის” ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ და “ბუნებურ” ღვინოს ათასგვარის “ოსტატობით” აბევრებდნენ. “რაც ბუნებური ღვინისათვის საჭიროა ჩვენც იმოდენად ვიცით, რამოდენადაც ევროპელთა.” ილია ჭავჭავაძე ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა: “თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შეიძლება მოხდეს, რომ გასამკლავებლათ ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია.” ამაზე ლოგიკურად და მიზანდასახულად გზის ჩვენება ალბათ ძნელი წარმოსადგენია.
საინტერესო და დღემდე აქტუალურია ილია ჭავჭავაძის თვალთახედვა მთის პრობლემების მოგვარების თაობაზე. მას ღრმად სწამდა, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის – მთიანეთის აღორძინების და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნებოდა.
საქართველოს ცალკეულ მხარეთა სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის ამოცანები და მათი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობა დღის წესრიგში აყენებდა სამიმოსვლო გზების გაყვანისა და მოწესრიგების საკითხს. უკვე აშკარა იყო, რომ ქვეყნისათვის უგზოობა დიდ სირთულეებს ქმნიდა ეკონომიკური ცხოვრების მოწესრიგების საქმეში, სერიოზულად უშლიდა ხელს ერის კეთილდღეობის ამაღლებას. “მგონი არც ერთ ქვეყანას ისე არ ეჭირვება კარგი გზები, როგორც საქართველოსა.” აღნიშნულის გამო ერის მამის ზრუნვის ერთ-ერთ ძირითად საგნად საქართველოში და განსაკუთრებით კახეთში სარკინიგზო მიმოსვლის განვითარება გახდა. თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნორმალური სატრანსპორტო მიმოსვლა ქვეყნისა თუ მისი ცალკეული მხარეების განვითარებისათვის, ნათლად ჩანს ილია ჭავჭავაძის სიტყვებიდან: ორმოცის თუ ორმოცდაათი წლის წინათ ქიზიყის პურს ეჭირა მთელი ბაზარი ტფილისისა. ამას გარდა აქედამ მოდიოდა არაყი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, ბამბა, მშვენიერი სახელგანთქმული კახური აბრეშუმი, მშვენიერი სურნელოვანი თამბაქო, სამღებრო და სამკურნალო (სააფთიაქო) ყვავილი და ბალახი, აუარებელი ხილი, აუარებელი მატყლი, საკლავი საქონელი და მებრვე სხვანი. ეს ყოველივე წარსულში იყო, რადგან სწორედ უგზოობის გამო კახეთი იმ დროს ეკონომიკურად დაუძლურებულ მხარედ გამოიყურებოდა. ამ პრობლემის მოგვარებას მიეძღვნა დიდი მწერლის არაერთი წერილი და მიმართვა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშლისადმი, რუსეთის იმპერიის გზათა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრებისადმი. ამასთან დაკავშირებით ილია ბრძანებდა: კარგის გზების უქონლობა შესამჩნევი ნაკლულევანებაა ხალხის ცხოვრებაში, გზების უქონლობა ხელს უშლის ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას, უკან აყენებს, აფერხებს მისი ცხოვრების წინ მსვლელობას. გზები უადვილებს ხალხს ერთი-ერთმანეთში მისვლა-მოსვლას, აღებ-მიცემას, ნაწარმოების გასაღებას. ეს მარტივი და ყველასათვის ცხადი ჭეშმარიტებაა. ეს ჭეშმარიტება აღიარებულია (თითქოს დღევანდელობის შესახებაა ნათქვამი).
და ბოლოს, ისევ დიდი მოძღვარის ნათქვამი გავიხსენოთ: “დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება, ვინც ირჯება, ვინც მუდამ შრომობს, ვინც ცდილობს ეკონომიურად წელში გაიმართოს. ყველასაგან გათელილი, ყველასაგან დაბრიყვებული, ყველაფერში ჩამორჩენილი, ყველასაგან ყბადაღებული ისაა, ვისაც თავის მარჯვენის იმედი არა აქვს, ვინც თავისი ძალღონით არ ჰლამის ლელოს გატანას ცხოვრების მოედანზე”.
“განწირვა მაშინ არის დიდსულოვნების საქმე, როცა გამწირველი თვითონ დიდს რასმე ჰკარგავს”, – ბრძანებდა ილია. “ერის მოძმემ ჭმუნვასა და სიხარულში” სიცოცხლე შესწირა, სიცოცხლე ქართველი ერის განმანათებლისა და სათაყვანებელი პიროვნებისა, და დაუტოვა ერს გულმაგარი სიტყვა: “მხნე იყავ და გაძლიერდი”.
“ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს”, – ილიას მაგალითით ცხოვრებას ნიშნავს. “ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას. რაც პირველ რიგში იმ “სხვა ვარსკვლავის” დანახვას გვიშლის. “სხვა ვარსკვლავი” თავად ილიაა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოგვიყვანოს მონობის უკუნეთიდან. აი, როცა იქიდან გამოვალთ, მაშინ უფლებამოსილნიც ვიქნებით და ალბათ უფრო გამართლებულიც იქნება ჩვენგან ახალი სულიერი ნიშანსვეტების ძიება. იქამდე კი, ამის მცდელობაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ნაადრევია…” (ო. ჭილაძე). მანამდე კი გზას, დროზე გამარჯვებული, ილიას შარავანდედით მოსილი სახე გაგვინათებს.
როგორც ყველა დიდი მოაზროვნის წინასწარმეტყველური ნააზრევი ფასდაუდებელია ქვეყნისათვის, როგორც პერსპექტული ხედვა მომავლის რეალური სურათისა, ასევე ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზა, – ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამა “უკეთესი ქვეყნის” შენებისა და “სხვა ვარსკვლავის” ძიებისა, მხოლოდ ერის ერთიანობით, მუდმივი სრულყოფითა და განვითარებითაა შესაძლებელი.
ეს XXI საუკუნის საქართველომ უნდა შეძლოს.
ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ილიასეულ პროგრამას გვთავაზობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი: “საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის თავის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს… ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციის (გლობალიზაციის), რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენის წინაპართა ძალისხმევით არასოდეს დაგვიკარგავს თვითმყობადობა”.
ეს დღესაც უნდა შევძლოთ. “…საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის საწარმოო ბაზა საქართველოს მთელი მთა და მთისწინეთია. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს ქართულ სოფელს”.
ილია ჭავჭავაძეს ღრმად სწამდა საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის, ქართველი გლეხკაცის უნარ-ჩვევების ტრანსფორმაციისა ახალ ვითარებაში (თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად), რომელსაც საფუძველი უნდა ჩაეყარა ერთიანი საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.
ერის მამის ხედვა სოფლის მეურნეობის ადგილისა და როლის შესახებ, დღევანდელ საქართველოში უმაღლესი ეროვნული ინტერესების სფეროს უნდა მიეკუთნოს.
“მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.” (მათ. 20.16). მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა იცოდა ილიამ, როდესაც დიდად განაწყენდებოდა მოსაუბრეებზე და უკომენტაროდ ტოვებდა შეკრების ადგილს.
დიახ, იცოდა მან თავისი ფასი, იცოდა, რომ მრავალი ეწვევა ამ წუთისოფელს, მაგრამ მხოლოდ რჩეულთ ხელეწიფებათ ერის სამსახურში ჩადგომა, დროის ფეხდაფეხ მიყოლა, რაციონალურად საქმეთა წარმართვა.
აკი ამიტომაც ბრძანა ერთმა გენიალურმა ქართველმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელსაც გერმანიაში ცხოვრებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ქართული გენი: “ილია – კარდუს დიდი მოურავია”, რისთვისაც მინიჭებული აქვს კოსმიური მედალიონი – “მარად მყოფი”.