იაპონია დემოგრაფიული კრიზისის მოლოდინში
რედაქციისაგან
ამასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ იმაშიც გამოიხატება, რომ მოსახლეობა, დაბერებასთან ერთად, შემცირდება კიდეც. ასაკოვან მოსახლეობას კი განსაკუთრებული შენახვა და მზრუნველობა უნდა. ამიტომ ჩვენ ამთავითვე უნდა ვემზადოთ მოსალოდნელი გართულებებისათვის, ხოლო ამგვარი მომზადება სხვათა გამოცდილების გაზიარებასაც უნდა გულისხმობდეს.
ჩანს, დემოგრაფიული პრობლემები განსაკუთრებით აწუხებს იაპონიას, სადაც მოსახლეობის დაბერება, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, გაცილებით იგრძნობა. ამ მიზეზით, როგორც ექსპერტები აცხადებენ, უკვე 2055 წლისათვის ეს 127-მილიონიანი ქვეყანა 90 მილიონამდე შემცირდება.
ამჟამად იაპონიაში, რომელიც მსოფლიოში განთქმულია როგორც ასაკოვანი ადამიანების პატივისმცემელი ქვეყანა, 25 ათასი 100 წელიწადს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს. ეს კი ოთხჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ ორჯერ ჩამორჩება იაპონიის მოსახლეობას.
იაპონელები გამოირჩევიან ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობითაც. ახლა სწორედ აქ ცხოვრობენ ყველაზე მხცოვანი ადამიანები – ჯონე მინაგვა, 114 წლის ქალბატონი, და ტომოჯი ტანაბე – 112 წლის მამაკაცი. ეს უკანასკნელი ოფიციალურად აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი და ამისათვის მან გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატიც მიიღო (თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ეს მოვლენა ეზეიმა, ჟურნალისტების წინაშე ბოდიში მოიხადა. -მაპატიეთ, მეტისმეტად დიდხანს მომიწია დედამიწაზე ყოფნა, – თქვა მან ღიმილით).
ტანაბეს პესიმიზმი გასაგებია: ახლა ამ ქვეყანაში ხანგრძლივი სიცოცხლე, ნაცვლად საზეიმო განწყობილებისა, ერთგვარი შეფიქრიანების მიზეზი ხდება, იაპონია დემოგრაფიული კრიზისის ზღურბლთან დგას, რამეთუ მისი მოსახლეობა დღითიდღე ბერდება. ახლა აქ ყოველი მეხუთე ადამიანი 65 წელს გადაცილებულია, 2015 წელს კი ყოველი მეოთხე, ანუ 33,8 მილიონი ადამიანი იქნება ამ ასაკის. პროგნოზების თანახმად, 2055 წლისათვის ასეთი ადამიანების ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში 40 პროცენტს გადააჭარბებს. ამავე პერიოდში დაიკლებს ახლად დაბადებულთა რაოდენობა, რასაც ზუსტად ის ტენდენცია გამოიწვევს, რაც დასავლეთის ქვეყნებში – დაგვიანებული ქორწინება, ქალთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა და სხვა. თუ 1949 წელს იაპონელი ქალი საშუალოდ 4,32 ბავშვს აჩენდა, რაც 1971 წელს განახევრდა, ხოლო ამჟამად იგი 1,26 ბავშვს შეადგენს. ეს კი მოსახლეობის ნორმალური აღწარმოებისთვისაც არაა საკმარისი. აი, სწორედ ყოველივე ამის შედეგია ქვეყნის მოსახლეობის მომავალში ასე შემცირება.
მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ დგას ასეთი გამოწვევის წინაშე: ასაკოვანი ადამიანების რაოდენობის ზრდას, თავის მხრივ, ცხადია, მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო სახსრების გაზრდასაც მოითხოვს, ისევე, როგორც საპენსიო ფონდის მატებასაც. ამასთან, შრომის ბაზარზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი გადის, შესაბამისად კლებულობს დასაქმებულთა მიერ ამ სახის ფონდებში გადახდილი თანხების მოცულობები. მაგალითად, თუ დღეს იაპონიაში 65 წელს გადაცილებული ერთი ადამიანის შესანახად სამი შრომისუნარიანია დასაქმებული, 2055 წელს მათი რიცხვი 1,2-მდე დაეცემა. თუ ამას დავუმატებთ, რომ 1989 წელს ბირჟის კრახით დაწყებული რეცესია ქვეყანაში დღემდე გრძელდება (თუ1989 წელს საბირჟო ინდექსები 40000 პუნქტს შეადგენდა, ახლა ისინი 16000 ანდა უფრო დაბალ დონეზეც დაეშვნენ), თანაც იაპონიას განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვს, ნათელი გახდება ამ ქვეყნის არცთუ ვარდისფერი პერსპექტივა.
გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიის მსგავსი დემოგრაფიული პრობლემა სხვა მრავალ განვითარებულ ქვეყანას აწუხებს, მთელი მსოფლიო ყურადღებით სწავლობს იმ გზებსა და მეთოდებს, რითაც იაპონია ამ პრობლემების გამკლავებას ცდილობს. ამ ქვეყნის მთავრობა კი ჯერჯერობით ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობს: ამუშავებს ახალ პროგრამას ასაკოვან ადამიანთა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, ხვეწს მეთოდებს ადამიანის ასაკთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად და ცდილობს შეიმუშაოს ისეთი მიდგომები, რომელთა დროსაც პაციენტის ფინანსური წილი მკურნალობის პროცესში თანდათან გაიზრდება, რაც სახელმწიფოს თავისი წილის იძულებითი შემცირების საშუალებას მისცემდა.
იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბოლო 160 წლის განმავლობაში იზრდება – ორი წლით ყოველ ათ წელიწადში. შედეგად, თუ 1840 წელს ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი შვედეთში იყო დაფიქსირებული, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელიწადს შეადგენდა, ამჟამად ამ სახის რეკორდი იაპონიამ მოხსნა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალისათვის – 85,52 წელს, ხოლო მამაკაცისათვის 78,56 წელს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები აღემატება დიდ ბრიტანეთში არსებულ შესაბამის მაჩვენებლებს ქალების მიხედვით თითქმის 5 წლით, ხოლო მამაკაცების მიხედვით – 3 წლით. იაპონელთა ასეთ ხანგრძლივი სიცოცხლის ძირითადი მიზეზებია კარგი გენების შერწყმა ჯანმრთელ კვებასთან, რომელიც დამყარებულია ბრინჯის, ბოსტნეულის და თევზის რაციონალური რაოდენობით მიღებასთან. ამასთან, იაპონელები ცხოველურ ცხიმებსაც ნაკლებად იღებენ