რედაქტორისაგან
ჯემალ ინაიშვილი
მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია, უკვე დაიწყო ვარდნები წამყვან საფონდო ბირჟებზე. მართალია, ჯორჯ სოროსი დავოსის ფორუმზე ამტკიცებდა, რომ განვითარებად ქვეყნებს ეს ვარდნა ნაკლებად შეეხებოდა, მაგრამ სარკოზის იდეის განმვრცობმა, OECD-ის ხელმძღვანელმა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ხელმძღვანელთა საკრებულოში 7 წევრი 13-მდე გაზარდა და იქ ჩინეთისა და ინდოეთის შეყვანა მოითხოვა.
რადგან ისინი მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. მან განაცხადა, რომ ეს კრიზისი არნახული იქნება და მთლიანად შეეხება განვითარებად ბაზრებსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს მთავარია გავთვალოთ რა ზემოქმედებას მოახდენს მიმდინარე რეცესიული თუ პრერეცესიული პროცესები საქართველოზე და საკმაოდ დიდი ადგილი დავუთმეთ მსოფლიო ეკონომიკის 2007 წლის ანგარიშსა და 2008 წლის პროგნოზს (გვ.16).
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ახლა არავინ დაობს, მაგრამ ცხადია, რომ ეს საკითხი წრფივი და მარტივი არ არის, რადგან რუსეთის მთავარი ვექტორი დღეს გაზის მიწოდებაში მსოფლიო ჰეგემონიაა, აქ კი ჩვენი ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. იანვარში ამ მოვლენის ირგვლივ ბევრი ახალი რამ მოხდა. ამ მოვლენის და საქართველო-რუსეთის ეკონომიკური წინააღმდეგობრივი ურთიერთობის პრობლემების შესახებ შემოგთავაზეთ მასალა – რუსეთმა გაზის “ოპეკი” შექმნა. ეს არის ხედვა, რომელიც ფაქტების ანალიზზე დაყრდნობით გვაუწყებს ამ სფეროში რუსეთის მიერ შექმნილ დე-ფაქტო სიტუაციას (გვ.8). მეტად მწვავედ დადგა საქართველოში მსხვილი სახელმწიფო ობიექტის ბოლო მოჰიკანის – რკინიგზის განსახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ეს არა მხოლოდ უბრალოდ დიდი ობიექტია, არამედ სტრატეგიული ტვირთბრუნვის და საერთაშორისო ინტეგრაციის ბერკეტია. ობიექტების მიმართ მიდგომები დასახვეწია, რადგან მთავარი სახელმწიფოსათვის თვით რკინიგზის მიერ უშუალოდ შემოტანილი შემოსავალი კი არა, არამედ იმ ბიზნესით საქართველოში ეკონომიკის და დასაქმების ზრდაა. მას თვით რკინიგზის ოპტიმალური და კონკურენტუნარიანი განვითარება შეუწყობს ხელს. ეს გადამწყვეტი ფაქტორია და ამასთან მსოფლიოს აქვს ასეთი ობიექტების შეფუთვის – სააქციო საზოგადოებად ქცევისა და ინვესტორისათვის უფრო საინტერესოდ გახდომის ბევრი პრეცედენტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ამ ფაქიზ თემას სერიოზული განსჯა სჭირდება და მის განხილვას ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით (გვ.14).
ამ ნომერში ეკონომიკური განათლებისა და საერთოდ უმაღლესი განათლების საკითხებს დიდი ადგილი დავუთმეთ. პირველ რიგში, გასული წლის 27 დეკემბერს მოვიწვიეთ სამეცნიერო კოფერენცია თემაზე: საქართველოს ეკონომიკის პრობლემები – 2007 – მეცნიერული ხედვა. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმართა მეტად საინტერესო მსჯელობა, მეცნიერული სჯა-ბაასი ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ინფლაციის, მშპ-ის და ანგარიშების მეთოდიკის პრობლემები, სხვადასხვა საბანკო პროდუქტები და პრობლემების მეცნიერული ანალიზი და ა.შ. ეს საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია იყო. მას ორგანიზება გაუწია შვიდმა წამყვანმა უნივერსტეტმა, რომელთაც ბიზნეს-ფაკულტეტები ან ეს პროფილი გააჩნიათ. ჩვენ გთავაზობთ ამ კონფერენციის ანგარიშს იმ კონკურსის შედეგებთან ერთად, რომელიც 2007 წლის ზაფხულში ეკონომიკაში საუკეთესო ნაშრომებზე გამოცხადდა. ვფიქრობთ, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ამ კონფერენციას ტრადიციულად ყოველწლიური ხასიათი მივცეთ, რაც განათლებაში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების სერიოზული ასპარეზი იქნება. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიურობა აქამდე ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი აკლდა და ახალი გამოწვევების მიხედვით ის სასარგებლო იქნება იმ პროგრამის რეალიზაციის საქმეში, რომელიც ახალ მთავრობას აქვს. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაშუქებთ ბოლონიის პროცესის მხარდამჭერი ჯგუფის საქმიანობას, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში დუბლინის დისკრიპტორის მიხედვით სპეციალობებისა და სპეციალიზაციების ახალ სარეკომენდაციო ჩამონათვალზე მუშაობს. ამ ნომერში გთავაზობთ იმ ჯგუფის მუშაობის შედეგად მიღებულ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების სპეციალობების ევროპულთან დაახლოების მიზნით ბიზნესის კუთხით მუშაობდა. საჭიროა სტუდენტებს მიეცეთ ადვილად გადაადგილების საშუალება, ხოლო დამქირავებლებს მათი დაქირავება გაუადვილდეს. ჩვენი ბიზნეს-სკოლის რუბრიკით ვაგრძელებთ ბიზნეს-სკოლისათვის საინტერესო თემებზე პულიკაციების გამოქვეყნებას და ასევე ტრადიციულად გთავაზობთ ეკონომიკურ ნიუსებს და სამეცნიერო განყოფილებას. წარმატებებს გისურვებთ.