ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი მსოფლიო ეკონომიკაში
გიორგი თურქია, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამის მასწავლებელი, ხარისხის მაძიებელი
მკვლევართა შორის საერთაშორისო სამეურნეო გაერთიანებების ცნების შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. საერთაშორისო ეკონომიკის უცხოურ ლიტერატურაში მიღებულია ტერმინების “მრავალეროვნული ფირმები” (multinational firms-MNT) და “მრავალეროვნული კორპორაციები” (multinatioual corporation-MNC) გამოყენება. მათ უწოდებენ აგრეთვე საერთაშორისოს, გლობალურს, ზენაციონალურს და ა.შ. თუმცა ყველაზე გავრცელებულია ტერმინი “ტრანსნაციონალური კორპორაციები” (transnatioual-TNC).
ტრანსნაციონალურ კორპორაციებში (ტნკ) იგულისხმება მსხვილი ფირმა (ან სხვადასხვა ქვეყნის ფირმების გაერთიანება), რომელსაც საზღვარგარეთული აქტივები (კაპიტალდაბანდებები) გააჩნია და მსოფლიო მასშტაბით ძლიერ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
ტნკ-ებს შემდეგი ძირითადი მახასიათებელი ნიშნები აქვთ:
– რეალიზაციის თავისებურებები: ფირმა თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაციას საზღვარგარეთ ახორციელებს, რითაც ძლიერ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე;
– წარმოების განლაგების თავისებურებები: საზღვარგარეთის ქვეყნებში განთავსებულია ზოგიერთი მისი ქალიშვილი საწარმო და ფილიალი;
– საკუთრების უფლებათა თავისებურებები: ფირმის მესაკუთრენი სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტებს (მოქალაქეებს) წარმოადგენენ.
საკმარისია ფირმას თუნდაც ერთი ზემოთჩამოთვლილი ნიშანი ახასიათებდეს, რომ ტნკ-ს კატეგორიაში მოხვდეს. ზოგიერთ მსხვილ კომპანიას ერთდროულად სამივე მახასათებელი ნიშანი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვნად პირველ ნიშანს მიიჩნევენ. ამ კრიტერიუმის მიხედვით აბსოლუტური ლიდერია შვედური ფირმა ნესტლე”, რომელიც თავისი პროდუქციის 98%-ზე მეტის ექსპორტირებას ახდენს. რაც შეეხება უფლებებისა და საკუთრების ინტერნაციონალიზაციას, ამ ორ მახასიათებელს შეიძლება ადგილი არც ჰქონდეს.
XX საუკუნის 60-იან წლებში გაერო ტნკ-თა რიცხვს მიაკუთვნებდა ფირმებს 100 მლნ. დოლარის წლიური ბრუნვის ოდენობით და არანაკლებ ექვს ქვეყანაში განთავსებული ფილიალებით. მოგვიანებით ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმების გამოყენება დაიწყეს. ამჟამად გაერო ტრანსნაციონალურს იმ კორპორაციას მიაკუთვნებს, რომელიც შემდეგ ფორმალურ მახასიათებლებს მოიცავს:
– მათ გააჩნიათ საწარმოო რგოლები არანაკლებ ორ ქვეყანაში;
– ტარდება შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა ცენტრალიზებული ხელმძღვანელობით;
– საწარმოო რგოლები ერთმანეთთან აქტიურად ურთიერთქმედებენ: მიმდინარეობს რესურსებისა და პასუხისმგებლობის გაცვლა.
პრაქტიკაში ტნკ-ების სამ ძირითად ტიპს განასხვავებენ:
პირველი. ამ ტიპს მიეკუთვნებიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია ერთი ქვეყნის აქციონერული კაპიტალის გამოყენებით, მმართველობითი კონტროლისა და საქმიანობის ინტერნაციონალური სფეროთი. ტნკ-ების სათაო კომპანია განლაგებულია ბაზირების ქვეყანაში, ხოლო ქალიშვილი კომპანიები და ფილიალები – მთელ მსოფლიოში. ამგვარი კომპანიების ტიპიური მაგალითია “ფორდი”, “ექსონი”, “ნესტლე”.
მეორე ტიპს მიეკუთვნებიან მრავალეროვნული კორპორაციები, რომლებიც ინტერნაციონალურია გამოყენებული კაპიტალის, კონტროლისა და საქმიანობის სფეროს მიხედვით. ისინი აერთიანებენ მსოფლიო მეურნეობის ორი ან მეტი ქვეყნის ეროვნულ კომპანიებს. მოცემული ჯგუფის ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან “როიალ დატჩშელი”, “იუნიველური”, “ფიატ-სიტროენი”. კორპორაციების აღნიშნული ტიპი ტნკ-ებზე ადრე წარმოიქმნა, მაგრამ ამჟამად არ არის ფართოდ გავრცელებული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ განვითარებული ქვეყნების კორპორაციები თავიანთ საქმიანობას ავრცელებენ განვითარებად ქვეყნებში.
მესამე ტიპი – საერთაშორისო კორპორაციული კავშირებია, რომლებიც წარმოადგენენ სამრეწველო, საბანკო და სხვა კონცერნების გაერთიანებებს მსხვილი ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის მიზნით. ასეთი კავშირები ძირითადად იქმნება ელექტრონულ, ელექტროტექნიკურ, ქიმიურ, სანავთობო, ავტომობილ- და ავიამშენებელ, ინფორმატიკის სფეროებში, მაგალითად, დასავლეთ-ევროპულ კონცერნიი “ეირბას ინდასტრი”.
საქმიანობის მასშტაბის მიხედვით ყველა ტნკ მსხვილ და მცირედ იყოფა. პირობით კრიტერიუმს წლიური ბრუნვის სიდიდე წარმოადგენს. ასე მაგალითად, XX საუკუნის 80-იან წლებში მსხვილ ტნკ-ებს მიაკუთვნებდნენ მხოლოდ მათ, რომლებსაც წლიური ბრუნვა 1 მლრდ დოლარი ჰქონდათ. თუ მცირე ტნკ-ს საშუალოდ 3-4 საზღვარგარეთული ფილიალი გააჩნია, მსხვილ ტნკ-ებში მათი რიცხვი ათეულებს და ასეულებსაც კი აღწევს.
ცალკე გამოყოფენ ტრანსნაციონალურ ბანკებს (ტნბ), როგორც ტნკ-ს განსაკუთრებულ სახესხვაობას, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებენ ბიზნესის დაკრედიტებას და ფულადი ანგარიშების ორგანიზაციას.
ტნკ-ების საქმიანობის შეფასების ძირითადი მაჩვენებელია ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, რომელიც შემდეგი სამი მაჩვენებლის საშუალო მნიშვნელობას წარმოადგენს: უცხოური აქტივების წილი აქტივების მთლიან მოცულობაში; უცხოეთში განხორციელებული გაყიდვების წილი გაყიდვების მთლიან მოცულობაში; უცხოურ ფილიალებში დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში. რაც უფრო მაღალია ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, მით უფრო დიდია უცხოური ფილიალების როლი ტნკ-ს საქმიანობაში.
ტრანსნაციონალიზაციის ინდექსის გაანგარიშება შემდეგი ფორმულით ხდება:
It = 1/3 (A1/A + R1/R + S1/S) ხ 100%
სადაც
It – ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, %;
A1- საზღვარგარეთული აქტივები;
A – მთლიანი აქტივები;
R1 – უცხოური ფილიალების მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მოცულობა;
R – საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მთლიანი მოცულობა;
S1 – საზღვარგარეთული შტატი;
S – კომპანიის მუშაკთა მთლიანი შტატი.
XVI-XVII საუკუნეში ჩასახულმა ტნკ-ებმა თავისი არსებობის მანძილზე სერიოზული ევოლუცია განიცადა. ჯერ კიდევ 1600 წელს დაარსდა ბრიტანული აღმოსავლეთ-ინდური კომპანია, რომლის დამფუძნებლებს შორის არა მარტო ინგლისელი კომერსანტები, არამედ ჰოლანდიელი ვაჭრები და გერმანელი ბანკირებიც იყვნენ. ამგვარი კოლონიალური კომპანიები XX საუკუნემდე მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობას მისდევდნენ, ამიტომაც მათ გადამწყვეტი როლი კაპიტალისტურ მეურნეობაში არ ენიჭებოდა. ისინი ითვლებიან თანამედროვე ტნკ-ების წინამორბედებად, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდნენ, როდესაც თავისუფალ კონკურენციას ცვლის მსხვილი ფირმა – მონოპოლიების აქტიური განვითარება და კაპიტალის მასიური გატანა იწყება. ტნკ-ს განვითარებაში სამ ეტაპს გამოყოფენ.
პირველ ეტაპზე XX საუკუნის დასაწყისში ტნკ-ები ინვესტირებას უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურად სუსტად განვითარებული უცხოური ქვეყნების სანედლეულო დარგებში ახდენენ, სადაც იქმნებოდა აგრეთვე შემსყიდველი და გამსაღებელი ქვედანაყოფები. მაღალტექნოლოგიური სამრეწველო წარმოების აწყობა საზღვარგარეთ მაშინ არახელსაყრელი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მიმღებ ქვეყანაში არ იყო სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი, ხოლო ტექნოლოგიები ჯერ კიდევ სრულყოფას საჭიროებდა. ტრანსნაციონალიზაციის სუბიექტებად ამ პერიოდში ჩვეულებრივ გვევლინება სხვადასხვა ქვეყნის ფირმების გაერთიანებები (საერთაშორისო კარტელები), რომლებიც იყოფდნენ გასაღების ბაზრებს, ატარებდნენ შეთანხმებულ საფასო პოლიტიკას და ა.შ.
ტნკ-ს ევოლუციის მეორე ეტაპი იწყება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. იგი დაკავშირებულია საზღვარგარეთული საწარმოს ქვედანყოფების როლის გაძლიერებასთან, ამასთან არა მარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. საზღვარგარეთული საწარმოო განყოფილებები სპეციალიზდებიან ძირითადად იმავე პროდუქციის წარმოებაზე, რომლის წარმოება ადრე ტნკ-ს მშობლიურ” ქვეყანაში ხდებოდა. თანდათანობით ტნკ-ები სულ უფრო ორიენტირებულნი ხდებიან ადგილობრივი მოთხოვნის და ადგილობრივი ბაზრის მომსახურებაზე. თუ ადრე მსოფლიო მეურნეობის არენაზე საერთაშორისო კარტელები მოქმედებდნენ, ამჟამად იქმნება ნაციონალური ფირმები, საკმაოდ მსხვილი იმისათვის, რათა გატარდეს დამოუკიდებელი ეკონომიკური სტრატეგია. სწორედ XX საუკუნის 60-იან წლებში აღმოცენდა თვით ტერმინი ტრანსნაციონალური კორპორაცია”.
1960-იან წლებში ტნკ-ების რაოდენობისა და მნიშვნელობის სწრაფი ზრდა ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის გავლენის შედეგად მიმდინარეობდა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ და საწარმოო ოპერაციების გამარტივებამ, დაბალკვალიფიციური პერსონალის გამოყენების შესაძლებლობამ ცალკეული ტექნოლოგიური პროცესების სივრცობრივი განცალკევების შესაძლებლობები შექმნა. სატრანსპორტო და ინფორმაციული კომუნიკაციების განვითარებამ ხელი შეუწყო ამ შესაძლებლობების რეალიზაციას. შესაძლებელი გახდა საწარმოო პროცესის უმტკივნეულოდ დაყოფა და ცალკეული ტექნოლოგიური პროცესების განთავსება იმ ქვეყნებში, სადაც წარმოების ეროვნული ფაქტორები უფრო იაფი იყო. დაიწყო წარმოების სივრცობრივი დეცენტრალიზაცია პლანეტის მასშტაბით და მასთან ერთად მართვის კონცენტრაცია.
თანამედროვე ეტაპზე, XX საუკუნის დასასრულიდან ტნკ-ს განვითარების ძირითადი თავისებურება გლობალური მასშტაბის წარმოებისა და რეალიზაციის ქსელის შექმნაში მდგომარეობს.
ქალიშვილი ფირმების შესაქმნელად ადგილის შერჩევისას მთავარი როლი იმ საწარმოო დანახარჯების ანალიზს ენიჭება, რომლებიც ხშირად განვითარებად ქვეყნებში უფრო დაბალია. პროდუქცია კი იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მასზე მაღალი მოთხოვნაა – ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომაა, რომ, მაგალითად, თანამედროვე გერმანიის მაცხოვრებლები გერმანული ფირმა Bosh”-ის ტექნიკას ყიდულობენ, რომელიც არა გერმანიაში, არამედ სამხრეთ კორეაშია წარმოებული.
ტნკ-ების როლი თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში შემდეგი მაჩვენებლებით ფასდება:
– ტნკ-ები მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ;
– მათზე მოდის სამრეწველო წარმოების დაახლოებით 1/2;
– ტნკ-ების საწარმოებში არასასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულთა თითქმის 10% მუშაობს;
– ტნკ-ები მსოფლიოში არსებული პატენტების, ლიცენზიების და ნოუ-ჰაუს დაახლოებით 4/5-ს აკონტროლებენ.
როგორც ტნკ-ები ბიზნესის ელიტას წარმოადგენენ, ასევე ტნკ-ებს თავისი ელიტა ჰყავთ – სუპერმსხვილი კომპანიები, რომლებიც მეტოქეობას უწევენ მრავალ სახელმწიფოს წარმოების, ბიუჯეტის და ხელქვეითების” რაოდენობის მიხედვით. მსოფლიოს 100 უმსხვილესი ტნკ (საერთო რაოდენობის 0,2%-ზე ნაკლები) საზღვარგარეთული აქტივების და საზღვარგარეთული გაყიდვების ერთობლივი მოცულობის შესაბამისად 12%-ს და 16%-ს აკონტროლებს.
არსებობს პლანეტის უმსხვილეს კომპანიათა ორი ყველაზე ცნობილი რეიტინგი: ჟურნალი Fortune” ახდენს არასაფინანსო კომპანიების რანჟირებას წლიური მოგების მოცულობის მიხედვით, ხოლო გაზეთი Financial Times” – ყველა კომპანიის (მათ შორის საფინანსოს) აქტივების ღირებულების მიხედვით. მსოფლიოს უმსხვილესი ტნკ-ების ჯგუფების შემადგენლობისა და უკანასკნელ ათწლეულებში მათი ცვლილების ანალიზი გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა დომინირებული დარგები და რეგიონები (იხ. ცხრილები 1-6).
თავდაპირველად ტნკ-ების ყველაზე მსხვილ დარგობრივ ჯგუფს ნედლეულის მომპოვებელი დარგები შეადგენდა. 1973 წლის სანავთობო კრიზისმა გამოიწვია ნავთობის ტნკ-ების როლის მკვეთრი ზრდა, მაგრამ უკვე 1980-იან წლებში სანავთობო შიმშილის” შესუსტებასთან ერთად მათი გავლენა მცირდება და წინა პლანზე ავტოსამშენებლო და ელექტროტექნიკური ტნკ-ები გამოდიან, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის განვითარების კვალობაზე – ფირმები მომსახურების მაღალტექნოლოგიური სფეროდან – ამერიკული კორპორაცია Microsoft” (მსოფლიო მონოპოლისტი პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში), ამერიკული ელექტრონული სავაჭრო კომპანია �Wall � Mart Stores Inc.”
ტნკ-ების შემადგენლობა დროთა განმავლობაში სულ უფრო ინტერნაციონალური ხდება. მსოფლიოს ათ უმსხვილეს ფირმას შორის აბსოლუტურად ლიდერობენ ამერიკული ფირმები (იხ. ცხრილი 1, 2), მაგრამ თუ გადავხედავთ პლანეტის უმსხვილესი ტნკ-ების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფს, აქ აშშ-ს ლიდერობა გაცილებით სუსტადაა გამოხატული (იხ. ცხრილი 5, 6).
ჟურნალი Fortune”-ს მონაცემების მიხედვით, 1950-იან წლებში ამერიკული ფირმების აბსოლუტური უპირატესობა შეიმჩნევა; 1980-იან წლებში კი დასავლეთევროპული ფირმები დომინირებენ. ეს ტენდენცია ყველა ტნკ-ს შემადგენლობის მიხედვითაც შეიმჩნევა: 1970-იან წლებში ტნკ-ს ნახევარზე მეტი ორი ქვეყნიდან – აშშ და დიდი ბრიტანეთიდან იყო; ამჟამად ყველა ტნკ-დან აშშ-ს, იაპონიას, გერმანიასა და შვეიცარიაზე ერთად აღებულზე მხოლოდ ნახევარი მოდის. (განსაკუთრებით – აზიური დრაკონი” ქვეყნების, როგორიცაა ტაივანი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი).
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გაგრძელდება ტნკ-ების შორის მესამე სამყაროს ახალი ინდუსტრიული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფირმების ხვედრითი წილის ზრდა.
ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს “Exxon Mobil Corporation”-ის ყოველწლიური შემოსავალი აღემატებოდა კორეის, ან ინდონეზიის მშპ-ს; “Royal Dutch/Shell Group”-ის წლიური შემოსავლები უფრო მაღალია, ვიდრე ბელგიის, ჩეხეთის ან არგენტინის მშპ; “General Motors”-ის მთლიანი წლიური შემოსავლები ავსტრიის მშპ-ს აღემატება; “Mobil”-ის შემოსავლები დანიის და ფინეთის მშპ-ს აღემატება; “Ford Motor Company”-ის ყოველწლიური შემოსავლები მეტია ტაილანდის მშპ-ზე და სხვ1.
ტნკ-ები სულ უფრო მეტად გვევლინება ამა თუ იმ ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა საერთაშორისო სისტემაში.
მიმღები ქვეყნები (ქვეყნები, რომელშიც მოქმედებენ სათაო ფირმის ფილიალები და შვილობილი კომპანიები) ინვესტიციების ნაკადიდან მრავალმხრივ მოგებულნი რჩებიან. უცხოური კაპიტალის ფართო მოზიდვა ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ქვეყანაში იმ პროდუქციის წარმოების ორგანიზებით, რომელიც ადრე შემოჰქონდათ, იმპორტის აუცილებლობა ისპობა. მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მწარმოებელი და ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობენ ქვეყნის საგარეო-სავაჭრო პოზიციების განმტკიცებას.
ტნკ-ს საქმიანობა ადგილობრივი კომპანიების ადმინისტრაციას აიძულებს კორექტივები შეიტანოს ტექნოლოგიურ პროცესში, საწარმოო ურთიერთობების ჩამოყალიბებულ პრაქტიკაში, მეტი სახსრები გამოყონ მუშაკთა მომზადებასა და გადამზადებაზე, მეტი ყურადღება დაუთმონ პროდუქციის ხარისხს, მის დიზაინს, სამომხმარებლო თვისებებს. ხშირად უცხოურ ინვესტიციებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროდუქციის ახალი სახეობების გამოშვება, მენეჯმენტის ახალი სტილი, საზღვარგარეთული ბიზნესის პრაქტიკიდან საუკეთესო გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა მოყვება.
ტნკ-ების საქმიანობის აქტიური საწარმოო, საინვესტიციო და სავაჭრო საქმიანობა ორი ფუნქციის განხორციელების საშუალებას იძლევა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიო მეურნეობისათვის, კერძოდ:
– ეკონომიკური ინტეგრაციის სტიმულირება;
– პროდუქციის წარმოებისა და განაწილების საერთაშორისო რეგულირება.
ტნკ ხელს უწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციას და მდგრად ეკონომიკურ კავშირებს ქმნის სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მათი მეშვეობით ეროვნული ეკონომიკების ერთიან მსოფლიო მეურნეობაში ათქვეფა” მიმდინარეობს, რის შედეგად, წმინდა ეკონომიკური საშუალებებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სპონტანურად იქმნება გლობალური ეკონომიკა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტნკ-ების ფუნქციონირების დადებით მხარეებთან ერთად, ადგილი აქვს მათ ნეგატიურ ზეგავლენას როგორც იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, სადაც ისინი ფუნქციონირებენ, ისე ბაზირების (დონორი) ქვეყნის ეკონომიკაზე, ანუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაც განლაგებულია მეთაური კომპანია.
აუცილებელია აღინიშნოს ტნკ-ების ზემოქმედების შემდეგი ძირითადი უარყოფითი ნიშნები მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას:
– მიმღები ქვეყნის კომპანიებზე შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში არაპერსპექტიული მიმართულებების თავსმოხვევის შესაძლებლობა, მიმღები ქვეყნის მოძველებული და ეკოლოგიურად საშიში ტექნოლოგიების განთავსების ადგილად გადაქცევის საშიშროება;
– უცხოური ფირმების მიერ მიმღები ქვეყნის სამრეწველო წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურების ყველაზე განვითარებული და პერსპექტიული სეგმენტების დაპყრობა;
– რისკების ზრდა საინვესტიციო და საწარმოო პროცესების განვითარებაში;
– სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება ტნკ-ების მიერ შიდა (ტრნასფერტული) ფასების გამოყენების შედეგად;
უამრავი ნაციონალური მთავრობა (განსაკუთრებით, მესამე სამყაროს ქვეყნებში) დაინტერესებულია თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ამაღლებაში და სამამულო ბიზნესის სტიმულირებაში. ამისათვის მათ სურთ მსოფლიო მეურნეობაში ქვეყნის ჩამოყალიბებული სპეციალიზაციის შეცვლა, ან უკიდურეს შემთხვევაში, ტნკ-ების მოგებაში თავიანთი წილის გაზრდა. ფლობენ რა უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო კორპორაციებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლების ხელყოფის მცდელობის აღკვეთა ძალისმიერი მეთოდების ორგანიზების გზით დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკოსების მოსყიდვით და დამთავრებული მათთვის მიუღებელი მთავრობების წინააღმდეგ შეთქმულებების დაფინანსებითაც კი.
ტრანსნაციონალიზაცია კორპორაციებისათვის ეკონომიკურ რისკებს ამცირებს, მაგრამ ზრდის მათ მიმღები ქვეყნებისათვის. საქმე ისაა, რომ ტნკ-ებს ადვილად შეუძლიათ თავიანი კაპიტალის ქვეყნებს შორის გადაადგილება. ქვეყანაში არაჯანსაღი ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შემთხვევაში, ტნკ-ებს შეუძლიათ თავიანთი კაპიტალის გატანა სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ვითარება იმ ქვეყანაში, საიდანაც ტნკ-ს თავისი კაპიტალი გააქვს, უფრო მძიმდება, ვინაიდან კაპიტალის მასობრივი ამოღება უმუშევრობას და სხვა ნეგატიურ მოვლენებს იწვევს.
მძლავრი ტნკ-ების საქმიანობა, რომელთა ეკონომიკური ძალაუფლება აჭარბებს მრავალი ქვეყნის პოტენციალს, თვისებრივად ცვლის თვით მსოფლიო მეურნეობის მართვის სისტემას. თუ ჯერ კიდევ XX საუკუნის ნახევარში მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის მთავარი რეგულატორები ძლიერი ქვეყნის მთავრობები იყვნენ, XX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა თავისებური სამხელისუფლებიანობა”. ნაციონალური მთავრობების გარდა მსოფლიო-სამეურნეო ურთიერთობებზე ზეგავლენას სუპერფირმები – ტნკ-ები და ზესახელმწიფო ორგანიზაციები ახდენენ (ისეთი, როგორიცაა რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.). სუვერენულ სახელმწიფოებს (მათ შორის საქართველოსაც) სულ უფრო უხდებათ ანგარიში გაუწიონ მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობათა ამ ახალ სუბიექტებს ჯერ ეკონომიკურ, შემდეგ კი პოლიტიკურ სფეროში. ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ სახელმწიფოების ზეგავლენა სუსტდება, რეალური ძალაუფლება სულ უფრო გადადის ტნკ-ებზე და მათ მიერ კონტროლირებად ინსტიტუტებზე.
თუ ეროვნული ხელისუფლება თავისი მოქალაქეების, ხოლო ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციები – თანადამფუძნებლების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ტრანსნაციონალური ბიზნესის ლიდერებს არავინ ირჩევს და არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მოგების გამო საერთაშორისო ოლიგარქებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც კი, ამასთან თავი აარიდონ ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
ტნკ-ების საქმიანობის შედეგების შესახებ ყველაზე გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა ის, თითქოს საერთაშორისო ოპერაციების შედეგად ზოგიერთი ქვეყანა აუცილებლად მოგებული რჩება, დანარჩენი კი ზარალდება, რეალურ ცხოვრებაში კი შესაძლებელია სულ სხვა შედეგიც: ორივე მხარე შეიძლება მოგებული ან წაგებული დარჩეს. ტნკ-ების საქმიანობიდან მოგება-ზარალის ბალანსი ბევრადაა დამოკიდებული მთავრობების, საზოგადოებრივი და ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების მხრიდან მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაზე.