საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში საბაზრო ურთიერთობების განვითარების პირობებში
ლამარა ქოქიაური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მეურნეობრიობის საბაზრო სისტემის ადეკვატური საინვესტიციო საქმიანობის ახალი მოდელის ჩამოყალიბება ითვალისწინებს საინვესტიციო რესურსების ცენტრალიზებულად განაწილების შეცვლას ინვესტირების საბაზრო ფორმებით. ეს, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის ისეთი ახალი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც შეცვლილი ეკონომიკური პირობების შესაბამისი იქნება. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკის დაწესებულმა პრიორიტეტებმა განსაზღვრეს ინვესტიციური განვითარების ამოცანების “მეორადობა” ფინანსური მიზნების მიმართ.
საქართველოს ეკონომიკის საბაზრო რეფორმირების ოფიციალური კონცეფცია ეყრდნობოდა გამარტივებულ-მონეტარისტულ პრინციპებს, რომელთა რეალიზაცია გამოიხატა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მინიმიზების კონკრეტული ზომებით, ფასებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ლიბეტალიზების დაჩქარებით, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზებითა და საბაზრო სტრუქტურების ფორმირებით.
საინვესტიციო საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის პრინციპები, საზღვრები და ფორმები. საქართველოში ეკონომიკაში შექმნილი ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის საინვესტიციური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია მხოლოდ ისეთი ბაზრის თვითრეგულაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ჩამოყალიბების მეტად დაბალი დონით გამოირჩევა. საჭიროა საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერება, ეკონომიკური პოლიტიკის კორექტივება, სახელმწიფოებრივი და საბაზრო რეგულირების ოპტიმალურად შეხამების ძიება. ამასთან, უნდა განისაზღვროს საინვესტიციო პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის საზღვრები და პრინციპები საქართველოს ეკონომიკის განვითარების იმ სპეციპიკის გათვალისწინებით, რომელიც ბაზარზე გადასვლის პერიოდს ახასიათებს.
საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერების პირობები. საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერების შესაძლებლობათა ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სახელმწიფოს მონაწილეობის გაფართოებას თავისი ობიექტური საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს განაპირობებს, ერთი მხრივ, რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს “ყოფნის” ზრდა კერძო ინვესტიციების მოზღვავებას უნდა უწყობდეს ხელს და არა მათ გაძევებას. ინვესტიციების სფეროში სახელმწიფოს მონაწილეობა იგივე არაა, რაც განსახელმწიფოებრივება და სამეურნეო საქმიანობის ადმინისტრირებისკენ მიბრუნება. იგი გულისხმობს სახელმწიფოს გრძელვადიანი პოლიტიკისა და კონკრეტულ მოქმედებათა ეფექტიანობის გადიდებას საბაზრო თავისუფლებათა დაცვისა და კერძო ინვესტიციების წახალისების პირობებში.
საინვესტიციო საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის პრინციპების შესახებ საკითხი მჭიდროდ უკავშირდება საინვესტიციო აღმავლობისათვის საჭირო საფინანსო პოტენციალის შეზღუდულობის პრობლემას. მიახლოებითი გაანგარიშებები გვიჩვენებს, რომ მარტო რეფორმამდელი პერიოდის დონემდე ინვესტირების მოცულობის აღსადგენად, ინვესტიციების ვარდნის სიღრმის გათვალისწინებით, საჭირო იქნება მისი გადიდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით, ინვესტიციებზე წლიური მოთხოვნა მაღალია.
ამ პრობლემის ანალიზის დროს ჩნდება ინვესტიციების საკმარისობის კრიტერიუმის საკითხიც. საშუალოვადიან პერსპექტივაში ასეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს საინვესტიციო რესურსების ის მოცულობა, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლას უზრუნველყოფს. მაკროეკონომიკის თვალსაზრისით, ეს მოასწავებს მთლიანი წმინდა ინვესტიციების სიდიდის ისეთი სტაბილური დადებითი მნიშვნელობის მიღწევას, რომლებიც ძირითადი კაპიტალის განახლებისთვის საჭირო სახსრების მოცულობათა მატებას შეესაბამება (ინვესტირებული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გადიდების ფონზე). ამასთან დაკავშირებით საჭიროა ინვესტიციების სტიმულირება იმ დონემდე, რომელიც აჭარბებს მწარმოებლური კაპიტალის დაგროვილი ელემენტების მწყობრიდან გამოსვლას. ამ ორიენტირს ის განაპირობებს, რომ ახლადშექმნილ პროდუქტში ინვესტიციების უფრო ნაკლები მნიშვნელობის დროს ვერ მოხდება ხსენებული ელემენტების კომპენსირება (პირველ რიგში, ძირითადი კაპიტალის), რის გამოც გაგრძელდება ეკონომიკური ვარდნის პირობების კვლავწარმოება და წარმოების რეალურად გამოცოცხლების პოტენციალის დაქვეითება.
ამავე დროს, ეკონომიკური ზრდის მისაღები დინამიკის მიღწევის შესაძლებლობებს დიდად ზღუდავს შიდა დაგროვებათა ვიწრო მასშტაბები და ეკონომიკის რეალურ სექტორში განხორციელებულ დაბანდებათა კაპიტალუკუგების შემცირება. აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკის ეს თავისებურებები იქნება უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის პრინციპების განმსაზღვრელი. რესურსების მკაცრად შეზღუდვისა და ინვესტირების საბაზრო მექანიზმების ბოლომდე ჩამოუყალიბებლობის გათვალისწინებით, საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკა შემდეგ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს: პრიორიტეტული მიმართულებებისა და “წერტილოვანი ინვესტირების” შერჩევა; საინვესტიციო პროცესის მართვადობის ხარისხის გადიდება დასაბუთების გაძლიერების საფუძველზე; შემუშავებული ზომების კომპლექსურობა და თანმიმდევრობა.
ეს თავისებურება მოქმედებს საინვესტიციო საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის ფორმებზეც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს, როგორც უშუალო ინვესტორის, როლი შენარჩუნებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი ძირითადი წარმოებებისათვის, სოციალურ სფეროსა და დარგებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საინვესტიციო პროცესის ისეთი რეგულირება, რომლის დანიშნულებაა ხელსაყრელი რეჟიმის შექმნა კერძო ინვესტორების საქმიანობისათვის.
საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ პირობებში, საინვესტიციო სტრატეგია მთლიანობაში ორიენტირებულია სახელმწიფო ინვესტიციებიდან სიმძიმის ცენტრის გადატანაზე კერძო ინვესტორებისთვის სასურველ საინვესტიციო გარემოს შექმნისკენ, სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ეს ორივე შემადგენელი ნაწილი (სახელმწიფოებრივი ინვესტირება და საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება) პრიორიტეტული დარგებისა და წარმოებების მხარდაჭერას უნდა ემსახურებოდეს და ამ პოლიტიკას აწონილ-დაწონილი და სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს (ნახ. 1.).
ინვესტირების სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრის დროს აუცილებლად უნდა ვეყრდნობოდეთ მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებიც ვლინდება, პირველ რიგში, მაღალი ტექნოლოგიების დამუშავებაში. ამჟამად იმ დარგებს, სადაც სერიოზული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მარაგი არსებობს და შენარჩუნებულია პოტენციური უპირატესობები, შეგვიძლია მივაკუთვნოთ: ენერგეტიკა, ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ტექნოლოგიები, კვების მრეწველობა და სხვა დარგები.
ინოვაციური პროდუქციის წარმოებაში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს კაპიტალის გადინების ახალ მიმართულებათა გაჩენას, მისი მწარმოებლურობის ამაღლებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ამ ინვესტიციების წერტილოვანი ხასიათი გამოაცოცხლებს ეკონომიკას შეზღუდეული საინვესტიციო რესურსების პირობებში. ასეთი მიდგომა მსოფლიო პრაქტიკაში აღიარებულია, როგორც ეკონომიკური ზრდის ისეთი შემზღუდველების გადალახვის ნაცადი მეთოდი, რომლებიც საბაზრო მექანიზმების უკმარისობითაა განპირობებული.
პრიორიტეტულობის მაღალი ხარისხი უნდა მივანიჭოთ მეურნეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი დარგებისა და სფეროების განვითარების, ეროვნული მწარმოებლების მხარდაჭერისა და ეკონომიკაში შიდა მოთხოვნის უზრუნველყოფის ეფექტიან პროგრამებს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრირებად ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელება მხოლოდ შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოებაში არ შეიძლება იყოს სტაბილური და მზარდი შემოსავლის წყარო.
სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი პირობაა საწარმოო სექტორის სტრუქტურული გარდაქმნის კონცეფციის შემუშავება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელთა საფუძველზე უნდა განისაზღვროს სხვადასხვა ჯგუფის საწარმოების რეფორმირების სტრატეგია და მექანიზმი, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები და მეთოდები, საწარმოო სტრუქტურების ორგანიზაციის მოდელები ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი რეალური, მათ შორის – ინსტიტუციური პირობების გათვალისწინებით.
ეკონომიკის აღმავლობისა და სწრაფად განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს მსხვილი კორპორაციები, რომლებსაც გააჩნია სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, რესურსების მობილიზების და მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ეფექტიანად ინტეგრირების შესაძლებლობები. მცირე ბიზნესის საწარმოები, რომლებსაც უეჭველად დიდი მნიშვნელობა აქვთ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, ამჟამად გამოირჩევიან უკიდურესად დაბალი ტექნიკური დონით და საინვესტიციო რესურსების უქონლობით, რაც აუცილებელს ხდის მათი ადგილის მოძიებას მსხვილი სტრუქტურების საწარმოო ჯაჭვებში. მყარი და ეფექტიანად განვითარებადი, დივერსიფიცირებული კორპორაციული (დარგობრივი და დარგთაშორისი) გაერთიანებების და საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ჩამოყალიბება მოითხოვს სახელმწიფოს მიერ კორპორაციული რგოლის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ შორის, კორპორაციების კაპიტალში უშუალოდ მონაწილეობის გზითაც. კორპორაციული ფორმების განვითარება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი საწარმოო პროგრამების რეალიზებას, პირობებს შეუქმნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება
თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე საქართველოს ეკონომიკის გადასვლის უმთავრესი პირობაა. სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა მხარდაჭერის გაძლიერება, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების წახალისების ინსტიტუტის – სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს შექმნა, ცენტრისა და რეგიონების საინვესტიციო პოლიტიკის შეთანხმება.
სახელმწიფო ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა მხარდაჭერა. ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპის ამოცანათა რეალიზება საინვესტიციო სფეროს უფრო აქტიურ სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას მოითხოვს. ამასთან, სახელმწიფოებრივი ინვესტირების მნიშვნელობა უნდა მატულობდეს არა იმდენად ცენტრალიზებული წყაროების მოცულობის თვალსაზრისით, რამდენადაც სახელმწიფო გარანტიების, დაზღვევისა და კერძო ინვესტორებისთვის ორიენტირის პოზიციებიდან.
ინვესტიციების საბიუჯეტო დაფინანსების პრობლემები. საინვესტიციო საქმიანობის საბიუჯეტო დაფინანსებას ჯერ კიდევ იმ მიდგომების საფუძველზე ახდენენ, რომლებიც არსებითად ზღუდავენ სახელმწიფოს გავლენას საბაზრო გარდაქმნათა მიმდინარეობასა და ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებზე. თანაც ეს ნაკლოვანებები იმდენად საბიუჯეტო სისტემის შეზღუდული შესაძლებლობებით არაა განპირობებული, რამდენადაც ცენტრალიზებული ინვესტიციების განაწილების გაურკვეველი თუ მცდარი სტრატეგიითა და მათი გამოყენების ქმედითი კონტროლის უქონლობით.
ამ პრობლემის გადაჭრას ისიც ხდის აუცილებელს, რომ სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკაში მომხდარი ჩავარდნები კერძო ინვესტორებისთვის ორიენტირების უქონლობის ან მათი დამახინჯების მიზეზი ხდება. ანალიზი ადასტურებს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებსა და კერძო ინვესტორების საინვესტიციო მოტივაციებს შორის გარკვეული დამოკიდებულების არსებობას, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საინვესტიციო პოლიტიკის პერსპექტიულ მიმართულებათა შემუშავების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახერხებთ სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის გატარებისა და სხვადასხვა დონის ინვესტორთა ინტერესების შეთანხმებისთვის საფუძვლის მომზადებას, მიღებულ ზომებს კი კვლავინდებურად უფრო მეტად პასიური ხასიათი ექნება და ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილ შედეგებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცალკეული მწარმოებლების ან რეგიონების არასაკმარისად ან უსისტემოდ მხარდაჭერა აქვეითებს დაგროვებისა და შემდეგ თვითდაფინანსების სტიმულებს და ხელს არ უწყობს მეურნე სუბიექტების საბაზრო ქცევის ჩამოყალიბებას.
სახელმწიფოს მიერ მწარმოებელთა საინვესტიციო მხარდაჭერის შესაძლებლობათა შესახებ საკითხის ანალიზის დროს შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ბიუჯეტის სახსრების უკიდურესად შეზღუდულობა. ამასთან, თანამედროვე პირობებში არანაკლებ მნიშვნელობას იძენს საინვესტიციო პოლიტიკის დასაბუთების ხასიათისა და რეალიზაციის გარკვეულობის დონის ამაღლება, საბიუჯეტო დაგეგმვის რეალობის გათვალისწინება.
საქართველოს ეკონომიკაში, სადაც ანგარიშსწორების არასაიმედო ფორმები დომინირებს, ფულის მასის მოცულობის რეალური პროგნოზების შედგენა ერთობ გაძნელებულია. საბიუჯეტო პოლიტიკას ამუშავებენ გაურკვევლობის ფაქტორის პირობებში, რაც ამძაფრებს რეალური ბიუჯეტის შედგენისა და მიღებული ბიუჯეტის შესრულების სირთულეს.
სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული ფაქტორის, რეალიზებაში საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება წარმატებული ვერ იქნება საქართველოს სახელმწიფო ფინანსების თანამედროვე მდგომარეობისა და საბიუჯეტო სისტემის გარდაქმნის აუცილებლობის გაუთვალისწინებლად. მაგალითად, ეკონომიკის რეფორმების ერთ-ერთი წარმატებული ნიმუშია გერმანიის გამოცდილება, რომლის საბიუჯეტო სისტემა კარგადაა გამართული და ეს ვლინდება მიმდინარე და საინვესტიციო ხარჯების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოყოფაში, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლში, კრედიტების ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ზღვრული მოცულობის დაწესებასა და დაცვაში (გათვალისწინებული საინვესტიციო ხარჯების თანხით; ამ მეთოდს “ოქროს წესს” უწოდებენ და მას გერმანიის ძირითადი კანონის 115 მუხლი ადგენს.
საქართველოს ეკონომიკაში, როგორც ამას რეფორმის შედეგები გვიჩვენებს, სახელმწიფოს არამწარმოებლური ხასიათის ხარჯების ზრდის კომპენსირება არ ხდებოდა ბიუჯეტის საინვესტიციო ხარჯების სათანადოდ გადიდებით. პირიქით, ეს ერთი იმ ფაქტორთაგანი იყო, რომლებიც განაპირობდნენ სახელმწიფოს ცენტრალიზებული ინვესტიციების შეკვეცასა და სახელმწიფოს საინვესტიციო ფუნქციის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინვესტიციების როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის გამოყენება არსებით ცვლილებებს მოითხოვს საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო სისტემის ორგანიზაციაში.
ბიუჯეტზე მუშაობის დროს საჭიროა: პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის და იმ ნორმატივების დაწესების პრინციპის გამოყენება, რომლებიც განსაზღვრავენ ბიუჯეტის სახსრების დონეს გამოყოფილი მიმართულებების მიხედვით; მიმდინარე და საინვესტიციო ბიუჯეტის დაყოფა ნორმატიულ საფუძველზე; შემოსავლებზე ხარჯების გადამეტების შესაძლებლობის გამორიცხვა მიმდინარე ბიუჯეტის დაგეგმვისას; საინვესტიციო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროების მკაფიოდ განსაზღვრა. გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო ბიუჯეტის ორივე შემადგენელი ნაწილის სახსრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიაშიც, რათა გაძლიერდეს ბიუჯეტის შესრულების სახაზინო მეთოდის როლი.
სახელმწიფო ინვესტიციების გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემაა მათი დაბალი ეფექტიანობა კერძო ინვესტიციებთან შედარებით. სახელმწიფოს ფინანსური რესურსების განაწილების დროს გამოყენებული მიდგომები ხელს არ უწყონს ინვესტირების ეფექტიანობის ზრდასა და ეროვნული ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას.
საინვესტიციო პროცესის ორგანიზაციაში სისტემური საფუძვლის უქონლობამ და საბიუჯეტო დაგეგმვის არასაკმარისმა ხარისხმა სახელმწიფოს საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების მუდმივი ჩავარდნები განაპირობა.
ეს იმას მოწმობს, რომ აუცილებელია სელექციური მიდგომის როლის გაძლიერება სახელმწიფო ინვესტირების დროს, სახელმწიფო ინვესტიციების თავმოყრა მკაცრად განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კონტროლის გაძლიერება და საკონკურსო და პროექტების შერჩევა.
კონკურსის საფუძველზე საინვესტიციო პროექტების შერჩევის მექანიზმი. საბაზრო ეკონომიკაში, სადაც ინვესტირების ძირითადი კრიტერიუმი საინვესტიციო დაბანდებათა ეფექტიანობაა, შეუძლებელია ვიყენებდეთ საწარმოებს შორის ცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებების უსასყიდლოდ განაწილების ადრინდელ ტექნოლოგიებს, რომლებიც ეფექტიანობის გადიდების სტიმულს არ აძლევენ საწარმოებს. რადგან პირდაპირი სახელმწიფო ინვესტიციები ნაკლებად ეფექტიანია კერძო ინვესტორების ინვესტიციებთან შედარებით, ამიტომ გამართლებულ მიდგომად გვევლინება კერძო ინვესტიციების სახელმწიფლებრივი მხარდაჭერა.
კერძო ინვესტიციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხორციელდება იმ საინვესტიციო პროექტებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის გზით, რომლებსაც საკონკურსო შერჩევა აქვთ გავლილი. ცენტრალიზებული საინვესტიციო რესურსების საკონკურსო საფუძველზე განთავსების მიზანია საინვესტიციო აქტივების გაძლიერება და კერძო ეროვნული და საზღვარგარეთული ინვესტორების კაპიტალის მობილიზება ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საკუთრების ყველა ფორმის საინვესტიციო დაბანდებათა კომერციული, საბიუჯეტო და სახალხომეურნეობრივი ეფექტიანობის ამაღლება.
საინვესტიციო პროექტების დაფინანსების ახალი წესი საინვესტიციო კონკურსგავლილი პროექტის ფინანსურად უზრუნველყოფაში სახელმწიფოთა მონაწილეობის ფორმის შერჩევის უფლებას აძლევს ინვესტორებს. ეს ფორმები შეიძლება იყოს:
დაბრუნების 2-წლიანი ვადის მქონე სახელმწიფო საინვესტიციო კრედიტი, რომლის გამოყენებისთვის გადასახდელი პროცენტები ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთის 1/4-ია;
შესაქმნელი საწარმოს იმ აქციების ნაწილის დამკვიდრება სახელმწიფო საკუთრებაში, რომლებიც საინვესტიციო პროექტიდან მოგების შემოსავლიდან 2 წლის განმავლობაში იყიდება ბაზარზე, ხოლო აქედან მიღებული ამონაგები სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.
ცენტრალური ბიუჯეტიდან სახსრების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას წამყვანი კრიტერიუმია ობიექტის (საწარმოო სიმძლავრეების) დათქმულ ვადაში ამოქმედების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოზიდული სახსრების მოცულობის შემცირების პირობებში და ცენტრალიზებული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გადიდება.
საკონკურსოდ საინვესტიციო პროექტების წარდგენის სავალდებულო პირობებია:
პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო დანახარჯების მთლიან თანხაში ცენტრალიზებული საინვესტიციო რესურსების ხვედრითი წილი არ უნდა აჭარბებდეს 20%-ს. დანარჩენი (80% ან მეტი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს კერძო ინვესტორის საკუთარი, მოზიდული და ნასესხები სახსრების ხარჯზე;
დანახარჯების საერთო თანხაში ინვესტორის საკუთარი სახსრების ხვედრითი წილი არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები.
ინვესტორების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის დარგში გავრცელებულია ახალი მიდგომები, რომლებიც უკავშირდება საინვესტიციო პროექტების სერთიფიკაციას, სახელმწიფოს მხრიდან გარანტიების მიცემას, განვითარების ბიუჯეტის შექმნას.
საინვესტიციო პროექტების სერთიფიკაცია განსაზღვრავს სახელმწიფოს მხარდაჭერის წილის 50%-მდე გადიდების შესაძლებლობას მსოფლიოში ანალოგების არმქონე პროდუქციის წარმოების დროს; 40%-მდე – საექსპორტო სამრეწველო პროდუქციის წარმოების დროს; 30%-მდე – უფრო დაბალი ფასით იმპორტჩანაცვლების დროს.
სერტიფიცირებულ პროექტებზე სახელმწიფო გარანტიებს მრავალი ინვესტორი მიიჩნევს საბიუჯეტო სახსრების შეზღუდულობის პირობებში სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ყველაზე უფრო სასურველ ფორმად. გარანტიები უზრუნველყოფენ რისკის არა მთელი თანხის, არამედ მისი გარკვეული ნაწილის დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი ეფექტიანი საინვესტიციო პროექტის რეალიზაცია ჩავარდება ინვესტორისგან დამოუკიდებელი მიზეზებით: ინვესტორმა, თავის მხრივ, უნდა წარადგინოს შემხვედრი გარანტიები, მათ შორის – გირაოს ხასიათის.
განვითარების ბიუჯეტი შეიძლება ყალიბდებოდეს, როგორც სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც თავს უყრის სახელმწიფო ბიუჯეტის საინვესტიციო რესურსებს საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და კერძო ინვესტორების სახსრების მოზიდვის მიზნით. განვითარების ბიუჯეტის რესურსების გამოყენება შეიძლება საინვესტიციო პროექტების წილობრივი დაფინანსებისთვის საკონკურსო, ფასიან და დაბრუნებით საწყისებზე, აგრეთვე, ნასესხებ სახსრებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემისთვის საკონკურსო საფუძველზე (როცა გარანტიების ზედა ზღვარი ნასესხები სახსრების თანხის 40%-მდეა).
განვითარების ბიუჯეტის სახსრების მოსაპოვებელ კონკურსზე იღებენ ისეთ საინვესტიციო პროექტებს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
განვითარების ბიუჯეტის მიზნებთან შესაბამისობა;
წმინდა დისკონტირებული შემოსავლის დადებით მნიშვნელობების უზრუნველყოფა;
პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ხარჯების მთლიან თანხაში ინვესტორის საკუთარი სახსრების ხვედრითი წილი არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები, მსხვილი პროექტებისთვის (50 მლნ. დოლარზე მეტი) კი – 30%-ზე ნაკლები;
დამოუკიდებელი ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.
განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების ექსპერტიზას ატარებენ, როგორც წესი, თვით ინვესტორების ან პროექტის დაფინანსებაში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოწვეული ექსპერტები.
სამრეწველო განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა შერჩევითი შეზღუდული მხარდაჭერა მთავრობების მიერ და ეფექტიანი პროექტების საკონკურსო შერჩევა გარკვეულ შედეგებს იძლევა. საზღვარგარეთის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ზომები, როგორც წესი, კერძო ინვესტიციების მოზიდვის ქმედითი სტიმულია და პროექტების რეალიზებას უწყობს ხელს.
სახელმწიფო საკუთრების მართვა როგორც ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში ინვესტიციების ეფექტიანობის ზრდის ფაქტორი. ინვესტიციების სფეროში სახელმწიფოს როლის გააქტიურება გულისხმობს სახელმწიფო საკუთრების მართვის თვისებრივად უფრო მაღალი დონის მიღწევას სახელმწიფო სექტორის რესტრუქტურიზაციასა და განვითარებაში ინვესტირების უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც კი სახელმწიფო სექტორის მართვას მკაცრი სახელმწიფოებრივი კონტროლის გამოყენებით ახორციელებენ, ეროვნული ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფო სექტორი ასრულებს არა მარტო სასიცოცხლოდ აუცილებელი და წამგებიანი წარმოებების მხარდაჭერის, არამედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ფუნქციასაც.
სახელმწიფო სექტორმა გარკვეულწილად წამყვანი პოზიციები უნდა დაიკავოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი ჩამოაყალიბოს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საწარმოების საინვესტიციო პროგრამების შედგენა კონკურსისა და ეფექტიანობის მოთხოვნების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს. აუცილებელია ინვესტირებული სახსრების მიზნობრივად გამოყენების და ფინანსური ნაკადების მოძრაობის მკაცრი სახელმწიფოებრივი კონტროლი.
ამასთან, რეალურ სფეროში (მათ შორის ინვესტიციების დარგში) სახელმწიფოს საქმიანობის განხორციელებისას უნდა გამოვდიოდეთ არასახელმწიფო სექტორში ანალოგიური სახეების საქმიანობის სტიმულირების და არა შევიწროების პრინციპიდან, რადგან სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე საწარმოები, ერთი მხრივ, უფრო მდგრადია, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლებად ეფექტიანი.
სახელმწიფოს ინვესტიციური როლის გააქტიურება არ უნდა გამოიხატებოდეს მარტო მეცნიერებატევადი წარმოებების, მაღალი ტექნოლოგიებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი დარგების განვითარების ეფექტიანი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობით. საზოგადოების საინვესტიციო მხარდაჭერის უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საბაზრო ურთიერთობათა განვითარების პირობებში ეკონომიკური სუბიექტების საინვესტიციო საქმიანობის წახალისებაა და იგი პროგრესულ სტრუქტურულ გარდაქმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. იგი გულისხმობს ეკონომიკური რეგულირების ოპტიმალური ფორმებისა და მეთოდების შემუშავებას, ინვესტორთა ფინანსური სახსრების აკუმულაციის მექანიზმების განვითარებისა და საწარმოო ინვესტიციებად მათი გარდასახვისთვის აქტიურად ხელშეწყობას.
ინვესტიციების წამახალისებელი ინსტიტუციურ-სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს შექმნა ეკონომიკის რეალურ სექტორში.
საინვესტიციო აქტივობის გასადიდებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა სახელმწიფოს მიერ მოითხოვს კვლავწარმოებით პროცესებზე მიზანმიმართულ ზემოქმედებას მაკრო და მიკროეკონომიკურ დონეებზე. ის უმნიშვნელოვანესი სფერო, სადაც ახლებურად და ეფექტიანად უნდა გამოვლინდეს სახელმწიფოს საინვესტიციო როლის გააქტიურება ეკონომიკური რეფორმების ახალ ეტაბზე, არის ფულად-საკრედიტო სფერო.
ინვესტიციების სტიმულირების ფულად-საკრედიტო მეთოდები
მდგრადი საინვესტიციო აღმავლობის უზრუნველყოფა, უპირველეს ყოფლისა, გულისხმობს ეკონომიკის მონეტარიზაციის გადიდებას, ფულის მასის დისპროპორციების აღმოფხვრას, საპროცენტო განაკვეთების დაწევას, საგადასახადო სისტემის აღდგენას, ეროვნული ვალუტის დედოლარიზაციას და მისი როლის ამაღლებას.
ეკონომიკის მონეტიზაციის ამაღლება შეზღუდული ფულად-საკრედიტო ემისიითაა შესაძლებელი. მისი ინფლაციური შედეგების საფრთხის დონის განსაზღვრის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფლაციის ინიცირებას ემისიის გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენენ. ამიტომ მასთან ბრძოლა მარტო ემისიის შეზღვუდაზე არ დაიყვანება. საჭიროა, პირველ რიგში, წარმოების მყარად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის მონეტიზაციის დონის ზრდა წარმოების გამოცოცხლების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომელიც, თავის მხრივ, წამყვან ანტიინფლაციურ ფაქტორად გვევლინება.
ფულად-საკრედიტო ემისიის ინფლაციური შედეგებისგან თავის დაცვის ძირითადი პირობაა იმგვარი მექანიზმების შექმნა და ამოქმედება, რომლებიც ცვლიან მაკროეკონომიკურ პირობებს და წარმოების მხარდასაჭერად წარმართავენ ფულის ნაკადებს. ასეთი მიდგომის დროს ემისიის მოცულობას განსაზღვრავს ეკონომიკის საწარმოო სექტორის ობიექტური მოთხოვნა იმ სახსრების გამოკლებით, რომლებიც ფინანსების ბაზარზეა გადანაცვლებული.
ფულის მასის მიზნობრივად გადიდების პარამეტრების განსაზღვრისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფულის მიწოდების სტრუქტურის აღრიცხვა. ფულის ემისიის განსხვავებულ არხებს ინფლაციის მიმართ არაერთგვაროვანი მგრძნობელობა აქვს. ამის გამო ფულის მიწოდების გაფართოება შესაძლებელია არასაფინანსო საწარმოების თამასუქების განაღდების გზით ბანკების რეფინანსირების მეშვეობით და ემიტირებული სახსრების მიზნობრივად წარმართვით საწარმოო ინვესტიციების დაფინანსებაზე. ემისიის უფრო ნაკლებად ინფლაციური არხია საწარმოო ინვესტიციების დაფინანსება განვითარების სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.
ფულის ნაკადების მიზნობრივად რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ზემოქმედება საპროცენტო განაკვეთების დინამიკაზე. მაგალითად, პრიორიეტულად აღიარებული წარმოებებისა და პროექტების მხარდაჭერა ინვესტირების გააქტიურების მიზნით შეიძლება შეღავათიანი განაკვეთებით და კრედიტების მეშვეობით. შეღავათიანი კრედიტების მოძრაობა ამ დროს უნდა ხორციელდებოდეს განვითარების სახელმწიფო ბანკების სისტემის მეშვეობით, ხოლო მკაცრი კონტროლის დაწესება უნდა გამორიცხავდეს სახსრების არამიზნობრივად გამოყენებასა და ფინანსურ სპეკულაციებს.
საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპროცენტო განაკვეთების რეგულირება საქმიანი აქტივობის გაძლიერების ერთობ ქმედითი მეთოდია კრიზისების ფაზაში, როცა ღრმავდება ეკონომიკური სისტემების მდგომარეობის უწონასწორობა. ეკონომიკური წონასწორობისა და საფინანსო სექტორების დაბალანსებულად განვითარების მიღწევის შემდეგ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება საერთოდ კლებულობს, ამის შესაბამისად კი კლებულობს ფულის ბაზარზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთების დინამიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედების როლი.
სახელმწიფოებრივი რეგულირების გამოყენებას გარკვეული ციკლურობა ახასიათებს. სტრუქტურული დისპროპორციების გამწვავების პირობებში, როცა საბაზრო მექანიზმების მოქმედება ვეღარ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ჭარბი წარმოების განვითარებისა და ძირითადი კაპიტალის გაუფასურების შეკავებას, ხოლო, მეორე მხრივ, საინვესტიციო აქტივობის მომატებას, ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედების როლი, მათ შორის – ფულის ნაკადების მიზნობრივად მართვის სფეროში, ფართოვდება, ხოლო მდგრად ზრდაზე ეკონომიკის გადასვლის დროს – მცირდება. ამას ადასტურებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სტრუქტურული დეპრესიების დაძლევისა და იაპონიის, საფრანგეთისა და გერმანიის ეკონომიკის აღდგენის (ომის შემდეგ) პრაქტიკის ანალიზი.
საპროცენტო განაკვეთების სახელმწიფოებრივ რეგულირებას მიმართავდნენ როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში (ომის შემდეგ – იაპონიაში, ხანგრძლივი დროის მანძილზე – საფრანგეთში, ე.წ. “რუზველტის ახალი კურსის” გატარებისას – აშშ-ში), ისე იმ მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მყარად მაღალ ტემპებს გვიჩვენებდნენ (ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და სხვა). დაგროვების მნიშვნელოვან მასშტაბებს აქ მიაღწიეს ეროვნული წარმოების განვითარების მიზნით საპროცენტო განაკვეთებზე აქტიური ზემოქმედების პოლიტიკის გატარების შედეგად (თავის მხრივ, დაგროვებამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარება). ამ მიზნით იყენებდნენ, აგრეთვე, ფულის ნაკადების მიზნობრივად რეგულირებისა და შიდა დაგროვებათა ინვესტიციებად ტრანსფორმირების პირდაპირ და ირიბ მეთოდებს, კერძოდ, განვითარების სახელმწიფო ბანკების, გამსესხებელ-შემნახველი ასოციაციებისა და სხვა სპეციალიზებული საკრედიტო ინსტიტუტების შექმნის, არასახელმწიფო ბანკებისთვის საკრედიტო პოლიტიკის გარკვეული ნორმატივებისა და შეღავათიანი დაბეგვრის განაკვეთების დაწესების მეშვეობით.
მაგალითად, იაპონიაში ინვესტიციების დაფინანსებისა და წარმოების ზრდის პირობები შეიქმნა საპროცენტო განაკვეთებისა და მოსახლეობის იმ დანაზოგების გამოყენების სახელმწიფოებრივი კონტროლის გაძლიერების გზით, რომლებიც საფოსტო-შემნახველ დაწესებულებებსა და ბანკებში იყრიდნენ თავს, შემდეგ კი ხდებოდა მათი გადაგზავნა სახელმწიფო ინსტიტუტებში, გრძელვადიანი დაკრედიტების ბანკებსა და ტრასტ-ბანკებში.
დანაზოგების ინვესტირებადი ტრანსფორმირების მექანიზმი აშშ-ში ეყრდნობოდა გამესხებულ-შენახველი ასოციაციების ფართოდ განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის დანაზოგებს იზიდავდნენ საბინაო მშენებლობისა და მრეწველობის მთელი რიგი დარგებისთვის მიზნობრივი კრედიტების მისაცემად.
მრავალ განვითარებად ქვეყანაში ეკონომიკის მდგრადი ზრდა იმან განაპირობა, რომ მოხერხდა ფულის ნაკადების ძირითადი ნაწილის ლოკალიზება სახელმწიფო ბანკებში, რომლებიც საწარმოო ინვესტიციებში განათავსებენ მობილიზებულ დანაზოგებსა და საკრედიტო რესურსებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად და რეგულირებადი საპროცენტო განაკვეთებით.
ფულის მასის სტრუქტურის გაუმჯობესება უკავშირდება, ასევე, მიმოქცევაში მყოფი ნაღდი ფულის ხვედრითი წილის შემცირებას, რისთვისაც საჭიროა ეკონომიკის ყველა სფეროში მკაცრი შეზღუდვების შემოღება ნაღდი ფულით გადახდაზე, ანგარიშსწორებათა კომპიუტერიზაციის გაგრძელება, საგადასახადო ბრუნვის უნაყოფო ფორმების გაფართოება. ამ ღონისძიებების გატარება გააფართოებს საბანკო სექტორის საქმიანობის ეკონომიკურ სივრცეს და ხელს შეუწყობს ბანკების საინვესტიციო პოტენციალის მატებას.
თანამედროვე ეტაპის ერთადერთი უპირველესი ამოცანაა საგადასახადო სისტემის სრულად აღდგენა, ბარტერულ გარიგებათა შეზღუდვა, საგადასახადო საშუალებათა დიდი მასის გამოძევება მიმოქცევიდან, რადგან ისინი სრულფასოვანი რესურსის როლს ვერ თამაშობენ დანაზოგების პოტენციალის ჩამოყალიბებაში. მისი გადაჭრის ძირითადი ხერხებია ურთიერთჩათვლების განხორციელება ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის, საკრედიტო რესურსების გაიაფება, გადასული დავალიანების სეკიურიტიზაცია.
ფულის მიმოქცევისთვის რეგულირების ეფექტურობის ამაღლებისთვის და ისეთი ემისიური მექანიზმების გააქტიურების შესაძლებლობათა გამორიცხვისთვის, რომელსაც საქონლის მიწოდების გაფართოება არ ახლავს თან, აუცილებელია სავალუტო რეგულირებისა და კონტროლის გაძლიერება. ეს აღკვეთს კაპიტალის არალეგალურად გატანას და შიდაეკონომიკური ბრუნვიდან განდევნის უცხოურ ვალუტას.
ფინანსური ბაზრის ეფექტიანი ინფრასტრუქტურის შექმნა.
ა) ზემოქმედება ბანკების საინვესტიციო აქტივობაზე.
რეგულირების წინანდელი სისტემის გადასინჯვა (ეკონომიკური პოლიტიკის შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად) მოითხოვს საბანკო სექტორზე ზემოქმედების ფორმებისა და მეთოდების შეცვლას და საბანკო სისტემის რესტრუქტურირებას ეკონომიკაში ბანკების საინვესტიციო ფუნქციების რეალიზაციის ამოცანების გათვალისწინებით. რესტრუქტურიზებული საბანკო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს მაღალი საიმედოობის, მართვადობისა და მიზანმიმართული ინვესტირების მოთხოვნებს, უზრუნველყოფდეს საკრედიტო რესურსების მიწოდების სათანადო დონეს საწარმოო სფეროსთვის ხელმისაწვდომი საპროცენტო განაკვეთებით.
საბანკო სისტემის საინვესტიციო აქტივობის ამაღლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების წახალისებისა და დაზღვევის სისტემის შექმნას. ამის ერთ-ერთი პირობაა სახელმწიფო გარანტიების არსებობა. ამ წრის ღონისძიებებს ეკუთვნის, აგრეთვე, სარეზერვო ანარიცხების ნორმატივების შემცირება და შეღავათიანი დაბეგვრა;
ბ) დეპოზიტების გარანტირების სისტემის შექმნა.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დეპოზიტების გარანტირების სისტემის შემოღება მოსახლეობის დანაზოგების მაშტაბურად მობილიზების ღონისძიებათა კომპლექსის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. იგი პოტენციურად ზრდის როგორც ცალკეული საკრედიტო ინსტიტუტების, ისე მთელი სისტემის ლიკვიდობას და ბანკებიდან ანაბრების მოულოდნელად და მასობრივად გატანის საწინაღმდეგო საიმედო საშუალებაა.
ანაბრების დაზღვევის ერთ-ერთი პირველი სისტემა აშშ-ში შეიქმნა 1933-34 წლებში, როგორც საბაზრო მეურნეობის დამატებითი სტაბილიზატორების ძიების შედეგი. ამჟამად ეს სისტემები მოქმედებენ ეთგო-ს ყველა ქვეყანასა და მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში (არგენტინა, კოლუმბია და ა.შ.), ამასთან დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ისინი წარმოდგენილია დამოუკიდებელი სახელმწიფო კორპორაციებით, საფრანგეთსა და შვეიცარიაში – კერძო საბანკო კავშირებით. ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში საკრედიტო ორგანიზაციის გაკოტრების შემთხვევაში გასცემენ კერძო ანაბრებს, გერმანიაში მიმართავენ ანაბრების გაცემას და საკრედიტო ინსტიტუტების სანაციას, კანადაში – ანაბრების გაცემას, ბანკის ქონების მართვისა და გარანტიების დაკრედიტება-გაცემას.
დეპოზიტების გარანტირების სისტემის ინსტიტუტების რესურსები ყალიბდება საკრედიტო ორგანიზაციების შენატანების, ეროვნული ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კრედიტების ხარჯზე.
გ) აქტიური სამრეწველო და სტრუქტურული პოლიტიკა.
ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციური განვითარების ამოცანები მოითხოვს საინვესტიციო-ფინანსური რესურსების ხორცშესხმას იმ ტექნოლოგიებსა და წარმოებებში, რომლებმაც ეროვნული წარმოების კონკრურენტუნარიანობა უნდა აამაღლონ. ამისთვის ყველა დონეზე უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საწარმოო პოტენციალის აღდგენას, წარმოების რესტრუქტურიზაციას, არგადახდების ზრდის მიზეზების აღმოფხვრას, საბაზრო კონკურენციის ეფექტიანი მექანიზმების უზრუნველყოფას, ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და გაკოტრების ინსტიტუტების გაჯანსაღებას.
რესტრუქტურიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საწარმოთა საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლება. საამისოდ შექმნილმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს საწარმოების შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა, ხელმისაწვდომობა და სარწმუნოობა პოტენციალური ინვესტორებისათვის, აქციონერებისა და საწარმოთა სხვა მესაკუთრეების საკუთრების უფლების დაცვა, უმაღლესი რგოლის მენეჯერების მუშაობის ხარისხისა და პასუხისმგებლობის ზრდა, შემოსავლებსა და საწარმოს მოგებას შორის მკაფიო დამოკიდებულების დაწესება.
რესტრუქტურიზაცია გულისხმობს ასევე კონკურენტუნარიანი საწარმოების გამოყოფასა და მათ მხარდაჭერას, გადახდისუუნარო საწარმოების გაკოტრების გააქტიურებას.
ამ პრობლემის მეორე მხარეა საწარმოო სექტორის მიერ ინვესტიციების მიღების დაქვეითებული უნარი. მათი განვითარების პერსპექტიული პროგნოზების უქონლობა, ეფექტიანი საინვესტიციო პროექტების ნაკლებობა და მათი დამუშავების დაბალი დონე ხელს უშლის კაპიტალის დაბანდებისა და ინვესტიციურ გამოცოცხლებას.
რეალური სექტორის რესტრუქტურიზაციის წამყვანი მიმართულებაა მსხვილი კორპორაციული სტრუქტურების შექმნის პირობების შექმნა, სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, საფინანსო და სავაჭრო კაპიტალის ინტეგრაცია, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ჩამოყალიბების წახალისებება. მსხვილ კორპორაციებს უნარი აქვთ პარტნიორობა გაუწიონ სახელმწიფოს რეფორმების გატარებაში, საინვესტიციო პროცესის ორგანიზაციის ფუნქციები იტვირთონ უმნიშვნელოვანეს სამეურნეო სფეროებში, ამ დროს გამოიყენონ როგორც საბაზრო, ისე საგეგმო-განაწილებითი მეთოდები. სახელმწიფო რეგულირების ამოცანაა ისაა, რომ გააძლიეროს ხსენებული ჯგუფების საქმიანობის დადებითი მომენტები და შეასუსტოს უარყოფითი. მათი მხარდაჭერის პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს და ითვალისწინებდეს ტრანსეროვნული კორპორაციების შექმნის გამოცდილებას.
დ) საგადასახადო პოლიტიკა
საწარმოო სექტორში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურება საგადასახადო პოლიტიკის სფეროში გულისხმობს შეღავათიან გადასახადებს ინვესტიციების განხორციელების დროს. ეს შეიძლება იყოს: მოგების იმ ნაწილის განთავისუფლება გადასახდებისაგან, რომელსაც საკუთარი ბაზის განვითარებასა და საბინაო მშენებლობის დაფინანსებას ხმარდება; შეღავათები იმ ხარჯებზე, რომლებიც დაბეგვრის შედეგებზე ახდენენ გავლენას; საგადასახადო კრედიტები; საგადასახადო არდადეგები.
დასავლეთში გავრცელებული შეღავათების ეფექტიანი ფორმაა საინვესტიციო კრედიტი. იგი გულისხმობს მოგების (შემოსავლის) გადასახადის შემცირებას გარკვეული ვადითა და დასაშვებ საზღვრებში; ეს ვრცელდება რეგიონულ და ადგილობრივ გადასახადებზეც, მოგვიანებით კი ხდება კრედიტის თანხისა და დარიცხული პროცენტების ეტაპობრივად გადახდა. საგადასახადო საინვესტიციო კრედიტი საგადასახადო ვალდებულებების პირდაპირ შემცირებად გვევლინება და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს გადამხდელის ქონებრივ მდგომარეობას.
ე) რეგულირების სამართებლივი და ნორმატიული მეთოდები.
საინვესტიციო პროცესის სამართებლივი რეგულირების გაუმჯობესება მისი გააქტიურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. საინვესტიციო საქმიანობის სფეროში საბაზისო კანონებია.
ამგვარად, საინვესტიციო პროცესის გააქტიურებისთვის აუცილებელია ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და ეკონომიკური რეგულირების ისეთი ფორმებისა და მეთოდების შემუშავება, რომლებიც რეალურ საინვესტიციო ვითარებას გაითვალისწინებენ.
საინვესტიციო პოლიტიკის რეგიონული ასპექტები
საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენადაა გათვალისწინებული მისი შემუშავების დროს მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები, როგორაა შეთანხმებული და საერთო ეკონომიკური შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული ცენტრისა და რეგიონების ინტერესები.
ცენტრისა და რეგიონების საინვესტიციო პოლიტიკის შეთანხმების პრობლემები. რეგიონების საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურებასთან ერთად ჩნდება რეგიონთაშორისო წინაღმდეგობების გამწვავების პრობლემა. მათ შორისაა კონკურენციის გაძლიერება საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის სფეროში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეთა დიფერენციაციის გადიდება, ერთიანი საინვესტიციო სივრცის რღვევა. ეს წინააღმდეგობები საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
საქართველოს რეგიონები ეკონომიკურად მეტად არაერთგვაროვანია, რის გამოც მათ საინვესტიციო რესურსების მიზიდვის განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ინვესტიციების რეგიონული სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სახსრები არათანაბრადაა განაწილებული: ინვესტორები თავიანთი კაპიტალის დაბანდებას ამჯობინებენ, უმთავრესად, განვითარებული საბაზრო ინფრასტრუქტურის მქონე მსხვილ ცენტრებში, სადაც შედარებით მაღალია მოსახლეობის გადახდისუნარიანობა, აგრეთვე ნედლეულის რეგიონებში. რეგიონული პოლიტიკის გატარების საქმეში რეგიონების დამოუკიდებლობის გადიდება ბიძგს აძლევს მათ შორის კონკურენციის გამწვავებას საინვესტიციო კაპიტალის მიზიდვაში, მისი გამოყენების უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზების გზით. ამას მოაქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.
საინვესტიციო გარემოს დიფერენცირებულება, ინვესტიციების სტიმულირების ფორმებისა და მეთოდების მრავალფეროვნება, პროექტების “დაწინაურების უნიფიცირებული სქემების არარსებობა აძნელებს საინვესტიციო პროცესის გააქტიურებას. ფაქტოლოგიური და სტატისტიკური მასალის ანალიზი მოწმობს, რომ ჩვენში არ ხდება უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ნაკადის შემოსვლა.
ინვესტიციების, განსაკუთრებით კი უცხოელოებისთვის, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობასა და ტრანსპარენტულობას. ამიტომ საინვესტიციო გადაწყვეტილებათა გამოტანის დროს პირველ რიგში ითვალისწინებენ არა რეგიონულ, არამედ მთელი ქვეყნიდან გამომდინარე რისკებს.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ სტრატეგიული ინვესტორების სახსრების ძირითადი ნაკადები მიემართება არა იმდენად იმ ადგილებში, სადაც შექმნილია მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები, რამდენადაც იმ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა სტაბილურად და თანმიმდევრულად ვითარდება საკუთარ საფუძველზე. სწორედ აქ შეიძლება ჰქონდეთ მათ დაბანდებათა დაცულობის, სტაბილური მოგებისა და შემდგომი პერსპექტივის იმედი.
ამგვარად, აშკარაა იმის აუცილებლობა, რომ შევიმუშაოთ სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა და მისი ნორმატიულ-სამართებლივი საფუძველი ცენტრისა და რეგიონების საინვესტიციო სამართლის კანონმდებლობის ანალიზის, სისტემატიზაციისა და უნიფიცირების საფუძველზე და აპროპირებული ადგილობრივი და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. ისეთი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ცენტრისა და რეგიონების ინტერესებს შეათანხმებს ერთმანეთთან, ხელს შეუწყობს ინვესტირების რეგიონული პირობების განსხვავებულობის ნიველირებას და მაშასადამე, შეამცირებს რეგიონების განვითარების დონეთა დიფერენციაციას.
ამავე დროს, აქცენტის გაკეთება სოციალურ მხარეზე და სუსტი რეგიონების მხარდაჭერაზე ამცირებს ახლანდელ დროში მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს, მაგრამ მისი შევსება მომავალში მოხდება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საჭიროების კლებით.
ამრიგად
საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების ქმედითობის ამაღლების ამოცანები აუცილებელს ხდის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის იმ კონცეფციების შესწავლას, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრის პირობებისთვის იქნა შემუშავებული და მათი რეკომენდაციების გამოყენებას საქართველოში შექმნილი რეალური ვითარების გათვალისწინებით. დასავლეთის პრაქტიკაში ეკონომიკური რეგულირების ძირითადი კონცეფციებია კეინზელობა და მონეტარიზმი. კეინზის თეორიის მომხრეები ეყრდნობიან საინვესტიციო მოთხოვნის რყევის აღიარებას, დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის სხვაობის შესაძლებლობას, საბაზრო ეკონომიკის არასტაბილურობასა და სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას. მონეტარისტები მხარს უჭერენ ნეოკლასიკური თეორიის დებულებას საბაზრო ეკონომიკის წონასწორობის, დანაზოგებისა და ინვესტიციების იგივეობის, ფულზე მოთხოვნის ფუნქციის მუდმივობის შესახებ და მიიჩნევენ, რომ საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანად ფუნქციონირება და ინვესტიციების დადებითი დინამიკა მხოლოდ ეკონომიკის მოთხოვნილებებთან შესაბამისად ფულის მასის მუდმივად ზრდის პირობებშია შესაძლებელი; გადახდისუნარიანი მოთხოვნის სტიმულირების კეინზისეული რეკომენდაციებიდან მიწოდების სტიმულირებისკენ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემობრუნების აუცილებლობის შესახებ დებულებას შეიცავს მიწოდების ეკონომიკის თეორიაც; განვითარებად ქვეყნებში ჩამოყალიბებულია სტრუქტურული ინფლაციის თეორიები, რომელთა მომხრეები აუცილებლად მიიჩნევენ ჩამორჩენილ სექტორებში ინვესტირების გააქტიურებას მაღალი ინფლაციის მაინიციირებელი დისპროპორციების სალიკვიდაციოდ.
ახალ საინვესტიციო რეჟიმზე გადასვლა უკავშირდება ცვალებადი ეკონომიკური პირობების ადეკვატური, ახალი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას. საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: საინვესტიციო პროცესის დეცენტრალიზაცია; საწარმოების არადაბრუნებითი დაფინანსებიდან ფასიან დაკრედიტებაზე გადასვლა; სახელმწიფოს როგორც ინვესტორის როლის შენარჩუნება უმნიშვნელოვანეს წარმოებათა სფეროში, სოციალურ სფეროში, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ობიექტებში; ფედერალური ბიუჯეტის იმ სახსრების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის გაძლიერება, რომლებიც ინვესტიციებს ხმარდება; ცენტრალიზებული ინვესტიციების გამოყენება ეფექტიანი და სწრაფად ანაზღაურებადი პროექტების განხორციელებისთვის, მათი წილობრივი დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებისთვის; კერძო და უცხოური ინვესტიციების წახალისება, ნორმატიული ბაზის გაუმჯობესება, გარანტიების მიცემა და ინვესტიციების დაზღვევა.
საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერების მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლება საბაზრო თავისუფლებათა შენარჩუნება კერძო ინვესტიციების სტიმულირების პირობებში. ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის გაფართოებას თავისი ობიექტური საზღვრები აქვს, რასაც განაპირობებს ერთი მხრივ, დაფინანსების რეალური შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ, კერძო ინვესტიციების სტიმულირების და არა შევიწროების ამოცანები. სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის პრინციპები იმ დროს, როცა რესურსები არსებითადაა შეზღუდული, ხოლო ინვესტირების საბაზრო მექანიზმები ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული, გულისხმობს ინვესტირების პრიორიტეტულ მიმართულებათა შერჩევასა და საინვესტიციო პროცესის მართვადობის ხარისხის ამაღლებას შემუშავებულ ღონისძიებათა დასაბუთების, კომპლექსურობისა და თანმიმდევრულობის გაძლიერების საფუძველზე. მაშინ, როდესაც საინვესტიციო სტრატეგია ორიენტირებულია სახელმწიფოებრივი ინვესტირებიდან სიმძიმის ცენტრის გადატანაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს პრიორიტეტული დარგებისა და წარმოებების მხარდაჭერა და ამ პოლიტიკას სისტემური და აწონილ-დაწონილი ხასიათი უნდა ჰქონდეს.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საინვესტიციო სფეროს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა გულისხმობს არა იმდენად ცენტრალიზებული წყაროების მოცულობების, რამდენადაც სახელმწიფოებრივი გარანტიების, დაზღვევისა და ორიენტირების მნიშვნელობის ზრდას. კერძო ინვესტიციებისთვის საინვესტიციო საქმიანობის საბიუჯეტო დაფინანსების პირობები უნდა იყოს: პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიმდინარე და საინვესტიციო ბიუჯეტის დაყოფა ნორმატიულ ბაზაზე, საინვესტიციო ბიუჯეტის დეფიციტის წყაროების განსაზღვრა, მიმდინარე და საინვესტიციო ბიუჯეტის სახსრების გამოყენების კონტროლის ბიუჯეტის შესრულების სახაზინო მეთოდის როლის გაძლიერებით.
კერძო ინვესტიციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ საინვესტიციო პროდუქტებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა, რომლებსაც საკონკურსო შერჩევა აქვთ გავლილი. ინვესტიციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სფეროში ახალი მიდგომებია საინვესტიციო პროექტების სერთიფიკაცია, სახელმწიფოებრივი გარანტიების მიცემა, განვითარების ბიუჯეტის ჩამოყალიბება. ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხელს უწყობს კერძო ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებას. ამავე დროს, აუცილებელია საინვესტიციო-სამეურნეო კეთილსასურველი რეჟიმის შექმნა.
ხელსაყრელი საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფაში დიდ როლს ითამაშებს ინვესტიციების სტიმულირების ფულად-საკრედიტო, საგადასახადო, სტრუქტურული და სხვა მეთოდები. საინვესტიციო აქტივების სტიმულირებაზე სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკის ორიენტირება მოითხოვს ფულის მასის სტრუქტურის დეფორმაციების, ნაღდი ფულის ხვედრითი წილის შემცირებას, ფულის მიმოქცევის დედოლარიზაციას, საგადასახადო მიმოქცევიდან ფულადი სახსრების სუროგატების გამოდევნას. ამასთან, რაკი ფულის ნაკადებისა და საპროცენტო განაკვეთების სახელმწიფოებრივი რეგულირება ნაკლებად ეფექტიანია არასახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების და რეალური სექტორის საწარმოების საინვესტიციო პოლიტიკასთან შედარებით, სახელმწიფოებრივი რეგულირების მიზანი უნდა იყოს ისეთი ეკონომიკური, ინსტიტუციური და სამართებლივი გარემოს შექმნა, რომელიც მათი საინვესტიციო აქტივების ზრდას განაპირობებს.
ეკონომიკური პოლიტიკის ახალი პრიორიტეტების შესაბამისად რეგულირების ადრინდელი სისტემის გადასინჯვა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას. ფინანსების ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის, არასაბანკო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების ქსელის განვითარებისთვის, საბანკო სისტემების რესტრუქტურიზაციისთვის, დეპოზიტების გარანტიების, ინვესტიციების დაზღვევისა და სტიმულირების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მაკრო- და მიკროდონეზე უნდა შეიქმნას იმის პირობები, რომ შესაძლებელი გახდეს საწარმოო პოტენციალის აღდგენა, ეკონომიკური სუბიექტების საბაზრო ქცევის ფორმირება, საბაზრო კონკურენციის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ანტიმონოპოლური რეგულირებისა და გაკოტრების ინსტიტუტების გაჯანსაღება, საწარმოების საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა, სამრეწველო და საფინანსო კაპიტალის ინტეგრირება. საინვესტიციო სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების გაძლიერება უნდა ეყრდნობოდეს რეგულირების ნორმატიული მეთოდების ფართოდ გამოყენებას.
საქართველოში საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პირობებში რეგიონების საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურებას განაპირობებს საინვესტიციო პროცესის დეცენტრალიზაციაზე აღებული კურსი, რეგიონებში უფრო სასიკეთო საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მცდელობა. ამას დადებით შედეგებთნ ერთად თან ახლავს რეგიონთაშორისი წინააღმდეგობების გაღრმავება: საინვესტიციო გარემოს დიფერენცირებულობა, ინვესტიციების სტიმულირების ფორმირებისა და მეთოდების მრავალფეროვნება, პროექტების “დაწინაურების” უნიფიცირებული სქემების უქონლობა. ამ პრობლემების მოგვარება მოითხოვს მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტების გათვალისწინებას საინვესტიციო პოლიტიკის შედგენის დროს, ცენტრისა და რეგიონების ინტერესების შეხამებას, მათ ორიენტირებას საერთო ეკონომიკური შედეგების მიღწევაზე.