საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების პერსპექტივები

თამარ ბაქრაძე, საქ. ტექნიკ. უნივერსიტეტის მაგისტრანტი

თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობა ერთიანი გლობალური ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც მონაწილეობს მოსახლეობა, სახელმწიფოები, ინტეგრაციული გაერთიანებები, ტრანსნაციონალური კომპანიები და ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციები და ა.შ. ამ საერთაშორისო ეკონომიკის ყველა მონაწილე დაკავშირებულია ერთმანეთთან სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური, საფინანსო, სავალუტო და საანგარიშწორებო ურთიერთობებით.

საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი. ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ექპორტის ისეთი ზრდა, რომელიც უზრუნველყოფს მისი მოცულობის მიახლოებას იმპორტთან და შემდგომ ექსპორტის წინმსწრები ტემპით ზრდას. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების ძირითადი რეზერვებია ქვეყანაში არსებული ბუნებრივი, მატერიალური და შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენება, პროდუქციის ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება. დიდი მნიშვნელობა აქვს აღრიცხვიანობისა და საფინანსო-საკრედიტო სისტემის სრულყოფას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და მათ ეფექტიანად გამოყენებას, მომსახურების ექსპორტის განვითარებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური და კლიმატური პირობების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესი მიმართულებაა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის სრული დატვირთვით ამოქმედება და დიდი აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციის დაჩქარება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების განვითარებისათვის ქვეყანას გააჩნია სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარების ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორიცაა შავი ზღვის პორტები და გაყვანილობები.
ღია ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე ქვეყნის მიერ აღებული კურსი ითვალისწინებს უარის თქმას პროტექციონიზმზე და მაღალ სავაჭრო ბარიერებზე, რათა ისინი არ გადაიქცნენ სავაჭრო პარტნიორთა დაკარგვის მიზეზად.
ექსპორტის განვითარება პირდაპირ კავშირშია უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან. ამიტომ ამ მიზნით საქართველოში მიზანშეწონილია თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, რომლის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა (ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა).
საგარეო ბაზარზე შეღწევის სტრატეგიის განსაზღვრისას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ საექსპორტო პროდუქციის წამოებისათვის ხელშეწყობას, რაშიც საქართველოს გააჩნია შედარებითი უპირატესობა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები 2000 წლიდან დაიწყო, რაც დადებითად აისახა კიდეც მის გეოგრაფიულ ორიენტაციაზეც. თუ 1994 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 54 იყო, 2000 წლისათვის მათმა რაოდენობამ 110-ს გადააჭარბა. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ზრდის მისი თვისებრივი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
2007 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6456.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩველებელზე 39.9 %-ით მეტია, აქედან ექსპორტი 1240.2 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 32.5 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5216.7 მლნ. აშშ დოლარი ( 41.8%-ით მეტი). 2007 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3976.5 მლნ. აშშ დოლარია.
2007 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 100 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 4122.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 104 ქვეყნისა და 2850.8 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2006 წელს.
2007 წელს ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 23 ქვეყანასთან (145.8 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 28 ქვეყნისა და 109 მლნ. აშშ დოლარისა, რაც 2006 წელს დაფიქსირდა.
2007 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთელ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 %-ს შეადგენდა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან დსთ-ის 4 ქვეყანა და მათზე მოდის მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30.9 %, 2006 წლის ამავე პერიოდში კი იყო შესაბამისად 4 ქვეყანა და 34.5 %.
2007 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო. თურქეთში ექსპორტი 171.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. უკრაინამ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. ამ ქვეყანაში ექსპორტი გაიზარდა 65.7 %-ით, რაც გამოიწვია ძირითადად სპირტიანი სასმელების (21.5 მლნ. აშშ დოლარით), მინერალური წყლების (8.8 მლნ. აშშ დოლარით), რკინიგზის ლოკომოტივების (4.6 მლნ. აშშ დოლარით), და ნატურალური ყურძნის ღვინის (3.2 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ. იმპორტი უკრაინიდან 79.6 %-ით გაიზარდა და 574.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2007 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 631.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 %-ით ნაკლებია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი 3.9 %-ული პუნქტით – 13.7 %-დან 9.8 %-მდე შემცირდა. კვლავ შეწყვეტილია ამ ქვეყანაში ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი.
თანამედროვე პირობებში საგარეო სავაჭრო კავშირების დამყარება უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ისეთ სავაჭრო პოლიტიკას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების დაცვა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამას უპირატესად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მზარდი ტექნოლოგიური დამოკიდებულება განვითარებულ ქვეყნებზე. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების და მათი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების ერთ-ერთი ძირითად საფუძველს წარმოადგენს.