ქაოსურად განვითარებადი ტურიზმი და გაუქმებული ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოში
ნინო არველაძე
მსოფლიოში ტურიზმი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და მაღალშემოსავლიანი დარგია. თანამედროვე ეპოქაში ის თითქმის ყველა ქვეყნის მშპ-ში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქვეყნებს ჩამოყალიბებული სტრატეგია, პოლიტიკა, პროგრამები და კონცეფცია აქვთ, რომელთა მეშვეობითაც მათ ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
“არ არის არანაირი ისეთი ტურისტული მომსახურება, როგორიცაა მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტები იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრში უმშვენიერესი შენობების ფასადებია და ჯერჯერობით არაფერი ფასადების გარდა, არის მხოლოდ ერთი სასტუმრო” – სამწუხაროდ, ასე ქალაქ სიღნაღს ახასიათებენ, მაშინ როდესაც ამ ქალაქის “განვითარებისათვისაც” სახელმწიფომ მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა და ტურისტები კი მხოლოდ შეღებილ ფასადებს ათვალიერებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორი ქაოსურად ვითარდება. ეს სტატია სწორედ ამ მოსაზრების დადასტურებაა.
ჩვენს ჟურნალში არა ერთხელ გაშუქებულა საქართველოში ტურიზმის განვითარების თემა, ის, რომ საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუქაზე დამკვიდრება სურს, მაგრამ რიგი პრობლემების გამო ეს დარგი საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელო წილით არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები თითქმის უცვლელია.
3 ივლისს სასტუმრო “შერატონ-მეტეხი-პალასში” ჟურნალმა “ბიზნესი და კანონმდებლობა”, “ელიტ ელექტრონიქსის” დახმარებით, მოაწყო კონფერენცია თემაზე: “ტურიზმი და საქართველო”, სადაც ტურიზმის ექსპერტებმა საქართველოს ტურიზმის ტენდენციებზე ისაუბრეს.
ახალი არაფერია, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მომსახურება და საქართველოს ტურიზმის სექტორი, ისე როგორც სხვა მრავალი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის.
საქართველოს ტურიზმის დარგის დახასიათების დროს გვერდს ვერ აუვლით შემდეგ პრობლემებს – საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით გადმოცემული მოშლილი ინფრასტრუქტურა, საქართველოში არსებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ვერ უძლებს კრიტიკას, არ არსებობს ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკა და პროგრამა.
ტურიზმის საკითხების ექსპერტის ნიკა კვარაცხელიას აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ევროსტანდარტებისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა რჩება, რაც ტურისტებს საქართველოს მიმართ ინტერესს უკარგავს. იგივე უნდა ითქვას კვალიფიციური კადრების დეფიციტზე, საუბარია მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალზე.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდეს? ნიკა კვარაცხელიას მოსაზრებით, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის, უნდა შემუშავდეს კონცეფცია, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ ტურიზმის განვითარებით. სხვა შემთხვევაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ვერასოდეს ითამაშებს. როგორც ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა, კარგი მენეჯმენტის პირობებში საქართველოს 10 მლნ-მდე ტურისტის მოზიდვა შეეძლება. ტურიზმიდან შემოსული თანხები მთლიანად 750 მლრდ დოლარს შეადგენს. რამ გამოიწვია ასეთი დიდი ზრდა და რა ხდება საქართველოში? ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოში ტურიზმის პიკი 1988 წელს იყო, როდესაც საქართველოს 5 მლნ ტურისტი ეწვია. 2007 წელს საქართველომ მილიონ 54 ათას ტურისტს უმასპინძლა. ნიკა კვარაცხელიას თქმით, ახალგაზრდა და ენერგიულმა მთავრობამ 2004 წლიდან შესანიშნავი გარღვევა მოახდინა და ტურისტთა რაოდენობა 380 ათასიდან მილიონ 54 ათასამდე გაიზარდა, მაგრამ საქართველო ახლა სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – საქართველოში მშენებარე და უკვე აშენებული სასტუმროები მცირე ან საშუალო ზომისაა, თუ 1988 წელს საქართველოში 152 000 საწოლი ადგილი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14 000-მდეა, გვყავს 47 შემომყვანი ტუროპერატორი, ტურიზმის დეპარტამენტში კი 14 გამყვანი ტუროპერატორია დაფიქსირებული. ტურიზმის ასეთი განვითარება სამმა მნიშვნელოვანმა პირობამ გამოიწვია – მასების კეთილდღეობის ზრდამ მსოფლიოში, დროის მზარდი ბიუჯეტის ზრდა და მოგზაურობებით ადამიანების გატაცებამ. მსოფლიოში 6 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 850 მლნ ადამიანმა იმოგზაურა ერთი ქვეყნიდან მეორეში, ანუ 15%-მდე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტურიზმი მსოფლიოში კიდევ უფრო განვითარდება. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ხალხი ევროპაში ცხოვრობს, სწორედ ევროპელებზე მოდის მოგზაურთა დიდი ნაწილი. მასების კეთილდღეობა ყველაგან იზრდება, იგივე უნდა ვთქვათ დროის ბიუჯეტზე, მცირდება სამუშაო დროის რაოდენობა და იზრდება დღესასწაულების რაოდენობა. ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ მრავალ ქვეყანაში ეს დარგი პრიოტიტეტად მიიჩნევა. მართალია, საქართველოში ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრიორიტეტულ მიმართულებას განსაკუთრებული მიდგომაც სჭირდება, რაც საქართველოში ნაკლებად შეინიშნება. როგორც ნიკა კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოში კულტურული ტურიზმი უნდა განვავითაროთ, რადგან ქვეყანას ამისათვის ყველანაირი პირობა აქვს – 12 000 ძეგლი, მათ შორის 5 000-ს იცავს სახელმწიფო, მათგან 3 – მცხეთა, როგორც ქალაქ-მუზეუმი ღია ცის ქვეშ, გელათი და ბაგრატი ერთ ძეგლად მოიაზრება, ასევე სვანეთში სოფელი უშგული UNESCO-ს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაშია შესული. ტურიზმის განვითარებას რომ სპეციალური პროგრამა სჭირდება, არავინ დავობს. ნიკა კვარაცხელია საკმაოდ სარკაზმით აცხადებს: “თურმე ასეთი გეგმა არსებობს, მაგრამ ის თვალით არავის უნახავს, განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიქმნა ამერიკელი ექსპერტების დახმარებით და ის ინგლისურ ენაზეა და ფართო განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა, მე ეს პროგრამა მოვიპოვე, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული დეპარტამენტის საკითხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ნაწილს წარმოადგენს, ამ პროგრამის მიხედვით არასრულყოფილადაა მიჩნეული, რამდენადაც ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებით, ტურიზმი მთავრობაში კარგად არ არის წარმოდგენილი, ხოლო იმ გარდაქმნების მიხედვით, რომელიც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში უნდა განხორციელდეს, მისი როლი კიდევ უფრო დაკნინდება.” ნიკა კვარაცხელიამ კრიტიკულად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის კანონმდებლობის შესახებ. ყველა ექსპერტი მოითხოვს ზუსტად განისაზღვროს კანონები და წესები, რათა თავისუფალი ინტერპრეტაციისა და ბიუროკრატიისათვის ნაკლები ადგილი დარჩეს. გერმანიაში ტურიზმის ინდუსტრიაში სამეცნიერო ძალებია ჩართული, უნივერსიტეტის პროფესორი ვალდებულია გაამზადოს სპეციალური კურსი ქვეყნის მხარეთმცოდნეობაზე, ამ გზით ტურიზმის სფეროში მომუშავე მეცნიერი ამ სფეროში პრაქტიკულ მონაწილეობასაც იღებს. ევროპის ქვეყნებში მთელი რიგი საერთო კანონები მიიღეს კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად. სამწუხარო ის არის, რომ საქართველო ამ კანონების ჰარმონიზაციისათვის არაფერს აკეთებს. ამერიკელი ექსპერტები კი საქართველოში კულტურულ ტურიზმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
კულტურულ ტურიზმში დიდი მნიშვნელობა ადამიანურ რესურსებს ენიჭება, მას სჭირდება სპეციალურად მომზადებული უცხო ენის მცოდნე ხალხი, რომელიც ტურისტს ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს. ამერიკელი ექსპერტები ჰყვებიან შემთხვევას, როდესაც ვარძიის მონახულება გადაწყვიტეს. მაგრამ მცირე მანძილის მიუხედავად, მათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დიდი დრო დასჭირდათ, რადგან არ ვარგოდა მისასვლელი სამანქანო გზა, გიდი არ იყო სათანადოდ მომზადებული, ბილეთების გამყიდველმა კი დროზე ადრე გადაწყვიტა სამუშაო ადგილის დატოვება. მათი აზრით: “საქართველოში ძალიან ცუდი გიდები არიან, ისინი თვითონ დაიკარგებიან მთაში და არაფერს გაჩვენებენ წინასწარი შეთანხმების მიუხედავად.”
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, რადგან განსაზღვრული არ არის გიდის უფლება-მოვალეობები. თუ საქართველოს რეალურად სურს ევროპაში ინტეგრაცია, მაშინ მან კანონები ევროპულ კანონებს უნდა მიუსადაგოს. ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება სპეციალური პროგრამების შემუშავება და არც მარკეტინგული კვლევა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არ აწარმოებს იმის კვლევას, თუ რა თანხას ხარჯავს ტურისტი საშუალოდ და რა პროგრამები უნდა შემუშავდეს იმისათვის, რომ დაინტერესებულმა ტურისტმა უფრო მეტი თანხა დახარჯოს საკუთარი სიამოვნებისათვის, ასევე ის არ ურჩევს ბიზნესმენ ტურისტს, თუ ტურიზმის რომელი სეგმენტით უნდა დაკავდეს საქართველოში სტუმრობის დროს. ნიკა კვარაცხელიამ ახალ ბრენდზე – სიღნაღზე ისაუბრა. სიღნაღი დამშვენდა, მაგრამ ამ ისტორიულ ქალაქს პრობლემები მაინც აქვს – სინამდვილეში არ მომხდარა მისი სრულყოფილი რესტავრაცია. გამოცდილი ექსპერტის თვალი უმალ ამჩევს თურქული კრამიტისა და საღებავის სიხასხასეს, რაც უდავოდ დიდ უხერხულობას ქმნის. სიღნაღს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ერთ-ერთი ტურისტული ქალაქი, მაგრამ ნიკა კვარაცხელიას აზრით, თელავის არსებობის პირობებში სიღნაღი წინა პლანზე არ უნდა იყოს, რადგან სიღნაღში ტურისტი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათით დაკავდეს, რადგან არ არის ადგილი, სადაც ტურისტი გართობის მიზნით ფულს დახარჯავს. სიღნაღში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის სასტუმრო, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს ტურისტული ბაზრის კვლევა, ტურისტულ ადგილებზე უნდა შემუშავდეს ტურისტული მარშრუტები, რეკომენდაციები და იგი კერძო სექტორს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. საკონგრესო ტურიზმის განვითარებისათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები, კონგრესების მოწყობის შესაძლებლობას ქვეყანას საჩუქრად არავინ აძლევს, საქართველომ უნდა მოიპოვოს ამ კონგრესების მოწყობის უფლება. პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს, რომ სახელმწიფო მზად არის 5000-კაციანი კონგრესის მისაღებად. გაეროს ცნობილი კონგრესებიდან საქართველოში ჯერ ერთიც არ ჩატარებულა. ამასთან აუცილებელია კონკურსების ორგანიზება ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად, მიზნობრივი ტურისტული რეკლამა და, რაც მთავარია, ახალი კანონმდებლობა, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში აფერხებს სათანადო კადრების ნაკლებობა, სუსტი საკანონმდებლო ბაზა და კიდევ მრავალი პრობლემა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა, ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში მარინა მეტრეველმა საქართველოს ტურიზმის დარგში საკანონმდებლო უზრუნველყოფასა და განათლების პრობლემებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორს განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი უნდა გახდეს. აუცილებელია არა მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური კადრები, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო პოლიტიკა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ტურიზმის საკანონმდებლო ბაზა და განვითარების ეროვნული კონცეფცია, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობამ ტურიზმი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარა. ყოვლად დაუშვებელია არსებული საკანონმდებლო ბაზით დარგში სწორი პოლიტიკის გატარება. ტურიზმისა და კურორტების ჩარჩო-კანონი მიღებულია 1997 წელს, მას შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად უამრავი რამ შეიცვალა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დარგი მსოფლიო მასშტაბებით სწრაფადგანვითარებადი და სწრაფადცვალებადია, საკანონმდებლო ბაზისა და კონცეფციის გარეშე დარგის განვითარება წარმოუდგენელია. მარინა მეტრეველმა რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ტარდება ტურიზმის დეპარტამენტთან მიმართებაში და ახლო მომავალში ეს დეპარტამენტი საინვესტიციო სააგენტოს შეუერთდება. მარინა მეტრეველის განცხადებით, თუ დარგი პრიორიტეტულია, მთავრობას დოკუმენტების მიხედვით უნდა ჰქონდეს ამის არგუმენტაცია და ეს მხოლოდ დეკლარირების დონეზე არ უნდა ხდებოდეს. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ საქართველოსთვის ტურიზმმა შეძლოს ეკონომიკური შემოსავლების მოცემა, დარგში უნდა ჩაიდოს ინვესტიციები. ტურიზმის დეპარტამენტის გაერთიანება საინვესტიციო სააგენტოსთან, რომელიც შპს-ს წარმოადგენს და არა მისი სამინისტროდ გადაკეთება დარგს კარგს არაფერს მოუტანს. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კი მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არადამაკმაყოფილებლად აფასებს ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობას და რეფორმის გატარების მთავარ მიზეზადაც ამას ასახელებს. ტურიზმის დეპარტამენტში კი გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევენ, რის შედეგადაც შეიძლება იგი გაუქმდეს. ინფრასტრუქტურა საქართველოში დაუგეგმავად ვითარდება, რაც ცენტრალურ ქალაქებში, დედაქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სასტუმროების მშენებლობით გამოიხატება. თბილისში ხუთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო თითქმის ერთ ქუჩაზე უნდა განლაგდეს, ბათუმის ბულვარი მუდმივად ლამაზდება, მთლიანად აჭარის რეგიონში კი ტურიზმის განვითარებაზე და მასში ფულის დაბანდებაზე სერიოზულად არავინ ზრუნავს. ტურისტის კმაყოფილების ხარისხი მხოლოდ კარგი ამინდით, საკვებით და კომფორტული ნომრით არ ისაზღვრება. ტურისტი მატერიალური და არამატერიალური ფაქტორების ერთობლიობას აფასებს, დაგეგმვა კი ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორს უნდა მოიცავდეს და ტურისტის ყველა მოთხოვნას უნდა ითვალისწინებდეს. როგორც მარინა მეტრეველმა აღნიშნა, იგი ესწრებოდა ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებული სტრატეგიის განხილვას, მართალია ის მაშინ ვერ ჩაწვდა, თუ რა იყო ჩადებული სტრატეგიის სახელწოდებაში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. სტრატეგია დადო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭომ Mჭ Aსსოციატედ-თან ერთად, სახელწოდებით – “ტურიზმის განვითარებისა და ინვესტირების გეგმა და სტრატეგია”, ანუ უკვე ოთხი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინვესტიციების სააგენტოსთან შეერთება. დღეს დარგის განვითარების პოლიტიკას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატუსის შეზღუდვა პარადოქსულ ფაქტად მოევლინა. სტრატეგია საქართველოში ინგლისურ ენაზე განიხილეს, მაშინ, როდესაც დარბაზში მხოლოდ 4 უცხოელი იმყოფებოდა, სახელმწიფო დოკუმენტის განხილვა კი უცხო ენაზე არ უნდა ხდებოდეს. დოკუმენტში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით წერია: “არ არის არანაირი ტურისტული მომსახურება, როგორიცაა მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი რესტორნები, ტუალეტები, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრში გვთავაზობენ უმშვენიერესი შენობების ფასადებს, ჯერ-ჯერობით არაფერია ფასადების გარდა, არის მხოლოდ ერთი სასტუმრო”. სიღნაღი არ იძლევა ტურისტული მომსახურების საშუალებას. უზარმაზარი თანხებია დახარჯული სიღნაღის ვიზუალური სახის შესაქმნელად, მაგრამ არ შეიქმნა მომსახურების საშუალებები და ტურისტებს ლამაზი ხედის გარდა არაფერი დარჩა. სიღნაღის განცალკევებულად განვითარება შეუძლებელია, მთავარია რეგიონის მთლიანი განვითარება, უნდა განისაზღვროს ეკონომიკურად რა შემოსავალს მოიტანს და რამდენ სამუშაო ადგილის შექმნის ტურიზმის განვითარება რეგიონში. ეს საქართველოს ყველა რეგიონს ეხება. ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ტურიზმი ქაოსურად ვითარდება. სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში არ არის ქართულენოვანი სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურე, მცირე გამონაკლისების გარდა. ტურიზმის სპეციალობა ახლახანს შევიდა უმაღლესი განათლების სპეციალობათა კლასიფიკატორში, სრულყოფილად არ არის გააზრებული ტურიზმის სწავლების აკადემიური დონე.
საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მოსახლეობა ეჭვით უყურებს უცხოელი ტურისტების მომსახურების პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლა სახელმწიფო საგანმანათლებლო ინსტიტუტების მეშვეობით. საკანონმდებლო ბაზის ფაქტიურად არარსებობა იწვევს შეუთანხმებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში მთელი რიგი ტერმინებისა და დეფინიციების მიმართ. ტურიზმისა და კურორტების მონაცემების მიხედვით, 2007 წელს მილიონ 300 ათასი ტურისტი ეწვია საქართველოს, ეს ციფრი კი რეალობას არ ასახავს, არ გვაქვს ტურისტების დათვლის მეთოდიკა. საზღვრის დაცვის დეპარამენტი იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოლახა საზღვარი, მას ამრავლებენ საშუალო ციფრზე და იღებენ საშუალო მაჩვენებელს, თუ რამდენს ხარჯავს ტურისტი დღეში საქართველოში სტუმრობის დროს. ვინც საზღვარს გადმოლახავს, ყველა ტურისტი როდია, ამას აბსურდამდე მივყავართ – აცხადებს მარინა მეტრეველი. სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ისაზღვრება, თუ რა სარგებლობა მოაქვს ტურისტს სახელმწიფოსთვის და რამდენად პრიორიტეტული შეიძლება იყოს ამ დარგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ავიაკომპანია “ნაციონალური ავიახაზების” პრეზიდენტმა გიორგი კოდუამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ხელმისაწვდომ ავიაბილეთებს სთავაზობს ტურისტებს, მაგრამ საქართველოში არ არსებობს იაფფასიანი სასტუმროები, რაც ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობდა ხელს. ამის შესახებ მან არა ერთხელ მიმართა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, მაგრამ მათი თანამშრომლობა არ შედგა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ტურიზმის სექტორი ქაოსურად ვითარდება და ის დიდ ყურადღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ვერასოდეს ჩაებმება იმ უმძლავრეს ბიზნესში, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია ჰქვია.