კავკასიის მეჩაიეთა პირველი კონგრესი და ფესტივალი ბაქოში
რედაქციისაგან
ბაქოში 11-13 ივლისს გაიმართა კავკასიის მეჩაიეთა პირველი კონგრესი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და რუსეთის ჩაის მწარმოებელთა ასოციაციების ინიციატივითა და კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელის დახმარებით ჩატარდა. მის ორგანიზებაში ასევე დიდი როლი შეასრულა ბრიტანულმა საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-მა.
ქართული დელეგაციიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი კორნელი კუკულავა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი თეა ლოლაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ცისანა კირთაძე და ცნობილი ქართველი მეცნიერები მეჩაიეობის დარგში: რამაზ ფანცხავა, აკადემიკოსი ვალერიან ცანავა, მეცნიერებათა დოქტორები: თემურ რევიშვილი, ნუგზარ ებანოიძე და ალექსანდრე მიქელაძე. ჩაის ქართულ კომპანიებს წარმოადგენდნენ შპს “თერნალი-ჩაი”, შპს “ტყიბულის ჩაის ფაბრიკა”, ქობულეთის ჩაის ფაბრიკა და ასოციაცია “ელკანი”.
კავკასიის მეჩაიეთა I კონგრესს მშვიდობის, მშენებლობისა და რეგიონული საქმიანი თანამშრომლობის დატვირთვაც ჰქონდა, ამიტომ მოიწვიეს აფხაზი და ოსი მეჩაიეები.
როგორც კონგრესზე, ასევე ჩაის ფესტივალზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ცნობილი აზერბაიჯანელი მეცნიერები და ბიზნესმენები ბაქოდან, ლენქორანიდან, ზაქათალიდან, განჯიდან და სხვა რეგიონებიდან, ასევე რუსეთის მაღალი რანგის სპეციალისტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ღონისძიებაში აზერბაიჯანის უმსხვილესი კომპანია “აზერსუნის” მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი ბაზრის 30%-ზე მეტი წილის მფლობელია და განზრახული აქვს შეისწავლოს ქართული ჩაის ბაზარი სამომავლოდ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.
კონგრესის მსვლელობის დროს ქართული, აზერბაიჯანული და რუსული ფირმების მიერ წარმოებული ჩაის პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია-კონკურსი მოეწყო. ქართული ფირმების მიერ წარმოებულმა როგორც მწვანე, ისე შავი ბაიხის ჩაის პროდუქციამ ექსპერტ-ტესტერთა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
კონგრესის მონაწილეთა გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა კავკასიის მეჩაიეთა ასოციაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია რეგიონის მეჩაიეობის დარგის გადარჩენა-აღორძინება, მეჩაიეობის ტრადიციების განვითარება-პოპულარიზაცია, წარმოებული პროდუქციის სამართლიანი კონკურენციის პირობებში ჩაყენება და ურთიერთსასარგებლო რეგიონული საქმიანი თანამშრომლობა იქნება. აღნიშნული ასოციაციის ჩამოყალიბება განსაკუთრებით აქტუალურია ამ ეტაპზე, რადგან, როგორც კონგრესზე აღინიშნა, კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის შიდა ბაზრებზე 90-95% იმპორტირებული, ლამაზად შეფუთული, მაგრამ დაბალი ხარისხის, ვადაგასული და ხელოვნური არომატიზატორებით გაჯერებული ჩაი იყიდება, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
კონგრესმა აირჩია ასოციაციის ხელმძღვანელობა, უხუცესთა საბჭო და საორგანიზაციო კომიტეტი. მორიგი კონგრესის ჩატარებამდე, რომელიც დაგეგმილია თბილისში 2009 წლის ბოლოს, ახლად დაარსებული ასოციაციის შტაბ-ბინა ბაქოში განთავსდება და მას ადგილობრივი აზერბაიჯანული კადრები უხელმძღვანელებენ.
კავკასიის მეჩაიეთა I კონგრესის მომზადებაში საქართველოს მხრიდან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ და მისმა პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ. ასოციაცია “საქართველოს ჩაი” დაფუძნდა 1999 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60-მდე ჩაის მწარმოებელ და ექსპორტიორ საწარმოს. აღნიშნული საწარმოები განლაგებულია დასავლეთ საქართველოს 20 ადმინისტრაციულ რაიონში, დაახლოებით 50 ათას ჰექტარზე.