ღვინის ექსპორტი მცირდება, გასაღების არეალი კი ფართოვდება
მაკა ღანიაშვილი
ქართული ეკონომიკისათვის მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ღვინო მოწინავე საექსპორტო პროდუქციათა ნუსხაში შედიოდა, მაგრამ საბჭოეთის დაშლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. როგორია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი 2006 წლის რუსეთის ემბარგოსა და მიმდინარე გლობალური ეკონომიკური რეცესიის გათვალისწინებით? შეძლეს თუ არა ქართველმა მეღვინეებმა რუსეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლება?
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული ღვინის ინდუსტრიაში 218 კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა, რეალურად მოქმედი მათი 70%-ია. აქედან, დაახლოებით 35 კომპანიაა ორიენტირებული ექსპორტზე. საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ყველაზე დიდი მიმწოდებლები არიან: საფრანგეთი – 18.2%, იტალია – 17.6%, ესპანეთი – 12.6% და აშშ – 10.6%. საქართველო გლობალური ბაზრის მხოლოდ 0.3%-იან წილს ფლობს. 2005 წელს ქართული ღვინის 78% გადიოდა რუსეთში. მხოლოდ 15% – საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებში და 3% – ევროპასა და აშშ-ში. 2006 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტი ნმიშვნელოვნად დაეცა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2007 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წლის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 36%-ს შეადგენდა.
ღვინის ექსპორტი 2009 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.31%-ით შემცირდა. 2009 წლის I კვარტალში საქართველოდან ექსპორტით 2.28 მილიონი ბოთლი გავიდა, 2008 წლის I კვარტალში კი, ეს მაჩვენებელი 3.18 მილიონი ბოთლი იყო.
ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება მეტწილად უკრაინის ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი უკრაინაზე მოდიოდა, მაგარამ ფინანსურმა კრიზისმა უკრაინას სერიოზული ზარალი მიაყენა, რამაც ექსპორტირებული პროდუქციის უმრავლესობაზე მოთხოვნა შეამცირა. 2009 წელს ღვინის ექსპორტში უკრაინის წილი მაინც 41% იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოდან უკრაინაში ღვინის ექსპორტი 51.89%-ით არის შემცირებული. 2008 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უკრაინაში გავიდა 1.956 მილიონი ბოთლი, 2009 წლის პირველ 4 თვეში კი, მხოლოდ 941.129 ბოთლი.
ღვინის საექსპორტო კალათაშიBბელორუსია და ყაზახეთი მეორე, მესამე ადგილზე არიან. ორივე ქვეყნის მიმართულებით 2009 წლის პირველ მეოთხედში საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ბელორუსიაში 261.168 ბოთლი გავიდა, 2008 წლის I კვარტალში კი, 138.588 ბოთლი. ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ყაზახეთში გავიდა 229.366 ბოთლი, 2008 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ – 78.906. ექსპორტი გაიზარდა პოლონეთის მიმართულებითაც, რომელიც საექსპორტო ქვეყნებში მეოთხე ადგილს იკავებს 196.116 ბოთლით. ექსპორტი ასევე გაიზარდა ლიტვაში, მაგრამ შემცირდა ესტონეთის, ლატვიისა და აშშ-ის მიმართულებით.
2009 წლის I კვარტალში ქართული ღვინო სრულიად ახალ ბაზრებზეც შევიდა: ჩინეთი – 50.208 ბოთლი, შვედეთი – 40.327 ბოთლი და ყირგიზეთი – 38.982 ბოთლი. ახალ ბაზრებზე ჯამში, 129.517 ბოთლი გავიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინო 33 ქვეყანაში გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შვიდი ქვეყნით მეტია (www.gbw.ge).
გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, 2009 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ექსპორტის შემცირება ნაკლებმასშტაბური იყო. ქართული ღვინის ექსპორტი 2009 წლის იანვარ-აგვისტოში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,55%-ით, ანუ 881 193 ბოთლით არის შემცირებული. პირველ კვარტალში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კლება 28%-იანი იყო (www.gbc.ge ).
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალსა და ადგილობრივი ბაზრის შესახებ გვესაუბრება კომპანია “თბილღვინოს”” პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი:
საქართველოს ღვინის ბაზარზე ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი და არსებობს ნორმალური, ჯანსაღი კონკურენცია. თუმცა, ბაზარზე ძირითადად მაინც 4-5 კომპანია დომინირებს. წელს ეკონომიკური კრიზისის გამო მოხმარება შედარებით შემცირებულია, ჩვენი კომპანიის მაგალითზე ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია დაახლოებით 20-25%-ით არის შემცირებული.
ს.ე. – რა მდგომარეობაა ექსპორტთან დაკავშირებით?
გ.მ. – ექსპორტთან დაკავშირებით უფრო დამაიმედებელი სტატისტიკაა. თუმცა, დარგის სახელით არ ვსაუბრობ, არამედ – ჩვენი კომპანიის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არაფრით ჩამოვრჩებით გასული წლის შედეგებს. უფრო მეტიც, შეიძლება წლევანდელი წელი უკეთესი შედეგებით დავასრულოთ ვიდრე შარშანდელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო – შარშან თითქმის სრულად მოვახდინეთ რუსეთის ბაზრის რეაბილიტაცია. ვგულისხმობ იმას, რომ იმ მოცულობის ექსპორტზე გავედით, რაც რუსეთის ბაზრის დროს გვქონდა. საუბარია, ყოველწლიურად დაახლოებით 1 300 000 ბოთლის ექსპორტზე. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ამ მაჩვენებელს ჩვენ შარშან დავუბრუნდით.
ს.ე. – რომელ ქვეყნებში გაგაქვთ ღვინო?
გ.მ. – ჩვენს კომპანიას ღვინო უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი, ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან და ჰოლანდიასთან. წელს მოვიგეთ ტენდერი და შევედით შვედეთის ბაზარზეც, ასევე ირლანდიასა და ფინეთში. რაც შეეხება შორეულ ბაზრებს, ღვინოს კანადის ორ პროვინციაში ვყიდით. ასევე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და ჰონკონგში. წელს შევედით უზბეკეთშიც.
ს.ე. – თქვენთ აღნიშნეთ, რომ თქვენმა კომპანიამ ფაქტობრივად მოახერხა რუსეთის ბაზრის კომპენსაცია? რას იტყვით რუსეთის ემბარგოს შემდეგ მთლიანად დარგის მდგომარეობაზე?
გ.მ. – ქართულ ღვინოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალის სრულად გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რთულია მოახდინო ისეთი დიდი ბაზრის სრულად ჩანაცვლება, როგორიც ქართული ღვინისთვის რუსეთი იყო. თუკი ამის ერთეული მაგალითები არსებობს, თუნდაც, ჩვენი კომპანიის სახით, იმას არ ნიშნავს, რომ დარგს ასევე გაუადვილდება ამის მიღწევა. რუსეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლება ქართული ღვინისთვის ჯერჯერობით არ მომხდარა. თუმცა, სხვა ბაზრებზე, სადაც ტრადიციულად იყიდებოდა ქართული ღვინო, ზოგადად რეალიზაცია გაიზარდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა რუსეთის ასე ჩქარა ჩანაცვლება. ახალ ბაზრებზე შეღწევა ქართული ღვინისათვის ძალიან რთული ამოცანაა.
ს.ე. – როგორია ქართული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე?
გ.მ. – ბაზრები, რომლებიც ქართულ ღვინოს მოიხმარენ, მაინც ორ ნაწილად იყოფა: პირველი, ქართული ღვინის ტრადიციული სამომხმარებლო ბაზრები, როგორიც არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ასეთ ბაზრებზე ქართული ღვინო ცდილობს უფრო მყარად დაიმკვიდროს ადგილი და რეალიზაციის არეალი გააფართოვოს. არის მეორე, არატრადიციული ბაზრები, რომელთა ათვისებასაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ახლა იწყებენ. აქ ჩვენი ღვინის ცნობადობა, რა თქმა უნდა, დაბალია. თუმცა, ცნობადობის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. განსაკუთრებით, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში არსებობს ღვინო, რომელიც რუსეთმა აკრძალა. რა თქმა უნდა, ცალკეული კომპანიებიც, თავის მხრივ, ცდილობენ სხვადასხვა ბაზრებზე საკუთარი ბრენდებისა, თუ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის წარმოდგენას. ქართული ღვინოს პოლულარიზაციის თვალსაზრისით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის რამდენიმე კარგი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა და სახელმწიფოს მიერ ამ გამოფენების ნაწილობრივი სუბსიდირება.
ს.ე. – რა დონეზეა ღვინის ხარისხის კონტროლი საქართველოში?
გ.მ. – ხარისხის კონტროლი ხდება მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელიც გასცემს ხარისხის სერტიფიკატს. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ღვინის დეპარტამენტის, სამტრესტის მეირ გაცემული სერტიფიკატი. იმისათვის, რომ მოახერხო ევროპის ბაზარზე შეღწევა, უნდა გქონდეს ხარისხის დამადასუტურებელი ე.წ. “V-1″” სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სამტრესტი. სამტრესტი კი არ გასცემს ამ სერტიფიკატს, თუ არ გაქვს სერტიფიცირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული დასკვნა ღვინის ხარისხთან დაკავშირებით.
ს.ე. – ასეთი ლაბორატორიები არის საქართველოში?
გ.მ. – ადრე ამის პრობლემა არსებობდა, მაგრამ ახალა საქართველოში ასეთი ლაბორატორიები გაჩნდა. არის რამდენიმე ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია სათანადოდ, იმსათვის, რომ ხარისხის შესაბამისობის შეფასება მოხდეს. თავის მხრივ, ისინიც სერტიფიცირებულნი არიან.
ს.ე. – ანუ, საქართველოში შეიძლება ისეთი სერტიფიკატის მიღება, რომლითაც შეხვალ ნებისმიერ ბაზარზე?
გ.მ. – კი, ეს საქართველოში დღეს შესაძლებელია და ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის.
რა სტრატეგიით ებრძვიან ღვინის მწარმოებელი სხვა კომპანიები ფინანსურ კრიზისს? მათმა ნაწილმა კრიზისის გამო დაბალფასიანი ღვინოების წარმოება დაიწყო. ქინძმარაულის მარანმა” მომხმარებელს ეკონომ-კლასის, ასევე, ჩამოსასხმელი ღვინოები შესთავაზა. ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 2, ხოლო ეკონომ-კლასის ღვინოების ღირებულება ლარნახევარია. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სიახლეს დადებითი შედეგი მოჰყვა და რეალიზაცია ამ დრომდე სტაბილურია. დაბალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი ღვინოების ჩამოსხმასთან ერთად, ქინძმარაულის მარანმა”” საექსპორტო გეოგრაფიაც გააფართოვა და 100 ათასი ბოთლი ღვინო ამერიკასა და თურქეთში გაიტანა. კომპანიის ღვინოები უკვე იყიდება პოლონეთისა და სინგაპურის ბაზრებზე. საქართველოში კი, ქინძმარაულის მარნის” ღვინოების ფასი ლარნახევრიდან 10 ლარამდე მერყეობს.
დაბალფასიანი ღვინის წარმოება გაზარდა “თელავის ღვინის მარანმაც””. კომპანიაში აცხადებენ, რომ კრიზისის პირობებში, მომხმარებლის მხრიდან ყურადღება, ძირითადად, ფასს ექცევა და ძვირადღირებული ღვინის რეალიზაცია შემცირებულია. თელავის ღვინის მარანი” მომხმარებელს 4 სახეობის ღვინოს სთვაზობს, ფასები კი 4-დან 140 ლარამდეა.
კრიზისის გამო რეალიზაცია გაუჭირდა კომპანია “საქართველოს ღვინოებისაც””. კომპანია რამდენიმე ათეული დასახელების ღვინოს უშვებს, რომელიც, ძირითადად, ექსპორტზე უკრაინაში, ბელორუსიაში და ყაზახეთში გადის, ფასები კი, 2-დან 4 ევრომდე მერყეობს. კომპანია “ტიფლისის ღვინის მარანმა””, რომელიც მთლიანად ექსპორტზე მუშაობს, მიმდინარე წელს 400 ათასი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განახორციელა და ამ მონაცემებით, ქართულ კომპანიებს შორის, მეოთხე ადგილი დაიკავა. კომპანია 6 ბაზარზე მუშაობს, გაყიდვების 70% კი, უკრაინაზე მოდის. მენეჯმენტის გათვლებით, წლის ბოლომდე რეალიზაციის მოცულობა მილიონ ბოთლს მიაღწევს.
– “ტიფლისის ღვინის მარანი”” ბაზარზე უკვე 15 წელია რაც მოღვაწეობს. კომპანია ამჯერად ჩინეთის ბაზრითაა დაინტერესებული, სადაც, შანხაის გამოფენაში კომპანიის ღვინოებიც იყო წარმოდგენილი. ამჟამად, მენეჯმენტი ჩინური მხარის გამოხმაურებას ელოდება, პარალელურად კი, ორ ჩინურ კომპანიასთან ვმუშაობთ”” – განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ ზარნაძემ commersant.ge-სთან საუბრისას.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ზღვაში წვეთია და ფაქტია, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას დახმარება და წახალისება ნამდვილად სჭირდება, განსაკუთრებით, ისეთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დარგის სუბსიდირება, როგორიცაა მევენახეობა. ამ კუთხით, ნაბიჯები შარშანაც გადაიდგა, 2008 წელს სახელმწიფომ რთველის დასაფინანსებლად 12 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, მთავრობის ამ ნაბიჯმა სიტუაცია სასიკეთოდ ვერ შეცვალა და გლეხებს მოსავლის დიდი ნაწილი დაუბინავებელი დარჩათ. წელს მთავრობამ რთველის ჩასატარებლად 30 მილიონი ლარი გამოყო.
ოფიციალურად, “რთველი 2009″” კახეთში 5 სექტემბერს დაიწყო, სადაც წელს 140 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ყველა რაიონის და სოფლის გამგებელს დავალებული აქვს, გლეხებს მიაწოდონ ინფორმაცია ქარხნების ადგილმდებარეობისა და მუშაობის, მოკრეფილი მოსავლის საფასურისა და მთავრობის სუბსიდიების შესახებ. ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის მეშვეობით, მთავრობა იმ მევენახეებს ეხმარება, რომლებიც მოსავალს ღვინის ქარხნებში ჩააბარებენ. გარდა იმ თანხისა, რომელსაც მევენახეებს ქარხნები გადაუხდიან, სახელმწიფო რქაწითელის ჯიშის ყურძენზე ვაუჩერის სახით, 15 თეთრს დაამატებს, ხოლო საფერავის ჯიშზე – 25 თეთრს. შესაბამის დოკუმენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები მევენახეს ყურძნის ჩაბარებისთანავე გამოუწერენ. იქნება თუ არა საკმარისი სახლემწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები კახელი გლეხების დახმარებისა და დარგის განვითარებისათვის, ეს რთველის დასრულების შემდეგ უკეთ გამოჩნდება, რომელიც აქტიურ ფაზაში 15 სექტემბერს შევიდა.