ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს
ალექსანდრა ლალიაშვილი
გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ყველა სფეროს ახლებური რეგულაციების შესახებ დაიწყო საუბარი. ცვლილებების აუცილებლობა ნათელი გახდა. ეს არ ეხება მხოლოდ საბანკო რეგულირების გაზრდას და ფინანსურ სექტორზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას. “თეთრი სახლის”” ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისათვის, ჯანდაცვის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.
ჯანდაცვის სფეროს რეფორმის შესახებ საქართველოშიც ბევრს საუბრობენ. რითი ჰგავს, ან განსხვავდება ქართული და ამერიკული ჯანდაცვის სისტემის პრობლემები ერთმანეთს და რა მეთოდებით და გზებით ცდილობენ აშშ-ის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა ერთი და იგივე მიზნის მიღწევას – მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას?
აბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევე, როგორც ბევრი სხვა სფერო, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც ტიპური პრობლემებით ხასიათდებოდა – მოძველებული ინფრასტრუქტურა, კორუფციის მაღალი დონე, პაციენტის მიერ საკუთარი ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანაში არავითარი მოწესრიგებული სადაზღვევო სისტემა არ არსებობდა. აუცილებელი იყო ამ სფეროში ძირეული ცვლილებები. უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები დაიწყო. შედეგად, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა; 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები; ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში მცხოვრები ბავშვები; სკოლის მასწავლებლები; შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობა; პოლიცია; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები.
“ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით”” (იაფი დაზღვევა), რომლის მიზანია გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, 2009 წლის 8 თვის მონაცემებით, უკვე სარგებლობს 1,5 მილიონი (ზუსტად 1,446,051) ადამიანი. ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე დახარჯულია 1,84 მლნ ლარი (წყარო: საქართველოს მთავრობის ნახევარწლიური ანგარიში, 2009 წ., სექტემბერი).
თუმცა, ეს მხოლოს ზღვაში წვეთია. საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კვლავაც სამედიცინო დაზღვევის გარეშეა, რაც პაციენტების უდიდესი ნაწილისათვის სრული სამედიცინო მომსახურების მიღებას შეუძლებელს ხდის, რადგან მომსახურების სერვისსა და მედიკამენტებზე ფასები განუხრელად იზრდება. მაღალი ფასების გარდა, უდიდესი პრობლემაა პაციენტისათვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძველი საავადმყოფოების აღდგენა, ან ახლის აშენება და ინფრასტრუქტურის განახლება. ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის დაწყებამდე, საქართველოში არსებობდა ორი ალტერნატივა – სახელმწიფოს მიერ ჰოსპიტალური სექტორის მართვის გაუმჯობესება, ან კერძო მფლობელობაში გადაცემა. მთავრობამ ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვის რეფორმა აშშ-ში
ჯანდაცვის ამერიკული სისტემა მსოფლიოში ყველაზე ძვირი და მრავალფენიანია. ამ სფეროში ყოველწლიური ხარჯები თითქმის 2,5 მილიარდ დოლარს აღწევს. თუმცა, ამავდროულად, 48 მილიონი ამერიკელი მაინც დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. დაზღვეულ პირებს კი, სამედიცინო მომსახურების სრულ ხარჯებს კომპანიები არ უნაზღაურებენ. არსებული სისტემის პირობებში, ამერიკული მედიცინის მიღწევებით მხოლოდ მდიდარი ამერიკელები სარგებლობენ, დანარჩენებისთვის კი, ეს ძვირი სიამოვნებაა. ათიდან რვა ამერიკელს მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვის საშუალება არ აქვს. სამი მთავარი პრობლემა, რომელიც ახასიათებს აშშ-ს ჯანდაცვის სისტემას:
1. კატასტროფულად მზარდი ფასები ჯანდაცვის სისტემაში – უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, აშშ-ში დამქირავებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი სადაზღვევო პრემია გაორმაგდა. ამ პერიოდში, სადაზღვევო პრემია 3%-ით მეტად იზრდებოდა, ვიდრე სახელფასო ფონდები. 2007 წელს, აშშ-ში ჯანდაცვის სისტემაზე 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც თითოეულ ადამიანზე 7,421 აშშ დოლარს ნიშნავს. ჯანდაცვის დანახარჯები აშშ-ის GDP-ის 16,2%-ია, რაც სხვა განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. 1996-2006 წლებში, ჯანდაცვის სისტემაში ფასები გაორმაგდა. გამოთვლილია, რომ ფასების ზრდის ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2025 წლისათვის ჯანდაცვის დანახარჯები GDP-ის მთლიან მაჩვენებელში 25%-ს მიაღწევს, 2082 წლისათვის კი – 49%-ს.
მაღალი ფასები პირდაპირ აისახება ბიზნესის რენტაბელობაზე, რადგანაც დამქირავებლებს საკუთარი მომსახურე პერსონალისათვის სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოფა უწევთ. 2000-2008 წლებში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც კომპანია წელიწადში სადაზღვევო პრემიის სახით, 1000 აშშ დოლარზე მეტს უხდის, 1%-დან 18%-მდე გაიზარდა.
მაგალითისათვის – ჯანდაცვის დანახარჯები Gენერალ Mოტორს-ის თითოეული ავტომობილის ფასს 1,525 აშშ დოლარით ზრდის. 2007 წელს კომპანიამ 4,6 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა მხოლოდ ჯანდაცვაზე, მეტი, ვიდრე ფოლადის შესაძენად. ჯანდაცვაზე გაწეული მაღალი დანახარჯები, საერთაშორისო ბაზარზე ამერიკულ კომპანიებს ნაკლებკონკურენტულს ხდის. მხოლოდ ჯანდაცვის დანახარჯები General Motors-ს თოყოტა-სთან შედარებით, 5 მილიარდიან ზარალში აგდებს. თოყოტა-ს თითოეული მანქანის ღირებულებაში ჯანდაცვის დანახარჯებზე General Motors-თან შედარებით, 1,400 დოლარით ნაკლები მოდის.
2. მილიონობით ამერიკელი სადაზღვევო პოლისის გარეშეა დარჩენილი – 2000-2007 წლებში არახანდაზმულ ამერიკელთა რაოდენობა, რომლის სამედიცინო დაზღვევის ხარჯებსაც დამქირავებელი იხდიდა, 66%-დან 61%-მდე შემცირდა. 2007-2008 წლების მონაცემებით, 65 წელს ქვემოთ 87 მილიონი ამერიკელი დაუზღვეველი იყო. გლობალური ფინანსური კრიზისი გათვალისწინებით კი, არა მხოლოდ მათთვის, ვისაც დაზღვევა არ აქვს, არამედ მათთვისაც, ვინც დაზღვეულია, ექიმთან ვიზიტი და სრული სამედიცინო მომსახურების მიღება, უკვე ფუფუნების საგანია, რადგან კომპანიები ვეღარ ახერხებენ სადაზღვევო თანხების გაცემას.
3. ჯანდაცვის სისტემის ხარისხი – დიდი ინვესტიციების მიუხედავად, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემისათვის, პაციენტის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, მაინც მიუღწეველი მიზანია. ჯანდაცვის სფეროს 37 ინდიკატორიანი შეფასებით, რომელიც მსოფლიოშია გავრცელებული, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემამ 100-დან მხოლოდ 65%-იანი შეფასება მიიღო. ყოველწლიურად 98 000-ზე მეტი ამერიკელი კვდება სამედიცინო პერსონალის შეცდომებისაგნ, ეს ციფრი კი აღემატება აშშ-ში ავარიით, მკერდის კიბოსა და შიდსისგან გარდაცვლილთა რაოდენობას. აშშ ასევე ჩამორჩება სხვა განვითარებულ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ინვენტარიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხით. (http://www.healthreform.gov/reports/inaction/persistent/index.html)
Yყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის თეთრ სახლში მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროს რეფორმებისაკენ იყო გადადგმული. სამედიცინო დაზღვევის რეფორმირების გზაზე, ბარაკ ობამამ პირველი ნაბიჯი მარტის დასაწყისში გადადგა. მან თეთრ სახლში მედიკოსები და სადაზღვევო სფეროს სპეციალისტები შეკრიბა და განუცხადა, რომ ნებისმიერი საკითხის განსახილველად მზადაა, გარდა არსებული ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებისა.
რეფორმის ერთ-ერთ პირობად მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდა განიხილება. არსებობს მეორე პრინციპი, რომელიც ფასწარმოქმნის ახალი სისტემის შემოღებას გულისხმობს.
თუმცა, ობამას მიერ წარმოდგენილი რეფორმის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პრეზიდენტის გეგმამ რესპუბლიკელების და თავად დემოკრატების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა, რის გამოც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ობამას საკუთარი პროექტის გადახედვა მოუწევს. თუმცა, ობამა პოზიციების დათმობას არ აპრებს, რასაც 9 სექტემბერს სენატში მისი გამოსვლა ადასტურებს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდავის სისტემის რეფორმის დეტალებიც გაახმაურა. საუბარია, 10-წლიან გეგმაზე, რომელიც 900 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. როგორც ობამამ აღნიშნა, ეს თანხა არ იქნება მობილიზებული მდიდართა გადასახადებიდან, არამედ – შიდა დანაზოგებიდან, რადგან ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს აშშ-სთვის ეს ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე, გაახმოვანა ახალი ინიციატივა, სამთავრობო დონეზე შეიქმნას აღმასრულებელი ორგანო, რომელიც რეფორმის განხორციელებას გააკონტროლებს. ობამას გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 30 მილიონი ამერიკელისათვის გაიზარდოს სუბსიდიების მოცულობა, რომელიც მათ სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო პოლისების გარეშე უზრუნველყოფს, გეგმა ასევე ითვალისწინებს გადახდის ინდივიდუალური სქემის შემოღებას, სადაზღვევო ფორმების ცვლილებებს, სუბსიდიებს ნაკლებშეძლებულებისათვის და მზღვეველების მკაცრ რეგულაციას. (წყარო: www.ft.com; www.economist.com).
ჯანდაცვის რეფორმის 8 პრინციპი, რომელის მიღწევაც “თეთრი სახლის” ახალმა ადმინისტრაციამ აპრილში დაისახა:
1. ოჯახებისა, თუ ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა – ამერიკის მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები ავადმყოფობის გამო გაკოტრებისაგან დაცული უნდა იყვნენ, რადგან რეალურად, ბევრი ამერიკელისათვის სრული სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის გადახდილი თანხა გაკოტრების ტოლფასია.
2. ჯანდაცვის ხარჯები ხელმისაწვდომი გახდეს – ახალმა რეფორმამ უნდა შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები, უნდა გაუქმდეს არასაჭირო ტესტები, სერვისები და სხვა ისეთი პროცედურები, რაც მომხმარებელთა ფულს ფუჭად ხარჯავს, ჯანმრთელობის მდგომარეობას კი, არ აუმჯობესებს.
3. უნივერსალობა – რეფორმამ უნდა მოიცვას თითოეული ამერიკელი.
4. გადახდის რეჟიმის პორტატულობა – არც ერთი ამერიკელი არ უნდა იყოს ვალდებული შეინარჩუნოს სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ მან შესძლოს ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა.
5. არჩევანის საშუალება – რეფორმა საშუალებას უნდა აძლევდეს ამერიკელებს, თავად დაგეგმონ თავიანთი მკურნალობის ხარჯების დაფარვის მეთოდი. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება აირჩიოს დამქირავებელზე მიბმული სადაზღვევო სქემები, ისევე, როგორც გადახდის სხვა ფორმები.
6. ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა პრევენციაში ფულის დაბანდება- აშშ-ში ისეთ გავრცელებულ პრობლემებთან საბრძოლველად, როგორიცაა სიმსუქნე, ცხოვრების მჯდომარე სტილი და მოწევა – უნდა გამოიყოს თანხები, რათა მათგან გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას პრევენციული ხასიათი ჰქონდეს.
7. პაციენტებისთვის უსაფრთხოებისა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
8. გრძელვადიანი ფისკა- ლური ეფექტის შენარჩუნება – გეგმა თავისთავად უნდა ითვალისწინებდეს ხარჯების ეფექტურად განკარგვასა და დამატებითი სახსრების ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოძიებას.
წყარო: Washington State, Office of the Insurrance Commissioner.
ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა საქართველოში
საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაში, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და პაციენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება მთავარი მიზნებია.
2007 წლის დასაწყისში, მაშინ, როცა ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა, საქართველოში სახელმწოფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების რაოდენობა 245-ს შეადგენდა, ხოლო საწოლების რაოდენობა – 14 600-ს. მათი დატვირთვის მაჩვენებელი 28%-ს არ აღემატებოდა (წყარო: “საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა და მისი შედეგები””, თამთა ოტიაშვილი, 2009 წელი). ჩამოყალიბდა ძველი ინფრასტრუქტურის ახლით ჩანაცვლების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა არსებული ძველი საავადმყოფოების ნაცვლად, ახალი სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების საწოლებით დაკომპლექტებული ჰოსპიტალების მშენებლობას, როგორც თბილისში, ასევე ყველა რაიონულ ცენტრში. მომსახურების სახეების მიხედვით, თითოეული რაიონისათვის განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებათა და საწოლთა საჭირო რაოდენობა. ახალი საავადმყოფოების უმეტესობა სამი წლის განმავლობაში უნდა აშენებულიყო. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებს მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზანი და პრინციპები: მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების სიმძლავრის შექმნა; თბილისში ჰოსპიტლების მჭიდროდ განთავსება კონკრეტულ ტერიტორიებზე (კლასტერები); მომსახურების კერძო მიმწოდებლების განვითარება; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ფინანსურად მისაღები, ხარისხიანი მომსახურება; არსებული ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება, ჰოსპიტალური სექტორის მოწყობა; ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 15, 25, 50, 100 და მეტ საწოლიანი საავადმყოფოების მშენებლობა თბილისში და ყველა რაიონულ ცენტრში; მაღალტექნოლოგიური და სტანდარტული საწოლებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური საავადმყოფოების შექმნა.
მოსახლეობის უმრავლესობისათვის (90 პროცენტი) აუცილებელი ჰოსპიტალური მომსახურების 30 წუთის ინტერვალში მისაღებად, 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიგეგმა: 77 საავადმყოფო რაიონებში (ყველა რაიონულ ცენტრსა და საკურორტო ადგილში), 23 საავადმყოფო თბილისში. მცირე ზომის საავადმყოფოები (15 და 25 საწოლიანი). საავადმყოფოები დაკომპლექტდება სტანდარტული მომსახურების საწოლებით. რეგიონალურ ცენტრებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ჰოსპიტალური სამსახურების უტილიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმებისა და შექმნილი სიმძლავრეების მოხმარების ზრდის პოტენციალი, უნდა ჩამოყალიბდეს 50 და მეტსაწოლიანი საავადმყოფოები, სადაც განთავსდება, როგორც სტანდარტული, ისე მაღალტექნოლოგიური საწოლები. “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის”” თანახმად, შესაქმნელ საწოლთა რაოდენობა შეადგენს 7800-ს: რეგიონებში – 3610-ს, თბილისში – 4190-ს. (წყარო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო).
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმას საფუძვლად დაედო “საინვესტიციო პროგრამა””, რომელიც ითვალისწინებს არსებული, ძველი საავადმყოფოების პრივატიზაციას. მიღებული თანხები, ბიუჯეტში შეტანის გარეშე, პირდაპირ მოხმარდება ახალი ჰოსპიტალური სისტემის შექმნას მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმისა და პირობების შესაბამისად. ჰოსპიტალების პრივატიზება ხორციელედებოდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე – კონკურენტული შერჩევით პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ძველი საავადმყოფოები ივნვესტორს საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ახალი საავადმყოფოების აშენების შემდეგ. სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, ინვესტორი საკუთარი შეხედულებისამებრ განაგებს ძველი საავადმყოფოების შენობებსა და მიწის ნაკვეთებს. ამასთან, მისივე საკუთრება იქნება ახალი საავადმყოფო.
პრივატიზების პროცესი
ჰოსპიტალების პრივატიზების პროცესის განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა. განისაზღვრა გასაყიდ ობიექტთა ნუსხა და სატენდერო პირობები. ხელისუფლებამ თითქმის ყველა კლინიკური დაწესებულება გაყიდა და მათი 80 პროცენტის მფლობელი სამი კომპანია “პსპ””, “ავერსი”” და “ბლოკ ჯორჯია”” გახდა. ჯამში, ინტერესთა გამოხატვა 14 ლოტზე მოხდა. აქედან, მეორე ლოტი კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩაშლილად არის გამოცხადებული. დარჩენილი 13 ლოტით გათვალისწინებულია 54 საავადმყოფოსა და 2 660 საწოლის (მათ შორის, 820 თბილისში) აშენება.
პროგრამის მიხედვით, 2011 წელს საქართველო 100 ახალი მრავალპროფილური და თანაც, ევროსტანდარტის საავადმყოფოთი უნდა შეხვდეს, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდება. მეორე ლოტის ჩაშლის შემდეგ პროექტს სხვა მოთამაშეებიც გამოაკლდნენ.
პროგრამას რამდენიმე საინვესტიციო და ფარმაცევტული კომპანია ჩამოშორდა: ფარმაცევტული კომპანიები “ავერსი”” და “პსპ””, ასევე მისი შვილობილი კომპანია “ნიუ ჰოსპიტალი””, საინვესტიციო კომპანია “ევორდ კაპიტალი”” და სამშენებლო კომპანია “ახალი სტილი””. ფარმაცევტული კომპანიების პროექტიდან გასვლის შემდეგ პროექტის მთავარი მოთამაშე შპს “ბლოკ-ჯორჯია”” გახდა, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გამოცხადებული ლოტებიდან 10 ლოტზე, რაც 32 საავადმყოფოსა და 1 615 საწოლს ნიშნავს. აქედან, უკვე აშენებულია – 300 საწოლი (ზუგდიდი და ქუთაისი); დაწყებულია 300-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დიღმის კლასტერში; მიმდინარეობს თემქის და სანზონის საავამყოფოების (380 საწოლი) რეკონსტრუქცია და აღჭურვა (წყარო: “საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა და მისი შედეგები, თამთა ოტიაშვილი, 2009 წელი).
“ბლოკ-ჯორჯიამ” საავადმყოფოების მშენებლობისთვის 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩეხეთის სახელმწიფო ბანკიდან მოიზიდა. მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების მართვას კი, ბრიტანული UME ჯგუფი განახორციელებს. UME ჯგუფის ვალდებულება მრავალმხრივია – უცხოელი კადრების მოყვანა, არსებული თანამშრომლებისთვის ტრეინინგების ჩატარება და მათი საზღვარგარეთ გადამზადება, ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება. UME ჯგუფს ჯანდაცვის ქსელის მართვის გამოცდილება მსოფლიოს 23 ქვეყანაში გააჩნია. პრეზიდენტის განკარგულებით, #1,2,3,4,9,10,11,12 და 13 ლოტებით გათვალისწინებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა ქართულ-ჩეხურ “ბლოკ-ჯორჯიას”, “ბლოკ-ინვესტს” და “მედი მექსს”” გადაეცა. ამასთან, #14 ლოტში “ბლოკ-ჯორჯიას”” და “ბლოკ-ინვესტთან”” ერთად, პროგრამაში “პატრიკა მედიც” ჩაერთვება. როგორც გაირკვა, პროგრამიდან გასული კომპანიების ნაცვლად, ჰოსპიტალური განვითარების გეგმაში ებრაული “ინფო ტექნოლოჯი”” და თურქული SILA ჩაერთვებიან. ებრაელები 93 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და 23 ქალაქში საავადმყოფოებს ააშენებენ, ხოლო თურქი ბიზნესმენები ამ სექტორში 200 მილიონი დოლარის დაბანდებას აპირებენ. თუმცა, ეს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი მონაცემებია. როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გვითხრეს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან ერთად, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს და ახალ ინფორმაციებსა და პროექტის რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სულ მალე მოგვაწვდიან. ერთი რამ კი უკვე ცხადია, 2011 წლისათვის საქართველოში 100 ახალი ევრო სტანდარტების მქონე ჰოსპიტალის არსებობა უტოპიაა.
გეგმის განხორციელებას აფერხებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც – არჩევნები, მინისტრების ხშირი ცვლილება, აგვისტოს საომარი მდგომარეობა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზით ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან შექმნილი პრობლემები. მაგრამ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა: “ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ხალხის ცხოვრება. ეს ხალხის საქმეა. ეს არის ჩვენი მომავალი”” (www.WhiteHouse.gov) და ისევე, როგორც აშშ-ში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, პოლიტიკური ბატალიების ნაცვლად, პრიორიტეტული უნდა იყოს მოქალაქეებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.