ლაბირინთად ქცეული ღია ფანჯრის პრინციპი

ალექსანდრა ლალიაშვილი

რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა უწყებაში ჩახლართული და, ფაქტიურად, დაუძლეველი ბიუროკრატიული ბარიერების მოსაშლელად მთავრობამ ხისტი პოლიტიკის გატარება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა სცადა. რამდენად წარმატებულად გაართვა თავი საქართველოს ხელისუფლებამ დასახული მიზნის მიღწევას? ქვემოთ ჩვენ საბაჟო პროცედურებისა და იქ არსებული ჯერ კიდევ უამრავი პრობლემის შესახებ ვისაუბრებთ.

საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან საბაჟო პროცდეურების გამარტივება გადაწყვიტა და რამდენიმე ცვლილებაც განახორციელა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი ბიზნესმენებს ჰპირდებოდა, რომ მოქმედი ხუთი საბაჟო პროცედურიდან (ტვირთის აწონვა, არაგაბარიტული ტვირთის კონტროლი, ფიტო და ვეტერინარული საბუთების წარდგენა, აღრიცხვის მოწმობის გამოწერა) მხოლოდ ერთი – აღრიცხვის მოწმობის გამოწერა დარჩებოდა, რაც საბაჟოზე ტვირთების კონტროლისთვის საჭირო დროს მინიმუმამდე შეამცირებდა.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ პროცედურების გავლას რეფორმამდე 15-20 წუთი სჭირდებოდა, რაც საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მოძრაობას აფერხებდა, ახლა კი, საბაჟოზე არსებული ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები მოხსნილია. მთავრობის განცხადებით, მიმდინარე წელს, საბაჟო სისტემის რეფორმირება გაგრძელდება და რამდენიმე თვეში სრულიად განახლებული სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელიც ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისა და იმპორტიორებისათვის მუშაობას გაცილებით გაამარტივებს. მაგალითად, გამარტივდება საერთაშორისო საფოსტო გზავნილებზე მომუშავე კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიღებასთან დაკავშირებით საბაჟო პროცედურები. კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში საფოსტო გზავნილები შემოდის, შესაძლებლობა ეძლევათ, დეკლარაცია საბაჟოზე მისვლის გარეშე, ელექტრონულად შეავსონ და შემდეგ მიუტანონ გზავნილი ადრესატს სახლში. ანალოგიური წესი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით იძენენ საქონელს. სურვილის შემთხვევაში, ისინი ასევე ელექტრონულად, თავად შეავსებენ დეკლარაციას.
თუმცა, ერთია ის, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ნათელი ფერებით გვიხტავენ და განხორციელებული რეფორმებით თავს იწონებენ, მაგრამ მეორე, ის რეალობაა, რომლის შესახებაც ის კომპანიები საუბრობენ, რომელთაც პირდაპირი შეხება აქვთ საბაჟო პროცედურებთან.
პრობლემები, რომელსაც საბროკერო კომპანიები უჩივიან, სხვადასხვაგვარია. მაგალითად, საბაჟო პროცედურების გასაფორმებელი პროგრამის ცვლილება – პროგრამა “ასიკუდა++””, რომელსაც აქამდე იყენებდნენ საბაჟო პროცედურების გასაფორმებლად შეიცვალა “ასიკუდა ვორდით””. მართალია, უფრო დახვეწილი და განახლებული პროგრამის დანერგვაში ცუდი არაფერია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. როგორც საბროკერო კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ვინაიდან, ცვლილება სწრაფად განხორციელდა, მუშაობის პროცესს თავიდან ძალიან ბევრი ხარვეზი ახლავს თან. ერთი შეხედვით, “უწყინარ ხარვეზს”” დიდი ფინანსური სანქციები შეიძლება მოჰყვეს – საქართველოს საბაჟი სისტემაში დღეს ტრადიციადაა ქცეული დეკლარაციის გაფორმების დროს დაშვებული, ხშირად, უბრალო, მექანიკური შეცდომის გამო არალოგიკურად მაღალი ჯარიმები.
“ერთი შეხედვით, საწუწუნო ალბათ არაფერია, ახალი პროგრამებისა და ინოცავიების დანერგვა, რომელსაც დასაწყისში თუნდაც რაღაც ხარვეზები შეიძლება ახლდეს, თავისთავდ, ცუდი არ არის, მაგრამ “პატარ-პატარა”” ხარვეზები, რომელიც დოკუმენტაციის წარმოებას ახლავს თან, შეიძლება სოლიდურ ფულად ჯარიმებში გადაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს დოკუმენტაციის შედგენის დროს დაშვებული შეცდომების გამო. წერტილ-მძიმის გამო სრულიად წარმოუდგენელ ჯარიმებს წერენ. ყველა ადამიანია და არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან, შენ შეიძლება სრულიად მექნიკურად შეგეშალოს რაღაც, თუნდაც, ვალუტის სწორად მითითება. დავუშვათ, დოკუმენტაციის შედგენისას დოლარის კურსის მითითებისას იყო ერთი კურსი, რომელიც მეორე დღეს მცირედით შეიცვალა და ლარების მითითებულ ოდენობაში, ვთქვათ, 1 და 20 თეთრის სხვაობა მოვიდა. ამის გამო გამოწერენ 120 ლარიან ჯარიმას. ან, თუ მექანიკურად შეგეშალა და ევროს ნაცვლად მიუთითე დოლარი, უნდა გადაიხადო თანხების სხვაობის 100%. მაშინ, როცა პატიოსანი მეწარმე ხარ და მუშაობ აბსოლუტურად სუფთად, ყველაფერი გაქვს “გათეთრებული””, ყველა იმპორტიორს აძლევ ქვითარს, სჭირდება თუ არა მას ეს, ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან უსამართლოა”” – აცხადებს ერთი-ერთი საბროკერო კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც საბროკერო კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თუ მაგალითად, 5000 დოლარის მაგივრად დეკლარანტმა დეკლარაციაში 5000 ევრო ჩაწერა, კომპანიამ ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს 5000 დოლარსა და ევროს შორის სხვაობის 100%, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტების სხვაობის გამო თანხებს შორის სხვაობამ 1000 ლარზე მეტი შეადგინა. თუ სხვაობამ შეადგინა დავუშვათ 2 ლარი და 40 თეთრი, ჯარიმა მაინც 1000 ლარს შეადგენს, ანუ 1000 ლარიანზე ნაკლები ჯარიმა არ არსებობს. 100 000 ლარი რომ შეადგინოს სხვაობამ 100 000 ლარს ცალკე გადაგახდევინებენ ბიუჯეტში, ანუ აგანაზღაურებინებენ იმ თანხას, რაც ბიუჯეტს დეკლარანტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დააკლდა და ერთ იმდენს, ცალკე, ჯარიმის სახით მიგატანინებენ. საბროკერო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.
ჯარიმები არსებობს, რა თქმა უნდა, საქონლის კოდიფიკაციის დროს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებითაც. ცნობილია, რომ ზოგიერთი კოდი, რომელსაც მიუსადაგებ საქონელს, იბეგრება საბაჟო გადასახადით და ზოგიერთი არა. თუ დეკლარანტს შეეშალა და ისეთი კოდი მიანიჭა საქონელს, რომელიც არ იბეგრება, იმ თანხას ხომ გადაგახდევინებენ, რაც გათვალისწიენებულია ტვირთის განბაჟებისას, ცალკე გადაგახდევინებენ ჯარიმასაც. წერტილ-მძიმის გამოყენების დროს დაშვებული შეცდომა 200 ლარით ჯარიმდება.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას საბროკერო კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ძალზედ გახმაურებულ შემთხვევას იხსენებენ – იმპორტიორს შემოჰქონდა საქონელი, რომელიც მთლიანად გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან და იხდიდა მხოლოდ საბაჟო მოსაკრებელს 60 ევროს ოდენობით. რადგან ტვირთი იყო ჰუმანიტარული და არ იბეგრებოდა, დეკლარაციის შევსების დროს დეკლარანტმა ყურადღება არ მიაქცია ვალუტის აღმნიშვნელ კოდს, მას შეეშალა და დოლარის კურსი დატოვა რუსული რუბლის მაგივრად. დოლარის და რუბლის კურსს შორის სხვაობამ 170 000 ლარი შეადგინა, ამის გამო საბროკერო ფირმას მოსთხოვეს 170 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
დაჯარიმების ახლი მექანიზმი მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრიდან. მანმადე არსებობდა ჯარიმების ფიქსირებული ოდენობა. როგორც საბროკერო კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, კარგი იქნება თუ კვლავ იარსებებს ფიქსირებული გადასახადი ჯარიმების დაკისრების დროს და არა ის მექანიზმი, რომელიც ჯარიმების მოცულობას ხშირად კოლოსალურად ზრდის.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოც ბროკერები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, კანონში ცვლილებების სწრაფი და ხშირი განხორციელებაა. თან ისე, რომ ამის შესახებ არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი. “არ შეიძლება ცვლილებების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგოთ, როცა დავჯარიმდებით. ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეფექტური მექანიზმი უნდა არსებობდეს”” – ამბობენ საბროკერო კომპანიებში.
ფიზიკური პირების ტვირთის განბაჟების “გამარტივებული პროცედურები””, ალბათ, მხოლოდ სასურველი ილუზიაა, იმის გათვალისწინებით, რასაც იმავე საბროკერო კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს: “დღეს, საქართველოში კერძო ექსპერტიზის ბიუროები აღარ არსებობს, არსებობს ერთადერთი, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. ეს უკანასკნელი კი, დაკომპლექტებულია მომსახურე პერსონალით, რომლებთაც საქონლის ექსპერტიზის სპეციალისტებს ვერ დაარქმევ. ამის გამო საბაჟოზე ძალიან დიდი რიგები დგას. კი ბატონო, გასაგებია, რომ ვამარტივებთ პროცედურებს და ვტოვებთ მხოლოდ ერთ ორგანოს, რომელსაც ევალება ფიზიკური პირების ტვირთის ექსპერტიზა, მაგრამ იქნებ, იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ ეს ბიურო კადრების საჭირო რაოდენობით იყოს დაკომპლექტებული. არ შეიძლება ექსპერტიზის გაჭიანურებული პროცედურების გამო, ადამიანი 1 კვირა ელოდოს ტვირთის განბაჟებას””.
ხშირად ისმის უკმაყოფილება ფოთის საბაჟო პორტთან დაკავშირებით. ფოთის პორტში ავტომობილებისა თუ სხვა ტვირთის განსაბაჟებლად და მისაღებად მოქალაქეებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი. როგორც იმპორტიორები აღნიშნავენ, ერთი ტვირთის განბაჟებას დაახლოებით სამი-ოთხი დღე სჭირდება. კანონის თანახმად, ტვირთი საბაჟო კონტროლის ტერიტორიაზე უნდა გადაიტანო, რომელიც ფოთის პორტიდან დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებითაა. საჭირო ხდება პორტში მანქანის მიყვანა, დატვირთვა, ფულის გადახდა, ტვირთის ტერმინალში გაჩერება და შემდეგ განბაჟება. საბაჟოზე ყველა საბუთს რომ მიიტან, გეუბნებიან, რომ უნდა დაელოდო. ლოდინში დაახლოებით 4-5 საათი გადის. თუ საბუთები დილით ადრე არ გაქვთ მიტანილი, დიდი ალბათობით, სამუშაო საათებიც შეიძლება ამოიწუროს და მეორე დღემდე მოგიწიოთ ლოდინი.
თუ პორტის ტერიტორიაზე შესვლა გსურთ, ტვირთის დასათვალიერებლად ჯერ გადამზიდავ კომპანიასთან უნდა მიხვიდეთ, ვინც ტვირთი ჩამოგიტანათ. რა თქმა უნდა, მათი ოფისი პორტისგან მოშორებითაა. საშვებს რომ გამოგიწერენ, მათი ოფისიდან მიდიხართ პორტის პირველ ტერმინალზე, გაატარებთ საბუთს და დაგირტყამენ ბეჭედს. შემდეგ უნდა მიიტანოთ ორ კილომეტრში, სადაც პორტის დაცვის სამსახურია, ხოლო იქიდან კიდევ ოთხ კილომეტრში პორტის შესასვლელია. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად ის ტვირთი ჩამოგივიდათ, რაც შეუკვეთეთ, თუ არა, ან დაზიანებული ხომ არ არის ის. ბიზნესმენთა ნაწილი ფოთის საბაჟოს განბაჟების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მეწარმეების განცხადებითვე, პროცესის გაჭიანურების მიზეზად საბაჟოს თანამშრომლები ტვირთების მოცულობის სიდიდეს და თანამშრომელთა სიმცირეს ასახელებენ.
საინტერესოა, სად არის ასეთ შემთხვევაში “ერთი ფანჯრის”” პრინციპი და გამარტივებული პროცედურები? არალოგიკურად მაღალ ჯარიმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვებზე პასუხი ფინანსთა სამინისტროდანაც მიგვეღო და მეწარმეებისა და საბროკერო კომპანიების ბრალდებებზე მათთვის პასუხის გაცემის საშუალება მიგვეცა, თუმცა, უშედეგოდ. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა სგადასახადო და საბაჟო კანონდებლობაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებენ სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები ნახსენები ცვლილებების განხორციელებისას და ყურად იღებენ თუ არა საბროკერო კომპანიებისა და მეწარმეების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.