უძრავი ქონება მოძრავი ფასებით

რედაქციისაგან

სამშენებლო სექტორში დიდი სტაგნაცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს თავსატკივარი არ არის. გაცილებით უარესი მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში. რუსეთში 10-დან 9 მშენებლობა გაჩერებულია, რთული მდგომარებაა აზერბაიჯანში, სომხეთში ყაზახეთში. ევროპაში კი გაიაფების სიომ დაბერა, რაც მალე ჩვენამდეც მოაღწევს.

რეალურად თბილისში ბინები კარგა ხანია იაფდება, თუმცა სამშენებლო კომპანიები ამ ტენდენციის აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი პოზიცია გასაგებია. თითქმის ყველა კომპანიას ლიკვიდურობის პრობლემა აქვს, საკრედიტო არხები მათთვის და მათი კლიენტებისათვის დახურულია, ბინების გაყიდვა მინიმუმამდეა დასული, ლარი გაუფასურებულია. ახლა კი გასაყიდი ფართების გაიაფება მათთვის ლახვრის ჩაცემა იქნება.
გაყიდვების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიები ფასებს ვერ ამცირებენ, რაც გაყიდვებს კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის. ერთადერთი სეგმენტი, რომელზეც ომსა და დევალვაციას დიდი გალენა არ მოუხდენია, უძრავი ქონების გაქირავებაა. ბოლო თვეების განმავლობაში ამ სეგმენტში შესამჩნევი ცვლილებები არც კონტრაქტების რაოდენობას და არც ფასებს განუცდია.
მშენებლებს უნდათ თუ არა, დედაქალაქში და ავტომატურად მთელ საქართველოში, უძრავი ქონება უკვე იაფდება. თბილისში მდებარე ძველ კორპუსებში ბინების ფასი 20-25%-ით შემცირდა. მაკლერების ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების შედეგად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობამ და ბინებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო.
ამიტომ იმ პერიოდიდან მოყოლებული ფასები პერმანენტულად მცირდება. ბინების გაიაფება წლის ბოლომდე კვლავ გაგრძელდება. არსებული მონაცემებით, ბინა, რომელიც ომამდე 80 ათასს დოლარად იყიდებოდა, დღეს 60 ათასი დოლარი ღირს.ანალოგიური ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. აზერბაიჯანში უძრავი ქონება კარგა ხანია იაფდება, რუსეთში კი საერთოდ არაფერი შენდება და აღარაფერი იყიდება. ერთადერთი სახელმწიფო ეხმარება კერძო სამშენებლო კომპანიებს და ისიც კაბალური პირობებით. რუსეთის მთავრობა დეველოპერებს გაუყიდავი ფართების ნახევარ ფასში, ბითუმად შესყიდვას სთავაზობს. ზოგიერთი კომპანია თანახმაც კია უმძიმეს პირობებზე, რათა დაგროვილი დავალიანებები თავიდან მოიშოროს.
ყაზახეთის ხელისუფლებამ კი მოიწონა ანტიკრიზისული, ე.წ. სტაბილიზაციის მოქმედებების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყაზახურ ეკონომიკაში 2,2, ტრილიონი ტენგეს (10 მილიარდი დოლარის) შედინებას, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს შეადგენს. სტაბილიზაციის გეგმა უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.
რამდენიმე დღით ადრე სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ოფიციალურმა ასტანამ დეველოპერებს შესთავაზა ფინანსური დახმარება იმ პირობით, თუ კომპანიები თავის მხრივ ფასებს არ გაზრდიან. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობების თანახმად, ასტანაში 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 700-800 დოლარის დონეზე უნდა დარჩეს, ალმა-ატაში კი 1000 დოლარს არ უნდა ასცდეს.
არასდროს გამოვთქვამდით პრეტენზიებს, როდესაც 1 კვადრატულ მეტრში 5-6 ათას დოლარს იღებდით. ეს დრო წავიდა. ახლა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფულის მიღებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ჩვენს პირობებს მიიღებთ. სხვა შესაძლებლობა სახელმწიფოს არ აქვს, – განუცხადა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სამშენებლო კომპანიებს.