გლობალიზაცია და ინოვაციური მენეჯმენტი (სურსათის უვნებლობის მართვისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური აუდიტის მაგალითზე)
რუსუდან კვარაცხელია
გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესები სახელმწიფოების წინაშე წარმოშობს ახალ პრობლემებს, რომელთა დაძლევაც განაპირობებს მათ დამოუკიდებლობას მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში. გლობალიზაციის უმთავრესი მახასიათებელია პროგრესის საერთო მსოფლიო პროცესისა და ცალკეული ქვეყნების განვითარების უნიკალური თავისებურებების შეხამების ფორმების ძიება.
ეკონომიკა წარმოადგენს საზოგადოებრივ მეცნიერებას. ამდენად, მას საქმე აქვს ადამიანებთან და სოციალურ სისტემებთან, რომლის ფარგლებში ადამიანები ახორციელებენ საკუთარი მატერიალური (საკვები, საცხოვრებელი) და სულიერი (განათლება, ცოდნა) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომ ეკონომიკური განვითარების კონცეფციებისა და მიზნების საფუძვლებად მიჩნეულ უნდა იქნას სიღარიბის დაძლევა, ცხოვრების დონის ზრდა, მოსახლეობის პოლიტიკური და ეკონომიკური აქტიურობა და სხვა. ამისათვის კი არსებობს ადამიანთა უფლებების დაცვის სამსახურები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურები. სურსათის უვნებლობის კანონის მიზანია სწორედ მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში, შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. “ადამიანებს აქვთ უფლება ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ სასურსათო პროდუქტები, რომლებსაც ისინი საკვებად მოიხმარენ, არის უვნებელი და განკუთვნილი მიზნობრივი მოხმარებისთვის” (ალიმენტარიუსის საერთაშორისო კოდექსი). ბოლო დროს საგრძნობლად იმატა საკვებისმიერი მოშხამვების შემთხვევებმა, მათ შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის სიკვდილიც კი.
მოვიყვანთ მონაცემებს საქართველოში საკვებისმიერი მოშხამვების შემთხვევის შესახებ:
გარდა ამისა, სურსათით გამოწვეული დაავადებების აფეთქებებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ბიზნესის განვითარების სხვა ასპექტებზე. უვნებელი სურსათის წარმოების პროცესში ჰიგიენის ეფექტურ კონტროლს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ევროკავშირში სურსათის უვნებლობის აქტუალურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამის მიზეზებად მიიჩნევა: 1990-ანი წლების სასურსათო კრიზისი (BSE, დიოქსინი); მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა; წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა. მოცემული მიზეზების გამო ევროკავშირში მოხდა კანონმდებლობის შემუშავება; სურსათის უვნებლობის სფეროს ახალი ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირში წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული/რეექსპორტირებული სურსათისათვის თანაბარი მოთხოვნების დაწესება. შემოღებულ იქნა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის სტანდარტი IშO 22000:2005 – სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც საერთაშორისო დონეზე სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის არსებული მოთხოვნების ჰარმონიზებით შეიქმნა.
ISO 22000:2005-ის დანერგვა შესაძლებელია დამოუკიდებლად ან სხვა მართვის სისტემებთან ინტეგრირებით (მაგ. ISO 9001:2008). ის მოიცავს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებსა და კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის მიერ შემუშავებული განხორციელების ეტაპებს. საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო დებატები სურსათის უვნებლობის სისტემის მოწყობის შესახებ. საქართველოს მიერ ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობა განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: სტრატეგიული პარტნიორის მოპოვება; ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრის გახსნა; შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი; თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. შემუშავდა საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონი. რეფორმის მიზნები იყო: სურსათის ბაზრის ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სურსათის ექსპორტის პოტენციალის გაფართოება; ევროგაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობა; სურსათის მაკონტროლებელი სისტემის თანამედროვე ორგანიზაციული მოწყობის დანერგვა. ამით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ სივრცესთან აპროქსიმაციისათვის.
ახალი მიდგომები მოიცავს რისკის მართვის მნიშვნელოვან ასპექტებს. რისკის მართვამ რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით. აღნიშნული ზომები უნდა იყოს ეფექტიანი.
სურსათის ზოგადი კანონის პრინციპები სახელმწიფო დონეზე ასეთია:
ამ პრინციპის ფარგლებში ხდება გაფრთხილება – დგინდება რისკის მართვის შესაბამისი ზომები თუ სურსათის მავნე ზეგავლენის შესაძლებლობა; ჩაერთვება სწრაფი განგაშის სისტემა (RASFF);
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) უფლებამოსილებაა: დამოუკიდებელი სამეცნიერო რეკომენდაციების შემუშავება; წევრი ქვეყნების მსგავს ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა; რისკის შეფასების განხორციელება და საზოგადოების შესაბამისად ინფორმირება. კანონში მუდმივად მიმდინარეობს დანართების განახლება მეცნიერული სიახლეების გათვალისწინებით.
საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სურსათის უვნებლობის ზედამხედველობასა და კონტროლზე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური. ხოლო სურსათის უვნებლობის პარამეტრების დადგენა, ბავშვთა კვება, კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობის მიღება ეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
კვების მრეწველობის კომპანიებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაში კონტროლის მექანიზმი დღეს წინა პერიოდთან შედარებით განსხვავებულია ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორით: თუ ადრე ხდებოდა საბოლოო პროდუქტის კონტროლი, დღეს წარმოებს მთლიანდ პროცესის მართვა. პროცესის მართვა მოიცავს პროდუქტის მართვას. პროცესის მართვის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: პროცესის თითოეული ეტაპი კონტროლდება; პრევენციაზე დაფუძნებული სისტემა, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს, შეამციროს ან მინიმუმამდე დაიყვანოს შეუსაბამობების წარმოქმნის შემთხვევები; ურთიერთდაკავშირებული პროცესები ეფექტურად და კომპლექსურად იმართება; ეფექტური მართვის საფუძველზე საწარმოო ხარჯები მცირდება; პროცესის მართვის შედეგად უზრუნველყოფილია საბოლოო პროდუქტი/მომსახურების შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან; მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ნდობა. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მიზანია უზრუნველყოს უვნებელი სურსათის წარმოება და დაადასტუროს, რომ წარმოებული სურსათი უვნებელია.
კომპანიებში სურსათის უვნებლობის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის წინაპირობებია:
მენეჯმენტის სურვილი და მონდომება. 2. თანამშრომლების ტრეინინგი.
ეს დიაგრამა ასახავს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის არქიტექტურას. ეს არის პროცესზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის. წარმოების სანიმუშო პრაქტიკა მოიცავს ჰიგიენის ზოგად კოდექსს. წინასწარი აუცილებელი პროგრამები კი – სტანდარტულ სამუშაო ინსტრუქციებს, რომლებიც კონკრეტული მიზნითაა შექმნილი და მენეჯმენტის მიერ დამტკიცებული. მათ შორის, მიკვლევადობა. მიკვლევადობა არის შესაძლებლობა, დავადგინოთ სურსათში გამოყენებული ნებისმიერი ნივთიერების/ნედლეულის შესახებ ინფორმაცია სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე საბოლოო მომხმარებლიდან მწარმოებლამდე/მომწოდებლამდე და პირიქით. სურსათის უვნებლობის მართვის მსოფლიოში აღიარებული სისტემა HACCP – არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. თუ ცნობილია: 1. რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას? 2. სად შეიძლება წარმოიშვას? ხორციელდება საფრთხის ანალიზი. შემდეგ ეტაპზე განიხილება, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, ანუ ჩაერთვება კრიტიკული საკონტროლო წერტილები. ამდენად, პრობლემის პრევენცია შესაძლებელია. HACCP არის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა მთელი სასურსათო ქსელისათვის, ანუ მიდგომა ასეთია: “ფერმიდან სუფრამდე” და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ფერმერები (პირველადი გადამუშავება); გადამამუშავებლები; მომსახურების სექტორი. HACCP სისტემა არის მეცნიერებაზე დაფუძნებული სისტემა, მართვის ხერხი, რომლის საშუალებითაც ხდება უვნებელი სურსათის წარმოება და დოკუმენტალურად დადასტურება იმისა, რომ მისი წარმოება უვნებლად მოხდა.
HACCP აშშ-ში სავალდებულოა ზოგიერთი სექტორისათვის 1997 წლიდან: USDA-ხორცი, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება. FDA-ზღვის პროდუქტები, წვენების წარმოება. FDA-რძის სექტორი კონტროლდება სპეციალური რეგულაციით. ნებაყოფლობითია ყველა სხვა სექტორისათვის. ევროპა – სავალდებულოა ყველა სექტორისათვის 2005 წლიდან. საქართველო – სავალდებულოა ყველა სექტორისათვის (გარდა პირველადი წარმოებისა, ისევე, როგორც მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა).
საქართველოში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ასეთია: საქართველოსთვის ახალი კონცეფცია; ინფორმირებულობის დაბალი დონე; სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტების ნაკლებობა; ხშირ შემთხვევაში, პრინციპების არასწორი ინტერპრეტაცია; კომპანიის თანამშრომლების მხრიდან მაღალი რეზისტენტულობა; სირთულეები ჩანაწერების წარმოებასთან დაკავშირებით; სისტემის დანერგვა მუდმივ განახლებას და გაუმჯობესებას მოითხოვს, რაც დაკავშირებულია მიმდინარე ხარჯების გაზრდასთან, თანამშრომლების ტრეინინგთან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან; სისტემის დანერგვით მიღებულ დადებით შედეგებს კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში იღებს.
2009 წლის მაისში კომპანიამ GDCI აწარმოა საქართველოს საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. კვლევის მიზანი იყო სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვით და განხორციელებით მიღებული შედეგების შეფასება. საქართველოს მასშტაბით სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა დანერგილია ან დანერგვის პროცესშია 24 კომპანიაში. სისტემის დანერგვის ძირითადი მიზეზებია საწარმოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა, კომპანიაში არსებული პროცესების გაუმჯობესება, ახალი ბაზრების მოძიება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა.
დანერგვისას არსებული დამაბრკოლებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია არასაიმედო მცირე მომწოდებლები; საშუალო რგოლის მენეჯმენტის რეზისტენტულობა. საწარმოებისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა მომწოდებლების კონტროლი, მიკვლევადობის სისტემის დანერგვა. ამდენად, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშემწყობ ფაქტორთა შორის (მიკრო დონეზე) აღსანიშნავია ნედლეულის უვნებლობის უზრუნველყოფა, შემდეგ სახელმწიფო კონტროლი + საკანონმდებლო ბაზა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, მომხმარებლის გათვითცნობიერების ამაღლება.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესის გზას წარმატებისაკენ კმაყოფილი მომხმარებელი განსაზღვრავს. კომპანიების უმრავლესობა თავიანთი უკმაყოფილო მომხმარებლების 96%-ს ვეღარასოდეს იბრუნებს. 3/11-ზე – ერთი კმყოფილი მომხმარებელი თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს 3 ადამიანს, ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი კი – 11-ს. უკმაყოფილო მომხმარებელი, რომლის პრეტენზიები ჩივილის შემდეგ დააკმაყოფილეს, ამის შესახებ თავის შთაბეჭდილებას 5 ადამიანს უზიარებს. მომხმარებლის დადებითი როლი შემდეგში აისახება: ინფორმირებული და მომთხოვნი მომხმარებელი არ აძლევს ბიზნესსა და სახელმწიფოს მოდუნების შესაძლებლობას და შესაბამისად გავლენას ახდენს ბიზნესის, ქვეყნის განვითარებაზე;
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), BP და ავსტრიის მთავრობა საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია სურსათის ადგილობრივ მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობა. სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, პროექტი შეეცდება ქართველი მწარმოებლების სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესებას, სურსათის უვნებლობის მექანიზმის დანერგვას და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შეთანხმებას.
პროექტი შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან: კონსულტაციები კომპანიებისთვის სურსათის უვნებლობის სისტემის დახვეწის მიზნით; სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებით საზოგადოებისა და კერძო მეწარმეების ინფორმირება; საქართველოს სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შეთანხმება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად პროექტში მონაწილეობენ IFC-ის წარმომადგენელი კავკასიაში თომას ლუბეკი, IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი სნეჟანა სტოილჯკოვიჩი და BP-ის გენერალური მენეჯერი ნილ დანი.
საქართველოში სურსათის უვნებლობის კონტროლი საექსპორტო პროდუქციისათვის 2010 წლის ივნისიდან ამოქმედდება, ადგილობრივი ბაზრისათვის განკუთვნილ პროდუქციაზე კი ეს კონტროლი მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყება.
ექსპერტ დავით ნარმანიას აზრით, თავისუფალი ბაზარი არ ნიშნავს ყველაფრის ხელიდან გაშვებას. ევროკავშირის პოლიტიკისა და ეკონომიკური სისტემების კარგად გააზრება უნდა მოხდეს. საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კანონმდებლობის არარსებობა, ევროკავშირისთვის პრობლემად რჩება. ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უფლებების დაცვა, ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველყოფა”.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაა.
საქართველოს პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კრიზისის პერიოდში ქვეყანამ არ გადაუხვია ლიბერალიზაციის გზას, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ნიკა გილაურის თქმით, ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, მთავრობას ეკონომიკის სტიმულირების მიზნით გადასახადები არ გაუზრდია. ეს უდავოდ სწორი პოლიტიკაა. დაველოდოთ მოვლენებს, ვიმედოვნებთ, რომ ეს გზა მიგვიყვანს ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებამდე, როდესაც მომხმარებელი დაცული იქნება, მას ექნება უვნებელი სურსათის მიღების საშუალება და ბოლოსდაბოლოს ჯანმრთელობას შეინარჩუნებს. ადამიანის ჯანმრთელობა ხომ ქვეყნის ყოველგვარი სიკეთის საწყისია. უვნებელი და ჯანსაღი კვება ჭეშმარიტად მაღალი შრომისუნარიანობისთვისაა აუცილებელი. ამასთან, ჯანმრთელობა, როგორც სოციალური კატეგორია, ეკონომიკური ეფექტიანობის წინაპირობაა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსოფლიოს უამრავი ქვეყანა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების თითქმის ნახევარს ხომ სოციალური სფეროს დასაფინანსებლად იყენებს.
ამასთან, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ორგანიზაციებში სამეცნიერო-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარების შესახებ. ამის მაგალითი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. ამის მიზეზად ის ფაქტორი მიგვაჩნია, რომ ბოლო წლებში ტექნოლოგიის მძაფრი ზრდის პირობებში, რომელსაც ფაქტიურად სოციო-ტექნოლოგიური რევოლუციის ხასიათი აქვს, ტექნოლოგიური აუდიტის როლი ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში არსებითად გაიზარდა.
ტექნოლოგიური აუდიტი, როგორც საინოვაციო მენეჯმენტის მეთოდი,
ორგანიზაციის მიმდინარე მდგომარეობის, მისი ტექნოლოგიური სიჯანსაღის და საინოვაციო პერსპექტივების შეფასების მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს.
ზოგადად აუდიტი (ინგლისური სიტყვიდან აუდიტ – შემოწმება, რევიზია) – ეს არის განსაზღვრულ სამეურნეო ერთეულთან, ორგანიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაგროვებისა და შეფასების პროცესი, ამ ინფორმაციის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამრიგად, აუდიტის შესასრულებლად აუცილებელია, პირველ რიგში, ინფორმაცია, რომელიც მოგროვებულია მოცემულ ორგანიზაციაში ან მის რომელიმე ქვესისტემაში, მეორე მხრივ, აუცილებელია განსაზღვრული სტანდარტები (კრიტერიუმები), რომელთა დახმარებითაც შეიძლება შეფასდეს ეს ინფორმაცია.
ტექნოლოგიური აუდიტი არის ოპერაციული აუდიტის ნაირსახეობა (ოპერაციულის გარდა არსებობს შესაბამისობის აუდიტი და ფინანსური აღრიცხვის აუდიტი). ორგანიზაციის ტექნოლოგიური აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციში გამოყენებული ტექნოლოგიური მეთოდების, ხერხების და პროცედურების შემოწმებას მათი მწარმოებლურობის და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
ოპერაციული აუდიტის ჩატარება, როგორც წესი, არის უფრო რთული ამოცანა, ვიდრე აუდიტის სხვა სახეების ჩატარება, რამდენადაც ოპერაციის ეფექტიანობის განსაზღვრა ბევრად რთულია, ვიდრე ფინანსური აღრიცხვის შედარება ზოგად ბუღალტრულ პრინციპებთან. ტექნოლოგიური ინფორმაციის შესაფასებლად დადგენილი კრიტერიუმები ნაკლებად მკაცრია, ვიდრე ბუღალტრული აღრიცხვის შემთხვევაში, რადგანაც მათ გააჩნიათ უფრო სუბიექტური ხასიათი. ამდენად, ტექნოლოგიური აუდიტი გარკვეულ საფეხურზე შეიძლება შევადაროთ კომპანიის ადმინისტრაციის კონსალტინგს.
ტექნოლოგიური აუდიტის არსში კარგად გასარკვევად, საჭიროა მისი შედარება ფინანსური აღრიცხვის აუდიტთან გარკვეული მახასიათებლების მხრივ. მაგალითად, ფინანსური აღრიცხვის აუდიტის დროს აუდიტორი ძირითად ყურადღებას უთმობს იმას, თუ რამდენად სწორადაა ასახული ფინანსურ აღრიცხვაში სამეურნეო ოპერაციები. ხოლო ტექნოლოგიურ აუდიტში საყრდენს წარმოადგენს ტექნოლოგიების ეფექტიანობა და მწარმოებლურობა. თუ ფინანსური აღრიცხვის აუდიტი ორიენტირებულია წარსულზე (გააჩნია რეტროსპექტიული ხასიათი), ტექნოლოგიური აუდიტი ეხება სამეურნეო საქმიანობის პერსპექტივებს, ორიენტირებულია ორგანიზაციის მომავალზე. ფინანსური აუდიტის დროს დასკვნა დაიდება მრავალი მონაწილის მიერ (აქციონერები, ბანკირები), მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური აუდიტის დროს დასკვნა დაიდება მხოლოდ ორგანიზაციის მენეჯერის (ადმინისტრაციის) მხრიდან.
ორგანიზაციაში ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარების პროცესში შეიძლება გამოიყოს 3 ძირითადი ეტაპი.
ორგანიზაციაში ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარების ძირითადი ეტაპები:
I ეტაპი – ეს არის იმ ტექნოლოგიების მიმოხილვა, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციაში და მისი პოზიციების შეფასება ამ ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში.
II ეტაპი – ეს არის სხვა ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კონკურენტ ორგანიზაციებში გამოყენებული ტექნოლოგიების მიმოხილვა და ტექნოლოგიური ეტალონების გამოვლენა, მათ შორის, პრაქტიკულად გამოყენებული საუკეთესო ტექნოლოგიების. ძირითად სამართავ ინსტრუმენტად ამ ამოცანის გადასაწყვეტად გვევლინება ბენჩმარკინგი (ინგლ. ბენცჰმარკინგ ეტალონის გამოვლენა, შემოწმება ეტალონის ტესტის მიხედვით).
III ეტაპი – ორგანიზაციის ტექნოლოგიური აუდიტისა არის ორგანიზაციის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების შედარება გამოვლენილ ტექნოლოგიურ ეტალონებთან მათი შედარებითი ეფექტიანობის, ანუ პერსპექტიულობის შეფასების მიზნით. მთავარ სამართავ ინსტრუმენტად მესამე ეტაპის ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება ორგანიზაციის ტექნოლოგიური პორტფელის ანალიზი.
დავახასიათოთ უფრო დეტალურად ტექნოლოგიური აუდიტის თითოეული ეტაპი, იმისათვის, რომ ავხსნათ ინოვაციური მენეჯმენტის ამ მეთოდის ხასიათი და შინაარსი.
პირველ ეტაპზე, ორგანიზაციაში გამოყენებული ტექნოლოგიის განხილვა და მათი რეალური მდგომარეობის შეფასებისთვის ფორმირდება აუდიტ-ჯგუფი ისე, რომ მასში შედიოდნენ თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ტექნოლოგიური პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, ასევე, ისინიც, ვისაც ის უშუალოდ არ ეხება. მხოლოდ ასეთი პირობებით დაკომპლექტებული აუდიტ-ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაობის შედეგად მივიღებთ მეტად ობიექტურ სურათს ორგანიზაციის ტექნოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
საინოვაციო პროექტის ხელმძღვანელი წარუდგენს აუდიტ-ჯგუფს ორგანიზაციის ტექნოლოგიური განვითარების ძირითად მიმართულებებს. გამოყოფილი სტრატეგიული ტექნოლოგიური მიზნები, საკვანძო ტექნოლოგიები ეხმარება აუდიტ-ჯგუფს შეაფასოს სხვადასხვა ტექნოლოგიის პოზიციები ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ტექნოლოგიური აუდიტის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მისი თანამშრომლების, მომწოდებლების, მომხმარებლების, დარგობრივი და სხვა ექსპერტების გამოკითხვა ორგანიზაციაში გამოყენებული ტექნოლოგიების შეფასების მიზნით. ამ გამოკითხვის ჩატარების ძირითადი მეთოდები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ ეფექტიანობას, იყოფა 3 ძირითად ჯგუფად: ინტერვიურება, ანკეტირება, ჯგუფური ექსპერტული მეთოდები (კერძოდ, დელფის მეთოდი, იდეების გენერაციის მეთოდი, ნომინალური ჯგუფების მეთოდი)
ინტერვიურება – ეს არის ექსპერტების ზეპირი გამოკითხვა. ინტერვიურების მეთოდი კარგად ნაცნობი მეთოდია და ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში. ინტერვიუს ძირითადი მიზანია ექსპერტის დასკვნის მიღება გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ. ტექნოლოგიური აუდიტის შემთხვევაში ტარდება, როგორც ფორმალური, სტრუქტურირებული ინტერვიუ, ისე ინტერვიუ აზრების თავისუფალი გაცვლის სახით.
იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ადამიანის ცოდნის საზღვრები და ცალკეული ექსპერტირების შესაძლო მიკერძოება, როგორც წესი, მოითხოვს რამოდენიმე ინტერვიუს (ზოგჯერ მათი რიცხვი ძალიან დიდია) ჩატარებას და მათი შედეგების განხილვას.
ტექნოლოგიური აუდიტის დროს ინტერვიუს ჩატარებისას ხშირად სასარგებლოა წინასწარ ორიენტირება ინტერვიუერისა, მაგალითად, გავუგზავნოთ მას ადრევე წერილი ინტერვიუს მიზნების მითითებით. ამ შემთხვევში, ხშირად იგზავნება საორიენტაციო კითხვებიც. ინტერვიუს პროცესში, როგორც მკაცრი ექსპერიმენტის დროს, აუცილებელია სწრაფვა მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღებისაკენ და არა დამახინჯებული ზეგავლენა ინტერვიუერზე, მათ შორის, იმაზეც, ვინც ინტერვიუს ატარებს.
ანკეტირების მეთოდი არსებითად ძალიან ახლოსაა ინტერვიურების მეთოდთან: ფაქტობრივად, იგივე ინტერვიუა, მხოლოდ ჩატარებულია ინტერვიუერის დაუსწრებლად, მოწოდებულ კითხვებზე წერილობითი ფორმით გაცემული პასუხების გზით. ეს ფაქტორი უზრუნველყოფს გამოყენებული ტექნოლოგიების მიმართ ბევრი ადამიანის აზრის მიუკერძოებელი ანალიზის ჩატარებას. თუმცა ამ მეთოდის ნაკლოვანება გამოიხატება იმაში, რომ კითხვებისა და პასუხების სტრუქტურამ წერილობით, ანკეტის სახით, შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანს თავისი აზრის ბოლომდე გამოხატვაში.
ძირითადი რეკომენდაცია გამოყენებული ტექნოლოგიის ანალიზის ჩასატარებლად ანკეტის დამუშავებაში შემდეგია: ანკეტის სტრუქტურა უნდა იყოს მკაფიოდ ფოკუსირებული ტექნოლოგიური აუდიტის მიზანზე, რომ ანკეტა იყოს მაქსიმალურად მოკლე. პასუხების შერჩევისას “დახურულ” შეკითხვებზე (“დიახ” ან “არა” ტიპის მენიუდან) უნდა დავტოვოთ ადგილი ექსპერტების კომენტარებისთვის (თანამშრომლები, მომწოდებლები, მომხმარებლები, დარგობრივი და სხვა სპეციალისტები). არც თუ ისე იშვიათად ანკეტირების წარმოებას მივყავართ დროისა და თანხის არსებით ხარჯებამდე მონაცემების შერჩევისა და დამუშავებისათვის. ასეთ შემთხვევაში, შეკითხვების ბუნდოვანებამ შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიის ანალიზის ამ მეთოდის ეფექტიანობის შემცირება. ამიტომ, სასურველია ჩავატაროთ ანკეტის “გამოცდა” გამოკითხულთა მცირე ჯგუფში (საპილოტო გამოკითხვა)
ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარებისას ინტერვიუს და ანკეტირების ალტერნატივის სახით შეიძლება შევკრიბოთ (მოვიწვიოთ) ექსპერტების ჯგუფი, რათა მათ გამოხატონ თავიანთი შეხედულება კოლექტივში, რაც შეუძლებელია ინდივიდუალური გამოკითხვისას. ასეთი ჯგუფური გამოკითხვის ჩასატარებლად ასევე აუცილებელია ორგანიზაციაში ექსპერტების ჯგუფური მუშაობის სპეციალური უნარ-ჩვევების არსებობა.
ამდენად, საკამოდ მაღალი ეფექტიანობა ექსპერტების ჯგუფისგან ერთიანი კომპეტენტური აზრის დამუშავებისთვის აჩვენა დელფის მეთოდმა. დელფის მეთოდში გამოიყოფა შემდეგი ნაბიჯები: გამოკითხვის ორგანიზატორები ადგენენ ანკეტებს და განსაზღვრავენ იმ ექსპერტთა ზოგად სიებს, რომელთაც უნდა გადაუგზავნონ ანკეტები. ამ ეტაპზე ექსპერტებმა არ იციან სხვა რესპოდენტების შესახებ. პასუხების მიღებისა და მათი განხილვის შემდეგ მაგალითად, ცხრილების სახით, ეს შედეგები ისევ გადაეგზავნებათ რესპოდენტებს სხვა წევრების სიასთან ერთად. ეს პროცედურა, პასუხის მიღება, მათი განხილვა და შედეგების შემდეგი გადაგზავნა ექსპერტებისთვის მათი აზრის დასაზუსტებლად მეორდება რამოდენიმეჯერ.
ეს არის ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარების პროცედურის ზოგიერთი დეტალი. ჩემი აზრით, უნდა შეირჩეს საპილოტო ორგანიზაციები და ადმინისტრაციის თანხმობით ჩატარდეს სამეცნიერო-ტექნოლოგიური აუდიტი. გაირკვეს, მისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მდომარეობა. განისაზღვროს კომპანიის სამეურნეო საქმიანობის პერსპექტივები, ტექნოლოგიური აუდიტი ხომ პირდაპირ ორიენტირებულია ორგანიზაციის მომავალზე. ამით მოცემული ორგანიზაცია გახდება კონკურენტუნარიანი და დაიმკვიდრებს საკადრის ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე.