პასუხისმგებლობის სტანდარტი
ნინო არველაძე
მდგრადი განვითრების მიზანია დააკმაყოფილოს დღევანდელობის მოთხოვნები ისე, რომ არ დააზარალოს მომავალი თაობები და საფრთხის წინაშე არ დააყენოს მათ მიერ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მექსიკაში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 20 ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და 192 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბოლო ასწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ აქტიურ პოზიციაზე დააყენა ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სფეროებზე ასახული ორგანიზაციების მიერ გამოწვეული დადებითი და უარყოფითი ზეგავლენები. მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს დატოვების საჭიროებამ მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია.
მექსიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა “ნისანის” მარკის ელექტრომანქანა პირადად გამოსცადა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით უნდა შეივსოს, რაც თავისთავად, შეამცირებს საწვავის მოხმარებასა და მავნე გამონაბოლქვის მოცულობას, მუნიციპალურ დონეზე იგივე ინიციატივას ახორციელებს ამსტერდამი და კოპენჰაგენი. პრეზიდენტის ინიციატივა, მდგრადი განვითარების სტანდარტის საქართველოში დასანერგად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს საჯაროდ დეკლარირებულ პოლიტიკურ კურსს შეესაბამება და დასავლური ფასეულობების საქართველოში ფეხის მყარად მოკიდებას უზრუნველყოფს, მსოფლიო საზოგადოებას კი, აუწყებს მზაობას მსოფლიო ჯაჭვში მომავალი თაობებისთვის ზრუნვაში ერთ-ერთი რგოლის ფუნქციის შესასრულებლად.
10 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საქართველოს მასშტაბით მდგრადი განვითარების პირველი, 2009 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც “გლობალური ანგარიშგების ინიციატივის” (GRI) ანგარიშგების ფორმატის (G3) მიხედვითაა მომზადებული და აკმაყოფილებს ამ ფორმატის C დონის მოთხოვნებს. ორგანიზაცია ასევე მიერთებულია გაეროს “გლობალური შეთანხმებების” ინიციატივას და არის “გლობალური შეთანხმებების” საქართველოს ქსელის წევრი. საქართველოში გლობალ კომპაქტის სამდივნოს ფუნქცია იტვირთა ამერიკის სავაჭრო პალატამ, რომელიც ზრუნავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად და ხელს უწყობს ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
მდგრადი განვითარება სხვადასხვა ქვეყნებისა და სექტორების ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა, მასში ჩართულია ბიზნესიც და სამოქალაქო საზოგადოებაც. ორგანიზაცია რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკის დასამკვიდრებლად სხვადასხვა სექტორებში. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკის დამკვიდრება? მდგრადი განვითარების კონცეფცია ეფუძნება სამყაროს ერთიან სისტემად აღქმას, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეებსა და დროში სხვადასხვა ეპოქებს აერთიანებს, რაც გულისხმობს ახსნას, რომ პრობლემები სივრცესა და დროში ლოკალიზებული არ არის, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ეკოლოგიურ კატასტროფებსა და გარემოს დაბინძურებას, რაც დროთა განმავლობაში მომავალი თაობების ცხოვრების ხარისხსა და მსოფლიოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს ზეგავლენას, ანუ სისტემური მიდგომა საკითხებისადმი მდგრადი განვითარების კონცეფციის ბირთვია. მისი ტრადიციული განმარტება კი შემდეგია: მდგრადი განვითარების მიზანია, იმგვარად დააკმაყოფილოს დღევანდელი თაობების მოთხოვნილებები, რომ საფრთხის წინაშე არ დააყენოს მომავალი თაობები და მომავალმა თაობებმა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლონ.
კონცეფცია 1997 წელს გაეროს გარემოსა და განვითარების სამიტზე ჩამოყალიბდა და შემდეგ მდგრადი განვითრების საკითხებს უამრავი ფორუმი, ინიციატივა და ღონისძიება მიეძღვნა. კონცეფცია სამ სხვადასხვა ასპექტს აერთიანებს: ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რომელთა ერთობლიობაც მდგრად განვითარებას ქმნის. XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ არა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა და კაცობრიობა ისეთი საფრთხეების წინაშე დააყენა, როგორიცაა გლობალური დათბობა და ნარჩენების უკონტროლოდ წარმოქმნა, მავნე აირების გაფრქვევები, ეკოლოგიური კატასტროფები, სხვადასხვა ქვეყნებში სიღარიბის მაღალი დონე და ა.შ. აღნიშნული საფრთხეების გამო მდგრადი გნვითარების მნიშვნელობამ აქტიური სახე შეიძინა და მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, რომ პრობლემების გადასაჭრელად ერთიანი ძალებია საჭირო, სხვა შემთხვევაში საფრთხის წინაშე დგება სამყაროს ვარგისიანობა, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა გამოიყენონ. ამიტომ, მგრადი განვითარების მიმართულებით ინიციატივები ხორციელდება, როგორც სახელმწიფო, ასევე ორგანიზაციულ დონეზეც. სხვადასხვა ქვეყნებს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიები აქვთ შემუშავებული და ყოველ წელს საჯაროდ აქვეყნებენ მიღწეული შედეგების ანგარიშებს. გარდა ამისა, მსოფლიოში ცალკეული ორგანიზაციები შეთანხმდნენ, წვლილი შეიტანონ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია თავისი საქმიანობით გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის გარშემო არსებულ სოციალურ თუ ეკოლოგიურ გარემოზე. მნიშვნელოვანია, ყველა ორგანიზაციის მხრიდან საკუთარი ზეგავლენების გათვალისწინება და უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მცდელობა დადებითი ზეგავლენის გაზრდის ფონზე, ამასთანავე, ორგანიზაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას აბარებდეს ანგარიშს, თუ როგორ ითვალისწინებს ის თავის საქმიანობაში მისი საქმიანობით გამოწვეულ ზეგავლენას და როგორ ცდილობს მათ მართვას. ამ მხრივ, ორგანიზაციისთვის თავის წარმოჩენის საშუალება მდგრადი განვითარების ანგარიშია.
მდგრადი განვითარების ანგარიში საჯაროა და ის საზოგადოებას აცნობს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის საქმიანობა მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სფეროებზე. კონკრეტული ორგანიზაციის ზეგავლენა აღნიშნულ სფეროებზე შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგნაირად: ეკონომიკური ზეგავლენები მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ზეგავლენას უფრო ფართო ეკონომიკურ სისტემებზე, მაგალითად, რეგიონის ან ქვეყნის ეკონომიკაზე ან გლობალურ ეკონომიკაზე, ეკოლოგიური ზეგავლენები გამოიხატება ორგანიზაციის მიერ რესურსების მოხმარების, ნარჩენების წარმოქმნის, ეკოსისტემებში ჩარევით, სოციალური ზეგავლენა კი არის ზეგავლენა, რომელსაც ორგანიზაცია ახდენს ადგილობრივ თემებზე ან ზოგადად საზოგადოებაზე.
ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების მოლოდინი დროთა განმავლობაში იზრდება, რათა მათ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულნი გახდნენ. დღევანდელ მსოფლიოში, ორგანიზაციები, რომელთაც პატივისცემისა და ნდობის მოპოვება სურთ, ცდილობენ ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ისინი არ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარი სტრატეგიების მისაღწევად, არამედ, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევადაც სწევენ შრომას, საკუთარ საქმიანობაში ითვალისწინებენ ზეგავლენებს და ცდილობენ მათ მართვას.
აღნიშნული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგანაც ის საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკაა და მსოფლიოში იზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც ყოველწლიურად აქვეყნებენ მდგრადი განვითარების ანგარიშს.
საქართველოს საჯაროდ დეკლარირებული კურსი სწორედ დასავლური კურსია და ქვეყანა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, ამისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას ევროპის საკანონმდებლო ბაზასთან, არამედ დასავლური ფასეულობებისა და საქმიანობის სტანდარტების გადმოტანას ქართულ რეალობაში. დასავლურ ფასეულობებსა და სტანდარტებს შორის კი, მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია ყველა ორგანიზაციის (მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ან ბიზნეს-კომპანია) საქმიანობაში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას და ამ საკითხების შესახებ ანგარიშგების წარმოებას. გარდა იმისა, რომ მდგრადი განვითარების კონცეფციის ქართულ რეალობაში გამოყენება ხელს უწყობს დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას, მას კონკრეტული დადებითი შედეგები მოაქვს თითოეული ორგანიზაციის საქმიანობაში: ძალიან ეფექტური კომუნიკაციის იარაღი საზოგადოებასთან და ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებთან, რადგან მდგრადი განვითარების ანგარიში საზოგადოებას საჯაროდ აცნობს, თუ როგორ მონაწილეობს ორგანიზაცია ქვეყნის საერთო ეკონომიკურ განვითარებაში, სოციალური კეთილდღეობის მიღწევაში და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ანგარიში წარმოაჩენს, რომ ორგანიზაცია ზრუნავს თავის სამიზნე ჯგუფებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად იმ თემებზე, რომელშიც საქმიანობს, ანგარიშის გამოქვეყნების საშუალებით ნათელი ხდება, რომ ორგანიზაცია საკუთარ ზეგავლენას აანალიზებს და შეძლებისდაგვარად ცდილობს მათ მართვას. ბიზნეს-კომპანიებისთვის მდგრადი განვითარების ანგარიში არის ჩშღ ანგარიში, ანუ სოციალური ანგარიში. სამთავრობო უწყებები ამგვარი ანგარიშებით წარმოაჩენენ, რომ ისინი საკუთარ საქმიანობაში იმავე პრინციპებს ახორციელებენ, რომლებიც მათ სახელმწიფო პოლიტიკაში საჯაროდ დეკლარირებული აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ზოგადად, განვითარების მიზნებზეა მიმართული, მაგრამ მსგავს ანგარიშებს აქვყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით და ამით საზოგადოების ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ისინი სწორედ იმ სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რომელსაც სხვებს უქადაგებენ.
მდგრადი განვითარების ანგარიშგების პროცესი ერთგვარად მენეჯმენტის ინსტრუმენტიც არის, რადგან საკუთარი საქმიანობის ზეგავლენების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა საჭიროებს მათ გაანალიზებასა და გაზომვას. სწორედ აღნიშნული პროცესი ეხმარება ორგანიზაციებს მათი ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გამოვლენაში და სავარაუდო რისკების გამოკვეთაში, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მათ სამართავად სისტემური მიდგომები დანერგონ და უკეთესი შედეგების მისაღებად ღირებული სტრატეგია შეიმუშავონ.
უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მსოფლიოში იზრდება მდგრადი განვითარების სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადების ტენდენცია, ანუ ისეთი ანგარიშების მომზადება, რომელიც ეფუძნება ერთიან, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ფორმას, რომელსაც წარმოადგენს ანგარიშგების გლობალური ინიციატივის Gლობალ ღეპორტინგ Iნიტიატივეს (GRI) მიერ შემუშავებული ფორმატი, რომელიც 1997 წელს დაარსდა. არსებითად, ეს არის ექსპერტთა ქსელი, რომლის სათაო ოფისიც ამსტერდამში მდებარეობს, მან შეიმუშავა მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტი. ანგარიშგების პირველი ვერსია 2000 წელს გამოვიდა და მის სრულყოფაზე მუშობა მუდმივად მიმდინარეობდა, ამჟამად უკვე არსებობს მესამე თაობის სახელმძღვანელო მითითებები, ანუ მესამე თაობის სტანდარტი. სტანდარტის შემუშავებაში სამი ათასზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია იყო ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და განსხვავებული სექტორებიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტში გათვალისწინებულია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები. GRI-ის მიერ შემუშავებული ფორმატი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და მის მიხედვით ათასობით ორგანიზაცია წარადგენს თავის ანგარიშს, 2010 წლის მონაცემებით, დაახლოებით 2000 ორგანიზაციამ წარმოადგინა მდგრადი განვითარების ანგარიში სხვადასხვა სექტორებიდან.
GRI ფორმატით წარმოებული ანგარიში საყოველთაოდ აღიარებული და საერთაშორისოა, რომელიც ორგანიზაციისთვის სავიზიტო ბარათად ფასობს და საერთაშორისო აღიარებით, ISO ხარისხის მართვის სერტიფიკატს უთანაბრდება. აღნიშნული სტანდარტით მომზადებული ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის სამივე სფეროს: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვის სფეროებს. ფორმატი გამოსადეგია ყველა ზომის, ყველა ტიპის და ყველა სფეროში დასაქმებული ორგანიზაციისათვის და ასახავს ორგანიზაციის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს. ამიტომ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სანდოა, რადგან მასში წარმოდგენილი მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს გაზომვადი, შესაძლებელი უნდა იყოს მასში წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება და წყაროების ნახვა. მსგავსი მარცვალი უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ წარმოებული მდგრადი განვითარების ანგარიშის სარეკლამო ბუკლეტად გამოყენების გამორიცხვას, რადგან ანგარიშის სტანდარტი ადექვატურად ასახავს მის მიერ წარმოებული საქმიანობის ზეგავლენებს და სხვადასხვა ორგანიზაციების საქმიანობის მიერ მოხდენილი ზეგავლენების შედარებას ან ერთი ორგანიზაციის მიერ წლიდან წლამდე მიღწეული შედეგების შეფასებას.
სტანდარტის კიდევ ერთი უპირატესობაა დონეების სისტემის არსებობა, არსებობს სტანდარტის სამი დონე. დონეების საშუალებით დამწყებ ორგანიზაციას შეუძლია აწარმოოს შედარებით მარტივი ანგარიში, რომელიც სტანდარტის მხოლოდ გარკვეულ, არსებით ინდიკატორებს ითვალისწინებს და საფეხურეობრივად გადავიდეს სრული ფორმატის ანგარიშგებაზე.
2009 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის გამოქვეყნებით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი შეუერთდა მსოფლიოს მოწინავე და წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მდგრადი განვითარების გლობალურ კონტექსტში აღიქვამენ და ყოველწლიურად საჯაროდ წარმოადგენენ არა მხოლოდ სტრატეგიული მიზნების შესრულებაში მიღწეულ წარმატებას, არამედ იმას, თუ როგორ ითვალისწინებენ, მართავენ და აუმჯობესებენ ამ მიზნების განხორციელების პროცესში საკუთარ ზეგავლენებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.