საბანკო სექტორი კრიზისს თავს აღწევს?
რედაქციისგან
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფასიანი ქაღალდების აუქციონებით კომერციულ ბანკებს სასათბურე პირობები შეუქმნა, ზოგიერთი მათგანი კრიზისს თავს ვერ აღწევს. ბრიტანულმა ბანკმა ეიჩესბისიმ” მესამე კვარტალი 3,617-მილიონიანი ზარალით დაასრულა, ხოლო შარშან, ამავე პერიოდში 4 მილიონზე მეტი იზარალა. ვითიბი ბანკის” ზარალმა 7 მილიონი შეადგინა. 6 მილიონით იზარალა ტაო პრივატ ბანკმა”. ზარალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბანკმა რესპუბლიკამ” აჩვენა, თუმცა მეორე კვარტალთან შედარებით, რესპუბლიკას” მესამე კვარტალში უკეთესი შედეგები ჰქონდა.
ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა: “გარდამავალი ეტაპის საქართველოში საბანკო სექტორი იყო ერთადერთი დარგი, რომელიც თავისი განვითარების ტემპებითა და მასშტაბებით მნიშვნელოვნად უსწრებდა ეკონომიკის სხვა დარგებს და სფეროებს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა საკმაოდ მდგრადი და სტაბილური საბანკო სისტემა, რომელიც თანდათანობით ინტეგრირებულ იქნა მსოფლიო საბანკო სისტემაში და მისი ძალისხმევა მიმართული იყო მოგების მაქსიმიზაციისაკენ, რაც, თავის მხრივ, ქმნიდა გარკვეულ პოზიტიურ გარემოს ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რუსეთ-საქართველოს ცნობილმა ომმა და მსოფლიო საფინანსო კრიზისმა გვერდი ვერ აუარა, როგორც ქვეყნის მთელ ეკონომიკას, ასევე საბანკო სექტორსაც. აშკარა გახდა, რომ ეროვნული საბანკო სექტორის სიმტკიცე მყიფე ფუნდამენტზე იდგა და რომ გახანგრძლივებულიყო საომარი მოქმედებები, მაშინ მდგომარეობა კატასტროფულ ხასიათს მიიღებდა. თუმცა ქვეყნის საბანკო სისტემის შენარჩუნებაში სახელმწიფოს და თანამეგობარი ქვეყნების ერთიანმა ძალისხმევამ სათანადო ნაყოფი გამოიღო. მართალია, საბანკო სექტორი შეტორტმანდა, მაგრამ იგი არსებითად არ მორყეულა და თავისი სახე მაინც შეინარჩუნა.
საქართველოში საბანკო კრიზისის შედეგების დაძლევის დაწყებასა და საბანკო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას თითქმის ორი წელი დასჭირდა. პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც იზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წლის პირველი ნახევართან, ანუ კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე კამათი, თუ რამდენია ამ 3%-იან ზრდაში ინფლაციური კომპონენტი, მაგრამ, ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ აქტიურდება საბანკო სექტორის საქმიანობაც. ეს კი, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა მოსახლეობის შემოსავლების არსებითი ვარდნის პირობებში.
ს.ე. – ქალბატონო ლია, რამ განაპირობა ის, რომ ბანკებმა შედარებით რბილად შეძლეს ეკონომიკური კრიზისის გადატანა?
ლ.ე. – თუ გამოვრიცხავთ ომისშემდგომ დამდგარი კრიზისის პირველ დეკადას, რომლის დროსაც საბანკო პანიკის თავიდან აცილების მიზნით ეროვნულმა ბანკმა განახორციელა კომერციული ბანკების ლიკვიდური სახსრებით უზურნველყოფა და შემდგომ თვეებში საზედამხედველო მოთხოვნების შესუსტება, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორმა პრაქტიკულად დამოუკიდებელ რეჟიმში შეძლო საბანკო კრიზისის დაძლევა. ამას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ საქართველოს საბანკო სისტემის თითქმის 80% მოქცეულია უცხოეთის ბანკებისა და ინვესტორების საკუთრებაში. მათ მნიშვნელოვანი თანხები გაიღეს თავისი შვილობილი ბანკების საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის. დღეისათვის კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალმა კრიზისამდელი პერიოდის დონეს გადააჭარბა თითქმის 21%-ით, ანუ აბსოლუტურ გამოხატულებაში საწესდებო კაპიტალის ზრდამ შეადგინა 123 მლნ ლარი. სწორედ მშობელი სტრუქტურების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერის შედეგად მოხერხდა საბანკო კრიზისის ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედების ლოკალიზება. ეს გარემოება რომ არა, საქართველოს შეზღუდული ფინანსური პოტენციალი და სუსტი საბანკო ზედამხედველობა არა მხოლოდ საბანკო სექტორს, არამედ ქვეყნის მთელ ეკონომიკას მიიყვანდა სრულ კრახამდე.
ს.ე. – როგორი იყო გასული წელი საბანკო სისტემისათვის?
ლ.ე. – 2010 წლის მიწურულს ქვეყნის საბანკო სექტორში მდგომარეობას სახარბიელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კრიზისისწინა პერიოდთან შედარებით წმინდა დაკრედიტების მოცულობა 5,3%-ით ნაკლებია. თუმცა, ამავე დროს აშკარად შეინიშნება საკრედიტო საქმიანობის არსებითი გააქტიურება. მიუხედავად ამისა, ბანკები ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდებიან ფინანსური რესურსების გაბედულ წარმართვას ეკონომიკის დასაკრედიტებლად. კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უმსხვილესმა კომერციულმა ბანკებმა ინვესტიციები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში თითქმის სამჯერ გაზარდეს. რა თქმა უნდა, ასეთი არჩევანი ბანკებს საშალებას აძლევს თავისუფალი ჭარბი ლიკვიდური სახსრები დააბანდონ სახაზინო ვალდებულებებში, რომლითაც ისინი, ერთი მხრივ, მაღალ შემოსავალს იღებენ, ხოლო მეორე მხრივ, ნაკლებ რისკზე მიდიან საბანკო დაკრედიტებასთან შედარებით.
საბანკო საქმიანობის დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს დღეისათვის კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდა. წინაკრიზისულ პერიოდთან შედარებით ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრების მოცულობა დღეისათვის გაიზარდა 53%-ით, რაც ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 2 მლნ ლარს. ამასთან, თუ იურიდიული პირები კანონის ძალით იძულებულნი არიან თავიანთი სახსრები განათავსონ ბანკებში, ფიზიკური პირების მიდრეკილება, შეინახონ თავიანთი სახსრები ვადიან ანაბრებზე, არის, როგორც კომერციული ბანკების მარკეტინგული საქმიანობის დადებითი შედეგი, ასევე მოსახლეობის მხრიდან რეაქცია ინფლაციურ მოლოდინზე და მათი დანაზოგების მისგან დაცვის ინტერესით განპირობებული. ის გარემოება, რომ ამ ანაბრების საშუალო ვადიანობა არ აღემატება ერთ წელს, მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის მხრიდან ბანკებისადმი ნდობის ხარისხი ჯერ კიდევ არ არის მაღალი. კომერციულ ბანკებს, როგორც ადრე, ასევე დღესაც, არ გააჩნიათ საკმარისი ოდენობის გრძელი ფული გრძელვადიანი დაკრედიტებისათვის.
როგორც ლია ელიავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კომერციული ბანკებისათვის მტკივნეულ საკითხად რჩება აქტივების ხარისხი. ოფიციალური მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში არ აღემატება 15%-ს. ეს ის ნეგატიური ტვირთია, რომელიც ამცირებს ბანკების მოგებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათი კაპიტალიზაციის დონეს. ნომინალურ გამოხატულებაში ასეთი “ტოქსიკური” სესხების მოცულობა დღეისათვის 863 მლნ ლარს შეადგენს. ლია ელიავა: “ბანკების ბალანსების მათგან გაწმენდა ნიშნავს მათ სრულ გაკოტრებას, ამიტომაც ისინი, ბუნებრივია, არ ჩქარობენ ამის გაკეთებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა კომერციულმა ბანკმა, რომლებსაც რესურსული უზრუნველყოფის იმედი ჰქონდა, ბალანსიდან ჩამოწერა ტოქსიკური სესხები და საკუთარი კაპიტალი შეავსო მშობელი ბანკების ფინანსური სახსრებით.
უმოქმედო სესხების დიდი მოცულობის მიუხედავად, დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს აქტივების ხარისხის გაუარესების ტენდენციის შენელება. ამასთან ერთად, კაპიტალიზაციის საკმარისი დონე და ლიკვიდური სახსრების სიჭარბე ვერ უზრუნველყოფს საბანკო კრიზისის სრულ დაძლევას. ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მაკროგარემოს სტაბილურობამაც. სამწუხაროდ, ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონის გამო მაკროგარემო დაუცველია მოსალოდნელი შოკებისაგან და გატარებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ნაკლებად ეფექტურია” – დასძენს ლია ელიავა.
ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა
როდესაც საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობის შეჯამებას ვაკეთებთ, გვერდს ვერ ავუვლით დაკრედიტების თემას. მით უმეტეს, რომ 2010 წელს მუდმივად ისმოდა “საყვედურები” ბანკების მიმართ. ბიზნესმენთა სამდურავის მთავარი მიზეზი კრედიტების გაცემის უაღრესად გართულებული პირობები იყო. ტოიოტა ცენტრი კავკასიის” გენერალური დირექტორი, ირაკლი გურჩიანი სამი თვის წინ რადიო “კომერსანტთან” ინტერვიუში ღიად აცხადებდა, რომ “ბოლო პერიოდში სესხების გაცემა კიდევ უფრო გართულებულია” და რომ “ბიზნესისათვის საბანკო კრედიტები ხელმისაწვდომი ისევ არ არის”. გურჩიანის განმარტებით, მართალია, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, მაგრამ იმდენად დიდ ქონებრივ უზრუნველყოფას ითხოვენ, რომ კრედიტის აღება თითქმის შეუძლებელია.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის ბაგები სითი ჯგუფის” დირექტორის, შოთა ხატიაშვილის თქმით, შესაძლოა ბანკებმა სხვა სექტორების დაკრედიტება მართლაც გაააქტიურეს. თუმცა, სამშენებლო სფეროს კვლავ სიფრთხილით ეკიდებიან და სესხებს ნაკლებად გასცემენ.
ბანკების საკრედიტო პოლიტკიკაზე აზრის გამოთქმა ეკონომიკის ექსპერტს, ლია ელიავასაც ვთხოვეთ. “როგორც კრიზისამდელ პერიოდში, ასევე დღესაც უცხოური ბანკების საქმიანობა საქართველოს ეკონომიკაზე ახდენს ცალმხრივ გავლენას. საუბარია, მათი საქმიანობის ისეთ აშკარად გამოკვეთილ ტენდენციაზე, როგორიცაა მოხმარებისა და იმპორტის უპირატესი დაკრედიტება. რეალური სექტორის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა, გაცემული სესხების მოცულობა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 20%-ს შეადგენს. დანარჩენი სეხსები არამატერიალური წარმოების სფეროზეა გადანაწილებული, სადაც რისკის ხარისხი შედარებით დაბალია. არადა, საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშისათვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა ისეთი დაკრედიტების ზრდა, რომელიც უფრო მეტად იქნება მიმართული ეროვნულ ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე და, შესაბამისად, პირდაპირ ინვესტიციებზე” – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლია ელიავა.
ვადაგადაცილებული სესხები
საინტერესოა ასევე, წლის ბოლოს შევაჯამოთ ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული მდგომარეობა. თუმცა, ეს არცთუ მარტივი საქმეა, ვინაიდან, “კრედიტ-ინფო” ამ მაჩვენებელს უკვე 5-6 თვეა არ აქვეყნებს. ორგანიზაციაში ამას რეორგანიზაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ ვებ-გვერდზე ნეგატიური და პოზიტიური სესხების დეფინიცია აღარ მოხდება და მხოლოდ საერთო მონაცემები გამოქვეყნდება. კრედიტ-ინფოში ბოლო მონაცემები ნეგატიური სესხების შესახებ პირველი ივნისით თარიღდება, როდესაც ურჩი გადამხდელების საერთო რაოდენობამ 316 594 შეადგენდა. უცნობია, თუ რამდენი ერთეულით გაიზარდა ან შემცირდა “შავ სიაში” მოხვედრილთა რაოდენობა ამის შემდეგ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ისევ მაღალ ნიშნულზეა, რაც ფინანსურ სექტორს რისკის ქვეშ აყენებს.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მცირდება. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 203 მილიონ 94 ათასი ლარი შეადგინა, რაც მილიონით ნაკლებია ოქტომბერთან შედარებით. ვადაგადაცილებული სესხების კუთხით, საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი კლება სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ვადაგადაცილებუოი სესხების მოცულობა, აგვისტოში დაფიქსირებული 226 მილიონიდან 202 მილიონამდე შემცირდა.
საბანკო სექტორის გამჭვირვალობის კანონი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემაში მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება – “საბანკო სექტორის გამჭვირვალობის კანონს” უკავშირდება. რომლის მიხედვითაც, კომერციული ბანკები ვალდებულნი იქნებიან, ხელშეკრულებებში გაწერონ ყველა ის ნიუანსი და პირობა, რომელიც დაკავშირებულია კრედიტის აღებასა და შემდგომ მის დაფარვასთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ამ ინიციატივის შესახებ განცხადება 11 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა KfW development Bank-ისა და European Fund for Southeast Europe (EFSE)-ის მხარდაჭერით თბილისში გამართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა, ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. როგორც გიორგი ქადაგიძემ კონფერენციაზე განაცხადა, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფინანსური სექტორის პასუხისმგებლობის ზრდის პოპულარიზაციაში. ეკონომიკის განვითარების ტემპი დიდწილადაა დამოკიდებული ეკონომიკური სუბიექტების ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, რაც უფრო გამჭვირვალედ მიიღება ეს გადაწყვეტილებები, მით უფრო სტაბილურია ფინანსური სისტემა. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა იზრუნონ კლიენტებისათვის უტყუარი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, პროფესიონალურ რჩევაზე, ამავდროულად, კლიენტებმაც ზედმიწევნით უნდა გააანალიზონ თავიანთი ქმედებების ფინანსური შედეგები და უფრო გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მომხმარებელთა უფლებების დაცვა განსაკუთრებით აქტუალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გახდა. ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა ფაქტია, რომ განვითარების ამ ტემპებს ფინანსურ საკითხებში საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საგრძნობლად ჩამორჩება. ფინანსური სექტორის მიერ შეთავაზებული პროდუქტების სიმრავლე გარდაუვალს ხდის მომხმარებლის დაცვას, რადგან მომხმარებელს არ აქვს საჭირო ინფორმაცია, ფინანსური ცოდნის დონე და რესურსები, რომელიც საჭიროა სხვადასხვა პროდუქტების შედარებისთვის”.
ქართული ბანკები საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით განსხვავებულ პოლიტიკას ირჩევენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ რამდენიმე თვეში ქართულმა ბანკებმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ დასწიეს. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე გამართულ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ სავარაუდო იყო დაახლოებით წელიწად-წელიწადნახევარში საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება. როგორც მაშინ გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები არაადექვატურად მაღალია ეკონომიკის იმ სტადიისათვის, რომელზეც საქართველო იმყოფება და საპროცენტო განაკვეთები წლიურ 12-13%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დეკემბრის დასაწყისში კი, ცნობილი გახდა, რომ ორმა ქართულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირა. ჯერ ბანკმა “რესპუბლიკამ”, შემდეგ კი “თიბისი ბანკმა” განაცხადეს, რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს 11 პროცენტამდე ამცირებენ. იმავდროულად, იკლებს პროცენტები სამომხმარებლო და ავტოსესხებზე. რატომ აქამდე არ ამცირებდნენ ბანკები საპროცენტო განაკვეთს. ეს შემცირება მხოლოდ საახალწლო აქციის ფარგლებში ხორციელდება თუ აქციის დასრულების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ასეთ პროცენტში სესხის აღება?
თიბისი ბანკში” ამ კითხვებზე პასუხისას აცხადებენ, რომ შესაძლოა, სესხებზე დაბალი პროცენტები საახალწლო აქციის შემდეგაც შეინარჩუნონ. მათი განცხადებით, ეს აქციის შედეგებზე, ანუ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გააქტიურდება სესხების გაცემა აქციის პერიოდში. მენეჯმენტის თქმით, ხშირად კეთდებოდა განცხადებები, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო მომხმარებელი სესხის აღებას და რაიმეს შეძენას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან გაფართოებას ვერ ახერხებდა. ამიტომ, ბანკმა გადაწყვიტა, უპრეცედენტოდ დაბალი განაკვეთები მომხმარებლისთვის ჯერ საახალწლო საჩუქრის სახით შეეთავაზებინა, რადგან ამ პერიოდში სესხებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.
ბანკ რესპუბლიკაში” არ გამორიცხავენ, რომ დაბალ საპროცენტო განაკვეთს საახალწლო აქციის შემდეგაც შეინარჩუნებენ. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, სხვა ბანკებისაგან განსხვავებით, რესპუბლიკამ” მომხმარებელს არა მარტო დაბალი, არამედ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი შესთავაზა. დაანგრია საბანკო სექტორში აქამდე არსებული სტერეოტიპი, რომ საპროცენტო განაკვეთი რაღაც რიცხვიდან რაღაც რიცხვამდე მერყეობს.
თუმცა, საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას სხვა ბანკები მხოლოდ წინასაახალწლო აქციად აფასებენ და იმავე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.
“საქართველოს ბანკში სადღეისოდ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარი 14-ით, ხოლო სამომხმარებლოზე მინიმუმ 18%-ით განისაზღვრება. ასეთი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობა მომხმარებელს 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია. შემცირდება თუ არა განაკვეთები თუნდაც ერთჯერადი საახალწლო აქციის სახით, “საქართველოს ბანკში” ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” გენერალურ დირექტორის, მაია მერედოვას განცხადებით კი, “11%-იანი საპროცენტო განაკვეთები აბსოლუტურად არარეალურია. დღეს ბანკები 11%-ს დეპოზიტებზე გასცემენ და სესხიც რომ ასეთი პროცენტით გასცენ, შეუძლებელია. ბანკი კომერციული ორგანიზაციაა და მან მოგება უნდა მიიღოს”. რა პოლიტიკას აირჩევენ ქართული ბანკები და დაწევენ თუ არა საპროცენტო განაკვეთებს რამდენიმე თვეში გამოჩნდება, თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ საპროცენტო განაკვეთების დაწევას ალტერნატივა არ აქვს.
რას უნდა ველოდეთ 2011 წელს
შეჯამებისათვის კვლავ ექსპერტ ლია ელიავას პროგნოზს გთავაზობთ: ” მოსალოდნელია, რომ 2011 წელს საბანკო სექტორში კვლავაც გაგრძელდება მისი აღდგენისა და განმტკიცების პროცესი. მისი სრული აღდგენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ბანკების აქტივების ხარისხზე, რომლის შესამჩნევ გაუმჯობესებას, სავარაუდოდ, შეიძლება კიდევ საკმაო დრო დასჭირდეს. საბანკო აქტივების ხარისხზე, ანუ რისკის ღირებულების შემცირებაზე და ასევე ხარჯების სტრუქტურის ცვლილებაზე დამოკიდებული იქნება კომერციული ბანკების წმინდა მოგების მოცულობაც.
თუ გავითვალისწინებთ რეტროსპექტულ ტენდენციებს, მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი უახლოეს მომავალში გაიზრდება ნელი ტემპებით. კერძოდ, თუ მიმდინარე წელს საბანკო სექტორის წმინდა დაკრედიტება მშპ-ს 27,5%-ს შეადგენს, მომავალი წლისათვის იგი უმნიშვნელოდ გაუსწრებს 2008 წელს დაფიქსირებულ 28,6%-იან დონეს. ინფლაციის ზრდასთან ერთად მოიმატებს მოსახლეობის დეპოზიტების მოცულობა, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო პორტფელის რეალურ ზრდას, ვინაიდან კვლავაც იქნება შენარჩუნებული საკრედიტო რისკების მაღალი დონე. ჭარბი ლიკვიდობა უმეტესწილად მიმართული იქნება ფასიანი ქაღალდების შესაძენად. ლიკვიდობის ზრდის სანაცვლოდ შემცირდება ბანკების დავალიანება უცხოელი ინვესტორების მიმართ.
სავარაუდოა, რომ მომავალ წელს უცვლელი დარჩება დაკრედიტების სტრუქტურა, ანუ პრიორიტეტულად დაკრედიტდება მოხმარება და იმპორტი. თუმცა, შეინიშნება საბანკო საქმიანობის ბიზნეს-მოდელის უმნიშვნელო ცვლილების ნიშნები. კერძოდ, საოპერაციო მიდგომიდან და პროდუქტების მიწოდების აქტიურ განვითარებიდან აქცენტი ნელ-ნელა გადაიტანება კლიენტზე ორიენტირებულ საქმიანობაზე. გარდა ამისა, თუ ზრდის პერიოდში პრიორიტეტული მიზანი იყო ბანკის კაპიტალიზაცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ოპერაციების მოცულობის ზრდა და ბიზნესის განვითარება, მომავალ წელს შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ბიზნესის ეფექტურობისა და რენტაბელურობის ამაღლების საკითხები. შესაბამისად, ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი იქნებიან ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა დეპოზიტების მაქსიმალური მოზიდვა და მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდა. რაც შეეხება სახსრების გრძელვადიან დაბანდებას და საინვესტიციო საბანკო საქმიანობას, როგორც ამჟამად, ასევე უახლოეს მომავალში საქართველოს საბანკო სექტორისათვის ასეთი პროგნოზების რეალური საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს”.
ასეთია საქართველოს საბანკო სისტემის მომავალი წლის პროგნოზი. თუმცა, შიდა ფაქტორების გარდა, გასათვალისწინებელია გარე ფაქტორების ზეგავლენაც. საქართველოს საბანკო სისტემა კვლავაც არაა დაზღვეული გარე ნეგატიური ეფექტებისაგან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე ფინანსური რყევები გარკვეულწილად ზღუდავენ ევროპული ცენტრალური ბანკის მზადყოფნას პრაქტიკულად შეუზღუდავი ლიკვიდობა მიაწოდოს კომერციულ ბანკებს, მათ შორის, საქართველოში ფუნქციონირებადი ბანკების მშობელ ბანკებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მშობელმა ბანკებმა არა თუ არ გაიღონ სახსრები საქართველოში არსებული თავიანთი შვილობილი ბანკებისათვის, არამედ გამოითხოვონ კიდევაც ისინი, რაც, ფაქტიურად, შვილობილი ბანკების დახურვის ტოლფასია. ასეთი მიდგომა თეორიულად დასაშვებია. მისი პრაქტიკული მხარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარება შეიქმნება მსოფლიო და ევროპულ საფინანსო ბაზრებზე.