ვაშენებთ. თუ ვანგრევთ ეროვნულ ბანკს და საბანკო სისტემას საქართველოში
ნინო არველაძე
მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკის გუნდი ინფლაციის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძვის, ბენ ბერნანკი გამოუვალი მდგომარეობის გამო ალან გრინსპენის პოლიტიკას უარყოფს და საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს, ცდილობს ერთდროულად გაზარდოს წარმოება და ინფლაცია, მეორეს მხრივ, მსოფლიო ბაზარი აფეთქდა – დამკვიდრდა გაძვირების ტენდენცია როგორც კვების პროდუქტებზე, ისე ენერგოსაქონელზე, მთელს მსოფლიოში შეიქმნა საერთო ინფლაციური ფონი.
ამ დროს კი საქართველოს მთავრობა განსახილველად დებს “რევოლუციურ პაკეტს”, რომლის მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისება, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა და საბანკო სექტორის გარდაქმნაა, თავისუფალი ეკონომიკური – ოფშორული ზონის შექმნასთან ერთად. დიახ, ეს რეალობაა, ჩვენ საქართველოში ოფშორული ზონების შექმნას ვაპირებთ. მთავრობა რთული საგარეო ფაქტორების მიუხედავად (რუსეთთან ურთიერთობა, ნატო-ში და ევროგაერთიანებაში ინტეგრაცის გართულება, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის საშიშროება), ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოხსნას უპირებენ. რამდენ პრეზიდენტს გამოიცვლის ბანკთა ბანკი და განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შეიძლება თუ არა მას იგივე წოდება შევუნარჩუნოთ? ვინ და როგორ განსაზღვრავს ინფლაციას, რატომ გახდება ქალაქ ფოთში შექმნილი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” (თუ ოფშორული ზონა) უცხოური კაპიტალით შექმნილი კომერციული ბანკების სასურველი ადგილი და რა მოძველდა საქართველოს ეროვნულ ბანკში?
ბოლო დროს ეს საკითხები საქართველოს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათის საგანი ხდება. ჩვენს სადისკუსიო კლუბში შევეცადეთ მონაწილეობა მიეღო ორივე მხარეს – როგორც რევოლუციის მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს და წარმოგვეჩინა მსოფლიო ტენდენციები. ამჟამად დისკუსიაში მონაწილეობენ:
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური ექსპერტი ემზარ ჯგერენაია;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური ექსპერტი დავით ნარმანია.
– როგორ უნდა გახდეს საქართველო საერთაშორისო საფინანსო ცენტრი “საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით?
დავით ნარმანია:
– თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკმაოდ მოცულობითია (შეიცავს 4 ახალ კანონპროექტს და 22 მოქმედ კანონში ცვლილებას), ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს და საქართველოს საფინანსო სექტორის ასეთი გადახალისების მცდელობას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დღემდე ადგილი არ ჰქონია. როდესაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და შესაბამისად ინსტიტუციონალური ცვლილებები იგეგმება, კარგად უნდა იყოს დასაბუთებული ამის აუცილებლობა როგორც ქვეყნის სამომავლო განვითარების, ასევე ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას და კანონპროექტებს იმაზე დიდი ამბიცია ახასიათებს, ვიდრე ამის მიზეზს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ან არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა. ამ კანონპროექტების პაკეტებიც ასეთ დიდ ამბიციას გამოხატავს, კერძოდ, მათი ხორცშესხმის შედეგად საქართველო გახდება მსოფლიო საფინანსო ცენტრი. ჩვენი აზრით, სჯობდა განეცხადებინათ, რომ საქართველო გახდება რეგიონის საფინანსო ცენტრი და გვესარგებლა სომხეთსა და აზერბაიჯანში შექმნილი ვითარებით. მივიჩნევ, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო უფრო სტაბილური საფინანსო სისტემა, რომელიც ლიბერალიზმისა და გამჭვირვალეობის პრინციპებზე იქნებოდა დამყარებული და მოგვეზიდა დამატებითი ფინანსური რესურსები, რომლებიც ან მიმოქცევაში იქნებოდა ან მოხდებოდა მისი აკუმულაცია.
ზურაბ გვასალია:
– ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სტანდარტებს. რეგიონში ამის პოტენციალი არსებობს და მასზე დიდი მოთხოვნა იქნება. თუმცა უნდა დავამატო, რომ საქართველოში ფინანსური ცენტრის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ გავუტოლდებით ლონდონსა და ჰონ-კონგს.
დავით ნარმანია:
-რამდენიმე ფაქტორის გამო საქართველო ვერასოდეს გახდება საფინანსო ცენტრი – საქართველო მუდმივად პოლიტიკური არასტაბილურობით ხასიათდება, ბოლო პერიოდის მოვლენები კი ამას ადასტურებს, ამიტომ სერიოზული ინვესტორები საქართველოში ჩამოსვლაზე თავს იკავებენ. საქართველოში ხშირია საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებები, რაც ასევე არასტაბილურობაზე მეტყველებს და შემაფერხებელი ფაქტორია.
– თუმცა ხელისუფლება უცხოური ინვესტიციების მოცულობით ამაყობს?
დავით ნარმანია:
– დიახ, ბოლო პერიოდში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები ძირითადად იმ ინვესტიციებს უკავშირდებოდა, რომლებსაც ინვესტორები საქართველოში დებდნენ. მაგრამ ნოემბრის მოვლენებიდან გამომდინარე, ინვესტიციების მიღება შეფერხდა და მას საქართველოში ძირითადად აღმოსავლური კაპიტალის მქონე ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები ახორციელებენ. ინვესტიციები 2003 წლიდან 2006-2007 წლებში 450 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა. მაგრამ ამჯერად მათი შემოსვლა შეჩერდა და 2008 წელს თუ იგივე დონე შეინარჩუნეთ კარგი იქნება. დასავლური, გერმანული ან სხვა პრესტიჟული ქვეყნების კაპიტალის მოცულობა მოკრძალებულია ან საერთოდ არ არის, რადგან ისინი ყოველთვის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ანიჭებენ უპირატესობას და საკუთარი ექსპერტების შეფასებებს ენდობიან, არ ეყრდნობიან რომელიმე საერთაშორისო ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ყველასათვის ცნობილი საერთაშორისო რეიტინგებით, საქართველო ამა თუ იმ მაჩვენებლებით ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს და ერთ-ერთ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს მქონე ან ყველაზე თავისუფალ ქვეყანად ცხადდება ბიზნესის საკეთებლად. ნუთუ ეს საკმარისი არ არის დასავლელი ინვესტორის დასარწმუნებლად?
დავით ნარმანია:
– ეს რეიტინგები ინვესტორთა მხოლოდ მცირედ ნაწილს თუ დაარწმუნებს, მაგრამ დიდი ინვესტორი, როგორც წესი, ამგვარ წყაროებს არ ეყრდნობა და საკუთარ ექსპერტებს გზავნის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და მიმზიდველობის შესაფასებლად. თუ რატომ იკავებს საქართველო ასეთ პოზიციებს, შემდეგნაირად აიხსნება: საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადების რაოდენობა და მათი განაკვეთები, რაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინა პოზიციებზე გადანაცვლებას იწვევს, თუმცა ამ შეფასებების გაკეთებისას ყურადღებას არავინ აქცევს რეალურ პროცედურულ დებულებებს, ბიზნესის თავისუფლების ხარისხს ან ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
– ვინ არ აქცევს ყურადღებას, საერთაშორისო ორგანიზაციები?
დავით ნარმანია:
– საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი მეთოდოლოგია აქვთ, მაგრამ საქართველო იმდენად სპეციფიკური ქვეყანაა, რომ შეიძლება გადასახადები შემცირდეს და რეფორმები გატარდეს, მაგრამ მის უკან საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები იმალებოდეს, ან რთული პროცედურული და ადმინისტრაციული დებულებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამო ბიზნესის კეთების ხარისხს ჩრდილი ადგებოდეს.
– თქვენ კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობთ, რა ალტერნატივას გვთავაზობენ ექსპერტები?
დავით ნარმანია:
– კანონპროექტის პროგრესული მხარეა საშემოსავლო განაკვეთის 25%-დან 15%-მდე კლება. თავის დროზე, როდესაც ის 12%-დან 25%-მდე გაიზარდა, პარადად მე ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად ვაფასებდი. საქართველოში საშუალო შემოსავლები ძალიან დაბალია და 25% სოციალურად გაუმართლებელი იყო. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ კანონპროექტში დეკლარირებული და ზუსტი დებულებების სიმცირეა, რომლის შეუსრულებლობაც ვიღაცის პასუხიმგებლობას გამოიწვევდა. ასევე მიუღებელია განხორციელების ვადები – პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში 1 %-ით სიმბოლურად შემცირდება და მერე მოხდება სერიოზული ძვრები, ე. ი. აქ რევოლუციური არაფერია და არც ინვესტორთა მოტივაციის ზრდაა სერიოზული, ეს წმინდა პიარია!
– რას ვერ გაართვა ეროვნულმა ბანკმა თავი და რამ განაპირობა ეროვნული ბანკის რეფორმის აუცილებლობა ასე მწვავედ?
ზურაბ გვასალია:
– დღემდე ეროვნული ბანკი კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ 1995 წელს მიღებული კანონი უკვე 13 წელია მოქმედებს და მან თავისი დრო მოჭამა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარი არ არის ეროვნული ბანკის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლაზე, ის კვლავ ბანკთა ბანკად რჩება, მის პრეზიდენტს კვლავ შვიდი წლის ვადით აირჩევენ. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებებია შესატანი. ეროვნული ბანკის ფუნქციები შუაზე უნდა გაიყოს, ფუნქციების ნაწილი კომერციული ბანკების ზედამხედველობას უნდა ითვალისწინებდეს, მეორე კი – მონეტარულ პოლიტიკას – ფასების რეგულირებასა და ინფლაციის კონტროლს უნდა ემსახურებოდეს. საზღვარგარეთ, მაგალითად, ინგლისში კომერციული ბანკების ზედამხედველობას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს. საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდნტი კომერციული ბანკების ზედამხედველობის საბჭოს წევრი იქნება და მისი თავმჯდომარედ არჩევა ნებადართულია. ბანკების ზედამხედველობის საბჭოს დირექტორს ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავს და ის ეროვნული ბანკის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება. ბანკების ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკთან არსებული ერთ-ერთი სტრუქტურა იქნება.
– ეროვნულ ბანკთან დეპარტამენტის სახით ისედაც არსებობს მსგავსი სტრუქტურა.
ზურაბ გვასალია:
– ის ძალზე გაფანტული იყო. კანონპროექტში წერია, რომ ეროვნულ ბანკთან იქმნება საფინანსო ზედამხედველობის სამსახური, სადაც შევა სადაზღვევო სექტორი, კაპიტალი და საბანკო სექტორის ზედამხედველობა.
– არ შეიძლება, რომ ეს სამსახური დამოუკიდებელი იყოს?
ზურაბ გვასალია:
– მართალია, საქართველოში ჰოლდინგის მცნება არ არსებობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ჰოლდინგი არსებობს. მაგალითად, საქართველოს ბანკს აქვს საინვესტიციო ბანკი, საბროკერო კომპანიები და საკუთარი სადაზღვევო კომპანია, რისკები ერთმანეთზე არ გადადის, მაგრამ უდავოა, ის ჰოლდინგური პრინციპით იმართება.
ემზარ ჯგერენაია:
– მსოფლიოში ყველა ეროვნულ ბანკს ერთნაირი ფუნქციები აქვს: ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკის ზრდისა და უმუშევრობის რეგულირება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბანკების ბანკი ცენტრალური ბანკია, მაგრამ მარეგულირებელი ორგანო ყველგან ცალკე და დამოუკიდებელია. ამერიკაში რამდენიმე მარეგულირებელი ორგანოა, ინგლისში ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე ორგანოს შორის, პოლონეთში ერთიანი მარეგულირებელი ორგანო ჩამოყალიბდა, რუსეთშიც იგივე მდგომარეობაა. მსოფლიო ტენდენცია უკვე ჩამოყალიბდა – კომერციული ბანკების მარეგულირებელი ფუნქცია ეროვნული ბანკის ფუნქციებში აღარ შედის. კომერციული ბანკი უნდა შეიქმნას სააქციო საზოგადოების სახით, რაც მეწარმეობის კანონით და ეროვნული ბანკის კანონით არის აუცილებელი, მაგრამ რამდენიმე ლიცენზიაა საჭირო საბანკო საქმიანობის შესახებ, ყველა ლიცენზიას, ეროვნული ბანკის ნაცვლად გასცემს სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანო. მარეგულირებელი ორგანო მუდმივად აკონტროლებს კომერციულ ბანკს და უკონტროლებს მას კაპიტალის ადექვატურობას მოზიდულ სახსრებსა და დაბანდებებს შორის, ახდენს აქტივებისა და პასივების შეფასებას და ა.შ. ყველა პარამეტრის კონტროლს განიხილავს მარეგულირებელი ორგანო – ეროვნული ბანკის ბანკებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი. ეს სიახლე ხორციელდება ეროვნულ ბანკში. მაგრამ, ზოგიერთი ფუნქცია გაურკვეველია, მაგალითად, ვინ განსაზღვრავს სავალუტო რეზერვების დონეს, ასევე, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება მარეგულირებელი საბჭოს წევრი და ის შეიძლება საბჭოს თავმჯდომარეც იყოს, სადაც ადრე არსებობდა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის სამსახური, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური და ბანკებზე ზედამხედველობა. მარეგულირებელი ორგანო კი ეროვნული ბანკის წინაშე ანგარიშვალდებულია და მარეგულირებელი ორგანოს შეცდომებზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ამ კუთხით ეროვნული ბანკის ფუნქციები დაკნინების ნაცვლად ძლიერდება. ჩემი აზრით, რეფორმა დროში უნდა გაიწეროს და საფეხურეობრივად უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა.
დავით ნარმანია:
– ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის ჩამოცილებას ეროვნული ბანკის დასუსტებად არ მივიჩნევ. ზედამხედველობა შეიძლება იყოს ცალკე და შეიძლება ეს საფინანსო სისტემისთვის უკეთესიც იყოს, მაგრამ მას მიჰყვება ძალიან ბევრი ფუნქცია, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნდა, კერძოდ, ლიცენზიების გაცემა, ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და კიდევ ბევრი რამ. არის საშიშროება, რომ ეროვნული ბანკი გადაიქცეს რიგით, ჩვეულებრივ ბანკად, რომელიც მოემსახურება საქართველოს მთავრობას. ეროვნულ ბანკს შეიძლება არ დარჩეს მნიშვნელოვანი ბერკეტები, მაგრამ მას რჩება ინფლაციის რეგულირების საკითხი, რაც შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებელი ხდება ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე. გამოდის, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა გადადის ერთ ადამიანზე და იქმნება საფრთხე, რომ ის შეეცდება სხვადასხვა მანიპულაციებით ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნებას პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. მთლიანად ორგანო უნდა იყოს პასუხისმგებელი ინფლაციათან დაკავშირებით, მაგრამ კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რატომ უნდა აგოს ეროვნულმა ბანკმა პასუხი საქართველოში საგარეო ფაქტორების გამო ინფლაციის ზრდისათვის.
– კანონის მიხედვით, ერთიანი მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს ექვემდებარება?
ზურაბ გვასალია:
– ის ეროვნული ბანკის წინაშე ანგარიშვალდებულია, მას ეროვნული ბანკი აფინანსებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ხოლო თავმჯდომარის არჩევისას გადაწყვეტილება საბჭომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
– როგორი იქნება მმართველობითი ფორმა?
ზურაბ გვასალია:
– იქნება საბჭო და დირექტორი.
– თეორიულად შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყოს?
ზურაბ გვასალია:
– დიახ, შესაძლებელია. მას აგრეთვე შეუძლია ეროვნულ ბანკშიც იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
– თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იქნება საფინანსო მარეგულირებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მას მაინც შეუძლია გადამწყვეტი სიტყვის თქმა?
ზურაბ გვასალია:
– დიახ, შეუძლია.
– თუ ფინანსური რეგულირება სათანადო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოეთხოვება?
ზურაბ გვასალია:
– რა თქმა უნდა, ის არის პასუხისმგებელი. რეფორმის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც ერთ საკითხზე იქნება ორიენტირებული და პასუხს არ აგებს ინფლაციის მაჩვენებელზე.
– მაგრამ პასუხს აგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი?
ზურაბ გვასალია:
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, როდესაც საზედამხედველო სამსახური არასწორად მუშაობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ზემოქმედების საშუალება და მას შეუძლია პრეზიდენტს წერილი მიწეროს. საზედამხედველო საბჭოს დირექტორს სახელმწიფოს პრეზიდენტი ნიშნავს.
დავით ნარმანია:
– გაუმართლებელია ასეთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის ერთ ადამიანზე დაკისრება და პასუხისმგებლობა მთლიან სისტემაზე უნდა გადანაწილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ყოველთვის შეეცდება ინფლაციის სასურველი მაჩვენებელი დაამტკიცოს ან მანიპულირების გზებით ინფლაცია სასურველ მაჩვენებლამდე დაიყვანოს, რათა თავიდან აიცილოს შესაბამისი პასუხისმგებლობა. არადა, შესაძლოა იყოს ისეთი საერთაშორისო მოვლენები, რომლებიც მაღალი ინფლაციის საფუძველი გახდეს და ეროვნული ბანკის პრეზდენტის საქმიანობა ამასთან არავითარ კავშირში არ იყოს.
– კანონი რას იღებს ეროვნული ბანკის კანონიდან?
ზურაბ გვასალია:
– არაფერს. ეროვნული ბანკის კანონში ჩაიწერება ზედამხედველობის საბჭოს შესახებ. საზედამხედველო რეგულატორში უცხოელი საბჭოს წევრის შემოყვანა პრობლემებს უკავშირდება. შეიძლება მოვიწვიოთ სპეციალისტი, როგორც ისრაელში სტენლი ფიშერი მიიწვიეს, მაგრამ ეს დიდ თანხებს უკავშირდება, ამასთან, ჩვენთან საქმის წარმოება ქართულად მიმდინარეობს, უცხოელი სპეციალისტის მოწვევის შემთხვევაში კი ყველაფერი ინგლისურად უნდა ითარგმნოს. სხვა საკითხია ექსპერტის მოწვევა, მას გავლენის მოხდენა შეუძლია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სრულუფლებიანია.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის უფლებები იზრდება.
ზურაბ გვასალია:
– რა თქმა უნდა, მის დაქვემდებარებაში გადადის სადაზღვევო ბაზარი, კაპიტალი და ბანკები. ადრე ერონული ბანკი ვერ ახდენდა გავლენას რისკების გადასვლის საშიშროებაზე, რომელიც ბანკებში სადაზღვევო კომპანიების არსებობის გამო იქმნებოდა, რადგან გაცემულ კრედიტებს ბანკები საკუთარ სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ.
– რატომ არის საზოგადოებაში ყიჟინა ეროვნული ბანკის გაუქმების შესახებ?
ზურაბ გვასალია:
– ვერ გეტყვით. ეროვნულ ბანკში რჩება საკრედიტო ცენტრი და ყველა ბანკს იქ ექნება საკორესპონდენტო ანგარიში, გარკვეულ პერიოდამდე ეროვნულ ბანკში რჩება საკასო ცენტრიც, რადგან არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც გაკეთდება ცალკე საკასო ცენტრი, ამერიკის საელჩოს მიდამოებში ადგილიც კია შერჩეული, ეროვნულ ბანკს რჩება ემისიის უფლება. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს – ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის არასწორად ხარჯვისა და არასწორ დაპირებებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკი იხსნის.
– 12%-იანი ინფლაციის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ მოხსნიან?
ზურაბ გვასალია:
– ეროვნულმა ბანკმა 12%-მდე ინფლაცია თვითონ უნდა დაგეგმოს. მას შეუძლია განაცხადოს რომ ინფლაცია იქნება 8-9% ან 10%. მაგრამ მან უნდა შეძლოს მისი შეკავება, ხოლო თუ მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მას შეუძლია ღია წერილით განცხადება გააკეთოს.
– შედეგი რა იქნება?
ზურაბ გვასალია:
– ამ შემთხვევაში მოიხსნება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი და გახმაურდება, რომ ინფლაცია მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო გაიზარდა. ხშირ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავს იკავებდა, მით უმეტეს მაშინ, თუ ის პოლიტიზირებული იყო და ვალდებულებები ჰქონდა აღებული, ამიტომ ის ვერ აკეთებდა მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო მსგავს განცხადებებს.
– თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გააკეთებს განცხადებას მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო, მაშინ რა მოხდება, მას ავტომატურად მოხსნიან?
ზურაბ გვასალია:
– ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ის დამნაშავეა და ამას დუმილით ადასტურებს.
– მთავრობა არასწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში იხსნის პასუხიმგებლობას და მას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკისრებს?
დავით ნარმანია:
– რა თქმა უნდა, არსადაა ნახსენები, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს მთავრობას. აუცილებელია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის კოორდინაციის არსებობა, მაგრამ თითოეული მათგანის ფუნქციები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.
– ვინ დააყენებს მისი პასუხისმგებლობის საკითხს?
ზურაბ გვასალია:
– პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს კანონი.
– საუბრიდან გამომდინარე უნდა დაისვას მწვავე კითხვა – ვინ ითვლის ინფლაციას?
ზურაბ გვასალია:
– სტატისტიკის დეპარტამენტი “ჩამოკიდებულია” ეკონომიკის სამინისტროსა და პოლიტიკაზე და რა მეთოდითაც უნდა ისე გამოითვლის ინფლაციას და სასურველი ციფრები გამოყავს. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ 3 თვეში წარმოადგენს სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მაქსიმალურად მაღალი იქნება და დათვლის მეთოდიკა საკამათო არ იქნება.
ემზარ ჯგერენაია:
– პირველი ნაწილია, თუ როგორ ითვლის სტატისტიკის დეპარტამენტი, მეორეა ინსტიტუციონალური ნაწილი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტს ექვემდებარება ის, თუ პრემიერ-მინისტრს, თუ ის დამოუკიდებელი არ იქნება და დასჯადი, და მესამე, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნაწილს. პოლიტიკური კულტურა მაღალი უნდა იყოს და 2+2 უნდა იყოს 4. კალათაში არის ისეთი პროდუქტები, მაგალითად ხიზილალა, რომლის ფასიც არ ძვირდება, ხოლო კალათაში 20 თეთრით წიწიბურის გაძვირება სერიოზული ინფლაციაა. კალათა ეფექტური რომ არ არის ამის გამო მსოფლიომ ცორე ინფლაცია მოიგონა. უხეშია მშპ-ის მაჩვენებელიც, მის გაანგარიშებასთან დაკავშირებითაც მსოფლიო ჩიხში შევიდა. მთავარია ვიცოდეთ რას ვთვლით. ოქრო 1000 დოლარი გახდა, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით 1977 წელს, დღევანდელი გაანგარიშებით ოქრო 1800 დოლარი ღირდა, შედგენილი და შედარებითი ფასები მნიშვნელოვანი მცნებაა.
– ეს კანონი როგორ მომზადდა?
ზურაბ გვასალია:
– ამ კანონის ჩონჩხი არსებობდა, მაგრამ მასში პრინციპულად სხვა რამ ეწერა. იქ შეზავებული იყო საჭირო და ვიღაცაზე მორგებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად ამოღებულია. მართალია ის პარლამენტში შეიტანეს, მაგრამ სასწრაფო წესით გამოითხოვეს უკან. შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ ვღელავ ეროვნული ბანკის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი ჩემი პარტნიორია, ჩვენ ერთმანეთისათვის კონსტრუქცული ოპოზიცია ვართ, კარგი გაგებით. მაგრამ მე ძლიერი პარტნიორი მჭირდება და არა დათრგუნული ეროვნული ბანკი და შეშინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ნოღაიდელთან შეხვედრის დროს ყოველთვის ვაცხადებდი, რომ არ შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს ხელფასი გაიცეს წმინდა მოგებიდან ბანკებში, ყველანი სამეწარმეო სუბიექტები ვართ და სამეწარმეო კანონით ვართ რეგისტრირებულნი, ხელფასი არის ხარჯი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მონაწილეობენ დოვლათის შექმნაში, მაგრამ კანონში ფრჩხილებში ეწერა: “კომერციული ბანკების გარდა.”
არ შეიძლება კანონში არასწორი ჩანაწერის დატოვება. თეორიულად შესაძლებელია 12%-ს არ ასცდეს ინფლაცია, მაგრამ პრეზიდენტად მოვიდეს კაცი, რომელიც 12%-იან ინფლაციას შეინარჩუნებს, სამაგიეროდ ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იურიდიულად პასუხს ვეღარ მოთხოვ, რადგან ინფლაცია შენარჩუნებულია, მაგრამ მიღებული შედეგების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. თუ გარე ფაქტორებია ძლიერი (ირანის ომი, რუსეთის კრიზისი და ასე შემდეგ), მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უძლურია. ამერიკიდან მოდის იპოთეკური კრიზისი და ის ჩვენამდე აუცილებლად მოაღწევს. თუ საბანკო სექტორის საკრედიტო პორთველს გადავხედავთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წილი უცხოურ კრედიტებზე მოდის და 4.5 მლრდ დოლარში 3 მლრდ-ზე მეტი უცხოური კაპიტალია, მნიშვნელოვანია, როგორია ჩვენი ინტეგრირებულობა ევროპისა და ამერიკის ბაზრებთან, მის პროპორციულად შეგვეხება კრიზისი. ეჭვსგარეშეა, რომ საკრედიტო პროცენტები აიწევს. ჩვენ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს – ჩვენთან არ არიან ქონების პროფესიონალი შემფასებლები, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციასთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც იქნება ლიცენზირებული ხალხი, რომლებიც სწორ შეფასებას შეძლებენ. ბაზარი სათანადოდ არ არის შესწავლილი და რისკებიც მაღალია. ხელშეკრულებით შევძელით აუდიტის პასუხისმგებლობის შეუზღუდაობა, ბანკში ან სააქციო საზოგადოებაში შესვლისას ის წერს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეადგინა აუდიტი და მის ფარგლებში აგებს პასუხს. თუ მოხდება აუდიტის შეზღუდვა, ის აუცილებლად დეკლარირებული უნდა იყოს.
– მსოფლიო ტენდენციები უფრო მკვეთრია – ეროვნული ბანკის ფუნქციიდან ცალსახად იმიჯნება მარეგულირებელი ფუნქცია, ერთადერთი გამონაკლისია ინგლისი, მაგრამ მალე ამ ტრადიციულ ქვეყანაშიც იგივე ტენდენცია ჩამოყალიბდება. ჩვენ მაინც ეროვნულ ბანკს დავუტოვეთ მარეგულირებლის ფუნქცია, რატომ გადაწყდა ასე?
ზურაბ გვასალია:
– ეროვნული ბანკი ყოველთვის საქმის კურსში უნდა იყოს. ეს მისი მონეტარული ფუნქცია არ არის. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და პროკურატურამაც კი განაცხადეს, რომ ეს სამსახური მათთან უნდა შექმნილიყო. მაგრამ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ზედამხედველობის სამსახურთან არსებული იქნება.
– თქვენ ეროვნულ ბანკთან მარეგულირებელი ორგანოს შექმნასაც ეწინააღმდეგებით?
დავით ნარმანია:
– რას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ამ უკანასკნელთან კი დამატებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომელიც განახორციელებს ამ ფუნქციებს? სამართლებრივი თვალსაზრისით ეს გაუგებარია და უფრო იურისტების სამსჯავროზეა გასატანი, მაგრამ ეროვნულ ბანკთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა და მასთან კიდევ დამატებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომელიც კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციულად ერონულ ბანკთან კავშირში არ იქნება, არამედ დამოუკიდებელნი იქნებიან, კითხვის ნიშნებს ბადებს.
– ერონული ბანკის წინაშე ისინი პასუხისმგებელნი არ არიან?
დავით ნარმანია:
– არა, რადგან ის დამოუკიდებელი ორგანოა.
– როგორია ამ მხრივ მსოფლიო ტენდენციები?
ზურაბ გვასალია:
– ის ყველასაგან დამოუკიდებელია.
– ვინ გასცემს კომერციული ბანკების გახსნის ან დახურვის ლიცენზიას, დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის ბრძანებას და ვინ განსაზღვრავს აუცილებელ რეზერვებს?
ზურაბ გვასალია:
– მარეგულირებელი ორგანო.
– მაშინ, კონკრეტულად რა ფინანსური ბერკეტები რჩება ეროვნულ ბანკს ინფლაციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში?
დავით ნარმანია:
– მას რჩება ფულადი მასის კონტროლის ფუნქცია, შეუძლია ამოიღოს ფულადი მასა ან ეკონომიკაში ჩაუშვას საჭიროების შემთხვევაში. წარმოდგენილი კანონპროექტებით ხელაღებით ხდება ეროვნული ბანკის ფუნქციების შეცვლა, რომელიც კონსტიტუციურად და ორგანული კანონითაა აღიარებული, ის კი ჩვეულებრივ კანონზე მაღლა დგას. ეროვნული ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტია, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ერთეული, მას ხელისუფლება უნდა ეკითხებოდეს ფინანსთა სამინისტროდან როდის და რამდენ ფულს დახარჯავს, რადგან ფინანსთა სამინისტრო თუ ბევრ ფულს ჩაუშვებს ქვეყნის ეკონომიკაში (როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე) ეს ქვეყანაში ფასების ზრდას იწვევს, პასუხისმგებელი კი ფინანსთა სამინისტოს ნაცვლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
საქართველოს ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული იყო, რის გამოც ის წარმატებით ახორციელებდა ქვეყანაში ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას. სწორედ ეროვნული ბანკის გამართულ საქმიანობას უკავშირდება კომერციული ბანკების სფეროში არსებული მძაფრი კონკურენცია და ამ ბანკების ასევე წარმატებული საქმიანობა. “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები (თუმცა ეს კანონის ახალ ვარიანტს უფრო გავს, ვიდრე ცვლილებებს, ვინაიდან მნიშვნელოვნად იცვლება ყველა თავი) გარკვეულწილად ზღუდავს ეროვნული ბანკის საქმიანობის არეალს და მის დამოუკიდებლობას. ამის ნათელი დადასტურებაა კანონპროექტის მე-2 მუხლის “2ბ” პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოახდინოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებისა და მთავრობის მიერ შექმნილი მიზნობრივი ფონდების ფლობა, შენახვა და განკარგვა. ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს არ შეიძლება დაევალოს მთავრობის დადგენილების რაიმენაირი შესრულება, რომელიც იერარქიულად უფრო დაბლა მდგომი დოკუმენტია. ეროვნული ბანკი მთავრობასთან შესაძლებელია მხოლოდ კოორდინირებულად მოქმედებდეს და არა დაექვემდებაროს მას. ანალოგიური დებულებაა ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის საფუძველზეც “ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტაბილური განვითარების ფონდის მართვის უფლების საფუძველზე, მართავს სტაბილური განვითარების ფონდს”.
ზურაბ გვასალია:
– ეროვნულ ბანკს რჩება სახაზინო ვალდებულებები, სადეპოზიტო სერთიფიკატები.
– რამდენად განვითარებულია სადეპოზიტო სერთიფიკატები საქართველოში, ეროვნული ბანკი ფინანსური ბერკეტების გარეშე ხომ არ რჩება?
ზურაბ გვასალია:
– საქართველოში მეორადი ბაზარი განვითარებული არ იყო და ამიტომ კომერციულ ბანკებს სახაზინო ვალდებულებებისა და სადეპოზიტო სერთიფიკატების მეორად ბაზარზე გატანა არ უღირდათ, დაბეგვრა მაღალი იყო, ახლა კი მეორად ბაზარზე ორივე განთავისუფლებულია ბეგარისაგან.
– საფინანსო ბაზარზე ეროვნული ბანკი ძლიერი მოთამაშეა?
ზურაბ გვასალია:
– მას ამისთვის ყველა ბერკეტი გააჩნია.
ემზარ ჯგერენაია:
– საქართველოში სადეპოზიტო სერთიფიკატების ბაზარი კარგად განვითარებული არ არის. 2003 წლამდე ამ სფეროში სავალალო მდგომარეობა იყო, 2003 წლის შემდეგ კი ის ჩანასახის მდგომარეობაშია. ეროვნულ ბანკს საფინანსო ბერკეტები სათანადოდ განვითარებული არ აქვს და ის ძლიერი მოთამაშე არ არის, იგიე შეიძლება ითქვას საკრედიტო ბაზარზეც. 4.5 მლნ დოლარია ჩვენი ბანკების საკრედიტო დაბანდება, რომლის 70%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მოზიდული და ეროვნული ბანკი პროცენტების რეგულირებით ამ მექანიზმს ვერ გამოიყენებს, ის საკრედიტო რესურსს ვერც გააიაფებს და ვერც გააძვირებს. საკრედიტო რესურსის გაიაფებით ხელს ვუწყობთ წარმოების განვითარებას, მაგრამ იზრდება ინფლაციის რისკი, გაძვირებით კი ეკონომიკის ზრდის ტემპი ნელდება, რასაც ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდა მოჰყვება. საზღვარგარეთ ყველა ცენტრალური ბანკი ამ ბრძოლაშია ჩაბმული და იქ ეს მძლავრი მექანიზმია, მაგრამ საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვან პარამეტრს უკონტროლებდა. დღემდე ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ შეიძლება დადებითად შეფასდეს. მცდარი შეხედულებაა, რომ დღემდე ეროვნული ბანკი კარგად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში მეანაბრეებს განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონდათ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მაინც არ იყო უმაღლეს დონეზე. ლარის კურსი ძალიან მყარია დოლარის მიმართ, რასაც ჩვენ ინფლაციის შესაკავებლად ვიყენებთ, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ძვირდება ენერგომატარებლები, ხორბალი, სურსათი, რაც საქართველოს ბაზარზე აისახება. ჩვენ იმპორტს ვაიაფებთ, ვამყარებთ ლარის კურსს, იაფი იმპორტი გაძვირებულ ფასებს იჭერს და ამით ვცდილობთ ინფლაციის დარეგულირებას, რაც არასწორი მიდგომაა – იმპორტი იაფდება, მაგრამ პრობლემები ექმნება ექსპორტს.
– იქნებ ჯობდა ეს რეფორმა დროში გაწერილიყო? მზად არის ეროვნული ბანკი რამდენიმე თვეში ინფლაციისათვის პასუხიმგებლობა იკისროს?
ზურაბ გვასალია:
– პასუხის გაცემა მიჭირს, ალბათ პირდაპირი პასუხი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვთ საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოიზიდონ 10 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციები, ამისთვის კი ის საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა საქართველოში, რომლითაც უცხოელ ინვესტორთან საუბარი შეიძლება.
– კანონპროექტში ჩაწერილია საფონდო ბირჟების კონკურენტუნარიანობის შესახებ. ახლა რა მდგომარეობაა საქართველოს საფონდო ბირჟებზე და რა მომავალი ესახებათ მათ კანონპროექტის მიხედვით?
დავით ნარმანია:
– საფონდო ბირჟებთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს, საქართველოში ფაქტობრივად გვაქვს ერთი საფონდო ბირჟა, სადაც მხოლოდ მოკრძალებული გარიგებები ხდება, გარიგებების დიდი ნაწილი კი საქართველოში ან საზღვარგარეთ ბირჟისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. თუ ბირჟების განვითარებისათვის რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება, ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ რამდენად წაახალისებს მთავრობის მიერ სპეციალურად დამატებითი ბირჟების შექმნა საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებას, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია. ბირჟები თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ვითარდებოდეს, ჩარევა მინიმალური ან ნულოვანი უნდა იყოს. ბიზნესკლიმატი კი სააქციო საზოგადოებებისთვის ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს, რაც საბირჟო გარიგებებს ავტომატურად შეუქმნის საფუძველს. ქვეყნის განვითარება საფონდო ბირჟის განვითარებას ნიშნავს. ჩემი აზრით, მსგავსი კანონპროექტები ნაჩქარევად არ უნდა მივიღოთ და იგი დეტალურად უნდა განვიხილოთ. ეროვნული ბანკის შესახებ კანონი არსებითად იცვლება, მაგრამ ის საკანონმდებლო ცვლილებათა სახით კანონშია წარმოდგენილი, უმჯობესი იქნებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონი მომზადებულიყო.
აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუცური სტატუსი არ იცვლება, რადგან ის კონსტიტუციითაა აღიარებული და ხელაღებით მისი შეცვლა არ შეიძლება. თუ ის კონსტიტუციით ბანკთა ბანკად რჩება, არ უნდა დავიწყოთ, სხვა კანონებში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ეროვნულ ბანკს გარკვეულ ფუნქციებს ართმევს. ეროვნული ბანკის ფუნქციები იცვლება, იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში, იქმნება ბიუჯეტგარეშე ორი ფონდი, მათთან დაკავშირებით კანონპროექტში ყველაფერი გამჭვირვალედ არ წერია: როგორი იქნება მათი მართვა და ვის წინაშე იქნებიან ისინი პასუხისმგებელნი. რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონპროექტები სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებმა შექმნეს და შემდგომ მისი ერთიანი პაკეტის სახით გადახედვა არ მომხდარა. ზოგიერთი საკითხი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და საკმაოდ მწირია მათი განმარტებითი ბარათი.
ემზარ ჯგერენაია:
– დროა საქართველოს ეროვნული ბანკი ძლიერ მოთამაშედ ვაქციოთ და ის უმუშევრობისა და ინფლაციის ნამდვილი რეგულატორი გახდეს.
– როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფოთში იქმნებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამ სახელწოდებას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ და ინდუსტრიული ზონის შექმნას ცალსახად გამორიცხავდნენ, მათი მხრიდან გამოირიცხებოდა ზონაში ფინანსური საქმიანობაც. ახლა ცნობილი ხდება, რომ შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც შესაძლებელი გახდება ფინანსური ოპერაციების ჩატარებაც. ცნობილი გახდა ასევე უცხოური კაპიტალით შექმნილი ბანკების შეღავათების შესახებ.
დავით ნარმანია:
– თუ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი კომპანიები საქართველოს ბანკებით ისარგებლებდნენ, ეს უფრო გამჭვირვალე პროცესი იქნებოდა, განავითარებდა საქართველოს ბანკებს და უფრო მეტ შემოსავალსაც მოუტანდა ქვეყანას.
ზურაბ გვასალია:
– თუ უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალით ოფშორულ ზონებში გახსნილი ბანკების შემოსავალი მის კაპიტალთან მიმართებაში საქართველოში 10%-ს არ აღემატება, მაშინ ის გადასახადისგან თავისუფლდება. ქართულ ბანკსაც შეუძლია შეღავათიანი პირობებით სარგებლობა, არავინ უშლის, მთავარია უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი ჰქონდეს.
ემზარ ჯგერენაია:
– ქვეყანაში ნოემბრის მოვლენების შემდეგ ინვესტიციების შემოდინება შეჩერდა, 2008 წელი საარჩევნო წელია, ამიტომ დიდ ინვესტიციებს კვლავ არ უნდა ველოდოთ. ძირითადი შემოდინება საბანკო კაპიტალში ხდება, საბაკო ბაზარი სარისკოდ იზრდება, დღეს უნდა მოხდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა, ის ორიენტირებული უნდა იყოს ინფლაციის რეგულირებასა და წარმოების ზრდის ტემპის ზრდაზე, ერთდროულად ამის გაკეთება მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისთვის ურთულესი ამოცანაა. მხოლოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სიმყარე მისი შეფასების მთავარ კრიტერიუმად არ გამოდგება.
– რა ცვლილებები შევა მეწარმეთა შესახებ კანონში?
დავით ნარმანია:
– იგი უფრო ლიბერალური ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი საერთოდ შესაცვლელია, რადგან შეიქმნა 1994 წელს და მას შემდეგ კანონში ბევრი ცვლილება განხორციელდა, მიდგომებიც შეიცვალა.
– როგორი სახის რევოლუციას მიიღებს საქართველო “რევოლუციული პაკეტით?”
დავით ნარმანია:
– საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვლება თამაშის წესები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ბევრ ცვლილებას მოიტანს, ძირითადი მმართველი რგოლი უცხოური კომპანიები იქნებიან, ადგილობრივი მოსახლეობა კი მუშების დონეზე იქნება წარმოდგენილი, იცვლება ეროვნული ბანკის როლი და ძლიერდება ზედამხედველობის სამსახური და შედარებით უფრო ლიბერალურ გარემოს მივიღებთ სამეწარმეო საქმიანობისათვის.
დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელია! ერთი რამ კი ცხადია, დღემდე ეროვნული ბანკი მხართეძოზე იყო წამოწოლილი და არაფერს აკეთებდა. ეკონომიკისა და ისეთი მაკროეკონომიკური კატეგორიების, როგორიც ინფლაციაა, კონტროლისათვის დღეიდან მას მოუწევს იზრუნოს ეკონომიკის ზრდაზეც, უმუშევრობაზეც და ინფლაციაზეც. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკისათვის ეს ახალი სამსახურია და ის, რასაც სიამოვნებით აკეთებდა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტარგეიტების კონტროლი და კომერციული ბანკების რევიზია – დღეიდან სხვისი გასაკეთებელი იქნება. გამოჩნდება, თუ რამდენად უახლოვდება ეროვნული ბანკი ინსტიტუციონალურად დასავლეთის სტანდარტებს და რამდენად მზადაა თავის სისხლხორცეული ფუნქციების შესასრულებლად. რაც შეეხება საფინანსო ბაზრის რეგულირებასა და კონტროლს, ეს მეტად რთული საქმეა და ამ ახალ ინსტიტუტზე მრგვალ მაგიდასთან მსჯელობას კვლავ გავაგრძელებთ და ამის თაობაზე საუბარს მესამე ნომერში შემოგთავაზებთ. შემოგვიერთდით, ვიმსჯელოთ!