საკვები, რომელიც ინფლაციას ზომავს
მაკა ღანიაშვილი
ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისას, მთავრობები ხშირად სავალუტო მანიპულაციებს მიმართავენ. ვალუტის კურსის შესუსტებით, საექსპორტო პროდუქციის ფასების შემცირებასა და, შესაბამისად, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ცდილობენ. ვინაიდან სუსტი ეროვნული ვალუტა აიაფებს და უფრო კონკურენტუნარიანს ხდის ამა თუ იმ ქვეყნის საექსპორტო პროდუქციას. ასევე, აიძულებს ადგილობრივ მომხმარებელს, უფრო ძვირ იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით, არჩევანი იაფ, ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე გააკეთოს. ეს ყველაფერი კი, ვალუტების გაცვლით კურსს ძალიან მგრძნობიარე თემას ხდის.
როგორც ბრიტანული ჟურნალ The Economist-ის Big Mac index აჩვენებს, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ხშირად ცდილობენ ეროვნული ვალუტების შესუსტებას, საპირისპიროდ კი, განვითარებული ქვეყნების ვალუტები მაღალ გაცვლით კურსს ინარჩუნებენ.
რას ნიშნავს Big Mac index
Big Mac index The Economist -ის მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება და მიზნად ისახავს, კომპანიაMcDonalds -ის ცნობილი სენდვიჩის “ბიგ მაკის” ღირებულების მიხედვით ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის რეალური მიმართების დადგენას აშშ დოლარის კურსთან.
ამ პრინციპით, არაოფიციალურად განისაზღვრება ქვეყნებში მსმყიდველობითი უნარის პარიტეტი (Purchasing Power Parity). მართალია, “ბიგ მაკი” არ წარმოადგენს სამომხმარებლო კალათის მთავარ პროდუქტს და, შესაბამისად, მისი ღირებულება არ ასახავს ფასების სტრუქტურას მთლიანობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიგ მაკ ინდექსი აჩვენებს მთავარ ხარისხობრივ მაჩვენებლებს და ზოგად ტენდენციებს კონკრეტული ქვეყნის სავალუტო ბაზრის შესახებ. ბრიტანული ჟურნალის ექსპერტები “ბიგ მაკ ინდექსს” იყენებენ, როგორც უნივერსალურ საზომს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულის გაცვლით კურსს ადგენს “ბიგ მაკის” ფასზე გათვლით.
სავალუტო კურსების განსაზღვრის ეს არაფორმალური მეთოდი დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ამ კვლევას The Economist 1986 წლიდან ატარებს. ჟურნალის ექსპერტებმა “მაკდონალდსის” “ბიგ მაკი” ეტალონად ორი მიზეზის გამო აირჩიეს: ჯერ ერთი, McDonald-ის რესტორანთა ქსელი 170-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს და მეორეც, თვითოთ “ბიგ მაკი” შეიცავს სამომხმარებლო კალათაში შემავალ საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, პურს, ხორცსა და ბოსტნეულს.
ასევე, საინტერესოა, გათვლა იმის შესახებ, თუ რამდენი სამუშაო დროა საჭირო 1 “ბიგ-მაკის” საყიდლად სხვადსახვა ქვეყანაში. იაპონელები “ბიგ-მაკის” ფულს 10 წუთში გამოიმუშავებენ, ლოს-ანჟელესში – 11 წუთში, ნიუ იორკში – 13 წუთში, ქართველებმა კი 1 “ბიგ-მაკის” ყიდვა რომ მოახერხონ, 1 საათი და 45 წუთი უნდა იმუშაონ (ციფრები ეყრდნობა 2009 წლის მონაცემებს).
რა ტენდენციებს აჩვენებს Big Mac index?
ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა, აზიური ვალუტები ყველაზე იაფია დოლართან მიმართებაში. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებასა და ჩინეთის “მცდელობას”, იუანის კურსი უფო მოქნილი გაეხადა, ჯერ შედეგი ამ მიმართულებით არ მოუცია. კვლევის პერიოდში ჩინეთში “ბიგ მაკი” 1,95 აშშ დოლარი ღირდა, აშშ-ში კი 3,73 დოლარი. ინდექსის გამოთვლის მეთოდიკის მიხედვით, ამ მაჩვენებლებით, იუანის რეალური ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 3,54 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის 6,78-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ იუანის მსყიდველობითი უნარი 45%-ით ნაკლებია აშშ დოლართან შედარებით. იგივე ტენდევცია შეინიშნება სხვა აზიურ, მათ შორის, სამხრეთ კორეული ვალუტის შემთხვევაში.
ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყანა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის ზოდაგ ტენდენციას არ იმეორებს, ბრაზილიაა. Big Mac Index-ის მიხედვით, მისი ვალუტის მსყიდველობითი უნარი აშშ დოლართან მიმართებაში 31%-ით მეტია.
კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენცია – ამ ინდექსის მიხედვით, ევრო ისევ ინარჩუნებს მსყიდველობითი უნარის მაღალ დონეს აშშ დოლართან და ასევე, სხვა განვითარებული ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. თუმცა, თუ 2009 წელს ეს მაჩვენებელი აშშ დოლართან მიმართებაში 29% იყო, ახლა 16%-მდეა შემცირებული. ფუნტს რაც შეეხება, თუ 2009 წელს მისი მსყიდველობითი უნარი ცოტა აღემატებოდა დოლარისას, ახლა მისი მსყიდველობითი უნარი მცირედით ჩამოუვარდება დოლარს. ძალიან ძვირია შვეიცარული ფრანკი, რომლის მსყიდველობითი უნარი დოლართან მიმართებაში 68%-ით მეტია. ასევე, ნორვეგიაშიც, სადაც “ბიგ ბაკის” ღირებულება 45 კრონა, ანუ 7,20 აშშ დოლარია, ეს ფასი თითქმის 2-ჯერ აღემატება “ბიგ მაკის” ფასს აშშ-ში.
Big Mac Index თუ ხაჭაპურის ინდექსი
2007 წელს საქართველოში “ბიგ მაკის” ყიდვა 4,60 ლარად შეიძლებოდა, რაც იმჟამინდელი კურსის მიხედვით, 2,60 დოლარს უდრიდა, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ამავე პერიოდში, “ბიგ მაკის” ფასი 2,73 აშშ დოლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში აშშ-ში “ბიგ მაკი” 3,15 დოლარი ღირდა, რუსეთში კი – 1,6 დოლარი.
რაც შეეხება გასულ წელს, საქართველოში “ბიგ მაკის” ფასი 2008 წელთან შედარებით 1,85 ლარით, ანუ 38%-ით გაიზარდა და 6,80 ლარი შეადგინა. ამ ფასით ქართული “ბიგ მაკის” ფასი ამერიკულ ფასს 15%-ით აღემატება. რაც იმას ნიშნავდა, რომ გასულ წელს აშშ-ში 1 ამერიკული დოლარით 15%-ით მეტი პროდუქციის შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში. თუმცა, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და მოთხოვნის შემცირების გამო, საქართველოში “მაკდონალდსის” ფასები შემცირდა.
2010 წლის მარტისთვის (The Economist-ის კვლევის პერიოდი) “ბიგ მაკი” საქართველოში 5,50 ლარი ღირდა, რაც იმჟამინდელი კურსის მიხედვით, 3,2 დოლარის ტოლფასია.Big Mac-ის 2010 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო სამხრეთ კორეისა და ბრიტანეთის მაჩვენებელს შორისაა და უახლოვდება ამერიკის ფასს – 3,58 დოლარს. ეს ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი დოლართან მიმართებაში ნაკლებია. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, Big Mac-ის ინდექსის მიხედვით, მისი ვალუტის მსყიდველობითი უნარი 2007 წლის შემდეგ უფრო მეტია აშშ დოლართან შედარებით, რადგან “ბიგ მაკის” ფასი აქ 28%-ით გაიზრდა და 3,98 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეტია “ბიგ მაკის” ამერიკულ ფასზე.
თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც აზერბაიჯანში, ამ ინდექსის მიხედვით ტენდენციების ზუსტად განსაზღვრა არ შეიძლება, რადგან “მაკდონალდსი” კვების ისეთი მასობრივი საშუალება არ არის ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ექსპერტებმა, ქართული რეალობის გათვალისწინებით, შექმნეს ანალოგიური, “ხაჭაპურის ინდექსი”. ის დაფუძნებულია Big Mac Index-ის მეთოდოლოგიაზე და მიზნად ისახავს ინფლაციის დონის გაზომვას ხაჭაპურზე ფასების ცვლილების მიხედვით. თუ The Economist-ის ექსპერტების მიზანი, Big Mac Index-ის საშუალებით სხვადასხვა ქვეყნების სავალუტო კურსისა და ამ ქვეყნებს შორის არსებული ცხოვრების დონეს შორის სხვაობის დადგენაა, “ხაჭაპურის ინდექსის” საშუალებით ავტორები საქართველოს რეგიონებში არსებული ცხოვრების დონის ერთმანეთთან შედარებას ცდილობენ. ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2010 წლის ნოემბერში, 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17,3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.