კენკრის წარმოება მცირე ფერმერებს მოგებას მოუტანს

რედაქციისაგან

3 ივლისს USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი AgVANTAGE-ი “საქართველოს კენკროვნების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან თამაზ ნიპარიშვილთან ერთად კასპში არსებულ კენკროვანი ხილის სადემონსტრაციო საწარმოო ბაღში მინდვრის დღე მოაწყო.
კენკროვანი ხილის სადემონსტრაციო ბაღი 2006 წლის გაზაფხულზე გაშენდა. მასში წარმოდგენილია საქართველოსთვის ახალი ხუთი საუკეთესო ჯიშის კენკრის 14 ნაირსახეობა – წითელი ჟოლო, შავი ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი და უეკლო მაყვალი. ეს ჯიშები უხვმოსავლიანობით, მსხვილი ნაყოფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ნერგების იმპორტი ამერიკიდან განხორციელდა და 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ამერიკელი კონსულტანტის ზედამხედველობით დაირგო. მიუხედავად იმისა, რომ ნერგების დარგვიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა, საველე გასვლაში მონაწილე პირებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და გაესინჯათ პირველი მოსავალი, რომელიც ბაღში საქართველოს პირობებში პირველად მოვიდა. ორ-სამ წელიწადში, როდესაც მცენარე განვითარების სრულ ფაზას მიაღწევს, უფრო მეტს გავიგებთ მის მსხმოიარობაზე და შევძლებთ მივცეთ დაინტერესებულ ფერმერებს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები. გასულ წელს AgVANTAGE-ის დახმარებით მსგავსი სადემონსტრაციო ბაღები ასევე გაშენდა იმერეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. კიდევ ერთი ბაღის გაშენება წელს კახეთის რეგიონში იგეგმება.
კენკროვანი ხილის სახეობათა უმეტესობა საქართველოში სამრეწველო სახით არასდროს უწარმოებიათ. დღესდღეობით საქართველოში კენკრის სახეობებიდან მხოლოდ მარწყვი, წითელი მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი მოყავთ, რომელთა ნარგაობა მხოლოდ 150 ჰექტარს მოიცავს. იგი ძირითადად კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში მოყავთ და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
საქართველოში კენკრის ახალი ჯიშების შემოტანამდე ფერმერებისთვის ჩატარდა მრავალი ტრენინგი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ახალი ჯიშების მომგებიანობის, ბაღის გაშენების მეთოდების, მავნებლების კონტროლის, მოყვანის მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ. სადემონსტრაციო ბაღის გაშენების მთავარი მიზანი შესთავაზოს იმ ფერმერებს, რომლებსაც საკუთრებაში ერთი ან ორი ჰექტარი მიწა აქვთ, მომგებიანი ალტერნატიული კულტურა და აჩვენოს ახალი ჯიშებისა და წარმოების ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა. კენკროვანი ხილი მომგებიანი, შრომატევადი კულტურაა, რომელიც მცირე ფერმერებისთვის შეიძლება სარფიან ბიზნესად იქცეს. ამერიკაშიც კი, ყველაზე წარმატებული ამ ინდუსტრიაში მცირე ფერმერები არიან.
კენკროვანი ხილის წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, 2006 წელს AgVANTAGE-ის დახმარებით დაფუძნდა “კენკროვანი ხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიდაც ამჟამად ცხრა ფერმერია გაერთიანებული იმერეთის, შიდა ქართლის, გურიის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია კენკროვნების მოყვანის ტექნოლოგიების, აგროტექნიკისა და მარკეტინგის საკითხების ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ფერმერთა ფართო წრეს. ასოციაციის სამომავლო გეგმებში შედის საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების სტრატეგიის შემუშავება.