რეცენზია – “ეკონომიკის და ბიზნეს ლექსიკონი”
ემზარ ჯგერენაია, თსუ პროფესორი
თავის ერთ შენიშვნაში, მომავლის მიმოხილვას კეინსმა უწოდა “ეკონომიკის შესაძლებლობები ჩვენი შვილიშვილებისათვის”. შეიძლება ეს ეპიგრაფად წავუმძღვანოთ ქალბატონ როზეტა ასათიანის ახალ ნაშრომს – “ეკონომიკის და ბიზნეს ლექსიკონი”. დამეთანხმებით, რომ ეს ძალზე ფაქიზი სფეროა და ამავდროულად, რთული.
ხშირად, ის სცილდება უბრალოდ ეკენომისტ-მეცნიერის მოღვაწეობის სფეროს. თუმცა, არც სუფთა ლინგვისტური არეალია, რადგან ბიზნესმა თუ არ აღიქვა ესა თუ ის ტერმინი, ის შეიძლება არ გამოდგეს სიცოცხლისუნარიანი. ქალბატონ როზეტას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ სფეროში და მისი ყოველი ახალი ნაშრომის გამოსვლას ეკონომისტთა და ბიზნეს-წრეები საკმაოდ მძაფრი მოლოდინითEელიან.
მით უმეტეს, როდესაც ერთ ნაშრომში თავმოყრილია ბიზნეს და ეკონომიკის მიმართულებები. ქართულ ბიზნესი დღეს აწყდება უაზარმაზარ ტერმინოლოგიურ და ლექსიკურ პრობლემებს. ერთი მხრივ, უცხოური და განსაკუთრებით ინგლისური ბიზნეს-ტერმინები ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება და მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, დავიცვათ ენა ასეთი უცხოური ექსპანსიისგან. მაგალითად, ავიღოთ სიტყვა “სავალუტო არბიტრაჟი”, არც ერთი შემადგენელი ნაწილი არ არის ქართული, მაგრამ ჩვენ ბიზნეს-საფინანსო სფეროში მას ვიყენებთ.
შეიძლება გამოინახოს უფრო შესაფერისი ქართული ვარიანტი, აი, ეს არის მეცნიერთა თავსატეხი და მეორე მხრივ, თუ მოვნახეთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება იგი?
გამოწვევები ბევრია და მეცნიერთა რიცხვი, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, სულ მცირდება და მცირდება. ამ ფონზე, დოქტორ როზეტა ასათიანის ახალი ნაშრომი მეტად მნიშვნელოვანია და მიაჩნია, რომ ის დაიმკვიდრებს თავის ადგილს ეკონომიკური ბიბლიოთეკების თაროებზე.
ლექსიკონის მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ავტორი ცდილობს, სიღრმისეულად ახსნას ბევრი ძველი თუ ახალი ტერმინი. მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონა – გვ.142, ინფლაციის კრიტიკული წერიტილი გვ.158. ლექსიკონში არის საბანკო სფეროს ბევრი მნიშვენლოვანი ტერმინი, მართალია, ნაკლებად განვრცობილად, მაგრამ ერთიან კონტექსტში. მაგალითად, სავალუტო პოზიცია – გვ.303, ფიუჩერსული გარიგება – გვ.376. ასევე, ტექნიკური ხარვეზია გაპარული და 285-ე გვერდი ორჯერ მეორდება, რაც საერთოდ არ აკნინებს ნაშრომის მნიშვნელობას. მიმაჩნია, რომ ნაშრომი კიდევ ერთი შენაძენია სტუდენტთა და მკვლევართა ბიბლიოთეკისთვის.