ბრიტანეთი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ზღვარზე
სარედაქციო წერილი
ახალი, 2011 წელი აგრძელებს არასასიამოვნო სიურპრიზებს. დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზრის პირველმა სტატისტიკამ დააფიქსირა ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა. მართალია, უმუშევართა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუარესების ნიშნები უკვე სახეზეა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებთაც უმუშევრობისთვის შემწეობისთვის სახელმწიფოს მიმართეს, 2011 წლის იანვარში, პირველად ბოლო ოთხი თვის მანძილზე გაიზარდა 2,4 ათასით 1,46 მილიონამდე.
ანალიტიკოსები პირიქით, კლებას ელოდნენ 3 ათასით. ამასთან, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოთვლილია შემწეობისათვის გაკეთებული განაცხადების მიხედვით, ჯერჯერობით ძველ ნიშნულზეა და რვა თვეა ზედიზედ 4,5%-ზეა გაჩერებული. არც თუ სახარბიელო ანალიზს აკეთებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ექსპერტები. დიდ ბრიტანეთში დასაქმების მხრივ სიტუაცია გაუარესდა ჯერ კიდევ 2010 წლის IV კვარტალში. ამ პერიოდში უმუშევართა საერთო რიცხვი გაიზარდა 44 ათასი ადამიანით 2,49 მილიონამდე, ხოლო დასაქმება შემცირდა 68 ათასი ადამიანით. შედეგად, 2010 წლის IV კვარტალში მომუშავე ბრიტანელების რიცხვმა შეადგინა 29,1 მილიონი. ასევე არასასურველი მონაცემებია შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის ზრდაც ბოლო კვარტალში ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc Bonus) შემცირებულია წინა სამ თვესთან შედარებით (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) – 2,1%-დან 1,8%-მდე. ხოლო ხელფასების ზრდის დონე ბონუსების გათვალისწინების გარეშე (Avg. Earnings ex Bonus) ძველ ნიშნულზეა – 2,3%-ის დონეზე. ILO-ს სტანდარტებით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებელი ამავე პერიოდში III კვარტალთან შედარებით გაიზარდა 7,7%-დან 7,9%-მდე. ეს უკვე სერიოზული განაცხადია ქვეყანაში დასაქმების სიტუაციის გაუარესებისა და მომავალში შრომის ბაზრის შესაძლო დასუსტების თვალსაზრისით. გამაწბილებელი და მოულოდნელია იანვრის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ შრომის ბაზარზე სიტუაცია მართლაც უარესობისკენ არის წასული და ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ეკონომიკური ვარდნის დაწყების პირველი სიგნალი აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოითვლება შემწეობის შესახებ განაცხადებით, რვა თვეა ზედიზედ არ იცვლება, ეს კი ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარზე რთული პრობლემები არ შეინიშნება, მაგრამ 2010 წელს ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდებოდა, ეს ფაქტი კი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანული ეკონომიკის ზრდა შენელებულია. 2010 წლის ბოლო კვარტლის სტატისტიკამ უკვე აჩვენა წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ვარდნა. მართალია, ჯერ საჯაროა მშპ-ის IV კვარტლის მხოლოდ პირველადი შეფასება, რამაც შესაძლოა შემდეგი კორექტირება განიცადოს. ექსპერტები ჯერჯერობით ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი და პროგნოზირებენ პირველი შეფასების დამტკიცებას, ანუ ეკონომიკური აქტივობის 0,5%-იან ვარდნას. თუკი, ნისლიანი ალბიონის ეკონომიკაში ვარდნა გაგრძელდება, შესაძლებელია შრომის ბაზარზე დაიწყოს უმუშევრობის ზრდის მეორე ტალღა. დამატებითი კატალიზატორი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უმუშევრობის მეორე ტალღის ამპლიტუდას, შეიძლება გახდეს ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირება. ამ შემთხვევაში, უმუშევრობის მასშტაბები აბსოლუტურად სხვა იქნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დიდ ბრიტანეთში ყველაფერი ასე ტრაგიკულად არ არის. 2010 წლის IV კვარტლის სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პროვოცირებული იყო საშინელი ყინვებითა და თოვლით, რომელმაც ბრიტანული ეკონომიკის ბევრი დარგის პარალიზება გამოიწვია. მართალია, სამშენებლო სექტორში გარკვეული “სიურპრიზები” ინგლისელებს არ უკვირთ, მაგრამ საცალო გაყიდვების ვარდნას, სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებასა და წინასაშობაო ვაჭრობის ჩავარდნას ისინი არ ელოდნენ. თუმცა, იანვრის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში არის პოზიტიური მონაცემებიც, რომელიც ახალი წელს ეკონომიკური აქტივობის დაჩქარებაზე მეტყველებს. იანვრის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის შომის ბაზარი მოწყვლადია და არამდგრადი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის დაწყების მომენტიდან ერთი წელი გავიდა. პირველ რიგში, ეს ხდება ბრიტანეთის მთავრობის ხარჯების რადიკალური შემცირების გამო. ცხადია, რომ ბრიტანელმა ბიზნესმენებმაც მჭიდროდ მოიჭირეს ქამრები მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირების შედეგების ში-შით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შემდეგ დასაქმების მხარდაჭერის მთელი სიმძიმე კერძო სექტორზე გადავა. პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ბიზნესმენებს მოუწოდებს, კერძო კომპანიებში უახლოეს თვეებში მეტი ადამიანი დაასაქმონ, რათა მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო სექტორში დათხოვნილი ადამიანების დასაქმება. შეგახსენებთ, რომ კამერონის მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების გეგმა ითვალისწინებს 4 წლის განმავლობაში 330 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას.
გასული წლის IV კვარტლის სტატისტიკაში ყველაზე გამაწბილებელი ის ფაქტია, რომ ბრიტანელი უმუშევრების მესამედი ამ მდგომარეობაში წელიწადზე მეტია რაც იმყოფება. გარდა ამისა, უმუშევართაგან 20,5% 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. გასული წლის ბოლო კვარტლის მიხედვით, მათი რაოდენობა 965 ათასია. ორივე ამ მაჩვენებელმა 1992 წლის ისტორიული მაქსიმუმის ნიშნულს მიაღწია. ასეა თუ ისე, მართალია, ბრიტანეთში უმუშევრობა იზრდება, მაგრამ სიტუაცია არც ისეთი სავალალოა, როგორ მაგალითად, ევროზონასა და აშშ-ში, სადაც უმუშევრობა 10% და 9%-ის დონეზეა შესაბამისად, მაგრამ უფრო შორსაა იაპონიის მაჩვენებელთან, სადაც მოხერხდა უმუშევრობის დონის დაწევა 4,9%-მდე.
უმუშევრობის ზრდის პრობლემა დიდ ბრიტანეთში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ხელში ნამდვილ კოზირად იქცა, პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა პარლამენტში განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ახალგაზრდა ბრიტანელების იმედებს არ ამართლებს, რაზედაც პრემიერმა კამერონმა მიუგო: “ახალგაზრდების უმუშევრობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის პრობლემაა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, როგორც უკეთეს, ისე უარეს პერიოდში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები სამუშაოს დავუბრუნოთ.”
შრომის ბაზრის ბოლოდროინდელი სტატისტიკის კომენტირებისას, ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა, მერვინ კინგმა განაცხადა, რომ ციფრებმა მიაღწიეს ეკონომიკის საიმედოობის რეზერვის იმ მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც საშუალებას იძლევა – ინფლაციურ ზეწოლას დაუპირისპირდნენ. რა მოჰყვება ამ განცხადებას? – ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ახლოს არის.
ევროპას 1,5%-იანი ზრდა ექნება
ევროპელი ბიზნესმენები რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამას მოწმობს 964 ევროპელ ინვესტორთა გამოკითხვის შედეგები. ევროზონის საქმიან წრეებში განწყობას შენტიხLLC-ის სპეციალისტები იკვლევდნენ – ეროპაში საქმიანი კლიმატის შემსწავლელი ყველაზე აღიარებული სპეციალისტები. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რომელიც თებერვლის დასაწყისში ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ საქმიანი ადამიანები არა მხოლოდ ახლა არიან კმაყოფილნი ეკონომიკური სიტუაციით, არამედ, მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებენ. ინვესტორების მიმდინარე განწყობა იანვრის 14 პუნქტიდან 21,25 პუნქტამდე ავიდა, ხოლო მოლოდინის ინდექსი კი – 7,25-დან 12,25 პუნქტამდე. რაც შეეხება ევროზონაში საქმიანი კლიმატის განმსაზღვრელ წამყვან მაჩვენებელს – ინვესტორების ნდობის ინდექსს (შენტიხ Iნვესტორ ჩონფიდენცე) იანვრის 10,6 პუნქტიდან 16,7 პუნქტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ მაჩვენებლის 14,0 პუნქტით ზრდას. ბოლო სამი წლის მანძილზე მაქსიმალურ ნიშნულამდე ამ მაჩვენებლის ზრდა იმას მიანიშნებს, რომ რეგიონში სუვერენული ვალის კრიზისის თაობაზე შფოთი თანდათანობით უკანა პლანზე გადადის, ასევე, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელების პროგნოზიც.