ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის დინამიკა და სტრუქტურა
ეკა ლეკაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაისურაძე – ეკონომიკის მაგისტრი
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე განაცხადა, რომ ის მიისწრაფვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. რუსული ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ხელისუფლებამ სრულად გააცნობიერა, რამდენად აუცილებელი იყო ქვეყნის ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ამ პერიოდიდან მოყოლებული ევროკავშირი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა.
ევროკავშირში ექსპორტის განხორციელება საქართველოსთვის ხელსაყრელია სხვადასხვა მიზეზით:
1. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი საქართველოს საზღვაო მეზობელია, შესაბამისად, ექს-პორტირება შესაძლებელია ხანმოკლე ვადებში და დაბალი დანახარჯებით, ვიდრე ოკეანის გადაღმა ბაზრებზე;
2. ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობით. მაშასადამე, არ არსებობს საშიშროება, რომ ის საქართველოსთან ვაჭრობას გამოიყენებს მანიპულირების იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად;
3. საქართველოს, კულტურული თვალსაზრისით, სიახლოვე აქვს ევროპულ კულტურასთნ, რაც შეიძლება ვაჭრობის ხელშემწყობ ფაქტორად ჩაითვალოს;
4. ევროკავშირის ბაზარი საკმაოდ მაღალი ფასებით და კონკურენტუნარიანობით ხასიათდება, ამიტომაც მაღალხარისხიანი პროდუქცია, სხვა სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ აღმოჩნდება ისეთი პრობლემის წინაშე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას განვითარებადი და შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნების ბაზრებზე პროდუქციის დაბალკონკურენტუნარიანობის გამო;
5. ევროკავშირის ბაზარზე წარმატების მიღწევა უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ კომპანიებს ექსპორტირების საქმეში, აამაღლებს ქართული პროდუქციის პრესტიჟს მთელს მსოფლიოში და ფაქტიურად გზას გაუხსნის სხვა ბაზრების ათვისებისთვის.1
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და გაფართოება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
ევროკავშირი, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კუთხით, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. 2010 წლის მონაცემებით, ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 26%-ით განისაზღვრა, მათ შორის 19% ექსპორტში და 28% იმპორტში2. 2010 წელს სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტის და იმპორტის მოცულობა, 2009 წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით, შესაბამისად 13, 25 და 10 პროცენტით მეტია, თუმცა 2008 წლის მონაცემებს კვლავაც ჩამორჩება.
რაც შეეხება საქართველოს ადგილს ევროკავშირის საგარეო ვაჭრობაში, 2009 წლის მონაცემებით საქართველოს 79-ე ადგილი უკავია ეკ-ის იმპორტიორ ქვეყნებს, ხოლო 77-ე ექსპორტიორ ქვეყნებს შორის და 81-ე (2008 – 78-ე) ადგილზეა საერთო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლები 2008 წელთან შედარებით შესაბამისად 5 (74-ე ადგილი), 5 (68-ე ადგილი) და 3 (78-ე ადგილი) პუნქტითაა გაუარესებული3. სამივე მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს წილი ევროკავშირის საგარეო ვაჭრობაში 0.1%-ზე ნაკლებია.
ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2004-2010 წლებში ექსპორტის ზრდის საშუალო ტემპი არა თუ ჩამოუვარდებოდა იმპორტის ზრდის ტემპს, არამედ აღემატებოდა კიდეც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქარ-თველოს ექსპორტი ევროკავშირში საშუალოდ 34.7%-ით გაიზარდა (იმპორტი – 34%-ით), რაც თავისთავად დადებით მოვლენას წარმოადგენს (დიაგრამა 1). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა უფრო მაღალი ტემპით ხასიათდება, ვიდრე ზოგადად საქართველოს ექსპორტის (დიაგრამა 2).
ქართული პროდუქციის ექსპორტის დაახლოებით 88% ათ ქვეყანაზე მოდის და აქედან 18.1%-ით ევროკავშირი ლიდერობს4. მაგრამ ქართული პროდუქციის ექსპორტის განაწილება თვითონ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაზე მეტად არათანაბარია. ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის 50%-ზე მეტი ოთხ წევრ ქვეყანაზე მოდის. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი (20.9%), ესპანეთი (11%), გერმანია (10.8%) და რუმინეთი (9.7%). საქართველოს ექსპორტში ევროკავშირში მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენილნი არიან ბელგია (8.7%), იტალია (7.9%), გაერთიანებული სამეფო (6.5%) და ნიედრლანდები (5.7%). 2010 წელს საქართველოს ექსპორტში საფრანგეთის წილი, რომელსაც 2009 წელს 11.7%-ით მე-4 ადგილი ეკავა მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 3.3% შეადგინა, მას ოდნავ უსწრებს ლიტვა (3.4%), ხოლო ჩეხეთი ერთი პოზიციით ჩამორჩება (2.5%). დაახლოებით ორი პროცენტით არიან წარმოდგენილნი საბერძნეთი (2.4%) და ლატვია (2%). დანარჩენი 14 წევრი ქვეყნის წილი 1% ან უფრო ნაკლებია და მთლიანად ამ თოთხმეტი ქვეყნის წილი 5-6%-ს არ აღემატება.
2010 წლის მონაცემებით5, საქართველოდან უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს წარმოადგენდა: 1. შავი ლითონები (მათ შორის ჯართის სახით); 2. ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი; 3. ქვები, ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; 4. საკვებად ვარგისი ნაყოფი და კაკალი, ციტრუსები ან ბახჩეული კულტურები; 5. მიწისზედა ტრანსპორტის საშუალებები; 6. მადნები, მიწა და ნაცარი; 7. სასუქები; 8. მინერალური საწვავი, ნავთი და ნავთობპროდუქტები; 9. ცოცხალი ცხოველები; 10. ფარმაცევტული პროდუქცია.
რაც შეეხება ქართული პროდუქციის ექსპორტს უშუალოდ ევროკავშირის ბაზარზე, აქ სურათი განსხვავებულია. 2009 წელს ეკ-ის ბაზარზე გატანილი ექსპორტის სასაქონლო ჯგუფების6 წილები ექსპორტში მათი სიდიდის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება (სასაქონლო ჯგუფები მოცემულია საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის სტანდარტების მიხედვით): პირველ ადგილზეა მინერალური საწვავი და მისი წილი საქართველოს ეკ-ში მთლიანი ექსპორტის 52,1%-ია, ეს მაჩვენებელი 2008 წლის მონაცემებთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი, მას მოსდევს გადასამუშავებელი მასალები (22.4%) და ქიმიური ნივთიერებები (სასუქები) (8.6%) – ორივე ჯგუფის მოცულობა თითქმის უცვლელია 2008 წლის მონაცემებთან შედარებით. 6.7%-ით მესამედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა საკვები პორდუქტებისა და ცოცხალი ცხოველების ჯგუფმა, რომლის წილიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მეხუთე ადგილზე გადავიდა სამრეწველო საქონელი (3.5.%), მას მოსდევს სასმელები და თამბაქოს ნაწარმი (1.9%), მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები (0.4%).
ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა მეტნაკლებად ცვალებადია წლების მიხედვით. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მთლიან ექსპორტში შესამჩნევად შემცირდა რკინისა და სპილენძის ექსპორტის წილი – 7%-დან (2004წ. 22 მილიონი ევრო) 1.65%-მდე (2008წ. 12.5 მილიონი ევრო) და შედარებით გაიზარდა ქიმიური ნივთიერებების (სასუქების სახით) წილი – 6.6%-დან (2004წ. 20.7 მილიონი ევრო) 9.2%-მდე (2008წ. 72.1 მილიონი ევრო). სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის წილი კი ქართული პროდუქციის ევროკავშირში მერყევი და, ამასთანავე, საკმაოდ მცირეა. (ცხრილი 1).
კონკრეტულად თუ განვიხილავთ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის დინამიკას, საქართველოს ექსპორტში წამყვანი პოზიცია უკავია ბულგარეთს. ეკ-ის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი კვლავაც საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორად რჩება. თუმცა 2009 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა ამ ქვეყანაში 20,185.3 ათასი აშშ დოლარით (25%) შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მისი წილიც საქართველოს ექსპორტში და ნაცვლად 33%-სა 20.9% შეადგინა.
2010 წელს ბულგარეთში გატანილი ექსპორტის თითქმის 98 პროცენტი ორ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. მთავარი წილი მადნებსა და სპილენძის კონცენტრატებს უკავია – 79.5%,7 რაც 2009 წლის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ბულგარეთის ბაზარზე ასევე მნიშვნელოვანი წილითაა წარმოდგენილი სასუქები (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი), რომელსაც 18.3% ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბულგარეთში ექსპორტზე გავიდა რამდენიმე ისეთი საქონელი, რომელიც 2008 – 2009 წლებში არ გასულა. ასეთებია მაგალითად ბოსტნეული (ახალი ან შეყინული) – 112.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები (1.4 ათასი აშშ დოლარი) და სხვა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტიც, რომელმაც 2010 წელს 71.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის 10.0 ათას აშშ დოლართან და 2008 წლის 13 ათას აშშ დოლართან შედარებით).
2010 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა ესპანეთში 2009 წელთან შედარებით გაორმაგდა და 31,032.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც ესპანეთი ათეულში სამი პუნქტით დააწინაურა და ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს მეორე უმსხვილეს ექსპორტიორად აქცია.
ბულგარეთის მსგავსად, ესპანეთშიც ყველაზე მსხვილი წილით (64.5%-ით) მადნები და სპილენძის კონცენტრატების ჯგუფია წარმოდგენილი, რომლის ექსპორტიც 2009 წელს ესპანეთში საქართველოდან საერთოდ არ განხორციელებულა და სწორედ ესაა ესპანეთში ექსპორტის გაორმაგების ძირითადი მიზეზი. მეორე უმსხვილესს ჯგუფს წარმოადგენს სასუქები (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი) – 20.6%. შემცირებულია ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მინერალური და მტკნარი წყალის, ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს საქართველოს ექსპორტი გერმანიაში თითქმის 50%-ით გაიზარდა, ქვეყანამ საქართველოს ექსპორტიორთა სიაში ერთი პოზიციით უკან დაიხია და მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ექსპორტი გერმანიაში შედარებით დივერსიფცირებულია. 2010 წელს ყველაზე დიდი წილით, 40%-ით, კაკალია წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად, 300%-თაა გაზრდილი ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი, რომლის წილიც 10.5 პროცენტს წარმოადგენს.
2010 წელს რუმინეთში ქართული ექსპორტის მოცულობა 2008 და 2006 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა და 28696,1 ათას აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტის მოცულობის ასეთი ზრდა გამოწვეულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნედლეულის ექსპორტის მკვეთრი ზრდით, რომელი წილიც რუმინეთში საქართველოს ექსპორტის 84%-ს შეადგენს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტის მოცულობა 2008 წელთან შედარებით გაორმაგებულია, ხოლო 2009 წელთან შედარებით ოთხჯერაა გაზრდილი. ექსპორტის დარჩენილი 16%-დან 10,4 პროცენტი მინერალურ, ქიმიურ და აზოტოვან სასუქებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 4 პროცენტი რკინის მადნებსა და კონცენტრატებზე.
გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ბელგიაში 2009 წელთან შედარებით თითქმის გაორ-მაგდა და 13519.5 ათასი აშშ დოლარის ნაცვლად 25844.5 აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 74% მსუ-ბუქი ავტომობილების ექსპორტზე, ხოლო 15.8% შიგაწვის ძრავებზე მოდის. ბელგია ქართული თხილის მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. 2010 წელს თხილის ექსპორტმა ბელგიაში საქართველოდან ექსპორ-ტირებული საქონლის დაახლოებით 4% დაიკავა (958.9 ათასი აშშ დოლარი). აღნიშნული მაჩვენებელი მცირედ აღემატება 2008 წლის შესაბამის მაჩვენებელს (598.4 ათასი აშშ დოლარი), ხოლო 2009 წლისას 30%-ით ჩამოუვარდება (1500 ათასი აშშ დოლარი).
2008-2010 წლებში საქართველოს ექსპორტი იტალიაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ წლებში ექსპორტი 35%-ით გაიზარდა და 23376.2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 28.2% თხილზე მოდის, 15.6% – ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ხოლო 8% მინერალურ, აზოტოვან და ქიმიურ სასუქებზე. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხენების დაუმუშავებელი ტყავების ექსპორტი (33.1 ათასი აშშ დოლარიდან 145.8 ათას აშშ დოლარამდე), ხოლო 2010 წელს იტალიაში საქართველოდან პირველად გადის, როგორც ცხვრისა და ბატკნის და-უმუშავებელი და გათრიმლული ტყავი, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხენების გათრიმლული ტყავი. აღნიშნული საქონლის ექსპორტმა მთლიანად 222.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც იტალიაში საქართველოს ექსპორტის 1%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის სასაქონლო სტრუქტურა გვიჩვენებს, სა-ქართველოს ექსპორტიორ ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყნებში გატანილი საქონლის ძირითად ნაწილს მადნები, სპილენძის კონცენტრატები, სასუქები და ფეროშენადნობები წარმოადგენს. აღნიშნულ ქვეყნებში ძალზედ მცირე წილითაა წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (თხილის გამოკლებით).
მონაცემებიდან ჩანს, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც, თავისთავად დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ პრობლემატურია ექსპორტის ზრდის ტემპი იმ ფონზე, როდესაც მზარდია საქართველოში იმპორტირებული საქონლის რაოდენობა და, შესაბამისად, შთამბეჭდავია ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდა. ამასთავე, ექსპორტის წილის ზრდა ევროკავშირის ფარგლებში ძირითადად ამ გაერთიანების ერთიდაიგივე ქვეყნების ბაზრებზე გატანილი პროდუქციის რაოდენობის ზრდის ხარჯზე ხდება. საჭიროა მეტი ძალისხმევა ეკ-ის წევრი სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესასვლელად და ამ ბაზრების საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირება ჩვენი ქვეყნის ექსპორტს ნაკლებად დამოკიდებულს გახდის ექსპორტიორ ქვეყანათა მცირერიცხოვან ჯგუფზე და შეამცირებს რისკს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს, რომელსაც სერიოზული გავლენის მოხდენა შუძლია ქვეყნის ექსპორტზე.