სოციალური სამოთხის ხიბლი
ალექსანდრა ლალიაშვილი
პოლიტიკურ იდეოლოგიათა ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული იდეოლოგიები, რაც მე-18-ე საუკუნის ბოლოს საფრან-გეთიდან იღებს სათავეს. თუმცა, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში “მემარჯვენედ” და “მემარცხენედ” დაყოფა ხშირად პირობითია. მსოფლიოში სწრაფად მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, იცვლებოდა პოლიტიკური იდეოლოგიები და შესაბამისი მიდგომები.
შესაძლებელია თუ არა თანამედროვე სამყაროში ლიბერალების, კონსერვატორებისა და სოციალისტების ერთმანეთისაგან მკვეთრი გამიჯვნა? ტრადიციულად ცნობილია, რომ ლიბერალები ეკონომიკას განიხილავენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების არსებით ნაწილს და ძირითად უპირატესობას ანიჭებენ ბაზარს, ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკურ წყობას, რომელიც ემყარება საკუ-თრებას, კონკურენციასა და მატერიალურ სტიმულებს.
კონსერვატორები მხარს უჭერენ კერძო მეწარმეობას და უპირატესობას ანიჭებენ ეკონომიკაში სახელმწიფოს პრაგმატულ, თუმცა შეზღუდულ ჩარევას, რადგან აცნობიერებენ საშიშროებას, რაც “უხილავ ხელს” და სოციალურ არასტაბილურობას ახლავს თან. კონსერვატორების ერთ-ერთი იდე-ოლოგიური ქვემიმართულება – ახალი მემარჯვენეობა – არარეგულირებულ კაპიტალიზმს უჭერს მხარს და წარმოადგენს საბაზრო ინდივიდუალიზმისა და სოციალური ავტორიტარიზმის კომბინაციას.
სოციალისტები უპირატესობას ანიჭებენ საზოგადოებრივ საკუთრებას და აბსოლუტურ სოციალურ თანასწორობას, რაც კომუნიზმის პირობებში კოლექტივიზაციასა და ცენტრალიზებულ დაგეგმვაში გამოიხატა. სოციალიზმის ერთ-ერთი სახეობაა სოციალური დემოკრატია, რომელიც, კაპიტალიზმთან შედარებით, უპირატესობას ბაზარსა და სახელმწიფოს შორის ბალანსს ანიჭებს. სოციალ-დემოკრატები ემხრობიან საყოველთაო კეთილდღეობას, ანუ რეგულირებულ კაპიტალიზმს, რადგანაც მათი თვალსაზრისით, “ბაზარი კარგი მსახურია, მაგრამ ამავდროულად, უხეირო ბატონი”.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, თუ რომელი ეკონომიკური სისტემა არის ყველაზე მეტად მისაღები და რა უპირატესობები გააჩნია მას სხვა სისტემებთან შედარებით.
ეკონომიკა არ არის ზუსტი მეცნიერება და, შესაბამისად, ბევრი საკითხი არ წარმოადგენს ზოგად ჭეშმარიტებას. ხშირია კამათი ეკონომისტებს შორის, რომელთაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნიათ. მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი მიდგომა ეკონომიკური სისტემების და ხედვების შესახებ. რასაც გააჩნია 2 უმთავრესი მიზეზი: 1) ეკონომიკა, როგორც მეცნიერება არ არის მყარ ფუნდამენტზე აგებული; იგი აგებულია არამყარ გრუნტზე. მონაცემები, ფაქტები და დაკვირვებები, რომლებზეც დაყრდნობითაც ეკონომისტები დასკ-ვნებს აკეთებენ, არაზუსტია და ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა; 2) განსხვავებით ზუსტი მეცნიერებებისგან, ეკონომიკური მეცნიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული და და-მოკიდებული ღირებულებებზე. ეკონომისტები ადამიანის როლს და მნიშვნელობას საზოგადოებაში სხვადასხვა კუთხით უყურებენ და, შესაბამისად, მათი დასკვნები ეკონომიკურ საკითხებზე ვერ იქნება იდენტური.
საქართველოში კიდევ უფრო ქაოტური ვითარებაა. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ცივილიზებული არჩევნების ჩატარების კულტურა. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გაცილებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხყოფა და არა არგუმენტირებული კრიტიკა. ამასთან ერთად, საზოგადოებისათვის არ ხდება კონკრეტული პროგრამების შეთავაზება და ძირითადი საკითხები სლოგანების დონეზე ფორმულირდება.
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესწავლას, შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:
პოლიტიკური პარტიების გარკვეულ ნაწილს საქართველოში საერთოდ არ გააჩნია წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული პროგრამა და მათი საქმიანობა, ძირითადად, ზეპირ მოსაზრებებს ეყრდნობა; ცალკე სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა არც ერთ პარტიას არ გააჩნია. პარტიების პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური ნაწილები, ძირითადად, სხვადასხვა სტრუქტურითაა აგებული. ასევე, განსხვავებულია ის ხედვები, რასაც სამომავლო სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები ეყრდნობა. პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ლიბერალური ეკონომიკის მომხრეა, თუმცა, ზომიერი სახელმწიფო რეგულირების ფონზე; როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების უმეტესობის პროგრამები წინასაარჩევნო პერიოდისთვის მზადდება და შემდგომ არჩევნებამდე მათი გადამუშავება არ ხორცი-ელდება. ეკონომიკური ნაწილი არ მოიცავს კონკრეტულ ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მათ ზოგადი განაცხადის სახე გააჩნიათ; ასევე არ მოიცავს იმ ეკონომიკურ-ფინანსურ შედეგებს, რასაც უნდა მიაღწიოს პარტიამ რეფორმების გატარების შემდგომ.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსს, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ გეზი ლიბერალური ცვლილებებისაკენ აიღო და შესაბამისი ნაბიჯებიც განხორციელდა. თუმცა, საყოველთაო შეფასებით, იმ ულტრალიბერალურ კურსს, რომელსაც ახალმა მმართველმა გუნდმა 9 წლის წინ მიმართა, ქვეყანამ ბოლო წლებში ნელ-ნელა გადაუხვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა წარმოადგინა პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანი საბიუჯეტო სახსრებით ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროლემების მოგვარებაა. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდის ინ-იციატივით გამოდის ოპოზიციის დიდი ნაწილიც. რას ნიშნავს ეს? იცვლის თუ არა ქვეყანა იდეოლო-გიას და ეკონომიკური განვითარების მიმართულებას?
რა ტიპის პოლიტიკური კონკურენცია დაიწყო საქართველოში ჯერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით და შემდეგ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით? ივანიშვილის პროგრამა ცნობილია: უფასო სამედიცინო დაზღვევა ყველას, პენსიების გათანაბრება საარსებო მინიმუმთან და 1-მილიარდიანი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში. ცნობილი გახდა ხელისუფლების 4-წლიანი გეგმაც: 4 მილიარდი სოფლის მეურნეობაში, პენსიების გაზრდა 100 დოლარის ნიშნულზე და 1000-ლარიანი ვაუჩერი თითოეულ ოჯახს 4 წლის განმავლობაში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დღეს ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარული მემარცხენე იდეებია.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მმართველ გუნდს ხშირად “სდებდნენ ბრალს” იმაში, რომ ქვეყანა ულტრალიბერალური მიმართულებით მიდის და რომ ზედმეტი თავისუფლება უარყოფითი შედეგის მომტანია ეკონომიკისათვის. ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მთავრობა ისეთ ნაბიჯებსაც დგამს, რომელიც ულტრალიბერალურ კურსს საგრძნობლადაა აცდენილი. უახლესი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის სახელმწიფო კომპანიების შექმნის იდეა სხვადასხვა დარგში, რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებაში უხეში ჩარევაა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს დებულებაში ცვლილებების თანახმად, მას ღვინის ბაზრის მონიტორინგთან ერთად, კერძო კომპანიების დაფუძნებაც შეეძლება. მართალია, მთავრობა მეღვინეებს პირობას აძლევს, რომ სახელმწიფო ღვინის კომპანია მათი კონკურენტი არ იქნება, მაგრამ კერძო კომპანიებს ექმნებათ საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ კონკურენციის პირობებში სახელმწიფო ღვინის კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა ეკონომიკური გამართლება აქვს მსგავსი კომპანიების შექმნას? ამჟამიდნელი ინფორმაციით, სახელმწიფოს დაფუძნებული კომპანიების და ბაზრის კერძო მოთამაშეების უფლებები მკაცრად გაიმიჯნება. სახელმწიფო ღვინის კომპანია მხოლოდ იმ ბაზრებზე დაიწყებს პოზიციონირებს, სადაც ამ დროისთვის კერძო კომპანიები წარმოდგენილნი არ არიან. სიახლემ თავის დროზე მეღვინეები შეაშფოთა და კერძო სექტორმა, ქართული ღვინის ასოციაციის სახელით, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა.
“პრეზიდენტის დავალებით, მე დავწერე პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სამი მთავარი პრობლემის, მათ შორის, დასაქმების საკითხის მოგვარებაზე. ამ მიზნით, შევქმენით ახალი უწყება – დასაქმების სამინისტრო და უკვე დაწყებულია აღრიცხვა იმ მოქალაქეების, რომლებიც უმუშევრები არიან, მეორე საკითხია – ჯანდაცვა, მესამე კი, რომელზეც ორიენტირებული ვარ, სოფლის მეურნეობაა. ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს გზა და სარწყავი არხები. ჩვენ გვინდა, რომ დამატებით 95 ჰა მიწის ფართობი მოვრწყათ და 35 ჰა – დავაშროთ. სხვათა შორის, ატამთან დაკავშირებით გადავწყვიტე და ჩემი ინიციატივაა, შევქმნათ დიდი სახელმწიფო კომპანია, რომელიც უკრაინულ ბაზარზე გაიტანს პროდუქციას. კერძოდ, ჩვენ დავეხმარებით იმ გლეხებს, ვისაც ხილის ექსპორტზე გატანა უნდა. გვინდა, უკრაინაში დიდი საწყობი გავაკეთოთ, სადაც არა მხოლოდ ატამს, არამედ კიტრს და სხვა ბოსტნეულს გავიტანთ. ექსპორტის ლომის წილი უკრაინაზე უნდა მოდიოდეს, რადგან იქ გვექნება საწყობი და იქიდან ექსპორტს უკვე სხვა ქვეყნებში განვახორციელებთ. ამას აქამდე არ ვაკეთებდით, მაგრამ ეს ჩემი მთავარი ამოცანაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სოფელი თუ გაძლიერდება, ყველაფერს ეშველება”, – განაცხადა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის შექმნას აპირებს, რომელიც, ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგია. პაატა შეშელიძე, “ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო”: “ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯი. არ მესმის, რატომ მიდის სახელმწიფო უკან. მე სიტყვებიც კი არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატავად. მსგავსი ნაბიჯების კატერგორიული წინააღმდეგი ვარ, აღვადგინოთ ბარემ საბჭოთა კავშირი და დავამთავროთ ამით ყველაფერი. ეს ნონსენსი და ღირებულებების ღალატია. და არა მხოლოდ იდეოლოგიურად, სახელმწიფო კომპანიების შექმნის ტენდენცია ეკონომიკურადაც გაუმართლებელი ნაბიჯია, 50 მილიონიც რომ დახარჯოს სახელმწიფომ მსგავს პროექტებში, არანაირი დადებითი შედეგი ამას არ მოჰყვება. ვერც ერთი ქვეყნის მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც მსგავსმა პოლიტიკამ რაიმე სარ-გებელი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას. არ არსებობს მსგავსი რამ ბუნებაში. ეს არის უხეში, პირდაპირ ჩარევა ეკონომიკაში. მე მიკვირის ახალი პრემიერ-მინისტრისაგან მსგავსი გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური მიღწევებისთვის ხაზის გადასმა.
ს.ე. – მომრავლებული სოციალური პროგრამები წინასაარჩევნო პოპულიზმია თუ ხელისუფლება გადაუხვია ლიბერალურ კურსს?
პ.შ. – ხელისუფლებამ სამწუხაროდ დიდი ხანია გადაუხვია ლიბერალურ კურსს. ეს პროცესი დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო გაუმართლებელი სოციალური პროგრამებით. ის მიღწევები, რომელიც ეკონომიკური დერეგულირების გამო გვქონდა, წყალში ჩაიყარა. ეს ქმედებები წარსულში გვაბრუნებს. უამრავი გამოცდილება და მაგალითი გვაქვს, სოციალური იდეოლოგიის პოლიტიკამ აშშ-ს უზარმაზარი ვალი მოუტანა. ხედავთ, რა დღეში არიან ევროპის ქვეყნები, იგივე გერმანია, საფრანგეთი, აღარაფერს ვამბობ, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებზე, იგივე იაპონია აიღეთ, მისი სახელმწიფო ვალი მშპ-ს 210%-ია. ეს კოლოსალური თანხაა. ჩვენ ვხედავთ, რა დაემართათ იმ ქვეყნებს, ვინც წავიდა სოციალური ექსპერიმენტების გზით. ეს ყოვლად გაუმართლებელია. ამ პოლიტიკის შედეგი – ჭაობია. ყოველი მომდევნო არჩვენები კიდევ უფრო ძვირი დაჯდება. შედეგების გამოსწორება კი მომავალ თაობებს მოუწევთ, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია”.
ახალი ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, რომ გადასახადების შემცირება და შემდგომი დერეგულაციები უფრო ეფექტური იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო კერძო კომპანიების კონკურენტის შექმნა განვითარებას არ შეუწყობს ხელს.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” შუალედური ანგარიშის მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობის”, “ქართული ოცნების”, “ახალი მემარჯვენეების” და “ქრისტიან-დემოკრატების” დაპირებები ბოლო პერიოდში თითქმის ერთნაირი გახდა. ორგანიზაციის დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ, ყველა აქცენტს სოფლის მეურნეობაზე, დასაქმებასა და დაზღვევაზე აკეთებს, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით განსხვავებულია.
რატომ გახდა ყველა ქართული პარტია უცებ მემარცხენე იდეების მქადაგებელი? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია – სპეციალისტთა შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სოციალური თემატიკის იგნორირება იყო, ანუ იმაზე თვალის დახუჭვა, რაც რეალურად ახლოს დგას ხალხთან და მისი ყოველდღიური ყოფის შემადგენელი ნაწილია. ახლა პარტიებმა მიაგნეს იმ ნიშას, რომელიც ხალხთან ყველაზე ეფექტურად სალაპარაკოა და, რეალურად, მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ექსპერტთა შეფასებით, რაკი დღეს საქართველოში პარტიებს პლატფორმა არ აქვთ, მემარჯვენეობა და მემარცხენეობა აღარ არსებობს და ეს დარჩა მხოლოდ პარტიების სათაურებში. სათაურების მიღმა ეს არაფერში აღარ იკვეთება, აღარც სააჩევნო პროგრამებში, აღარც იდეოლოგიაში და არც მათ ხედვაში. მემარჯვენეა პარტია, მემარცხენე თუ ცენტრისტი, ყველას აქვს ცალსახად ერთნაირი და სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული პროგრამა. აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროგრამების დონეზე, პარტიებს შორის, ფაქტობრივად, აღარანაირი განსხვავება აღარ არის. უცხოეთში არ ხდება ისე, რომ ყველა – მემარჯვენე იქნება, მემარცხენე თუ ცენტრისტი, ყველა გამოდიოდეს არჩევნების წინ მემარცხენე იდეებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ეს სოციალური თემატიკის სიმწვავემ გამოიწვია. მაგრამ ერთია დაპირებები და მეორე, მათი განხორციელების რეალური შესაძლებლობა. ნებისმიერი დაპირება შეიძლება რეალურად აქციო, მაგალითად, ჩადო მილიარდები სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ამას? ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს და არც არავინ მსჯელობს. ამაზე კითხვებს არც პარტიების საარჩევნო პროგრამები იძლევა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო გამონაკლისი არაა და სოციალური იდეების პოპულარობას ჩვენში ის განაპირობებს, რომ მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით, დასავლეთიდან მუდმივად ისმის მემარცხენე იდეების პროპაგანდა. კარგია თუ ცუდი სოციალიზმის მომძლავრებული პოპულიზმი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში? სოციალიზმის მთავარი იდეაა, აღარ იყვნენ ღარიბები და თანასწორობა გამეფდეს. თუმცა, სოციალისტური და მემარცხენე იდეების მოწინააღმდეგეთა შეფასებით, “სოციალიზმის ცხოვრებაში იმპლემენტაცია ნიშნავს ორ რამეს: პირველი – ყველა ღარიბდება და მხოლოდ პოლიტიკოსები, ისინი, ვისაც ძალაუფლება უჭირავთ ხელში ან მათთან დაახლოებული პირები არიან უკეთეს მდგომარეობაში. სამართლიანი კონკურენცია და რესურსების სამართლიანი განაწილება – დავიწყებულია. ამის ნაცვლად მხოლოდ ქურდობა და კორუფცია მუშაობს; მეორე – ყველა ერთნაირი უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თანასწორობის პირობა შესრულდეს. მართალია, ამას სხვა ეკონომიკური ეფექტიც აქვს – ყველა თუ ერთნაირი უნდა იყოს, ესე იგი მათ არ დასჭირდებათ მოდა, გემოვნება, აზროვნება და ა.შ.”
მემარჯვენე იდეოლოგიის მომხრეების მტკიცებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ახლა წარმატებას მიაღწიოს, მნიშვნელოვანია, მეტი რესურსები კერძო სექტორში დავტოვოთ, რათა მას მიეცეს საშუალება, მეტად იმოქმედოს და მეტი დოვლათი შექმნას. ხოლო, თუ მაინც არ მოვითმენთ და რესურსების ახლავე ასეთი გზით დახარჯვას გადავწყვეტთ (რომ არაფერი ვთქვათ, სახელმწიფო ხარჯების არაფექტიანობაზე, კორუფციასა და გაფლანგვაზე, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ), სიღარიბეში ამოვიხრჩობით.
“ძნელია რაიმე განსაკუთრებით საოცრება გამოიგონო მსოფლიოში გამეფებული მემარცხენეობის პერიოდში, როდესაც მთავრობ(ებ)ის შეცდომებს გაუმაძღარ კაპიტალისტებს აბრალებენ, მოითხოვენ უფრო მაღალ გადასახადებს და მეტ რეგულირებას. იდეოლოგიურად რომ სხვა მოსაზრებები გქონდეს, ლოგიკამ ხომ უნდა გიკარნახოს, რომ თუ დოვლათის შექმნის ერთადერთი წყარო – კაპიტალისტი შეზღუდე, სხვა წყარო არ არსებობს და დაიღუპები? ხომ არ შეიძლება იმ ტოტს ხერხავდე, რომელზეც ზიხარ”? – წერს ერთ-ერთ პუბლიკაციაში “ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” წარმომადგენელი, გია ჯანდიერი.
მემარცხენე იდეები დღეს მართლაც საყოველთაოდ არის გაბატონებული მსოფლიოში. ფინანსური კრიზისის შემდეგ არა მხოლოდ სოციალური პროგრამები და სახელმწიფოს ხარჯები გაიზრდა მსგავს პროგრამებზე, არამედ ბევრი ქვეყანა ეკონომიკის სხვადასხვა დარგების გაზრდილი რეგულირების გზით წავიდა. მაგალითისათვის, გერმანია, სადაც 2009 წლის არჩევნებში, ისევე როგორც 2005 წელს, ქრისტიან-დემოკრატთა და ქრისტიან-სოციალური გაერთიანებების კოალიციამ გაიმარჯვა. გერმანიის მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი, ქრისტიან-დემოკრატთა გაერთიანების თავმჯდომარეა. 2009 წლის არჩევნებზე კოალიციამ წარმოადგინა ერთიანი პროგრამა 2009-2013, რომელიც აერთიანებს ორივე პარტიის მიდგომებსა და ხედვებს. აღნიშნული პროგრამის ეკონომიკურ-სოციალურ ნაწილში მოცემუ-ლია შემდეგი ქვეთავები: საგადასახადო პოლიტიკა; ინვესტიციები; ენერგოუსაფრთხოება და ეკოლოგია; მსოფლიო საფინანსო ბაზრებისა და მსოფლიო ეკონომიკის წესები; დასაქმება; საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის სათანადო პირობების შეთავაზება და ჯანდაცვა. კოალიციის აზრით, სოციალური საბაზრო ეკონომიკა ის მოდელია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდ-ღეობას.
აშშ-ის მმართველი დემოკრატიული პარტიის მთავარი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და ყოველი ამერიკელისათვის შესაძლებლობების გაფართოებაა; ყურადღება გამახვილებულია მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე; ყოველი ამერიკელისათვის სათანადო ჯანდაცვის სისტემისა და საპენსიო უსაფ-რთხოების უზრუნველყოფაზე; სამართლიან და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებასა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. დღეს დემოკრატობის მიუხედავად, ობამას ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ის უფრო მემარცხენეა, ვიდრე მემარჯვენე. დემოკრატიული მოძრაობის 2008 წლის ეროვნული პლატფორმა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ამერიკული ოცნების განახლება – ეკონომიკის წინსვლა და საშუალო კლასის ამერიკელებისათვის დახმარებების უზრუნველყოფა (ჯანდაცვა; საპენსიო სისტემა; სამუშაო ადგილები; სამუშაო და ოჯახი; სიღარიბე; შესაძლებლობები ქალებისათვის); პარტიის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ამერიკელების კონკურენტუნა-რიანობის ზრდისთვის ინვესტიციები (ახალი ამერიკული ენერგია; განათლება; მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაცია; მრეწველობა; ინფრასტრუქტურა; მცირე ბიზნესი და მეწარმეობა; სოფლის მეურნეობა); ეკონომიკური რეგულირება (სამართლიანი საგადასახადო სისტემა; საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ფინანსური რეგულირება და კორგეტიკულპორატიული მმართველობა; მომხმარებელთა დაცვა; დანაზოგები; ძლიერი და სამართლიანი სავაჭრო პოლიტიკა; ფისკალური პასუხისმგებლობა).
იაპონიის მმართველი, დემოკრატიული პარტია 1998 წელს შეიქმნა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მოწინააღმდეგე რამდენიმე პარტიისაგან, ამიტომ პარტიას მრავალფეროვანი პოლიტიკური ხედვა აქვს, თუმცა, ძირითადად, იგი მემარცხენე-ცენტრისტულია.
ამ ქვეყნების მაგალითით (და არამარტო მათი) შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს მსოფლიოში მემარცხენე იდეებია გაბატონებული, გამონაკლისს კი, ამ მხრივ, არც საქართველო წარმოადგენს.