მსოფლიოში ყოველი მე-16-ე უმუშევარი იქნება
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს მთავრობა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 273 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს. ამას ახალი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილების შექმნის წყარო კერძო ბიზნესის ზრდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. რამდენად რეალურია ამ გეგმის განხორციელება მაშინ, როცა მსოფლიოში ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები შრომის გლობალური ბაზრის ტენდენციებთან დაკავშირებით, პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ. რას ნიშნავს მთავრობის ახალი პროგრამა – რეალურ გათვლებზე დამყარებულ სამოქმედო გეგმას თუ წინასაარჩევნო რეკლამას?
მსოფლიოში უმუშევრობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის პლანეტაზე უმუშევართა რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს, რაც დედამიწის შრომისუნარიანი მოსახლეობის 6,1%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-16-ე ადამიანი უმუშევარი იქნება. ამ მხრივ, საქართველოში გაცილებით უარესი ვითარებაა. თვით ოფიციალური სტატისტიკითაც კი, ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი დაუსაქმებელია. არაოფიციალური მონაცემებით კი, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2008-09 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, სამუშაო დაახლოებით 50 მილიონმა ადამიანმა დაკარგა. “კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნება 2012 წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არ ჩანს და მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. წლის ბოლოსთვის პლანეტაზე უმუშევართა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს – 200 მილიონს მიაღწევს”, – ნათქვამია ორგანიზაციის ყოველწლიურ მოხსენებაში.
ILO-ს ექსპერტთა პროგნოზით, შრომის მსოფლიო ბაზარი კრიზისამდელ დონეს, საუკეთესო შემთხვევაში, 2016 წელს დაუბრუნდება. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში 600 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ორგანიზაციის დირექტორის, ხუან სომავიას განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მცდელობის მიუხედავად, უმუშევრობასთან დაკავშირებული კრიზისი არათუ ცხრება, არამედ, მატულობს და თუ სამუშაო ადგილების შექმნისაკენ სასწრაფოდ გლობალური კურსი არ იქნება აღებული, ამ დროისათვის დაფიქსირებულ 1,1 მილიარდ შრომისუნარიან უმუშევარს კიდევ ბევრი შეემატება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შუა პერიოდში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2012 წელს მსოფლიოში უმუშევრობის შემცირებას ვარაუდობდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე, ეს პროგნოზი არ გამართლდება. პირიქით, ორგანიზაციის ანალიტიკოსთა ვარაუდით, წელს უმუშევართა დიდ არმიას კიდევ 3 მილიონი ადამიანი შეემატება, ხოლო თუ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2%-ზე ნაკლები იქნება, ეს ციფრი 4 მილიონი ადამიანით გაიზრ-დება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროს ზონის ქვეყნები კრიზისიდან გამოსავალს სწრაფად იპოვნიან, მაშინ მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა მიმდინარე წელს 1 მილიონით შემცირდება.
განსაკუთრებით მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა ახალგაზრდებს შორის. გაეროს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ 2011 წლის ბოლოს 40%, ანუ 75 მლნ ადამიანი შეადგინა. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა ბოლო ცხრა წლის ყველაზე გლობალური პრობლემაა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა.
როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაშია მოცემული, 2011 წელს 74,8 მილიონმა, ანუ, 12,7 პროცენტმა ახალგაზრდამ ვერ შეძლო სამუშაოს შოვნა. ეს 2,6 მილიონით ნაკლებია, ვიდრე 2010 წლის მონაცემები, მაგრამ კრიზისამდელ მაჩვენებელთან შედარებით 4 მილიონით მეტი გახლავთ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, გაამკაცრონ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის კოორდინაცია, განახორციელონ ფინანსური სექტორის რეფორმირება და რეგულაცია და მხარი დაუჭირონ ეკონომიკის რეალურ სექტორს. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ 200 მილიონი სამუშაო ადგილი სასწრაფოდ არის საჭირო, ხოლო უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 40 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება აუცილებელი.
ევროკავშირში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე 2008 წლის 15,8%-დან 2010-2911 წლებში 21%-მდე გაიზარდა. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში კი მან რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია. ამ ქვეყნებს შორის არიან ბალტიის სახელმწიფოები, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია, სადაც 2011 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ, ახალგაზრდების 34% იყო დაუსაქმებელი. აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე 19,4%-ს უტოლდება.
უმუშევრობა ევროპაში
საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას ევროპის ქვეყნები იწვევს, სადაც მოსახლეობის დასაქმების პრობლემას მთავრობის მკაცრი საბიუჯეტო ეკონომია ამწვავებს. ევროზონის 17 სახელმწიფო კვლავ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ბებერ კონტინენტზე უმუშევრობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა, წარმოების აქტივობა კი უკანასკნელი სამი წლის მონაცემით, ყველაზე დაბალია.
ევროპის შრომის ბაზარზე კვალვ სავალალო ვითარებაა. 2012 წლის აპრილისთვის, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი ევროპაში 11% იყო, რაც დაახლოებით 17.4 მილიონი ადამიანია. ამასთან, უახლოეს 4 წლის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ 4.5 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა. როგორც კვლევები აჩვენებს, მდგომარეობა ევროპაში უახლოეს წლებში რთული გამოსასწორებელი იქნება, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს და სოციალურ ფონს ევროპაში კიდევ უფრო დაამძიმებს.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ევროპაში იზრდება გრძელვადიანი უმუშევრობის მაჩვენებელი. უმუშევართა თითქმის 44% დაუსაქმებელია 1 და მეტი წლის განმავლობაში. ევროპაში მსგავსი ტიპის უმუშევრობა 22%-ია. ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდათა შორის უმუშევრობის მაჩვე-ნებლის კატასტროფული მდგომარეობაა, იტალიაში, პორტუგალიასა და სლოვაკეთში უმუშევრობა ახა-ლგაზრდათა შორის 30%, ესპანეთსა და საებრძნეთში კი – 50-50%-ია.
ევროზონის 17 ქვეყნიდან 13 ქვეყნის მთავრობამ სპეციალური პროგრამაც შეიმუშავა, რომელიც უმუშევრობასთან ბრძოლას ითვალისწინებს, მაგრამ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ფონი იმდენად მძიმეა, რომ ამ სამთავრობო პროგრამებს, ჯერჯერობით, შედეგი ვერ მოაქვს. ფინანსური სისტემის რეფორმირება, რომელსაც ევროპული ქვეყნები ამჟამად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ, ჯერჯერობით, დიდ შედეგებს ვერ იძლევა, ის – საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო თვალსაჩინო იქნება.
ჯერჯერობით კი რეალობა ასეთია – ევროპაში ბანკები აღარ ახდენენ რეალური ეკონომიკის ძველი ტემპებით დაკრედიტებას, 2011 წელს ევროზონიდან თითქმის ყველა ქვეყანაში, კერძო ინვესტიციები, როგორც მშპ-ის ნაწილი, შემცირდა, დაბალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად. განსაკუთრებით რთულია დაკრედიტების მიღება მცირე ფირმებისათვის, რომლებიც ევროპაში სამუშაო ადგილების 2/3-ს ქმნიან.
სანამ ფინანსური სისტემა არ გაჯანსაღდება, უმუშევრობის დაძლევაზე ფიქრი ევროპაში ზედმეტია. წარსულში ინვესტიციების მშპ-ის 1%-იანი ექვივალენტით ზრდა 2 წლის განმავლობაში დამატებით 1.4 მილიონ სამუშაო ადგილს ნიშნავდა ევროზონაში. თუ ინვესტიციების ჩვეული მოცულობა აღდგება რეალურ ეკონომიკაში, კრიზისი დროს დაკარგული სამუშაო ადგილების 2/3 სწრაფად აღდგება.
ევროზონის ბევრ ქვეყანაში შეიმუშავეს სპეციალური პროგრამები, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისათვისაც. მაგალითად, ავსტრიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ტარდება სპეციალური ტრეინინგები, რომელიც ახალგაზრდა მუშახელის დასაქმებას და სამუშაო ბაზარზე ინტერგრაციას ისახავს მიზნად, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. ამ ქვეყნებში შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდებთან მუდმვივ კონტაქტს გულისხმობს მათ დასაქმებამდე. მსგავს პროგრამებზე საშუალოდ ქვეყნების ბიუჯეტების 0.5% იხარჯება. შვედეთში სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდათა 46% მსგავსი პროგრამების წყალობით დასაქმდა.
უმუშევრობა აშშ-ში
უკეთესი ვითარება არც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. როგორც ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, 2012 წლის კურსდამთავრებულებს ცოტა მიზეზი აქვთ საზეიმოდ. მაშინ როცა მსოფლიოში გერძელვადიანი უმუშევრობა საყოველთაო ტენდენციაა, წლევანდელ კურსდამთავრებულებს სამუშაოს მაძიებლეთა რიგებში ნაკლები შანსი აქვთ. აშშ-ის ეკონომიკაში ივნისის თვეში მხოლოდ 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მიზერული მაჩვენებელია იმ პროგნოზებთან შედარებით, რასაც ექსპერტები აკეთებდნენ. 80 000 ახალი სამუშაო ადგილი მაშინ, როცა მხოლოდ აშშ-ში წელს უმაღლესი განათლების მიღება დაასრულა 1.8 მილიონმა ახალგაზრდამ და სამუშაოს მაძიებელთა არმიას შეუერთდა.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, ახალ კურსდა-მთავრებულთა მხოლოდ ნახევარმა ნახა სრულგანაკვეთიანი სამსახური. 18-29 წლის ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი აშშ-ში 16.8%-ია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, მათი ანაზღაურება გაცილებით დაბალია გამოცდილ და შედარებით ასაკოვან მუშახელთან შედარებით. 2009-2011 წლებში კურსადმთავრებულები გამოიმუშა-ვებენ 10%-ით ნაკლებს მანამდე კურსდამთავრებულებთან შედარებით.
უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი აშშ-ში 8.2%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. ამერიკის მთავრობის გეგმის მიხედვით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2020 წლისათვის ქვეყანაში 20 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, თუმცა ამ გეგმის განხორციელება უკვე საეჭვოა – 2012 წლისათვის გეგმის შესასრულებლად უკვე 7.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი უნდა იყოს შექმნილი, მაგრამ ეს მაჩვენებელი დღეისათვის მხოლოდ 3.74-ია, რაც გეგმის ნახევარია.
კერძო სექტორის მიერ შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების 95% მცირე ბიზნესზე მოდის. კერძო სექტორის მიერ აშშ-ში შექმნილია 111.1 მილიონი სამუშაო ადგილი, აქედან 92.7 მილიონი ადგილი (83.6%) მოდის მომსახურების სექტორზე, 18.2 მილიონი (16.4%) მწარმოებელ ინდუსტრიაზე. მართალია, უშუალოდ საწარმოო სექტორის მიერ ბოლო 29 თვის განმავლობაში აშშ-ში ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან შორსაა 1980-90-იანი წლების ბუმისგან, როდესაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნა საწარმოო სექტორში.
განსაკუთრებით ბევრი სამუშაო ადგილი უქმდება სახელმწიფო სექტორში, აშშ-ში გაუქმებული სამუშაო ადგილების 79% სახელმწიფო სამსახურებზე მოდის. 2010 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, აშშ-ში სახელმწიფო სექტორში 536 000 სამუშაო ადგილი გაუქმდა.
არადა, მიმდინარე წელი აშშ-ში ოპტიმისტურად დაიწყო – იანვარ-თებერვალში ქვეყანაში დაახლოებით 200 000-200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. წლის დასაწყისში ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საშუალოდ ყოველ თვე 150 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. თუმცა, უმუშევრობის სწრაფი ტემპით შესამცირებლად ამერიკაში ესეც არ იქნება საკმარისი, ეკონომიკის ჩვეული ტემპებით გაჯანსაღებისათვის, აუცილებელია ამერიკაში მინიმუმ 250 000 ახალი სამუშაო ადგილი იქმნებოდეს. პროგნოზები კი არცთუ ოპტიმისტურია. მართალია, აშშ-ის ეკონომიკა დღეს გაცილებით უკეთეს კონ-დიციებშია, ვიდრე ევროპის, თუმცა, საგარეო ფაქტორები, იგივე – ევროზონის კრიზისი და ჩინეთში ეკმონომიკური ზრდის ტემპების შენელება – აშშ-ის ეკონომიკაზე და, შესაბამისად, შრომის ბაზარზეც ახდენს უარყოფით გავლენას.
საქართველოს მთავრობის უტოპიური გეგმა
მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ 80 000 სამუშაო ადგილის შექმნა უცხოური ინვესტიციების ხარჯზეა მოსალოდნელი, დაუჯერებლად ჟღერს. ახალი მთავრობის ამოცანად დასახელებულია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მოზიდული იქნება ოთხ მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც 80 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. მთავრობის ახალი გეგმით, შესაქმნელი სამუშაო ადგილების დარჩენილი რაოდენობა დარგების მიხედვით ასე გადანაწილდა: ტურიზმის სექტორში დაახლოებით 140 000 ადამიანი დასაქმდება, ინფრასტრუქტურაში 40 ათასი, ხოლო ენერგეტიკული მიმართულებით ხელისუფლება 13000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს.
სექტემბრის ბოლოდან საქართველოში მასობრივი დასაქმება დაიწყება. ამ განცხადებას ახალი უწყების – დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელი, პაატა ტრაპაიძე აკეთებს. მისი თქმით, პირველი, რასაც სამინისტრო გააკეთებს, მონაცემთა სრული ბაზის შექმნა იქნება. ტრაპაიძის გა-ნცხადებით, სამინისტრო ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნის შემდეგ, უმუშევრის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს და დასაქმების პროგრამა, მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება. “დღეს სამსახურის მაძიებელთა უდიდესი ნაწილი მოტყუებულია, რადგან მათ განათლება სარდაფებსა და სკოლებში შექმნილი ე.წ. ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში მიიღეს. შესაბამისად, მათი კვალიფიკაცია და განათლების დონე დღევანდელ ბიზნესის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენი ნომერ პირველი მიზანი, ალბათ, მსგავსი კატეგორიის უმუშევართა პრობლემის გადაჭრაა… როდესაც ელექტრონული შრომის ბირჟა შეიქმნება და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლის, ადამიანს ერთი ღილაკის დაჭერით შეეძლება საჭირო ვაკანსიის პოვნა,” – აცხადებს ტრაპაიძე.
თუმცა, მთავარი პრობლემა სწორედ ამ “საჭირო ვაკანსიების შექმნაა” და არა უმუშევართა მიერ მათი მიგნება. როგორც დასაქმების ახალი მინისტრი აცხადებს, სახელმწიფო არავის დასაქმებას არ აპირებს და ხელისუფლების მოვალეობაა, ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ბიზნესს ადამიანების დასაქმების საშუალებას მისცემს. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება.
შეცვლის თუ არა დასაქმების სამინისტროს შექნმა სიტუაციას რეალურად?
ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის “ბი-პი-აის” დირე-ქტორი: “ვფიქრობ, დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის სამინისტროს შექმნა ან არ შექმნა არაფერს ცვლის. სამინისტრომ შეიძლება გადაწყვიტოს ლოკალური, მოკლევადიანი მიზნები. მაგალითად, შექმნას უმუშევართა ბაზები, მაგრამ რეალურად ეს არ არის საკმარისი. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრისთვის მთავარი არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, ბიზნესის ხელშეწყობა, უფრო მეტი ადამიანისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი და არა სახელმწიფო. ის, რასაც დასაქმების სამინისტრო აპირებს გააკეთოს, იგივე წარმატებით შესაძლებელია საქსტატის ან ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციით გაკეთდეს და უფრო ნაკლები ხარჯით”.
პაატა ბელთაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი: “ჩვენი გაერთიანება ნამდვილად დადებითად აფასებს ფაქტს, რომ როგორც იქნა მთავრობამ გაჯიუტებული ლიბერალური იდეოლოგიიდან გადაუხვია და გადადგა რეალური ნაბიჯი დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნის კუთხით. 2005 წლამდე ჩვენ გვქონდა დასაქმების ეროვნული სამსახური და კარგი კანონი დასაქმების შესახებ. მისი გაუქმება 2005 წელს მოხდა. 7 წლის დაგვიანებით კი ეს ნაბიჯი არის გარკვეულწილად აღიარება იმისა, რომ შრომის ბაზარი ვერ არეგულირებს ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს გარდამავალი ტიპის ეკონომიკასთან. ჩვენ რეგულარულად ვაყენებდით საკითხს მსგავსი სამსახურის შექმნის შესახებ და შევიმუშავეთ კიდეც კანონპროექტი “უმუშევართა აღრიცხვისა და მათთვის სახელმწიფო შემწეობების დაწესების შესახებ”, რომელიც 2008 წლიდან პარლამენტის თაროზეა შემოდებული. ანუ მსგავსი უწყების შექმნის ფაქტი თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ზედმეტად რეალისტები და არც ოპტიმისტები მომავალთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ – რეალისტები. უნდა დაველოდოთ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება თუ არა ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია შემუშავებული. მსგავსი დოკუმენტი, ჯერჯერობით, არ არსებობს. იმედია, ეს არ აღმოჩნდება კიდევ ერთი წინასაარჩევნო პიარ-აქცია და მას რეალური შედეგი ექნება. დასაქმება არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი რამ, ეს არის კომპლექსური პროცესის შედეგი. აქ შედის სამუშაო ბაზრის კვლევა, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა საქართველოში. არ ვიცით ზუსტად რა პროფესიებია მოთხოვნადი, სად არის მუშახელის დეფიციტი, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პროეფესიული განვითარების ცენტრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვაუჩერიზაცია განხორციელდა, ეს ყველაფერი ქაოტური ხასიათისაა, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა არ ჩანს”.
ეკონომიკური თვალსაზრისით, უმუშევრობის სახით ეგრეთ წოდებულ გამოუყენებელი საწარმოო შესაძლებლობების ხარჯს ვღებულობთ, რომელიც გამოუყენებელი სამუშაო ძალის გამო იკარგება, ანუ, იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იქნებოდა უმუშევრების დასაქმების შემ-თხვევაში. ოუკენის კანონის თანახმად, უმუშევრობის დონის ყოველი 1%-იანი ზრდა მშპ-ის დაახლოებით 2%-იან კლებას იწვევს. გარდა ამისა, ხელისუფლება შემოსავალს კარგავს გადასახადის გადამხდელთა რიცხვის შემცირების შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში და ზოგ განვითარებად ქვეყანაშიც ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებას მეტი უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა უწევს. სხვაგვარდააა საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ უმუშევრობის კომ-პენსაციას არ იხდის და უმუშევრობის ტვირთი მხოლოდ უმუშევრებს აწვება. მათი შემოსავალი იკლებს, ხოლო უნარ-ჩვევები, გამოუყენებლობის გამო რეგრესირებს.
ამას უმუშევრობის ფსიქოლოგიურ ხარჯებთან მივყავართ, რომელსაც უმუშევარი ხალხი და მათი ოჯახები იმ სტრესის სახით განიცდიან, რასაც ეკონომიური გაჭირვება და შემოსავლის დაკარგვა იწვევს. ზოგადად უმუშევრობის სოციალური ხარჯი ერთად აღებული ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხარჯებისგან გამომდინარეობს. ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, დანაშაულის, ძალადობის, ნარკომანიის და სხვა სოციალური პრობლემების ზრდა აღინიშნება. ეს ხარჯები, ზოგადად, საზოგადოებას აწვება, ვინაიდან ამ პრობლემებთან გასამკლავებლად სახელმწიფო მეტ თანხებს ხარჯავს, მაგალითად, კრიმინალთან საბრძოლველად მეტი პოლიციელის დაქირავებისთ-ვის.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 2011 წლის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.1% შეადგინა. უმუშევართა ოფიციალური რიცხვი 296 ათას ადამიანს უტოლდება, რეალურად კი ეს რიცხვი ბევრად მეტია, რადგან მასში არ შედის იმედდაკარგული მუშახელი, ვინც ვერ იპოვა სამსახური და არ ეძებს, მასში ასევე არ შედის 1 ჰექტარი მიწის მქონე უმუშევარი ადამიანები.
პაატა ბელთაძე: “ძალიან ბევრი პრობლემაა ამასთან დაკავშირებით და კვლავ წარმოუდგენელი რამ ხდება – მანიპულირება მიდის ციფრებით და ტერმინებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, შიდა მეურნეობის მწარმოებელი მუშა/გლეხი, რომელსაც აქვს გარკვეული რაოდენობის მიწა საკუთრებაში, ითვლება დასაქმებულად. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან უკვე აჩენს ეჭვს. ჩვენ გვჭირდება ხმამაღალი ციფრებით გაჯერებული, ვირტუალური სახელმწიფოს შექმნა თუ დასაქმების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების წინ წამოწევა და რეალური მონაცემების დადება, იმისათვს, რომ თითოეული მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს?
NDჩ-ს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 70% თავს თვლის არადასაქმებულად ან არასათანადოდ დასაქმებულად. რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ან დროებითი სამუშაო ან მიზერული ხელფასი. ქვეყნის მოსახლეობის 22%-ის მიერ გამომუშავებული ყოველთვიური ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მთავრობის ახალი გეგმა არ იქნება მხოლოდ ტრაფარეტული და დეკლარირებული დასაქმება. ევროკავშირს 2020 წლის სტრატეგიაში მთავარ პრიორიტეტად აქვს დასაქმება გამოცხადებული. მაგრამ აქ მარტო დასაქმებაზე არ არის საუბარი, დასაქმებულები იყვნენ ძველ რომში და ტირანულ იმპერიებშიც, საუბარია, ღირსეულ დასაქმებაზე”.
უმუშევრობაზე საუბრისას, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. 2010 წლის ადამიანური განვითარების ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია და მას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ვერ შეაქვს. ამავე დროს, მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით (2011-2012 წლები), ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არაადექვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა.
ირაკლი ლექვინაძე: “ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ამას ინვესტორებიც ყოველთვის ხაზს უსვამენ, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის და განათლების სექტორის კორდინაცია, რაც, პრინციპში, არსებობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ეფექტურობა, საერთაშორისო ხარისხის, გამოცდილების, პროგრამების და ტექნოლოგიების დანერგვა უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამების აქტუალიზაცია. თუ პრიორიტეტების მიხედვით ვიმსჯე-ლებთ, საქართველოსთვის მთავარ სტრატეგიულ სექტორებად ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტი-კა, საფინანსო სექტორი მიმაჩნია, რადგან არსებობს შანსი ამ ნიშებით რეგიონში წამყვან ქვეყანად ვიქცეთ. რაც შეეხება პროფესიებს, საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნა გაყი-დვების პროფესიონალ მენეჯერებზე და საბანკო-საფინანსო სფეროს სპეციალისტებზე ფიქსირდება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის მენეჯერების, ტექნოლოგების, ინჟინრების და პროგრამისტ/დიზაინერებზე მოთხოვნა”.
სტრუქტურული უმუშევრობის გარდა, მნიშვნელოვანია ციკლური უმუშევრობა. ამ ტიპის უმუშევრობა მოკლევადიანია და ეკონომიკური რეცესიის დროს ჩნდება, როდესაც ეკონომიკური პროდუქცია მცირდება და წარმოების ციკლზე ბაზარზე მოთხოვნის კლება მოქმედებს. რა ტიპის უმუშევრობაა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული? ამის დადგენის ერთ-ერთი შესაძლო გზა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის წამყვან სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტულ ცვლილებებზე და ამ სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობაზე დაკვირვებაა. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მთელი ინვესტიციების უდიდეს ნაწილს შეადგენს, ვინაიდან ადგილობრივი დანაზოგები არ არის საკმარისი ადგილობრივი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრო-დუქციის ზრდისა და დასაქმების მატების მნიშვნელოვან წყაროდ არის მიჩნეული. დასაქმების მდგრადი ზრდისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მუდმივი და სტაბილური შემოდინება არის აუცილებელი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დასაქმებაზე არ მოქმედებს იმ მაქსიმალური მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეუძლია იმოქმედოს.
პაატა ბელთაძე: “ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე მეტი წილი, დაახლოებით 60% მოდის ვაჭრობაზე, ვაჭრობა კი როგორც ასეთი, ბევრ სამუშაო ადგილს არ ქმნის. მშენებლობა, მძიმე მრწეველობა, ეს ის სფეროებია, სადაც სამუშაო ადგილების შექმნის მეტი ალბათობაა, აქ კი ინვესტიციები ნაკლებად იდება”.
საინტერესოა მსგავსი პრობლემების ფონზე, რამდენად რეალისტურია 4 წელიწადში 273 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
ირაკლი ლექვინაძე: “მთავარია, რამდენად იქნება შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ინვესტიციების მაჩვენებელი. ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევართა რიცხვი 296 ათას ადამიანს უტოლდება, რეალურად კი ეს რიცხვი ბევრად მეტია, რადგან მასში არ შედის იმედდაკარგული მუშახელი, ვინც ვერ იპოვა სამსახური და არ ეძებს, მასში ასევე არ შედის 1 ჰექტარი მიწის მქონე უმუშევარი ადამიანები. სამთავრობო პროგრამის გათვლებით რომ 50 ათასი დოლარი 1 სამუშაო ადგილს ქმნის, პროგრამის მიხედვით, მომავალ 4 წელიწადში 4 მლრდ. დოლარის ინვესტიციით ახალი 80 ათას ახალ სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. თუ ჩვენ ვნახავთ სტატისტიკას, 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, როდესაც საქართველოში 6 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 35 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, 4 მილიარდი დოლარით 80 ათას სამუშაო ადგილის შექმნა რთული იქნება. აქ გასათვალისწინებელია 2008 წლის ომიც, თუმცა ასეთი პირდაპირი კორელაცია მაინც რთულია. ყველაფერი მაინც ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.
საინტერესოა და მნიშვნელოვანია სოფლის დახმარების და დაზღვევის პროგრამები, არ მიმაჩნია ეფექტურად 1000-ლარიანი ვაუჩერის თემა. მთლიანობაში პროგრამა მოითხოვს სოლიდურ ფინანსურ რესურსებს, მთავარია, ამ რესურსების მობილიზებამ ბიზნესს საგადასახადო ტვირთი არ გაუზარდოს. რადგან ეს ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი იქნება.”
პაატა ბელთაძე: “ძალიან რთული იქნება ჩემი აზრით ამ გეგმის შესრულება. მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით შეიძლება შექმნას სახელმწიფომ შესაბამისი გარემო. იგივე ბიზნესისასთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მონოპოლიური მდგომარეობის აღმოფხვრა ამა თუ იმ დარგში, რადგან მონოპოლია პირდაპირ არის დასაქმების საწინააღმდეგო მექანიზმი. რამდენიმე ორგანიზაციისთვის მარტივია მუშახელის დაქირავება-გათავისუფლება და ა.შ. ის სამთავრობო გეგმები, რომელითაც ასე ვართ ბოლო წლებში განები-ვრებული, იგივე ეს 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება, რომელსაც დაახლოებით მილიარდი ლარი სჭირდება 4 წლის განმავლობაში, დიდი შედეგის მომტანი არ არის. ჩვენ გვახსოვს სოფლის განვითარების პროგრამა, დახმარება მცირე ბიზნესს “იაფი კრედიტის” ფარგლებში და ა.შ. მათ არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ნებისმიერი ეკლექტური და წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად განხორციელებული ინექციები ეკონომიკაში არანაირად არ არის მდგრადი და მთავრდება უშდეგოდ. უკეთესია ეს თანხები მიზანმიმართულად ჩაედო სახელმწიფოს, ვთქვათ, სოფლის მე-ურნეობის პროდუქციის წარმოების სტიმულირებაში”.
უმუშევრობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ფოკუსირება გაკეთდეს როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ინდივიდებზე, ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მეწარმეობა, როგორც დასაქმების წყარო, ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად არის მიჩნეული, ამიტომ ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა დასაქმების დონის ასამაღლებლად. მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბი-ზნესის კეთების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები. მათგან პირველი სამი არის: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინფლაცია და არაადექვატური განათლების მქონე მუშახელი. ამიტომ, საქა-რთველოს მთავრობამ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა უნდა სცადონ ამ შეზღუდვების აღმოფხვრა, რათა მეწარმეობა სწრაფად განვითარდეს.
ფინანსები, განსაკუთრებით სესხების ფორმით, იმ სექტორებისკენ მიედინება, სადაც სამუშაო ადგილების შექმნის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. თუ ბანკების მიერ გაცემულ სესხებს დავაკვირდებით, მთელი სესხების 60% კონცენტრირებულია სავაჭრო სექტორში, რომელიც არ არის ფორმალური დასაქმების მთავარი წყარო მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი დამსაქმებელი “ინდუსტრია” მთელი სესხების მხოლოდ 16%-ს ღებულობს, ხოლო მეორე მსხვილი დამსაქმებელი სე-ქტორი – მშენებლობა მხოლოდ 7%-ს.