“შიშველი” მევახშე
მაკა ღანიაშვილი
ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, მოსახლეობას სხვადასხვა მოლოდინები გაუჩნდა. ხალხში არის განცდა იმისა, რომ “ხვალიდან” შემცირდება კომუნალური გადასახადები, დაიწევს ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი მედიკამენტებსა და საწვავზე. გარდა ამისა, მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან საპროცენტო განაკვეთების კლებასაც ელოდება.
არჩევნებიდან 5 დღეში მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საბანკო სფეროს ეხებოდა. შეხვედრის შემდეგ ბევრს აქვს განწყობა, რომ საბანკო სესხებზე პროცენტები დაიწევს, თუმცა, თავის დროზე აბსოლუტურად ნულოვანი შედეგი მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკას, რომელიც ბანკების საკრედიტო პოლიტ-იკას შეეხო. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა რამის შეცვლას ამ მიმართულებით ახალი ხელი-სუფლება?
ექსპერტები აცხადებენ, რომ საბანკო პროცენტებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინია, რადგან პარტიების ნაწილმა საარჩევნოდ უხვი დაპირებები გასცა. მათი თქმით, პროცენტების შემცირება ერთი სიტყვით ვერ მოხდება, ეს შედარებით გრძელვადიანი პროცესია და ყველა დაპირება ერთდროულად ვერ შესრულდება. საქართველოს ბანკების ასოციაცია მთავრობის ცვლილების შემდეგ საბანკო კრედიტების გაიაფების მოლოდინს არასწორს უწოდებს. ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საბანკო სექტორი განაკვეთების შემცირებით დაინტერესებულია, თუმცა ყველაფერი რისკების დათვლასთანაა დაკავშირებული. ზურაბ გვასალიას თქმით, არჩევნებამდეც პროცენტები კლებით ხასიათდებოდა, ეს პროცესი მუდმივად იქნება და, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ფულის ღირებულება. გვასალიას თქმით, მოსახლეობაში ცრუ მოლოდინი არ უნდა იყოს და მთავრობასთან საბანკო პროცენტების დაკავშირება სწორი არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდეა მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამავე კატეგორიის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 6,75 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, ბანკებში სესხის გაცემის საკომისიო საკმაოდ მაღალია და მისი ფასი ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება. საკრედიტო საქმიანობიდან ბანკებს შემოსავლები უმცირდებათ, ამიტომ ცდილობენ, მოგება სესხის გაცემის საკომისიოს ზრდის ხარჯზე მიიღონ. ბანკებს კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ კლიენტების მომსახურების ტარიფები ეროვნულ ბანკთან შეათანხმონ.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საკრედიტო რესურსები ძვირია და ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა მოახდინოს. ცენტრალური ბანკი არ ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რადგან ინფლაციის ეშინია.
დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგებილი. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 13-დან 17 პროცენტამდეა. სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდე იცვლება. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. მაღალი პროცენტები, ხშირად, ბიზნესის წარუმატებლობისა და გაკოტრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხს 9 ბანკი გასცემს. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 24%-მდე მერყეობს, მაგრამ რეალურად კრედიტორი, დაახლოებით 40-42%-ს იხდის, რისი მიზეზიც, ექსპერტთა შეფასებით, იპოთეკური ბაზრის განუვითარებლობაა. სპეციალისტების თქმით, იპოთეკური სესხის აღებას და მის მომსახუ-რებას თან ახლავს დიდი ოდენობის ხარჯი, რომელიც ზრდის მის რეალურ საპროცენტო განაკვეთს. ეს ხარჯებია: კრედიტის ძირითადი თანხა; კრედიტზე დარიცხული პროცენტები; კრედიტის გაცემის საკომისიო; მსესხებლის ანგარიშის გახსნის, მომსახურების საკომისიო და სხვა. ამასთან, ბანკს შეუძლია დააწესოს დამატებითი საკომისიოები, როგორიცაა: კრედიტის ვადამდე ნაწილობრივი ან სრუ-ლი დაფარვის საკომისიო; ნაღდი ფულით ან ბანკომატის მეშვეობით კრედიტის მიღების ან დაფარვის საკასო მომსახურების საკომისიო და კიდევ სხვა მრავალი სახის საკომისიო. ზემოხსენებული ყველა შესაძლო ხარჯის დაჯამების შედეგად, შეიძლება გამოთვლილ იქნას ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ანუ კრედიტის რეალური ღირებულება.
“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების კლება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაგრძელდება. “მთლიანმა აქტივებმა 15 მლრდ ლარს მიაღწია, ფინანსურმა სიღრმემ კი – მშპ-ის 52%-ს და შეუძლებელია ასეთი ზრდის მონაცემები არაკონკრურენტულ გარემოში გვქონდეს. ამის გადამოწმება ძალიან ადვილად შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ 20 000 ადამიანს, რომელიც საბანკო სექტორში მუშაობს, არის თუ არა კონკურენცია ამ სფეროში. კიდევ ერთ ფაქტს მინდა, ხაზი გავუსვა, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, ეკონომიკური შენელებით ხასიათდება, საბანკო სექტორში სამი უმსხვილესი ჯგუფი შემოვიდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთებზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იპოთეკურ და ბიზნეს-სესხებზე, რაც შეეხება განვადებებს და სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხებს, ასეთი ტიპის სესხებზე მთელ მსოფლიოში მაღალია განაკვეთები. რაც შეეხება იპოთეკას და ბიზნეს-სესხებს, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო 11%, 12% და 13%-იანი სესხები, რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპროცენტო განაკვეთები ეს არის სხვადასხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების ასახვა და საპროცენტო განაკვეთების დაწევის არანაირი ხელოვნური მექანიზმი არ არსებობს. საპროცენტო განაკვეთების კლება ეკონომიკას განვითარებასთან ერთად გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის კვლევაში “Dოინგ Bუსინესს”-ში საქართველომ პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა და გასული წლის მე-16 ადგილიდან მე-9 პოზიციაზე აღმოჩნდა. შარშანდელთან შედარებით საქართველომ ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით მდგომარეობა გაიუმჯობესა. ამ კრიტერიუმებს შორის მოხვდა კრედიტებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. კრედიტების ხელმისაწვდომობის მიხედვით შარშან ქვეყანა მე-9 ად-გილზე იყო, ხოლო წელს მე-4-მდე დაწინაურდა. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს რეიტინგი რეალობას, მეორე თემაა.
ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია იმ პრობლემებს უსვამს ხაზრს, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემას ახასიათებს. მისი შეფასებით, ბანკები დღეს ძირითადად აფინანსებენ სამომხმარებლო კრედიტს, ანუ იმპორტს და ხელს არ უწყობენ წარმოების განვითარებას.
“საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობიდან მიღებული დეპოზიტების სიმცირის მიზეზით (30%) ბანკები, ძირითადად, ევროპიდან მოზიდულ კაპიტალზე არიან დამოკიდებულნი. დღეისათვის ევროპულ საბანკო სექტორში არსებული პრობლემების გამო დიდია რისკი, რომ იქ დაწყებული რეცესია აქაც აისახოს. ვიმედოვნებ, რომ იქ არსებული მდგომარეობა დასტაბილურდება, მაგრამ ეს, ჯერჯერობით, რჩება ძალიან დიდ პრობლემად” – აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია. ექსპერტი ასევე საუბრობს ბიზნეს-პროექტების დაუფინანსებლობასა და ბიზნეს-კრედიტებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე. ასევე, რისკ-მენეჯმენტის მხრიდან ხშირად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი ბა-რიერების შექმნასა და მათი მიერ მაღალი გარანტიების მოთხოვნაზე.
ექსპერტის შეფასებით, დიდი პრობლემაა ისიც, რომ ბანკები ფლობენ სხვადასხვა ბიზნესს და აფინანსებენ მათ. ბანკები ფულს დებენ საკუთარ ბიზნესში და არა ბიზნესის რეალურ სექტორში. ბანკების მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ქართულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესებისადმი დაინტერესება 2008 წლის შემდგომ გაორმაგდა.
2 მსხვილი ბანკი “თიბისი” და “საქართველოს ბანკი”, სხვა საკრედიტო ინსტიტუტებთან შედარებით ბიზნესების ფლობის სიუხვით გამოირჩევიან. სხვა რამდენიმე ბანკის შვილობილი ფირმების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება: “ბაზის ბანკი” და “პრივატ ბანკი” – 3, ბანკი “რესპუბლიკა” და “ვთიბი” – 2, ხოლო “სტანდარტ ბანკი” და ბანკი “ქართუ” – 1. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარობით, “თი ბი სი ბანკი” 9 შვილობილ კომპანიას ფლობს, რომელთაგან 2008 წლამდე მხოლოდ 2-ს ფლობდა. “საქართველოს ბანკი” ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით, საქა-რთველოში რეგისტრირებულ 41 შვილობილ ფირმას ფლობს, საიდანაც 19 მათგანი 2008 წლის კრიზის შემდგომ, 4 წელიწადში შეემატა. უცნობია, რის ხარჯზე გაეზარდათ ბანკებს კომპანიების რაოდენობა, შეიძინეს, დაარსეს თუ მომრავლებული გადახდისუუნარობის პრობლემის გამო, ფირმები გაცემული კრედიტის დაფარვის სანაცვლოდ მიიღეს.
ემზარ ჯგერენაია კიდევ ერთ საკითხს გამოყოფს, რომელიც ასევე უმწვავესი პრობლემაა თანამედროვე ქართული საბანკო სისტემისათვის. ბანკების მიერ საფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტების მაჩვენებელი ბოლო წლებში გასსამაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მევახშეობის ტენდენცია. პრობლემაა გაუმჭვირვალობა, აუდიტის ნაკლებობა და რეალური ინფორმაციული ვაკუუმი ბანკებში, რომელსაც ემატება ეროვნული ბანკის მხრიდან სრული ინფორმაციული დეზინტეგრაცია პრინციპით – “ბანკი შიშველია”. ის პროკურატურის საინფორმაციო სერვერია.
პრობლემაა დილინგის და, საერთოდ, ღია ბაზარზე ოპერაციების უგულებელყოფა, როგორც საბანკო საქმიანობის და შემოსავლების გენერატორის, ასევე გაუმართებელი მმართველობითი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ემზარ ჯგერენაია საპროცენტო განაკვეთებზეც აკეთებს აქცენტს: “საბანკო ბაზრის 65% ორ ბანკს უჭირავს და ისინი კარნახობენ საბანკო მომსახურების ტარიფებს, რაც საკმაოდ მაღალია და, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო. რაც, საერთო ჯამში, აზიანებს ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მთლიანი საკრედიტო პორტფელი გაიზრდა 23%-ით. აქედან სამომხმარებლო სესხები გაიზრდა 38%-ით. ბიზნეს სესხები კი მხოლოდ 19%-ით”.
კრედიტების გაიაფებაზე ქართული ბიზნესის მოლოდინს კომერციული ბანკების ნაწილიც პასუხობს. როგორც ბანკ “რესპუბლიკაში” აცხადებენ, მათი ამჟამინდელი განაკვეთები კონკურენტუნარიანია და ხშირად ყველაზე დაბალი. ბანკის განცხადებითვე, გასაგებია ბიზნესის მოლოდინი, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ევროპულს გაუთანაბრდეს, თუმცა, დღეს არსებული პროცენტები შესაბამისობაშია ქართულ ბაზართან.
“პროკრედიტ ბანკში” აცხადებდნენ, რომ განაკვეთების კლება საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ცვლილებების კვალდაკვალ ხორციელდება და “პროკრედიტი” საბანკო სექტორში არსებულ ამინდს აუწყობს ფეხს. “თიბისი ბანკის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას ბაზარზე არსებული კონკურენცია განაპირობებს.
“საქართველოს ბანკის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ამბობს, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შემცირება გაცილებით ადრე დაიწყო. მისი განცხადებით, “საქართველოს ბანკმა” მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბაზარზე გამოიტანა სპეციალური შეთავაზება იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე: შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც პორტირებას მოახდენს მისი იპოთეკური სესხით “საქართველოს ბანკში”, მიიღებს საპროცენტო განაკვეთს 11%-დან, 15 წლამდე ვადით. “საქართველოს ბანკში” ბიზნესსესხით პორტირების შემთხვევაში კი მომხმარებელი მიიღებს ბიზნესსესხებზე სხვაგან არსებულ პირობებზე უკეთეს შეთავაზებას.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საბანკო სისტემის შემოსავლებმა 1,612 მლრდ ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 532 მლნ ლარით არის გაზრდილი – იანვარ-ივნისის შემოსავლები 1,08 მლრდ ლარი იყო. შემოსავლების ძირითადი ნაწილი სესხებიდან არის მიღებული. იანვარ-სექტემბერში სესხებიდან ბანკებმა 1,018 მლრდ ლარის შემოსავლები მიიღეს. მათ შორის 525,329 მლნ ლარი ფიზიკური პირების სესხებიდან არის მიღებული, ხოლო 490,344 მლნ ლარი – იურიდიული პირების დაკრედიტებიდან.