ქვეყანაში რეცესიის პროცესი აშკარაა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტაგნაცია გრძელდება, ბანკები კი ცდილობენ იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. როგორც მან გაზეთ ”ბანკები და ფინანსებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ბევრმა საბანკო ინსტიტუტმა დაწია სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო დონე.
”ეს დაკავშირებულია, იმასთან, რომ გადახდის უნარი და მოთხოვნა არის შემცირებული, უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა, განსაკუთრებით მშენებლობაში. აქედან გამომდინარე, ბანკებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ჭირს, ამიტომ ბანკებს პრობლემა აქვთ, რომ გასცენ კრედიტები. მშენებლობაში, თუნდაც ვაჭრობაში არის ბიზნესების გაჩერების ბევრი ფაქტი”, – აცხადებს ჯგერენაია.
ექპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეცესიის პროცესი, ანუ წარმოების ვარდნა ან ზრდის ტემპების შენელება საკმაოდ აშკარაა. ”აშკარაა ის, რომ სამუშაო ადგილები იკარგება დღითი დღე. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია მშენებლობა და ვაჭრობა. უფრო მეტიც, როცა ქვეყანაში 2-პროცენტიანი ინფლაციაა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთულმდგომარეობაშია მწარმოებელი და ბიზნესი”, – აღნიშნა მან.